არაჰოჯკინის ლიმფომა, იგივე ლიმფოსარკომა, წარმოადგენს იმუნური სისტემის უჯრედებისგან განვითარებულ ნეოპლასტიკურ დაავადებათა ჰეტეროგენულ ჯგუფს. დაავადების კლინიკური გამოვლინება და პროგნოზი უმთავრესად ლიმფურ კვანძში არსებული სიმსივნური წარმონაქმნის შემადგენელი უჯრედების დიფერენცირების სტადიასა და სიმსივნის ზრდის ხასიათზეა დამოკიდებული.
იმუნოლოგიის, ციტოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მიღწევები იძლევა საშუალებას, ერთმანეთისგან გამოიყოს მიმდინარეობით, მკურნალობისადმი დაქვემდებარებითა და პროგნოზით ერთმანეთისგან განსხვავებული ლიმფომების სპეციფიკური სუბტიპები. სუბტიპებიდან გამომდინარე, პროგნოზი შესაძლოა იყოს:
- კეთილსაიმედო (10-20-წლიანი გადარჩენადობა). ახასიათებს ნელი და კეთილთვისებიანი მიმდინარეობა და ზოგჯერ დიდხანს არ მოითხოვს მკურნალობას. მას ინდოლენტურ ლიმფომას უწოდებენ.
- უკიდურესად არასასურველი (გადარჩენადობა 1 წელზე ნაკლებია). ახასიათებს სწრაფი პროგრესირება, მრავალფეროვენი სიმპტომეტიკა და მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. ასეთ ლიმფომას აგრესიულს უწოდებენ.
არსებობს შუალედური ხასიათის ლიმფომებიც. ამ დროს ზიანდება ორგანოები და ქსოვილები, ხოლო ლიმფური კვანძები - არა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება აღმოცენდება არა ლიმფურ კვანძებში, არამედ რომელიმე ორგანოში (ელენთა, კუჭი, ნაწლავები, ფილტვები, თავის ტვინი). ამ ფორმას ექსტრანოდალურ ლიმფომას უწოდებენ.
ლიმფოსარკომის განვითარების უშუალო მიზეზი უცნობია. რისკფაქტორებად, ტრადიციისამებრ, განიხილება ყველა ნეოპლასტიკური დაავადებისთვის საერთო ფაქტორები: მაიონიზებელი რადიაცია, ქიმიური კონცენტრატები და გარესამყაროს დაბინძურება. ვარაუდობენ ვირუსულ ინფექციასთან კავშირს.
ყველაზე ხშირად სიმსივნის განვითარება უკავშირდება რამდენიმე რისკფაქტორის ერთდროულ არსებობას. არაჰოჯკინის ლიმფომა ხშირდება შიდსით დაავადებულებს შორის.
გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, განასხვავებენ ლიმფოსარკომის შემდეგ ვარიანტებს:
- ლიმფობლასტურს, რომელშიც შედის ბერკიტის ლიმფომა და ბრილ-სიმერსის მაკროფოლიკულური ლიმფომა;
- პროლიმფოციტურს;
- ლიმფოპლაზმოციტურს;
- მონობლასტურს.
სიმსივნის ზრდის მიხედვით გამოყოფენ ლიმფოსარკომის ნოდულურ (კვანძოვან) და დიფუზურ ფორმებს, იმუნოლოგიური ნიშნების მიხედვით კი B, T და O-უჯრედოვანს.
პროცესის გავრცელების მიხედვით გამოიყოფა ლიმფოსარკომის 5 სტადია:
1. ლოკალური - დაზიანებულია ერთი ან ახლომდებარე უბნის ლიმფური კვანძები;
2. რეგიონული - დაზიანებულია ორი ან მეტი ჯგუფის ლიმფური კვანძები დიაფრაგმის ცალ მხარეს;
3. გენერალიზებული - დაზიანებულია დიაფრაგმის ორივე მხარეს მდებარე ლიმფური კვანძების რომელიმე ჯგუფი;
4. დისემინირებული - დაზიანებულია შინაგანი ორგანოები, ძვლის ტვინის რბილი ქსოვილი და კანი;
5. ლეიკემიზაციისა - შესაძლებელია ლიმფოიდური უჯრედების აღმოჩენა ძვლის ტვინის პუნქტატსა და პერიფერიულ სისხლში.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ლიმფოსარკომის ყოველი ვარიანტისთვის დამახასიათებელია ძვლის ტვინის დაზიანება. გასაკუთრებით ხშირად ზიანდება ძვლის ტვინი პროლიმფოციტური და ლიმფოციტური ფორმების დროს, იშვიათად - ლიმფობლასტური და მონობლასტური ფორმების დროს. ბავშვებში უმთავრესად გვხვდება ლიმფოსარკომის ლიმფობლასტური ფორმა.
ლიმფოსარკომის დროს, წესისამებრ, ზიანდება ელენთაც. გვხვდება ელენთის ლიმფოსარკომის იზოლირებული ფორმები. ლიმფოსარკომა აზიანებს მუცლის ღრუს ლიმფურ კვანძებს, შუასაყარს, ფილტვებს, ღვიძლს, კუჭს, წვრილ ნაწლავებსა და კანს. დაავადების სიმპტომები დაზიანებულ ორგანოზეა დამოკიდებული. ყველაზე მეტად დამახასიათებელი ნიშნებია ადენომეგალია და სპლენომეგალია. ცხელება უმთავრესად აღინიშნება ლიმფობლასტური და მონობლასტური ვარიანტების დროს. ხშირია კანის დაზიანება, ბაქტერიული ინფექცია, რასაც იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევა განაპირობებს.
ლიმფოსარკომის ელენთის ფორმის დროს აღინიშნება ელენთის გადიდება ან ელენთისა და ღვიძლის გადიდება ადენომეგალიის გარეშე.
ბერკიტის ლიმფოსარკომისთვის (აფრიკული ლიმფომა) დამახასიათებელია თავის ქალას, სახის, განსაკუთრებით - ზედა ყბისა და ორბიტის ძვლების დაზიანება. ამ ფორმის ლიმფოსარკომის დროს ხშირად ზიანდება ნერვული სისტემა, განსაკუთრებით ზურგის ტვინი. ბერკიტის ლიმფომას ვირუსული ბუნება აქვს.
დიაგნოსტიკა. ლიმფომების, მათ შორის ლიმფოსარკომების დიაგნოსტიკა კომპლექსური პროცესია, რომელიც გულისხმობს ერთდროულად რამდენიმე (ჰისტოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური, კომპლექსური კლინიკური) გამოკვლევის ჩატარებას.
მკურნალობა. ლიმფოსარკომის ნებისმიერ სტადიაში ტარდება ციკლური პოლიქიმიოთერაპია სქემის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სხივური თერაპია და ელენთის ამოკვეთა.