მშობიარობის შემდგომი პერიოდი იწყება ბავშვის დაბადებისთანავე და სრულდება მშობიარობიდან 6-8 კვირის შემდეგ. მშობიარობის შემდგომ პირველ 4 საათს ადრეულ მშობიარობის შემდგომ პერიოდს უწოდებენ.
მშობიარობის შემდეგ პლაცენტა საგულდაგულოდ უნდა დათვალიერდეს მთლიანობის, ჰემატომების არსებობა-არარსებობის, არანორმალური მიმაგრების შესამოწმებლად. საშვილოსნოს ყელის რუტინული დათვალიერების აუცილებლობა დამტკიცებული არ არის. მისი დათვალიერების ჩვენებაა სისხლდენა, ინსტრუმენტული მშობიარობა, სწრაფი მშობიარობა. საშვილოსნოს ღრუს ხელით რევიზიაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს.
ადრეულ მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედა იმყოფება გინეკოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც აკონტროლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უსინჯავს არტერიულ წნევას, პულსს, საშოდან გამონადენს, საშვილოსნოს ღრუდან ლორწოსა და სისხლის კოლტების გამოძევების პროცესის დასაჩქარებლად ეწევა საშვილოსნოს პერიოდულ მასირებას მუცლის წინა კედლიდან.
თუ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დედა მშობიარობიდან 2 საათის შემდეგ გადაჰყავთ პალატაში.
მშობიარობის პირველ დღეს შესაძლოა სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, რაც უკავშირდება მშობიარობის დროს მიღებულ ძლიერ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესს. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს მშობიარობიდან მე-3-4 დღესაც საშვილოსნოს ღრუს დაზიანებულ ზედაპირზე სხვადასხვა მიკროორგანიზმის მოხვედრის გამო. დაახლოებით ამავე პერიოდში იწყება რძის გამოყოფა, რასაც თან სდევს სარძევე ჯირკვლების გაუხეშება (ტემპერატურის მატება ამანაც შეიძლება გამოიწვიოს).
მშობიარობის პირველ დღეებში შესაძლოა განვითარდეს შარდის გამოყოფის შეფერხება და შეკრულობა, რასაც განაპირობებს შარდის ბუშტისა და ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსის დაქვეითება. ხანგრძლივი შეკრულობის შემთხვევაში ინიშნება საფაღარათე საშუალება ან კეთდება გამწმენდი ოყნა, შარდის შეკავებისას კი შესაძლოა საჭირო გახდეს კათეტერის გამოყენება.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნო იკუმშება, მისი ზომა და წონა მცირდება. პირველი 2-3 დღის განმავლობაში საშვილოსნოდან აღინიშნება სისხლიანი გამონადენი, რომელიც მე-7-10 დღისთვის მოყვითალო-მოთეთრო ხდება. გამონადენი წყდება მშობიარობიდან 5-6 კვირის შემდეგ, საშვილოსნო ნორმალურ ზომას 5-6 კვირაში იბრუნებს.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლები ვითარდება, რაც ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ჰორმონებით არის განპირობებული. ლაქტაციის პროცესი ესტროგენების, პროგესტერონის, პროლაქტინისა და ოქსიტოცინის გავლენით ხორციელდება. გარდა ამისა, ჰორმონული გადაწყობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, აწოვებს თუ არა ქალი ბავშვს ძუძუს. ძუძუთი კვების დროს აქტიურად წარმოიქმნება პროლაქტინი, რაც სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოშობას ასტიმულირებს და საკვერცხეების მომწიფების პროცესს თრგუნავს. რძის გამომუშავებას ხელს უწყობს ოქსიტოცინიც.
მეძუძურ დედას მენსტრუაცია შესაძლოა რამდენიმე თვე არ ჰქონდეს (ჩვეულებრივ, 3-4 თვე, იშვიათად - ლაქტაციის დასრულებამდეც კი). თუ დედა ბავშვს ძუძუს არ აწოვებს, მენსტრუალური ციკლი 6-8 კვირაში აღუდგება. ციკლის აღდგენასა და ლაქტაციას შორის 100%-იანი კავშირი არ არსებობს, ამიტომ მეძუძურ ქალსაც შეიძლება, საკმაოდ მალე აღუდგეს ციკლი.
ახალშობილის შეფასება აპგარის სკალის მიხედვით
უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საგულდაგულო ყურადღება უნდა მიექცეს ახალშობილის მოვლას - სასუნთქი გზების ფუნქციობას, სხეულისა და გარემოს ტემპერატურის შენარჩუნებას, დედასთან ადრეულ კონტაქტს და ძუძუსთან მიყვანას. სითბოს შენარჩუნების, კანის კანთან კონტაქტის მიზნით ახალშობილს დაბადებისთანავე აწვენენ დედის მკერდზე. ჭიპლარის პულსაციის შეწყვეტის შემდეგ ხდება ჭიპლარის გადაკვანძვა, დაბადებიდან ორი საათის შემდეგ კი ახალშობილს წონიან.
ახალშობილის შეფასება ხდება საყოველთაოდ მიღებული აპგარის სკალით. ის 5 მაჩვენებელს აერთიანებს. თითოეული მათგანი ქულებით ფასდება: მინიმუმი - 0 ქულა, მაქსიმუმი - 2. შემდეგ ხდება ამ ქულების შეჯამება. ეს მაჩვენებლებია:
- გულისცემა - ახალშობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გულისცემა. თუ მისი სიხშირე წუთში 100 დარტყმას აღემატება, შეფასება ორს უდრის, თუ ნაკლებია - ერთს.
- სუნთქვა - თუ ახალშობილმა ხმამაღლა იტირა, თანაბრად და ღრმად ჩაისუნთქა, 2 ქულას იღებს. თუ ხმა სუსტდება და სუნთქვაც ზედაპირულია, პატარას მდგომარეობა ერთი ქულით ფასდება. თუ ახალშობილი საერთოდ არ სუნთქავს, ექიმი ნულს "უწერს", მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს კატასტროფას - ნული ქულა ჯანმრთელმა ახალშობილმაც შეიძლება მიიღოს, როცა სისხლში ჯერ კიდევ აქვს დედის ორგანიზმიდან გამოყოლილი ჟანგბადის მარაგი. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როდესაც შენარჩუნებულია სისხლის მიმოქცევა ჭიპლარის მეშვეობით. როგორც კი ჭიპლარი გადაიჭრება, ჯანმრთელი ჩვილი პირველად ჩაისუნთქავს.
- რეფლექსები - დაბადებისთანავე მოწმდება ქუსლის რეფლექსი და კათეტერის მეშვეობით ცხვირიდან ლორწოს ამოწოვისას ახალშობილის რეაქცია. თუ ამ პროცედურას ტირილი მოჰყვა, ჩვილი 2 ქულას იღებს. არასასიამოვნო მიმიკის მიღება ერთი ქულაა, ხოლო რეფლექსური პასუხის არარსებობა - ნული.
- კუნთების ტონუსი - ხელ-ფეხის აქტიური მოძრაობა 2 ქულაა, უფრო დუნე - 1, ხოლო მოდუნებული კუნთები 0 ქულით ფასდება.
- კანის ფერი - კანის ფერი გვიჩვენებს, აქვს თუ არა ახალშობილს ასფიქსია და როგორია მისი ხარისხი. თუ პაწიას სხეული მთლიანად ვარდისფერია, ექიმი ორ ქულას უწერს, თუ ხელ-ფეხს სილურჯე დაჰკრავს - ერთს, ხოლო თუ მთელი სხეული ფერმკრთალი ან ლურჯია, შეფასება ნულს უდრის.
