ლექსური 500 მგ შემოგარსული ტაბლეტი

Lexur

ლექსური: 500 მგ 5 შემოგარსული ტაბლეტი

  • აქტიური ნივთიერება: 512.460 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი,  500 მგ ლევოფლოქსაცინის ეკვივალენტი.
  • დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი გადახედვა.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • თქვენთვის დანიშნული პრეპარატი  არ მისცეთ  სხვებს.
  • დაიცავით მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.

ინსტრუქციის შინაარსი:

1. რა არის ლექსური და მისი გამოყენების ჩვენებები

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ლექსურის მიღებამდე

3. როგორ მიიღება ლექსური

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. ლექსურის შენახვის პირობები

1. რა არის ლექსური და მისი გამოყენების ჩვენებები

ლექსური წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის, ფართო სპექტრის, სინთეზურ ანტიბაქტერიულ საშუალებას.

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:

  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: მწვავე სინუსიტი;
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ქრ. ბრონქიტის გამწვავება, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, ნოზოკომიური პნევმონია;
  • საშარდე გზების და სასქესო ორგანოების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ლექსურის მიღებამდე

ლექსურის მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:

  • ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის, ლექსურის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის ან სხვა ქინოლონების მიმართ.
  • მყესის პრობლემა ქინოლონების   გამოყენებისას.
  • ლექსურით მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე ხანდაზმულ და კორტიკოსტეროიდებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში მყესის ანთებისა  და ტკივილის რისკის გამო.
  • ლექსურით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია განვითარდეს დიარეა, იშვიათად - ფსევდომემბრანული კოლიტი.
  • ლექსური არ გამოიყენება ორსულობის დროს.
  • ლექსური არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკში.

ლექსური სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • QT პროლონგაციასთან ასოცირებული მდგომარეობა,
  • შაქრიანი დიაბეტი (შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება)
  • ცნს-ის დარღვევა ან პროკონვულსიური  რისკ-ფაქტორები,
  • გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი,
  • ულტრაიისფერი  სხივების ჭარბი ზემოქმედება (შესაძლოა გამოვლინდეს ფოტოტოქსიურობა).

გამოყენება ორსულობის დროს

პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ  ექიმს.

ორსულებში ჩატარებული კონტროლირებადი კვლევები ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად ლექსური ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

თუ მკურნალობის დროს დადგინდება ორსულობა, დაუყოვებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ვინაიდან ლექსურმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი  გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუხვევა და ძილიანობა, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილე.

სხვა პრეპარატებტან ერთად გამოყენება

  • ლექსურის აბსორბცია მნიშვნელოვნად მცირდება რკინის მარილებთან, თუთიის შემცველ ვიტამინებთან და სუკრალფატთან ერთად მიღებისას, ამ პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს ლექსურის შემოგარსული ტაბლეტის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
  • თეოფილინთან ერთად მიღებისას აუცილებელია თეოფილინის დონის კონტროლი, ვინაიდან სხვა ქინოლონებთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა თეოფილინის კონცენტრაციის მომატება.
  • ლექსურის გამოყენებისას K ვიტამინის ანტაგონისტთან (მაგ. ვარფარინთან) ერთად აუცლებელია პროთრომბინის დროის და ჰემორაგიული სიმპტომების მონიტორინგი.
  • ლექსურის არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ქინოლონების ნეიროაღმგზნები და პროკონვულსიური ეფექტი. აასს ზრდის ქინოლონის კონცენტრაციას შრატში.
  • სისხლში გლუკოზის დამაქვეითებელ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება. ამ პრეპარატების ერთობლივმა გამოყენებამ შესაძლოა დაარღვიოს სისხლში გლუკოზის კონტროლი.
  • პრობენეციდმა და ციმეტიდინმა შეიძლება მცირედ დააქვეითოს ქინოლონის რენული ექსკრეცია.
  • ლექსურმა შეიძლება გაახანგრძლივოს ციკლოსპორინის მოქმედება.

3. როგორ მიიღება ლექსური

  • ლექსურის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
  • ლექსური მიიღება დღეში ერთხელ.
  • ექიმს შეუძლია დოზის კორექცია ინფექციის სახეობის, სიმძიმისა და სავარაუდო გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით.
  • მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.
  • როგორც სხვა ანტიბაქტერიული თერაპიის შემთხვევაში, ლექსურის ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ 48-72 საათი გამომწვევის ერადიკაციის და აფებრილური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ.

მიღების წესი

  • ლექსური მიიღება  პერორალურად, დაუღეჭევად,  საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ჭდის საშუალებით.
  • ლექსურის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
  • ლექსურის ტაბლეტები მიიღება დღის ერთსა და იმავე დროს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულებში, გარდა დოზის კორექციისა თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ლექსურის დოზა უნდა დაკორეგირდეს თირკმლის უკმარისობის დროს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ლექსურის დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.

დოზის გადაჭარბება

თუ მიიღეთ ლექსურის ჭარბი დოზა აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ჭარბი დოზის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს სიმპტომები ცნს-ისმხრივ, როგორიცაა ატაქსია, ფტოზი, ლოკომოტორული აქტივობის დაქვეითება, ტრემორი, კონვულსიები. კუჭ-ნაწლავის მხრივ  გულისრევა, გულძმარვა.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ  ექიმს ან კლინიკას.

ლექსურის დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა კომპენსირების მიზნით.

შესაძლო ეფექტები ლექსურით მკურნალობის შეწყვეტისას:

ლექსურის მიღების შეწყვეტისას  გვერდითი ეფექტის განვითარება მოსალოდნელი არ არის.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს  გვერდითი ეფექტები ლექსურის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.

ლექსურის მიღებისას რომელიმე  ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში  აცნობეთ ექიმს:

  • გამონაყარი,
  • მყესის ანთება, ტკივილი,
  • მყესის გაწყვეტა,
  • სახსრების ტკივილი,
  • კუნთოვანი სისუსტე, ტკივილი,
  • შარდის გამოყოფის შეწყვეტა,
  • ცხელება,
  • სოკოვანი ინფექცია,
  • უმადობა, გულძმარვა, ღებინება, დიარეა,
  • სისხლში გლუკოზის დაქვეითება,
  • გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება,
  • ძილის დარღვევა, ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია, ტრემორი, მხედველობის და სმენის დარღვევა, მგრძნობელობის დაქვეითება, კონვულსია.

ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია. რომელიმე მათგანის განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

5. ლექსურის შენახვის პირობები

ლექსური ინახება შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე.

ლექსური არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

HELBA Pharmaceuticals Inc. Co

მწარმოებელი:

Argis Pharmaceuticals Inc. Co. - თურქეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია