მიოკარდიტს ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექცია, რევმატიზმი, დიფტერია იწვევს, თუმცა არ არის გამორიცხული, ტოქსინების, მედიკამენტების, აუტოიმუნური, ალერგიული და ანთებითი ფაქტორების ზემოქმედებითაც განვითარდეს.
მიოკარდიუმის გამომწვევი ფაქტორები
- ინფექციური ფაქტორი:
- ვირუსები - A და B ჯგუფის კოქსაკის ვირუსი, ექოვირუსი, პოლიოვირუსი, ყბაყურას, ჩუტყვავილას და წითურას ვირუსები, გრიპის ვირუსი, არბოვირუსი, ციტომეგალოვირუსი, აივ ინფექცია, ფსიტაკოზის ვირუსი;
- რიკეტსიები - ცხელების, ტიფის გამომწვევები;
- სპიროქეტა - სიფილისის, ლეპტოსპიროზის, ბორელიოზის გამომწვევები;
- სოკო - ასპერგილა, კანდიდა, კრიპტოკოკი;
- პარაზიტები - ტრიპანოსომა, ტოქსოპლაზმა, ტრიქინელა;
- მოწამვლა - ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ფენოთიაზიდები, ციკლოფოსფამიდი, ადრიამიცინი, კორტიკოსტეროიდები, ლითიუმი, ალკოჰოლი, კოკაინი, კობალტი, დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ფოსფორი, ნახშირჟანგი, მწერების შხამი, გველის შხამი;
- ენდოკრინულ-მეტაბოლური ფაქტორი - ჰიპოკალციემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი, კატექოლამინების სიჭარბე;
- ალერგიული ფაქტორი - სულფანილამიდები, მეთილდოპა, პენიცილინი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიკოაგულანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, შარდმდენები;
- ფიზიკური ფაქტორი - ცხელება, ჰიპოთერმია, რედიაცია;
- რევმატული ფაქტორი - რევმატიზმი, სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი.
სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ მიოკარდიტის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს. კლინიკური სურათი ბევრად არის დამოკიდებული ეტიოლოგიურ ფაქტორზე. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც უსიმპტომოდ, ასევე მძიმე კლინიკური სურათით - გულის პროგრესირებადი უკმარისობის სახით. მძიმე მიმდინარეობის დროს მოსალოდნელია კოლაფსი, ოლიგურია, თრომბოემბოლია და უეცარი სიკვდილი.
ავადმყოფები უმეტესად უჩივიან უსიამოვნო შეგრძნებასა და მჩხვლეტ ან ყრუ ტკივილს გულის არეში. ტკივილი ხანგრძლივია და არ უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას. გარდა ტკივილისა, აღინიშნება გულის ფრიალი, ტაქიკარდია, გულის რიტმისა და გამტარობის სხვა დარღვევები, ქოშინი, სისუსტე, სუბფებრილური ტემპერატურა (ზოგჯერ - უფრო მაღალიც). ხშირია სახსრებისა და კუნთების ტკივილი გულმკერდის მიდამოში.
დიაგნოსტიკა. მიოკარდიუმის დიაგნოზის დასადგენად საჭიროა მისი გამომწვევი ფაქტორის იდენტიფიკაცია. ეტიოლოგიური ფაქტორის გამოსავლენად იკვლევენ სისხლს, განავალს, ხახის ლორწოვანს, მიოკარდიუმის ბიოპტატს. კეთდება ეკგ, ექოკარდიოგრაფია, რენტგენოგრაფია.
მკურნალობა. მიოკარდიტის მკურნალობა მიმართულია მისი გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ. წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობაა არითმიის კონტროლი. გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევაში ინიშნება შარდმდენები და პერიფერიული ვაზოდილატატორები.