გოგრისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახია. მიწისქვეშა ნაწილი გარედან მოყვითალოა, შიგნით კი თეთრხორცოვანი. 4 მეტრამდე სიგრძის, რამდენიმე მცოცავი ღერო ამოდის ფესვის ყელიდან, რომელნიც ფოთლების იღლიებში განლაგებული მარტივი ულვაშებით, ემაგრებიან მცენარეებს და სხვა საგნებს. საკმაოდ გრძელყუნწიანი ფოთლები ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული, გარემოხაზულობის მიხედვით მათ განიერკვერცხისებრი მოყვანილობა აქვთ, გულისებრი ფუძით დ 5-7 წვეტიანი სამკუთხა ნაკვეთით, რომლებიც თავის მხრივ დაკბილული არიან, ფოთლის ორივე მხარე ხოიანია.
ყვავილები ცალსქესიანია, თვით მცენარე კი ერთბინიანი, ე.ი. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები მართალია ცალ-ცალკეა, მაგრამ ორივე ერთ ინდივიდზეა განვითარებული. მამრობითი ღიამოყვითალო ყვავილი 2 სმ სიგრძისაა და თავმოყრილი ფარისებრ მტევნებში. მომწვანო-მოყვითალო მდედრობითი ყვავილები 5-12-ის რაოდენობით კვლავ ფარისებრ მტევნებშია თავმოყრილი. ნაყოფი შავი, მრგვალ, 7-8 მმ სიმსხო კენკარაა 4-6 თესლით. ყვავილობს მაის-ივნის-ივლისში. ნაყოფები მწიფდება ივლის-აგვისტოში.
გზადმოყოლილი მცენარეა. იზრდება ქართლში, მესხეთსა და იმერეთში ბუჩქნარებსა და ბაღბოსტნებში, როგორც სარეველა, დასახლებული პუნქტების მახლობლად მთის შუა სარტყლამდე.
ლეშურა მოწითალო, მოყავისფრო ნაყოფებიანი მეორე სახეობითაც - b. dioica jacq. გვხვდება საქართველოში, რომელიც ასევე მთის შუა სარტყლამდე იზრდება ქართლში, თრიალეთს და ჯავახეთში, ბუჩქნარებში, გზისპირებზე და ბაღ-ბოსტნების კიდეებში.
გლიკოზიდების ბრიონინისა და ბრიონიდინის შემცველობის გამო ლეშურას ფესვი შხამიანია.
ზოგიერთ ქვეყანაში ლეშურა უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ ითვლებოდა, როგორც ჟენშენი - ჩინეთში, ხალხურ მედიცინაში იგი ახლაც გამოიყენება როგორც შარდმდენი, საფაღარათო, ამოსახველებელი, ტკივილგამაყუჩებელი, სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. მასვე ხმარობენ ღვიძლში ჩხვლეტების, წყლულოვანი დაავადების, ნიკრისის ქარის, რევმატული პოლიართრიტის, ნაირგვარი წარმოშობის შეშუპებების, შაკიკის, გულის არეში ტკივილების, წყალმანკის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ეპილეპსიის (ავი ზნე), დამბლის, ხველის, პლევრიტის, კუჭის დაწევის დროს.
ფესვის ფხვნილს ურჩევენ, როგორც გამხსნელ საშუალებას, 0,5 გრამის რაოდენობით დღეში სამჯერ. სპირტით გამონაწვლილს ერთ სუფრის კოვზს (6გ) ერთი ჭიქა ანადუღარ წყალზე, ამ ნარევს სუფრის კოვზით იღებენ დღეში სამჯერ ნახველის ამოღების გასაადვილებლად.
აღნიშნულია დადებითი მოქმედება ჰიპერტონიული დაავადების დროს. საამისოდ ფესვის 10% სპირტზე ნაყენს 30 წვეთს ან 25%-იან წყალზე ნაყენს სუფრის კოვზით დღეში სამჯერ იღებენ 3-4 კვირის განმავლობაში.
წყალმანკის დროს რეკომენდებულია ლეშურის ფესვისაგან გამოწურული წვენის გამოყენება 4-5 გ (1 ჩაის კოვზი) წყალში განზავებით 1-2-ჯერ დღეში (მაგრამ არაუმეტეს 10 გრამისა ერთ ჯერზე მიღებისას).აგრეთვე რეკომენდებულია ფესვის ღვინოზე ნაყენიც (30 გ ფესვი 700 გ ნატურალურ კარგ ღვინოზე) სუფრის კოვზით დღეში რამდენიმეჯერ. ამ უკანასკნელს ისინი ძლიერ შარდმდენად მიიჩნევენ.
ხალხში ლეშურას ფესვს კანის მუქი ლაქებისაგან, მეჭეჭებისა და გამონაყარისაგან გასაწმენდ და სიმსივნეთა დამარბილებელ, აგრეთვე სისხლჩაქცევების საწინააღმდეგო საშუალებადაც მიიჩნევენ. ანალოგიურად იყენებენ წითელ ნაყოფა ლეშურასაც.
ტკივილიგამაყუჩებელ საშუალებად ლეშურას ფესვი განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ნიკრისის ქარის, რევმატული პოლიათრიტისა და ნეკნთაშორის ნევრალგიის დროს. ექსპერიმენტული მონაცემებით ლეშურას გლიკოზიდები ტკივილგამაყუჩებელი თვისებისაა. გარდა ამისა მათი გამოყენება კუნთების ტონიზირებასა და სისხლის წნევის მომატებას იწვევს. ბრიონინშემცველი პრეპარატის დიდი დოზით მიღება იწვევს მოწამვლას, რაც გამოიხატება პირღებინებაში, სისხლნარევ ფაღარათიანობასა და მუცლის არის აშკარა ტკივილებში. შემდგომში კი კრუნჩხვები და ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლა ვითარდება.
1:10000 განზავებული ლეშურას ფესვის ახალი ნაყენი შედის პრეპარატ "აკოფიტის" შემადგენლობაში, რომელსაც შესაზელად იყენებენ იშიასის, რადიკულიტისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. ყოველივე თქმული ლეშურას სამკურნალოდ გამოყენებისადმი ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, უმჯობესია იგი ამ მიზნით არ გამოვიყენოთ ექიმის რჩევის და მისი უშუალოდ მეთვალყურეობის გარეშე.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ლეშურასა და ძაღლის სატაცურს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ერთნაირად იყენებს. თუმცი ზოგი დაავადების შემთხვევაში მათი ქმედითუნარიანობა თითქმის იდენტურია, მაგრამ ორივე მცენარე შხამიანია და ექიმის გარეშე არ უნდა გამოვიყენოთ.