მენინგოკოკური ინფექცია არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ბაქტერია Neisseria meningitidis. ის აზიანებს თავის ტვინის გარსს და იწვევს მენინგიტს, მენინგოენცეფალიტს, ენცეფალომიელიტს. ინფექციის გენერალიზების შემთხვევაში მოსალოდნელია კაპილართა ენდოთელიუმის დაზიანება და ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება. აქედან გამომდინარე, მენინგოკოკური ინფექციის პათოგენეზში შეიძლება გამოიყოს ორი მომენტი: 1. თავის ტვინის გარსის დაზიანება; 2. კაპილართა ენდოთელიუმის დაზიანება და ამის კვალობაზე - სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომისა და ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება.
მენინგოკოკური ინფექცია ყველა კონტინენტზე გვხვდება. ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია, რომელიც შეიძლება იყოს:
1. მენინგოკოკითა და მენინგოკოქცემიით დაავადებული;
2. ნაზოფარინგიტით დაავადებული;
3. მენინგოკოკის მატარებელი.
ავადმყოფობა გადამდებია პროდრომულ (ფარულ) პერიოდსა და დაავადების პირველ დღეებში. დაავადებული ექვსჯერ მეტ ადამიანს ასნებოვნებს, ვიდრე მატარებელი, მაგრამ მატარებლობის ფართო გავრცელების გამო ინფექციის ძირითად წყაროს სწორედ მატარებლები წარმოადგენენ.
ტერმინი "მატარებლობა" პირობითია, რადგან ინფექციური პროცესი ორგანიზმში ამ დროსაც მიმდინარეობს, თუმცაღა კლინიკური გამოვლინების გარეშე. მატარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს ეპიდემიის დროს, ეპიდემიებს შორის კი იკლებს.
მენინგოკოკური ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მაგრამ მისი გადაცემის მექანიზმი ამ გზით გადამდებ სხვა ინფექციებთან შედარებით დუნეა, რადგან მენინგოკოკი გარემოში მალე იღუპება. ამიტომ ადამიანი ავადდება ინფექციასთან მხოლოდ ხანგრძლივი და ახლო (0,5 მეტრზე) კონტაქტის შემთხვევაში.
მენინგოკოკურ ინფექციას პერიოდულობა ახასიათებს. დაავადება ხშირდება ზამთარში და გაზაფხულზე. ამას ხელს უწყობს კლიმატური ფაქტორები - ტენიანობის მომატება და ტემპერატურის ცვალებადობა, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისთვის. ამიტომაც არის, რომ მენინგოკოკური ინფექცია ხშირად იფეთქებს ხოლმე დახურულ კოლექტივებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საავადმყოფოებში და სხვა).
მენინგოკოკური ინფექცია ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობა 14 წლამდე ასაკის ბავშვების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიებს შორის არსებულ პერიოდში უმთავრესად ადრეული ასაკის ბავშვები ავადმყოფობენ, მატარებლობა კი უმთავრესად მოზრდილებს შორის იმატებს.
მენინგოკოკური ინფექციის დროს სიკვდილიანობა ძირითადად ელვისებური განვითარებისა და მკურნალობის დაგვიანების ბრალია. ლეტალობა განსაკუთრებით მაღალია წლამდე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებს შორის. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი შემთხვევები იშვიათია.
ინფიცირების მექანიზმი
ადამიანის ორგანიზმში მენინგოკოკი ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან იჭრება. შემთხვევათა უმრავლესობაში ყალიბდება ე. წ. ჯანმრთელი მატარებლობა, 10-30%-ში ვითარდება ცხვირ-ხახის ანთება (ნაზოფარინგიტი), უფრო იშვიათად (1-3%) კი მენინგოკოკი გადალახავს ადგილობრივ ბარიერს და სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება - ხდება ინფექციის გენერალიზება, ყალიბდება ბაქტერიემია. ამ პროცესს თან სდევს მენინგოკოკების მასობრივი დაღუპვა. ამ დროს უხვად გამოიყოფა ტოქსინები (ტოქსიცემია) და სისხლძარღვების ენდოთელიუმს აზიანებს.
ინფექციის გენერალიზების მიზეზი ორგანიზმის გამძლეობის დაქვეითებაა.
სიმპტომები და მიმდინარეობა
დაავადების საინკუბაციო პერიოდი ორიდან ათ დღემდე მერყეობს.
განასხვავებენ მენინგოკოკური ინფექციის სამ ფორმას:
I. ლოკალურს:
ა) მენინგოკოკის მატარებლობა;
ბ) მწვავე ნაზოფარინგიტი;
II. გენერალიზებულს:
ა) მენინგოკოქცემია: ტიპური ელვისებური (უმწვავესი მენინგოკოკური სეფსისი), ქრონიკული;
ბ) მენინგიტი;
გ) მენინგოენცეფალიტი;
დ) შერეული ფორმა (მენინგიტ-მენინგოკოქცემია);
III. იშვიათს:
ა) ენდოკარდიტი;
ბ) პოლიართრიტი;
გ) პნევმონია;
დ) ირიდოციკლიტი.
ნაზოფარინგიტი
დაავადება იწყება თავის ტკივილით (უმეტესად - შუბლისა და საფეთქლების არეში) და ტემპერატურის 37-380C-მდე მომატებით, რაც 1-3 დღე გასტანს. დაავადებული უჩივის ტკივილს ყლაპვისას, ყელში ფხაჭნის შეგრძნებას, მშრალ ხველას, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო ცხვირით სუნთქვა უჭირს, აქვს მშრალი სურდო, იშვიათად შესაძლოა გაუჩნდეს ლორწოვანი ან სისხლიანი გამონადენი. ხახის უკანა კედელი შეშუპებული, შეწითლებული და მარცვლოვანი აქვს, სკლერები - ინიეცირებული. ასიდან 10-15 შემთხვევაში დაავადების მე-3-5 დღეს ტუჩებსა და ცხვირზე ჩნდება ჰერპესული გამონაყარი. სისხლის ანალიზი ავლენს ზომიერ ნეიტროფილურ ლეიკოზს და ედსის მომატებას.
დაავადება უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს. ასიდან მხოლოდ 15-25 შემთხვევაში გვხვდება საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმები. მძიმე მიმდინარეობისას გამოხატულია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და ინტოქსიკაციური მოვლენები, მაგალითად, მაღალი სიცხე, თავბრუხვევა, სიფითრე, ტაქიკარდია, აპათია და ღებინება. თუ ამ დროს კანზე გაჩნდა სისხლჩაქცევები და ჩამოყალიბდა მენინგეალური სინდრომი, ეს პროცესის გენერალიზებაზე მიუთითებს (20-30%).
ნაზოფარინგიტი ძალიან ჰგავს მწვავე ვირუსულ რესპირაციულ ინფექციას, რის გამოც სწორი დიაგნოზი ხშირად მხოლოდ გენერალიზებული ფორმის გამოვლენის შემდეგ ისმება.
მენინგოკოქცემია
მენინგოკოქცემია იწყება მწვავედ, ძლიერი შემცივნებითა და ტემპერატურის 39-400C-მდე აწევით. პირველსავე საათებში გამოხატულია მძიმე ინტოქსიკაცია: ავადმყოფი ფერმკრთალია, დაჰკრავს ციანოზური ელფერი, ტუჩები და კანი მშრალი აქვს, სტკივა თავი, აღებინებს, უჩივის ტაქიკარდიას, ქოშინს, უძილობას, უმადობას და გაძლიერებულ წყურვილს.
მენინგოკოქცემიის ძირითადი სადიაგნოზო ნიშანია ჰემორაგიული გამონაყარი (სისხლჩაქცევები). დაავადების დაწყებიდან დაახლოებით 5-20 საათის განმავლობაში კანსა და ლორწოვან გარსებზე სხვადასხვა ზომის სისხლჩაქცევები ჩნდება. გამონაყარი უხვია, კანიდან ამოწეული, აქვს ზოგან წერტილოვანი პეტექიების, ზოგან კი ფართო (2-15 სმ დიამეტრის) სისხლჩაქცევების სახე. ასეთ კანს ექიმები ვარსკვლავიან ღამეს ადარებენ - გაფითრებულ, ციანოზურ კანზე მოჩანს უსწორმასწორო სისხლჩაქცევები, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს თვალწინ ჩნდება და მართლაც ჰგავს სხვადასხვა ზომის მოციმციმე ვარსკვლავებს.
სისხლჩაქცევები უმთავრესად ზედა და ქვედა კიდურებზე, დუნდულებსა და ბარძაყებზე წარმოიქმნება. სახესა და სხეულის ზედა ნაწილებზე ჰემორაგიული გამონაყარის გაჩენა დაავადების დამძიმებაზე მიუთითებს. არცთუ იშვიათია სისხლჩაქცევები სკლერაში, რაც ასევე დაავადების სიმძიმის მანიშნებელია.
ჰემორაგიული ელემენტები ერთდროულად არ წარმოიქმნება. ამის გამო ისინი სხვადასხვა ფერისაა (ღია წითლიდან ალუბლისფრამდე).
მძიმე შემთხვევაში ფართო და ღრმა სისხლჩაქცევები ნეკროზდება, უმთავრესად - თითებზე, ტერფებზე, ყურის ბიბილოებზე, და ტოვებს ღრმა დეფექტს, ზერელე და მცირე ზომის სისხლჩაქცევები კი უკვალოდ ქრება. მენინგოკოქცემიური ღრმა ნეკროზის შედეგად, თუ სისხლჩაქცევა სახსრის არეში იყო ლოკალიზებული, ავადმყოფმა შესაძლოა კიდურიც კი დაკარგოს.
მძიმე მენინგოკოქცემიის დროს იწყება სისხლდენა ცხვირიდან, კუჭიდან, საშვილოსნოდან და სხვა ორგანოებიდან, ჩნდება სისხლჩაქცევები ლორწოვან გარსებსა და შინაგან ორგანოებში (თირკმელზედა ჯირკვლებში, მიოკარდიუმში, ენდოკარდიუმში, თირკმელებში, ტვინში და მის გარშემო).
მენინგოკოქცემიის დამძიმების პარალელურად ირღვევა ჰემოდინამიკა - პულსი სუსტდება, წნევა ეცემა. თითქმის ყოველთვის გამოხატულია ქოშინი, ფილტვებში ისმის ხიხინი, ენა მშრალი და შელესილია, ღვიძლი და ელენთა - გადიდებული, მოზარდებს აწუხებთ ყაბზობა, ჩვილებს - ხშირი დეფეკაცია. თირკმელებში ვითარდება კეროვანი გლომერულონეფრიტის მოვლენები, შარდვა მცირდება.
მენინგოკოქცემიის დროს შესაძლოა განვითარდეს პნევმონია, პლევრიტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ენდოკარდიტი, იშვიათად - თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება. გაცილებით ხშირია სახსრების დაზიანება ართრიტისა და პოლიართრიტის სახით. დაავადების მეექვსე-მეშვიდე დღეს სახსრები შუპდება, წითლდება და მტკივნეული ხდება. პერიფერიულ სისხლში მკვეთრად არის მომატებული ლეიკოციტების რაოდენობა.
ელვისებური მენინგოკოქცემია
მენინგოკოკცემიის უმძიმესი ფორმაა ელვისებური მენინგოკოკცემია, იგივე უმწვავესი მენინგოკოკური სეფსისი, ელვისებური პურპურა, ფულმინანტური მენინგოკოკცემია, უოტერჰაუს-ფრიდერიქსენის სინდრომი. მას აქვს მოულოდნელი და ძალიან მწვავე დასაწყისი და ვითარდება როგორც ინფექციურ-ტოქსიკური შოკი. ავადმყოფს შემცივნების პარალელურად სიცხე 410C-მდე უწევს, თუმცა რამდენიმე საათში შესაძლოა ჰიპოთერმია განუვითარდეს. აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, სიფითრე (ციანოზური ელფერით), პულსი აჩქარებული, მაგრამ სუსტი აქვს, შარდის გამოყოფა - შემცირებული, არტერიული წნევა ჯერ იმატებს, შემდეგ კი იკლებს, თავს იჩენს ფსიქომოტორული აგზნება, მენინგეალური ნიშნები და სიკვდილის შიში. დაავადების პირველსავე საათებში მთელ სხეულზე, კონიუნქტივაში და სკლერებზე ჩნდება სხვადასხვა ფორმის სისხლჩაქცევები, რომლებიც სწრაფად ნეკროზდება. სისხლჩაქცევების სიჭარბე სხეულის ზედა ნაწილში, სახესა და სკლერებზე არაკეთილსაიმედო პროგნოზის მაუწყებელია. ძალიან სწრაფად ვითარდება ჰემოდინამიკური მოშლილობა: მკვეთრად ეცემა არტერიული წნევა, თითქმის ქრება პულსი, უფრო და უფრო პროგრესირებს ქოშინი, ზოგადი ციანოზი, ჰიპოთერმია (სხეულის დაბალი ტემპერატურა), ცივი ოფლი და ანურია (შარდი არ გამოიყოფა, ანუ ვითარდება ე. წ. შოკური თირკმელი). სწრაფად იმატებს სისხლჩაქცევების ინტენსივობა, იწყება სისხლიანი ღებინება და სხვადასხვა ორგანოდან სისხლის დენა. ავადმყოფი ზოგჯერ გარემოს წითლად აღიქვამს. კანზე წარმოიშობა ფართო მოლურჯო ლაქები - ე. წ. გვამური ლაქები, რომლებიც მდებარეობის შეცვლისას ფორმას იცვლის. მენინგეალური ნიშნები თანდათანობით ქრება. ვითარდება კუნთების სისუსტე. ტვინის შეშუპების გამო ცნობიერება იბინდება. მკვეთრად იცვლება პერიფერიული სისხლის სურათი (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მაღალი ედსი).
გამოყოფენ ელვისებური მენინგოკოკცემიის მთავარი გართულების, ინფექციურ-ტოქსიკური შოკის, 4 ხარისხს.
I ხარისხის ინფექციურ-ტოქსიკური შოკი - ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა, დამახასიათებელია სიფითრე, ჰემორაგიული გამონაყარის ინტენსიური მატება. ფეხების გაცივება. არტერიული წნევა ნორმალური ან მომატებულია, აღინიშნება ტაქიკარდია, ტაქიპნოე, აგზნება. დიურეზი (შარდის გამოყოფა) დაქვეითებულია. ვითარდება მეტაბოლური აციდოზი და ჰიპერკოაგულაცია.
II ხარისხის ინფექციურ-ტოქსიკური შოკი - ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, კანი ფერმკრთალია და გადაჰკრავს მორუხო ელფერი, დამახასიათებელია აკროციანოზი (ტუჩებზე და მათ ირგვლივ კანის სილურჯე), ცივი და ტენიანი კანი, სხეულის სუბნორმული ტემპერატურა. აღინიშნება ტაქიკარდია, პულსის სისუსტე, გულის ტონების მოყრუება. არტერიული წნევა ეცემა. ავადმყოფს აქვს შენელებული რეაქციები, მოდუნებულია, ცნობიერება დაბინდული აქვს, შესაძლოა განუვითარდეს კრუნჩხვაც. შარდის გამოყოფა შემცირებულია. ვითარდება მეტაბოლური აციდოზი და თრომბოჰემორაგიული სინდრომი.
III ხარისხის ინფექციურ-ტოქსიკური შოკი - ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ცნობიერება იშვიათად ნარჩუნდება. კანს აქვს მოლურჯო-მორუხო ელფერი. აღინიშნება ტოტალური ციანოზი მრავლობითი სისხლჩაქცევითა და ნეკროზით. გამოხატულია ქოშინი. არტერიული წნევა ძალიან დაბალია. სხეულის ტემპერატურა სუბნორმულია, გუგები შევიწროებულია და სინათლეზე არ რეაგირებს. არ არის გამორიცხული კრუნჩხვა. შარდი არ გამოიყოფა. ვითარდება დეკომპენსაციური მეტაბოლური აციდოზი და თრომბოჰემორაგიული სინდრომი.
IV ხარისხის ინფექციურ-ტოქსიკური შოკი - აგონიური მდგომარეობაა. ავადმყოფი უგონოდ არის, აღენიშნება კუნთების ატონია და არეფლექსია (კუნთები მოდუნებულია, რეფლექსები დაკარგულია), გუგები გაფართოებული აქვს და სინათლეზე არ რეაგირებს. ვითარდება კრუნჩხვა, ფილტვებისა და თავის ტვინის პროგრესული შეშუპება, სისხლის სრული შეუდედებლობა და ამასთან დაკავშირებული დიფუზური სისხლდენა (ცხვირიდან, კუჭიდან, საშვილოსნოდან). არტერიული წნევა და პულსი არ ისინჯება. შარდი არ გამოიყოფა.
ელვისებური მენინგოკოკცემიის შემთხვევაში ავადმყოფი მკურნალობის გარეშე 10-48 საათში იღუპება.
შოკიდან გამოყვანის შემდეგ სიკვდილის მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და პნევმონია. თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (შოკური თირკმელი) ვლინდება ოლიგოანურია, შეშუპება, აზოტემია, ჰიპერკალციემია, აციდოზი, იმატებს სისხლის არტერიული წნევა, ძლიერდება ჰემორაგიული და მენინგეალური სინდრომები, ჰემოდინამიკური მოშლილობა. ვითარდება კრუნჩხვა. ავადმყოფი იღუპება მე-4-10 დღეს.
მენინგოკოკცემიის ქვემწვავე და ქრონიკული ფორმები იშვიათია. ქრონიკულ მენინგოკოკცემიას ახასიათებს ცხელება (რემისიის დროს ტემპერატურა შესაძლოა ნორმის ფარგლებში იყოს) და რომელიმე ორგანოს არჩევითი დაზიანება. კერძოდ, სპლენომეგალიასთან (ელენთის გადიდება) ერთად გამოხატულია ართრიტის, პოლიართრიტის ან ენდოკარდიტისა და მიოკარდიტის მოვლენები. კანზე აღინიშნება ექსუდაციური ერითემის ტიპის სხვადასხვანაირი გამონაყარი. მართებული მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა. ქვემწვავე და ქრონიკული მენინგოკოკცემიის მიზეზად M-იმუნოგლობულინის დეფიციტს მიიჩნევენ.
დიაგნოსტიკა. დიაგნოზის დასასმელად აუცილებლად უნდა ჩატარდეს სისხლისა და თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა.
პერიფერიულ სისხლში აღინიშნება შემდეგი ცვლილებები: ლეიკოციტოზი ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრით, ნეიტროფილების ტოქსიკური მარცვლოვანება, თრომბოციტოპენია, ლაქტოაციდოზი, მომატებულია TT თრომბინის დრო, APTT აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო, დაქვეითებულია ფიბრინოგენის შემცველობა, სისხლის კულტურაში განისაზღვრება Neisseria Mmeningitidis მატება.
ლიქვორის გამოკვლევისას ვლინდება მისი შემღვრევა, ლეიკოციტების რაოდენობის მატება, ლიქვორის ნაცხში აღმოჩნდება გამომწვევი, ლიქვორსა და სისხლში გლუკოზის შეფარდება 0,4-ზე ნაკლებია, ლიქვორში ცილის შემცველობა 450 მგ/ლ-ზე მეტია, დადებითია ტესტი გამომწვევის ანტიგენზე.
დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია დიფერენცირება სხვა ეტიოლოგიის სეფსისისგან, მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტისგან, გონოკოკური კანსახსროვანი სინდრომისგან, გრიპისგან და სხვა.
მკურნალობა. ინფექციურ-ტოქსიკური შოკის თავიდან ასაცილებლად უნდა ჩატარდეს დროული ანტიბაქტერიული თერაპია (პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით).
ინფექციურ-ტოქსიკური შოკის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შოკის საწინააღმდეგო თერაპია.