ლეპრა მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ლეპრის მიკობაქტერია (ჰანზენის ჩხირები). ახასიათებს კანის, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსისა და პერიფერიული ნერვული სისტემის გრანულემური დაზიანება. დიაგნოსტიკის დაგვიანების შემთხვევაში პროცესი ითრევს ძვალკუნთოვან აპარატს, მხედველობისა და შინაგან ორგანოებს.
ლეპრა უმთავრესად ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ავადობა 10-12-დან 1,8 მილიონამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ხშირია ბრაზილიის, სამხრეთ აზიის, აღმოსავლეთ აფრიკის ზოგიერთ რაიონში  და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.
ლეპრა უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, მაგრამ არ არის გამორიცხული მისი კანიდან შეჭრა (კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში). ჯამში ლეპრა უფრო ნაკლებად კონტაგიოზურ დაავადებად ითვლება, ვიდრე, მაგალითად, ტუბერკულოზი.
კეთრით ავადობის მაღალ რისკჯგუფში შედიან მისი ეპიდემიური გავრცელების რაიონის მაცხოვრებლები, რომელთაც არ გააჩნიათ სათანადო საცხოვრებელი პირობები (სარგებლობენ ბინძური სასმელი წყლით, იკვებებიან ცუდად, ცხოვრობენ ანტისანიტარიაში) ან ბევრს ავადმყოფობენ და დასუსტებული აქვთ იმუნიტეტი (მაგალითად, აივ-ით).
კეთრს ახასიათებს ხანგრძლივი, საშუალოდ 3-5-წლიანი, ზოგჯერ 20-წლიანი უსიმპტომო საინკუბაციო პერიოდი. მისთვის დამახასიათებელია ასევე ხანგრძლივი ლატენტური პერიოდი არასპეციფიკური და აუხსნელი პროდრომული ნიშნებით (სისუსტე, ძილად მივარდნა, პარესთეზიები, შემცივნება), რაც საგრძნობლად ართულებს ადრეულ სტადიაში დაავადების დიაგნოსტიკას.

 სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ დაავადების ორ ტიპს: ტუბერკულოიდურს და ლეპტომატოზურს.
კეთრი, ჩვეულებრივ, კანის დაზიანებით იწყება. კერები პრაქტიკულად შეუმჩნეველია. პირველი სიმპტომია პარესთეზია ან ჰიპერესთეზია კანის რომელიმე უბანზე. გულდასმით დათვლიერების შემთხვევაში იქ შეიძლება შევამჩნიოთ ერთი ან რამდენიმე ჰიპო- ან ჰიპერპიგმენტაციური ლაქა. ერთი-ორი წლის შემდეგ გამონაყარი შესაძლოა თავისთავად ალაგდეს.
ტუბერკულოიდური კეთრი. ტუბერკულოიდური კეთრი იწყება მკვეთრად გამოხატული ჰიპოპიგმენტური ლაქებით, რომელთა მიდამოშიც შეიმჩნევა ჰიპერესთეზია. შემდგომ ლაქა იზრდება, კიდეები უმაღლდება, ემსგავსება ლილვაკს. ლაქის ცენტრალური ნაწილი განიცდის ატროფიას და ვარდება. ამ უბანში კანს დაკარგული აქვს მგრძნობელობა, არ ფუნქციობს საოფლე ჯირკვლები და თმის ფოლიკულები. ლაქების ახლოს ისინჯება გასქელებული ნერვები, რომლებიც დაზიანებული უბნების ინერვაციას ახდენდნენ. ნერვების დაზიანება იწვევს კუნთების ატროფიას, განსაკუთრებით  ზიანდება მტევნის კუნთები. არცთუ იშვითია მტევნისა და ტერფის კონტრაქტურა. ტრავმები დ ზეწოლა იწვევს მტევნებისა და ტერფების ინფიცირებას. ფეხისგულებზე ჩნდება ნეიროტროფიკული წყლული. შემდგომ მოსალოდნელია ფალანგის მუტილაცია (მოვარდნა). სახის ნერვის დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ლაგოფთალმი (ქუთუთოების არასრული დახურვა) და ამით განპირობებული კერატიტი, ასევე - რქოვანას წყლული, რაც სიბრმავეს იწვევს.
ლეპტომატოზური კეთრი. ლეპტომატოზური კეთრი მიმდინარეობს სხეულის შუა ნაწილის კანის გავრცობილი და სიმეტრიული დაზიანებით. დაზიანების კერები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს  ლაქების, ბალთების, პაპულების, კვანძების (ლეპრომები) სახით. მათ აქვთ გადასწორებული საზღვრები, მკვრივი და გამობერილი შუაგული. ელემენტებს შორის კანი გასქელებულია. უმეტესად ზიანდება სახე, ყურის ნიჟარები, მაჯები, იდაყვები, საჯდომი და მუხლები. დამახასიათებელი ნიშანია წარბის მესამედის დაცვენა. დაავადების გვიანი სტადიისთვის ნიშნეულია ლომისებური სახე (მიმიკის მოშლა სახის ნაკვთების დამახინჯებისა და კანის გასქელების გამო), ყურის ბიბილოების გაზრდა. ხშირად დაავადების პირველი სიმპტომია ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ - ცხვირით სუნთქვის შეუძლებლობაც კი, ასევე - ლარინგიტი, ხმის ჩახლეჩა. ცხვირის ძგიდის პერფორაცია და ხრტილების დეფორმაცია იწვევს ცხვირის ზურგის ჩავარდნას (უნაგირისებური ცხვირი). გამომწვევის თვალში შეჭრა იწვევს კერატიტსა და ირიდოციკლიტს. საზარდულისა და იღლიის ლიმფური კვანძები გადიდებულია, მაგრამ მტკივნეული არ არის. სათესლე ჯირკვლების ქსოვილის ინფილტრირება და სკლეროზი იწვევს უნაყოფობას.  ხშირად ვითარდება გინეკომასტია. დაავადების უკანასკნელი სტადიისთვის  დამახასიათებელია კიდურების პერიფერიული ნაწილების ჰიპოსთეზია. კანის ბიოფსია ავლენს დიფუზურ გრანულომატოზურ ანთებას.

მკურნალობა. კეთრის მკურნალობა მრავალი სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს. ანტიმიკრობულ თერაპიასთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს ორთოპედის, ოფთალმოლოგის, ნევროპათოლოგის, ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია. ლეპრას მკურნალობენ შემდეგი საშუალებებით: დაპსონი (Dapsone), რიფამპიცინი, კლოფაზიმინი. ბოლო ხანს აღმოაჩინეს მონოციკლინის, ოფლოქსაცინისა და კლარითრომიცინის კეთრის საწინააღმდეგო  თვისებები.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია