ნაადრევი მშობიარობა
ორსულობის 23-37-ე კვირამდე დაწყებულ მშობიარობას ნაადრევი ეწოდება. ნაყოფი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შედეგად იბადება, დღენაკლული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია. ახალშობილის დღენაკლულობის ხარისხი სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე განისაზღვრება. შემოწმებისას დიდი ყურადღება ექცევა ახალშობილის სიგრძეს, წონასა და სხვა პარამეტრებს.
ნაადრევ მშობიარობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - დედის დაავადებები, ინტოქსიკაცია და ინფანტილიზმი. ნაადრევი მშობიარობა ხშირია ანამნეზში აბორტის არსებობის, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის, აგრეთვე დედის ენდოკრინული და ნერვული დარღვევების ფონზე.
ნაადრევი მშობიარობის სიმპტომებია ტკივილი მუცლის ქვედა და გავის მიდამოში და მცირეოდენი სისხლიანი გამონადენი.
ზემოთ აღნიშნული სიმპტომების შემჩნევისთანავე ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს მეან-გინეკოლოგს ან ქალთა კონსულტაციას, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და ქალი სტაციონარში მოთავსდეს.
ნაადრევი მშობიარობა ტიპობრივად სწრაფ მშობიარობასავით მიმდინარეობს, მაგრამ გართულება - სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, სისხლდენა - ამ დროს უფრო ხშირია. ხშირია ნაყოფის ასფიქსია, მისი სამშობიარო ტრავმა და მკვდრადშობადობაც.
ნაადრევი მშობიარობა არასასურველია როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვისაც, ამიტომ მის პროფილაქტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
პროფილაქტიკა გულისხმობს:

  • ორსულის ცხოვრებისა და კვების სწორი რეჟიმის დაცვას;
  • ინფექციისა და ინტოქსიკაციის პროფილაქტიკას;
  • დედის ამა თუ იმ დაავადების დროულ აღმოჩენასა და მკურნალობას;

ვადაგადაცილებული ორსულობა
ვადაგადაცილებული ეწოდება ორსულობას, რომელიც ორსულობის 42-ე კვირის შემდეგ იწყება. ამ დროს გადამწიფებული ნაყოფი იბადება.
ორსულობის ვადის გადაცილებას დედის ენდოკრინული დარღვევები და საშვილოსნოს კუმშვადობის შემცირება უწყობს ხელს.
განმეორებით მშობიარეებს შორის, რომელთაც პირველი მშობიარობა ნორმალური ჰქონდათ, ვადის გადაცილება უფრო იშვიათია, ვიდრე ოცდაათ წელზე უფროსი ასაკის პირველმშობიარეებს შორის.

გადამწიფებული ნაყოფი
გადამწიფებული ნაყოფი დიდია. თავის ზომები ხშირად ნორმის ზედა ზღვარს უახლოვდება, ძვლები უფრო მკვრივია, ხოლო ნაკერები და ყიფლიბანდები - მცირე. ვიწრო სამშობიარო გზებში გავლისას ასეთი თავი ფორმას ვერ იცვლის, რაც ტვინს დიდ საფრთხეს უქმნის. ნაყოფის კანი გამომშრალი ან მაცერირებულია (მოხარშულივით). გადამწიფებულ ნაყოფს ჟანგბადის უფრო დიდი მოთხოვნილება აქვს, ჟანგბადოვანი შიმშილისადმი მისი შეგუება კი დაქვეითებულია. ეს მაშინ, როცა პლაცენტაში მიმდინარე ცვლილებების გამო ნაყოფის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება მცირდება.
ზემოხსენებული ცვლილებების გამო იმატებს ნაყოფის ჟანგბადოვანი შიმშილის (ჰიპოქსიის), ასფიქსიის, სამშობიარო ტრავმებისა და სხვა მძიმე გართულებების რისკი.
ვადაგადაცილებული ორსულობისას უფრო ხშირად ვითარდება ლოგინობის ხანის დაავადებები.

ორსული ვადაგადაცილების პირველი ნიშნებისთანავე თავსდება სამშობიარო სახლში, სადაც უტარდება სათანადო მკურნალობა და მშობიარობის სტიმულაცია მედიკამენტებით, რომლებიც ზრდის საშვილოსნოს ტონუსს (ოქსიტოცინი, პროსტაგლანდინები), ასევე ვიტამინებით, კალციუმის პრეპარატებით და სხვა.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია