მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის (წონასწორობის დარღვევის) ფონზე ვითარდება. იგი უმთავრესად რეპროდუქციული (25-დან 45 წლამდე) ასაკის ქალებს ემართებათ. სტატისტიკურად მასტოპათიით დაავადებულია ქალების 65-80%.
დაავადების მიზეზია ნეიროჰუმორული ფაქტორი. ეს იმას ნიშნავს, რომ პათოლოგიის გამშვებ მექანიზმად შესაძლოა იქცეს ნერვული მოშლილობა - სტრესი, დეპრესია, ნევროზი. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის შინაგან გარემოს, კერძოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და ჰორმონების ბალანსს.
მასტოპათიის მიზეზები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:
- შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა;
- ნაადრევი (12 წლამდე) მენარქე;
- უნაყოფობა;
- ორსულობა-მშობიარობის უქონლობა;
- ნაგვიანევი (30 წლის შემდეგ) ორსულობა-მშობიარობა;
- სპონტანური და ხელოვნური აბორტები;
- მცირერიცხოვანი (1 ან 2) ორსულობა-მშობიარობა;
- ძუძუთი ხანმოკლე (5 თვემდე) კვება;
- დაგვიანებული (52 წლის შემდეგ) მენოპაუზა;
- მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება და ფსიქოლოგიური ფაქტორები (ოჯახური თუ სამსახურებრივი კონფლიქტი, ქრონიკული სტრესი, უარყოფითი ემოციების სიჭარბე);
- ჰორმონული (სასქესო და ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონთა) ბალანსის ისეთი დარღვევა, რომელიც ქალებში სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას განაპირობებს (ამგვარ დარღვევებს იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ქრონიკული ანთებითი პროცესები - ადნექსიტი (საშვილოსნოს დანამატების ანთება), ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ფიბრომიომა, საკვერცხეების პოლიკისტოზი);
- შინაგანი ორგანოებისა და სისტემების, მათ შორის - ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია (ღვიძლი ჭარბი ესტროგენების დაშლაში დიდ როლს ასრულებს. დაზიანებისას მას ეს უნარი უქვეითდება, ზოგჯერ კი საერთოდ ეკარგება, ამიტომ ღვიძლის დაავადებისას ორგანიზმი ჭარბი ესტროგენების მავნე ზემოქმედებას განიცდის, რასაც მასტოპათია მოჰყვება).
- მასტოპათიის განვითარების რისკს ზრდის ქრონიკული გამოუძინებლობა და არასრულფასოვანი კვება - დიდი ოდენობით ცხიმების, ცხოველური ცილების მოხმარება, ხილის, ბოსტნეულის, საკვები უჯრედისის დეფიციტი, ასევე - იონიზებული რადიაციის ზემოქმედება (მზეზე და სოლარიუმში გარუჯვისას) სარძევე ჯირკვალზე, ალკოჰოლი, ნიკოტინი, სინთეტიკური ტანსაცმელი, მჭიდრო, რკინისსალტეებიანი ბიუსტჰალტერი, რომელიც ტრავმას აყენებს სარძევე ჯირკვალს. სახიფათოა უნებლიე ტრავმაც.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მასტოპათიის მთავარი სიმპტომია სარძევე ჯირკვალზე გამკვრივების ან კვანძის გაჩენა, რომელიც კარგად ისინჯება ხელით. იშვიათად ძუძუს დვრილიდან სისხლიანი, გამჭვირვალე ან მუქი სითხე დის. მუქი და სისხლიანი გამონადენი ზოგჯერ კიბოსწინარე დაავადებაზე ან სარძევე ჯირკვალში მიმდინარე მძიმე პათოლოგიურ პროცესზე მეტყველებს. ტკივილის შეგრძნება მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩნდება. ეს განპირობებულია ჰორმონული ცვლილებებით, რომლებიც ქალის ორგანიზმში კრიტიკულ დღეებში ხდება. გამკვრივებები და კვანძები სხვადასხვა კონსისტენციისაა და შეხებისას მტკივნეულია. შორსწასული ფორმებისა და კვანძოვანი მასტოპათიის შემთხვევაში ტკივილი ბეჭსა და იღლიაში გადაეცემა. მკერდის ოდნავ შეხებაც კი ტკივილს იწვევს.
მასტოპათიის სიმპტომებია:
- სარძევე ჯირკვლის ტკივილი;
- სარძევე ჯირკვლის გამკვრივება;
- წინარემენსტრუაციული სინდრომი (გამკვრივება და ტკივილი თავს იჩენს ციკლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე);
- გამჭვირვალე ან ხსენის ტიპის გამონადენი ჯირკვლიდან;
- გამკვრივებული უბნების (კვანძების), შეშუპების, მტკივნეული უბნების არსებობა;
- მრავლობითი ან ერთეული კისტები;
- ერთეული მიკრო- და მაკროკალცინატური ჩანართები;
- ჰორმონული ბალანსის დარღვევა;
- ეპითელური უჯრედების გაძლიერებული დაყოფა, შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბე.
გამოვლინებისა და მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით მასტოპათია ორგვარია:
- დიფუზური მასტოპათია:
- ჯირკვლოვანი კომპონენტის სიჭარბით;
- ფიბროზული კომპონენტის სიჭარბით;
- კისტოზური კომპონენტის სიჭარბით;
- შერეული ფორმა;
- კვანძოვანი მასტოპათია.
მასტოპათია, განსაკუთრებით კი კვანძოვანი, ძუძუს კიბოს ფონურ მდგომარეობად ითვლება. მის ადრეულ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დაავადება პროგრესირებს, ხოლო კვანძების არსებობისას, მით უმეტეს, თავისთავად არ გაიწოვება.
დიაგნოსტიკა. სარძევე ჯირკვლის გამკვრივებისა თუ მკერდის ტკივილის დროს მასტოპათიის დიაგნოზი ყოველთვის არ დაისმის. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა საფუძვლიანი გამოკვლევა:
- ხელით გასინჯვა (პალპაცია);
- ექოგრაფია;
- მამოგრაფია (რენტგენოლოგიური გამოკვლევა);
- სისხლში ჰორმონების (უმთავრესად - სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა) დონის განსაზღვრა;
- გამონადენის არსებობისას - მისი პუნქცია და აღებული მასალის ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
მასტოპათიის ადრეულ სტადიაში გამოსავლენად ქალმა (თუნდაც არაფერს უჩიოდეს) უნდა ჩაიტაროს:
- 20-დან 39 წლამდე:
- თვითგასინჯვა - თვეში ერთხელ;
- მამოლოგის კონსულტაცია - ორ წელიწადში ერთხელ;
- 40-დან 49 წლამდე:
- თვითგასინჯვა - თვეში ერთხელ;
- მამოლოგის კონსულტაცია - წელიწადში ერთხელ;
- ინსტრუმენტული გამოკვლევა - ერთ-ორ წელიწადში ერთხელ;
- 50 წლის შემდეგ:
- თვითგასინჯვა - თვეში ერთხელ;
- მამოლოგის კონსულტაცია - წელიწადში ერთხელ;
- ინსტრუმენტული გამოკვლევა - წელიწადში ერთხელ.
სარძევე ჯირკვალში პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი მამოლოგი პაციენტს ინდივიდუალურად შეურჩევს გამოკვლევის საჭირო მეთოდს, დაუნიშნავს მკურნალობას და დაადგენს კონსულტაციის პერიოდულობას.
თვითგასინჯვა
მენოპაუზამდე თვითგასინჯვა უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ, მენსტრუაციამდე 6-12 დღით ადრე, ხოლო მენოპაუზის შემდეგ - ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში. სასურველია, ეს დღე ქალმა კალენდარზე მონიშნოს. თვითგასინჯვა შეიძლება ჩატარდეს როგორც მდგომარე (სარკის წინ ან შხაპის მიღებისას), ისე ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. ქალმა უნდა დაათვალიეროს ბიუსტჰალტერი - შესაძლოა, მასზე ლაქები ან სისველე შეამჩნიოს, ძუძუსთავები - შესაძლოა, დვრილები ჩაზნექილი ან ფერნაცვალი იყოს. უნდა დააკვირდეს, ხომ არ არის კანი შეშუპებული, დანაოჭებული, ფერნაცვალი.
საეჭვო ნიშნებია:
- კვანძოვანი სიმკვრივე სარძევე ჯირკვალში ან იღლიისქვეშა ფოსოში;
- კანის სიწითლე;
- ლიმონის ქერქის მსგავსი ან დანაოჭებული კანი;
- ტკივილი;
- დვრილის არეში წვის შეგრძნება და შეწითლება;
- დვრილის ჩაზნექა;
- გამონადენი დვრილიდან.
მკურნალობა. მასტოპათია კარგად ემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას, მისგან სრული განკურნება შესაძლებელია, მაგრამ მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ინიშნება. ის, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ენდოკრინული პროცესების, ჰორმონული დისბალანსის ნორმალიზებას, იმუნოთერაპიას (დაავადების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის მოსამატებლად) და უშუალოდ მიზეზზე ზემოქმედებას.
მასტოპათიას ჰორმონული და არაჰორმონული მეთოდებით მკურნალობენ. მკურნალობის კურსი უშუალოდ გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ, ნერვული სისტემის, თირკმელების, ღვიძლისა და სხვა ორგანოთა ფუნქციების ნორმალიზებისკენ არის მიმართული.
შორსწასული, კვანძოვანი ფორმის მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად ტარდება ქირურგიული მკურნალობა. დროული და მართებული კომპლექსური მკურნალობისას მასტოპათია უმეტესად 1-3 თვეში იკურნება, მაგრამ წელიწადში 1-2-ჯერ სასურველია ჩატარდეს საკონტროლო გასინჯვა.
პროფილაქტიკა. მასტოპათიის პროფილაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ჯანმრთელ და აქტიურ ცხოვრების წესს. ქალმა საკმაო რაოდენობით უნდა მიირთვას იოდის შემცველი პროდუქტები, იძინოს კარგად, სრულფასოვნად, დღის განმავლობაში ჰქონდეს ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ერიდოს სტრესს, ტრავმას და ა. შ.