მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზისთვის დამახასიათებელია კიდურების არტერიათა სხვადასხვა სეგმენტის ათეროსკლეროზული შევიწროება ან დახშობა (ოკლუზია). ამ დაავადებას მაობლიტირებელ ათეროსკლეროზსაც უწოდებენ.

მიზეზები და მექანიზმი. მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი წარმოადგენს კიდურების არტერიათა დახშობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას. დაავადება უმეტესად 50-70 წლის მამაკაცებს შორის ვლინდება. ყველაზე იშვიათია 30 წლამდე.
მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი მეტწილად ქვემო კიდურებს აზიანებს. ყველაზე ხშირად აღინიშნება ბარძაყის ზედაპირული  არტერიის ათეროსკლეროზი. მას მოსდევს აორტის დისტალური ნაწილისა და ბიფურკაციის, ასევე მუხლის არტერიის ათეროსკლეროზული ხასიათის ობლიტერაცია (დახშობა).
მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზის მიმდინარეობაზე საგრძნობ გავლენას ახდენს შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობა. დიაბეტიანებში არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება უფრო სწრაფად პროგრესირებს. სწორედ ამის გამოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს შორის ასე გავრცელებული ხანგამოშვებითი კოჭლობა (ეს სიმპტომი დამახასიათებელია მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზისთვის). შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობისას უფრო მეტად წვრილი კალიბრის დისტალური არტერიები ზიანდება. ხშირია არტერიების დაზიანება  მუხლის დისტალურად.
მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზის დროს არტერიათა კედლებში ჩნდება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც დაფარულია თრომბული მასით, თანდათან კალციფიკაციას განიცდის და ავიწროებს, ზოგჯერ კი მთლიანად ახშობს არტერიის სანათურს. ვითარდება ქვემო კიდურების კუნთების იშემია. არტერიის შრის გათხელების შედეგად არც ანევრიზმის განვითარებაა გამორიცხული. ასეთი ათეროსკლეროზული ანევრიზმები ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია მუხლქვეშა ფოსოში (მუხლქვეშა არტერიის ანევრიზმა) ან საზარდულის არეში (ბარძაყის არტერიის ანევრიზმა).
არტერიის შევიწროების გამო შემცირებულია სისხლის ნაკადი, რაც მის სისხლით მომარაგების ზონაში იშემიას იწვევს. კიდურთა არტერიებს დილატაციის (გაგანიერების) დიდი უნარი აქვთ, ამიტომ ამ სისხლძარღვების მსუბუქი და ზომიერი ობსტრუქცია ვაზოდილატაციით კომპენსირდება. როდესაც არტერიის სანათური 25%-ით ვიწროვდება, მოსვენებისას კიდურში სისხლის ნაკადი ნორმალურია. კიდურების არტერიათა ობსტრუქციის პარალელურად მეტ-ნაკლებად ვითარდება კოლატერალური (გვერდითი, არაძირითადი) სისხლის მიმოქცევის სისტემა, რაც თავის მხრივ მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზის შედეგების კომპენსაციას ახდენს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მაობლიტირებელი არტერიიტის დროს უმთავრესად ქვედა კიდურების  ტკივილი და ტროფიკის მოშლა აღინიშნება. ტკივილი შესაძლოა განვითარდეს როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაშიც.
ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული ტკივილი ხანგამოშვებითი კოჭლობის მიზეზად იქცევა.  ტკივილი, რომელიც ამ დროს იჩენს თავს, ძლიერ ინტენსიური და მოჭერითია. დაავადებულებს უმეტესად წვივის კუნთის ტკივილი აწუხებთ. შედარებით იშვიათად ტკივილის შეგრძნება მოიცავს წელს, დუნდულა კუნთს, ბარძაყსა და ტერფის კუნთებს. ასეთი ტკივილი გაივლის მოსვენებისას ან დატვირთვის ინტესივობის შემცირების შემდეგ.
თუ ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაშიც აწუხებს ავადმყოფს, ეს შესაბამისი არტერიის მძიმე დაზიანებასა და სისხლის მიმოქცევის საგრძნობ გაუარესებაზე მიუთითებს. ტკივილი ფეხის ერთ ან რამდენიმე თითს მოიცავს ან წინდის მსგავსად ვრცელდება. ამ დროს უჩივიან მწველ ან მღრღნელ ტკივილს, რომელიც ღამით ძლიერდება. ტკივილთან ერთად პაციენტი შესაძლოა დაბუჟებასა და კიდურის გაცივებასაც გრძნობდეს, რასაც ხშირად ციანოზი (სილურჯე) ან სიფითრე ერთვის. ამ დაავადების კიდევ ერთი, ძალზე დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ დაზიანებული სისხლძარღვის საპროექციო არეში ფეთქვა არ შეიგრძნობა - თუ არტერიის საპროექციო არეს დავადებთ ხელს, ათეროსკლეროზული ოკლუზიის დისტალურად პულსაციას ვერ ვიგრძნობთ. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება იშემიის სურათი - კანის ტემპერატურა ნორმაზე საგრძნობლად დაბალია, აღინიშნება სიფითრე და ციანოზი. იშემიური დაზიანების გამო კანი შესაძლოა მუდმივად მოწითალო-მოცისფრო ფერისა იყოს. ტროფიკული ცვლილები გამოხატულია კანის სიმშრალით, აქერცვლით და მბრწყინავი ელფერით. თმოვანი საფარველი შემცირებული ან გამქრალია. მოსალოდნელია ფეხის თითების დაწყლულება ან განგრენის განვითარება.
როდესაც ათეროსკლეროზული ობლიტერაცია არტერიის ბიფურკაციას ან ორივე თეძოს არტერიას მოიცავს, მას ლერიშის სინდრომს უწოდებენ. მისთვის დამახასიათებელია წელის, დუნდულის, ბარძაყის და/ან წვივის კუნთის ხანგამოშვებითი ტკივილი, ქვემო კიდურის ატროფია და კანის სიფითრე. მუხლის ქვემოთ არტერიის ფეთქვა არ შეიგრძნობა, თუმცა შესაძლოა, შესუსტებული პულსაცია აღინიშნებოდეს ბარძაყის არტერიაზე.

დიაგნოსტიკა. მაობლიტირებელი არტერიის დიაგნოზის დასმის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამი მომენტი: არტერიის ათეროსკლეროზული ობსტრუქციის ლოკალიზაცია, შესაბამისი უბნის იშემიის ხარისხი და კოლატერალური სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა.
არტერიული ობსტრუქციის ლოკალიზაციის დადგენა ხშირად პულსაციის გაქრობით და შუილის მოსმენით არის შესაძლებელი. იშემიაზე მიუთითებს კანის ტროფიკული ცვლილებები, დამახასიათებელი ფერი და დაბალი ტემპერატურა, სისხლის მიმოქცევის მდგომარეობაზე კი სპეციალური მარტივი ტესტების საშუალებით მსჯელობენ.
სადიაგნოზოდ აუცილებელია:

  • ექიმმა ანგიოლოგმა შეაფასოს სიმპტომები და მოახდინოს დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, როგორიც არის არტერიების ემბოლია, ანემია, ფლებიტი, რადიკულიტი, ართრიტი და დიაბეტური ნეიროპათია;
  • ლაბორატორიული ანალიზებით დადგინდეს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა;
  • ჩატარდეს არტერიოგრფია. ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი, ვინაიდან ამ დროს აუცილებელია შესაბამისი არტერიის მდებარეობისა და ობსტრუქციის ზუსტი ლოკალიზაციის დადგენა.

მკურნალობა. მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზი, თუ მას არ ახლავს დიაბეტი, ნელა პროგრესირებს, შესაბამისად, პროგნოზიც კეთილსაიმედოა, დიაბეტის თანაარსებობის შემთხვევაში კი დაზიანება სწრაფად ვრცელდება და პროგნოზიც საგრძნობლად უარესდება.
წინათ სისხლძარღვთა პათოლოგიების მკურნალობა ხდებოდა ან ფარმაკოპრეპარატებით, ან - მძიმე შემთხვევაში - ქირურგიული ჩარევით. სადღეისოდ სამკურნალო არსენალში დიდი ადგილი დაიკავა ახალმა მანიპულაციამ - ენდოვასკულურმა (სისხლძარღვშიგა) ჩარევამ. ამ გზით, ფაქტობრივად, ხდება სისხლძარღვის კედლის მთლიანობის აღდგენა ყოველგვარი ქირურგიული ოპერაციის გარეშე, არ არის საჭირო არც ნარკოზი, არც სხეულზე განაკვეთის გაკეთება. ბარძაყის ან სხვა არტერიიდან პუნქციის (ჩხვლეტის) მეშვეობით სისხლძარღვში კათეტერი შეჰყავთ, აღწევენ დაზიანებულ უბნამდე და იქ დგამენ სპეციალურ ბადეს, რომელიც სისხლძარღვის შევიწროებულ ან ჩაკეტილ მონაკვეთს აფართოებს და მყისვე აღადგენს სისხლის მიმოქცევას.
მართალია, ათეროსკლეროზული დაზიანების დროს ტარდება მედიკამენტური მკურნალობაც, მაგრამ ის ჩაკეტილ სისხლძარღვს ვერ ხსნის. მედიკამენტები იმაში გვეხმარება, რომ დაზიანებული არტერიის ფუნქცია საკუთარ თავზე აიღონ დამხმარე სისხლძარღვებმა - მაგისტრალური სისხლძარღვი კოლატერალურით შეიცვალოს, რაც უდავოდ გააუმჯობესებს რეგიონულ სისხლის მიმოქცევას. ეს კარგია, მაგრამ დროებითი ეფექტი აქვს. ქირურგიული ჩარევის საშუალებას ზოგჯერ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ იძლევა, გარდა ამისა, ოპერაციისას საჭიროა ფართო რეკონსტრუქციული სამუშაოს ჩატარება სისხლძარღვებზე. ენდოვასკულური ქირურგია კი ატრავმული და მაღალეფექტური მანიპულაციაა.
როდესაც იშემიის სურათი გამოხატული არ არის, მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზის მკურნალობა კონსერვატიულია. პაციენტს ურჩევენ, შეამციროს ფიზიკური დატვირთვა, მიატოვოს თამბაქოს წევა და შეასრულოს განსაზღვრული პროგრამით შერჩეული ვარჯიშები. ამის პარალელურად უნდა დაიწყოს დაავადების მიმდინარეობაზე გავლენის მქონე სხვა პათოლოგიებთან ბრძოლა. ჰიპერლიპიდემიის არსებობისას საჭიროა მასზე ზემოქმედება, ვინაიდან ლიპიდური ცვლის მოწესრიგება ამცირებს ახალ ათეროსკლეროზულ დაზიანებათა განვითარების რისკს. დიაბეტის თანაარსებობისას საჭიროა გლიკემიის კონტროლი.
მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზის დროს ვაზოდილატატორების (სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებების) გამოყენების ეფექტიანობა ეჭვქვეშ რჩება. ამ ჯგუფის წამლებმა შესაძლოა გააუარესოს კიდეც დაავადების მიმდინარეობა, რაც განპირობებული უნდა იყოს ან სისტემური არტერიული წნევის დაქვეითებით და კოლატერალური სისხლის მიმოქცევის გაუარესებით (კოლატერალური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება კი, როგორც ზემოთ ითქვა, იწვევს მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზის კომპენსაციას), ან დაზიანების პროქსიმულად არსებული არტერიების გაფართოებით და პერიფერიულ სისხლძარღვებში პერფუზორული წნევის დაქვეითებით. მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზის სამკურნალო საშუალებებს შორის წამყვანი ადგილი უკავია იმ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ თრომბოზის განვითარების რისკს.
როდესაც მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზის შედეგად სისხლძარღვთა დაზიანების ანატომიური თავისებურება ოპერაციის ან ანგიოპლასტიკის ჩატარების საშუალებას არ იძლევა, აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. დაზიანებული კიდური უნდა მოთავსდეს 20-30 გრადუსით დახრილ მდგომარეობაში. სითბოში უნდა იყოს, მაგრამ ცხელი საგნების შეხება არ არის სასურველი. უმჯობესია, გადავიფაროთ პლედი ან მსუბუქი საბანი, რომლის ქვეშაც ტემპერატურა არ გადააჭარბებს 38 გრადუსს. ტკივილის გასაყუჩებლად გამოიყენება როგორც არანარკოტიკული, ისე ნარკოტიკული საანალგეზიო საშუალებები.
დაწყლულებული ადგილი სუფთად უნდა იყოს მოვლილი. ინფიცირების შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია. განგრენისა და წყლულის ჩამოყალიბების შემთხვევაში, თუ სისხლის მიმოქცევის აღდგენა ქირურგიულად ვერ მოხერხდა, შესაძლებელია პროსტაგლანდინ E1-ის ვენაში შეყვანა. განგრენის პროცესის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ საჭირო ხდება ამპუტაცია.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია