მალარია მძიმე პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელების შეტევები, ანემია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მალარიით დაავადებული ან პარაზიტმატარებელი ადამიანი. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს ანოფელესის გვარის კოღოს - ე. წ. მალარიის კოღოს. ის ბინადრობს მდელოებზე, ტბებთან, ჭაობში, ტბორში, ჩაკეტილ და მდორე წყალსატევებში.
ადგილობრივ მალარიასთან ერთად, რომელიც განსაზღვრულ ეპიდემიურ კერებში ვრცელდება, გვხვდება მალარიის შემოტანის შემთხვევებიც. ჩვენს ქვეყანაში მალარიის სწორედ შემოტანილი შემთხვევები აღირიცხება.
საქართველოში მალარიას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. დაავადების გადაცემა ხდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
კოღო ანოფელესი დაავადებული ადამიანის სისხლთან ერთად ამოწოვს პლაზმოდიუმს, რომელიც მის ორგანიზმში სქესობრივი მომწიფებისა და გამრავლების ციკლს გადის. ციკლის დასასრულს ახალგაზრდა პლაზმოდიუმები კოღოს სანერწყვე ჯირკვლებში აღწევენ და ჯანმრთელი ადამიანის კბენისას კოღოს ნერწყვთან ერთად ხვდებიან მის სისხლში. სისხლს პლაზმოდიუმი ღვიძლამდე მიაქვს, სადაც ისინი არასქესობრივი გზით მრავლდებიან. ახალგაზრდა პარაზიტები სისხლში გადადიან და ერითროციტებში აღწევენ.
არსებობს ინფექციის გავრცელების კიდევ ორი გზა: პირველი - დედისგან ნაყოფის ან ახალშობილის ინფიცირება მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს, მეორე - ინფიცირებული სისხლის გადასხმა.
არსებობს მალარიის 4 ფორმა, რომლებიც გამომწვევის ოთხ ნაირსახეობას უკავშირდება: სამდღიური, ოთხდღიური, სამდღიურის მსგავსი მალარია-ოვალე და ტროპიკული. საქართველოში ძირითადად სამდღიური მალარიაა გავრცელებული.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მალარია მჟღავნდება საინკუბაციო პერიოდის შემდეგ. სამდღიური მალარიის საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 10-30, საშუალოდ 14-15 დღე, თუმცა არ არის გამორიცხული უფრო მეტხანსაც - 3-4 თვეზე მეტსაც კი გასტანოს (გახანგრძლივებული ინკუბაცია). ამის შემდეგ იწყება ცხელების შეტევები. სამდღიური მალარიის დროს შეტევა ყოველ მესამე დღეს მეორდება. იწყება შემცივნებით. ავადმყოფი ფითრდება, ცხვირი და ტუჩები ულურჯდება, ეწყება სახსრების ტეხა, კუნთებისა და თავის ძლიერი ტკივილი, კანკალი. ასეთი მდგომარეობა 30 წუთიდან 2-3 საათამდე გრძელდება. შემდეგ ავადმყოფი თანდათან თბება, სიცხისგან სახე უწითლდება, პირი უშრება, თავის, წელისა და კიდურების ტკივილი უძლიერდება, ზოგჯერ მაღალი ტემპერატურის (39-400C) გამო გონება ებინდება, ბოდავს, ეწყება გულისრევა და ღებინება. რამდენიმე საათის შემდეგ ტემპერატურა სწრაფად ეცემა და იწყება ძლიერი ოფლდენა. 1-2 საათის შემდეგ ოფლის დენა წყდება, ტემპერატურა ნორმამდე და ნორმის ქვევითაც კი ჩამოდის. ავადმყოფი მშვიდდება და იძინებს. გამოძინების შემდეგ თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ შემდგომ, შეტევების განმეორების კვალობაზე, მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდება.
12-14 შეტევის შემდეგ ავადობის პროცესი წყდება, მაგრამ შესაძლოა, 1-3 თვის ფარგლებში განმეორდეს, რასაც ახლო რეციდივი ეწოდება. სამდღიურ მალარიას ახასიათებს შორეული რეციდივიც, რომელიც მომდევნო წლის გაზაფხულზე ვითარდება - პარაზიტების ჰიპნოზოიტური ფორმები ღვიძლში დიდხანს ცოცხლობენ.
მალარიის ყოველგვარ ფორმას თან სდევს ანემია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება.
დიაგნოსტიკა. დაავადების ამოცნობის მიზნით უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგიური მონაცემები და კლინიკური სურათი. როდესაც პაციენტის მონაცემების მიხედვით მალარიის ეჭვი ჩნდება, ცხელების პიკზე სისხლის წვეთს იღებენ და მას მიკროსკოპიულად იკვლევენ, რის მეშვეობითაც სისხლში მალარიის პლაზმოდიუმებს აღმოაჩენენ. დაავადების პირველ 6-8 საათში ტარდება დიფერენციული დიაგნოზი მუცლის ტიფის, ბრუცელოზის, შებრუნებითი ტიფის მიმართ. მოგვიანებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ დაავადებებზე, როგორიც არის სეფსისი, ლიმფოგრანულომატოზი. ავადმყოფებმა, რომლებიც ცხელებას უჩივიან, მალარიაზე სისხლის გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ შემდეგ შემთხვევებში: 1) თუ იყვნენ ტროპიკულ ქვეყანაში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში; 2) პათოლოგია გაურკვეველია, აღინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება, გაურკვეველი წარმომავლობის ანემია; 3) თუ განვლილი სამი თვის განმავლობაში ჩაუტარდათ სისხლის გადასხმა.
მკურნალობა. თუ მკურნალობა არ დასრულდა, შესაძლოა განვითარდეს რეციდივი, დაავადება გაღრმავდეს და უფრო ძნელი სამკურნალო გახდეს ან ჩამოყალიბდეს პარაზიტმატარებლობა, პარაზიტმატარებელი კი საშიშია გარშემო მყოფთათვის ავადობის გავრცელების თვალსაზრისით.
მალარიის დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია. საჭიროა ექიმ-პარაზიტოლოგის ან ინფექციონისტის კონსულტაცია. პატარა ბავშვები და ორსულები მხოლოდ საავადმყოფოში უნდა მკურნალობდნენ.
მალარიას დღეს წარმატებით მკურნალობენ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებით. მათ პაციენტის მდგომარეობისა და ასაკის შესაბამისად ექიმი შეარჩევს. მალარიის თანამედროვე მკურნალობის ეფექტურობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში დაავადების არც ერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით არ დასრულებულა.
პროფილაქტიკა
კოღოს კბენისგან თავის დასაცავად:
- იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ანოფელესია გავრცელებული, წლის თბილ პერიოდში მოსაღამოებისთანავე ჩაიცვით გრძელსახელოებიანი და სხეულის კოჭებამდე დამფარავი ტანსაცმელი (გრძელი კაბა ან შარვალი).
- გამოიყენეთ კოღოს დამაფრთხობელი კანზე წასასმელი საშუალება - რეპელენტი, რომელიც დიეთილტოლუამიდს ან დიმეთილფტალატს შეიცავს. ასევე შესაძლებელია მძაფრსუნიანი ოდეკოლონის, ქაფურის სპირტის გამოყენება, ნესტიანი ბალახის აბოლება და სხვა.
- შენობის კარ-ფანჯარაზე უნდა აეკრას დამცავი ბადე (ან დოლბანდი). ოთახებში შემოფრენილი კოღოების განადგურება შეიძლება ელექტროფუმიგატორით ან ინსექტიციდური აეროზოლით.
მალარიის გავრცელების აღკვეთა შესაძლებელია კოღოების გამრავლებისთვის ხელის შეშლით, რისთვისაც საჭიროა:
- მცირე წყალსატევების (გუბეების) ამოვსება ან დაშრობა;
- წყლის რეზერვუარების გადახურვა;
- წყალსატევების წყალმცენარეებისაგან გასუფთავება:
- წყალში კოღოს მატლების გამანადგურებელი თევზის - გამბუზიის გავრცელება;
- მალარიის კერებში საცხოვრებელი შენობების შიგნითა კედლებისა და ჭერის დამუშავება გადამტანი კოღოს საწინააღმდეგო ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებებით (ინსექტიციდებით).
მალარიის ენდემურ კერაში გამგზავრებამდე აუცილებელია მალარიის ქიმიოპროფილაქტიკის ჩატარება ანტიმალარიული პრეპარატების სათანადო დოზითა და სათანადო ხანგრძლივობის კურსით.