დაბადებიდან ერთი წუთის შემდეგ ათ ქულას ბავშვები იშვიათად იღებენ. ექიმები წერენ, რომ ძალიან კარგი შეფასება ყოველთვის როდია კარგი - შესაძლოა, ის ბავშვის ზედმეტ აგზნებაზე მიუთითებდეს, რაც გართულებული მშობიარობის შედეგია. იდეალურია 8-9 ქულა. არც შვიდია ურიგო. თუ პირველი წუთის განმავლობაში შეფასება უფრო ნაკლებია, 7 წუთი ელოდებიან. ამ ხნის განმავლობაში ახალშობილმა ძალები უნდა აღიდგინოს, რათა რვიანი მიიღოს. თუ პაწაწინას საადაპტაციო რეზერვები ამოწურული არ აქვს, ის სწრაფად გავარდისფრდება, დაიწყებს ხმამაღალ ტირილს, რიტმულ სუნთქვას, აამოძრავებს კიდურებს, თუმცა ასეთ ახალშობილს ნევროლოგის დაკვირვება მაინც სჭირდება. თუ ბავშვმა დაბადებისას 5-6 ქულა დაიმსახურა, ესე იგი მას მსუბუქი ასფიქსია აქვს გადატანილი, ხოლო 1-4 ქულა მძიმე ასფიქსიაზე მეტყველებს. რაც უფრო დაბალია შეფასება აპგარის სკალის მიხედვით დაბადებისას და დაბადებიდან 5 წუთის შემდეგ, მით უფრო მაღალია შემდგომ პატარას ფსიქომოტორული და ფიზიკური განვითარების დარღვევის რისკი. საბედნიეროდ, ჩვილის ორგანიზმს უზარმაზარი აღდგენითი უნარი აქვს, უბრალოდ, საჭიროა მისი სათანადო მოვლა და აუცილებლობისას დროული მკურნალობა.
მშობიარობის შემდგომი პერიოდის მართვა
ა. ადრეული მშობიარობის შემდგომი პერიოდი
აუცილებელია ახალნამშობიარევი ქალის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის განსაკუთრებული კონტროლი - საშვილოსნოს კონსისტენციის, ზომებისა და მტკივნეულობის, ასევე სასქესო ორგანოებიდან არსებული გამონადენის ხასიათის შეფასება.
ბ. გვიანი მშობიარობის შემდგომი პერიოდი
1. ზოგადი მოვლა. ყოველ 4 საათში ერთხელ უნდა შემოწმდეს ქალის ძირითადი ფიზიოლოგიური მაჩვენებლები, ყურადღება მიექცეს დიურეზს, შეფასდეს საშვილოსნოს ტონუსი და სასქესო ორგანოებიდან არსებული გამონადენის ხასიათი. სამედიცინო პერსონალმა ქალს უნდა ასწავლოს გარეთა სასქესო ორგანოებისა და შორისის მიდამოს მოვლა, ასევე - ბავშვის ძუძუთი კვება, ძუძუს მოვლა და ბავშვის მოვლა.
2. ლაბორატორიული კვლევა. მშობიარობის შემდეგ, პირველ დღეებში, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით. საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორი. რეზუსუარყოფითი სისხლის მქონე ქალს სისხლს უღებენ ანტირეზუსულ ანტისხეულებზე გამოსაკვლევად.
3. ნამშობიარევი (მელოგინე) ქალის ყოველდღიური გასინჯვა ექიმის მიერ
ა. საშვილოსნო. საშვილოსნოს უკუცვლილებებზე მსჯელობა მისი ძირის მაღლა დგომისა და კონსისტენციის მიხედვით შეიძლება. ნორმაში, საშვილოსნო მშობიარობის შემდეგ მალევე მკვრივდება, მისი ძირი კი ჭიპის ქვემოთ მდებარეობს. საშვილოსნოს ნელ შეკუმშვას შესაძლოა ახლდეს მნიშვნელოვანი სისხლდენა, ზოგჯერ - სისხლის საშვილოსნოს ღრუში დაგროვება. მელოგინე ქალს ურჩევენ საშვილოსნოს მასაჟის კეთებას საათში ერთხელ, უნიშნავენ ოქსიტოცინს, გლუკოზას (ვენაში გადასხმას), მეთილერგომეტრინს. თუ ამ პრეპარატების მიღების ფონზე საშვილოსნოს კუმშვა მტკივნეული გახდა, ინიშნება არანარკოტიკული ანალგეტიკები.
საკეისრო კვეთის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საშვილოსნოს პალპაციას ტკივილის გამოსავლენად - ეს ენდომეტრიტის ადრეული ნიშნია.
ბ. მუცელი. ნაოპერაციევ მელოგინეებში საყურადღებოა მუცლის შებერილობა და პერისტალტიკის უქონლობა. ოპერაციის შემდეგ პირველ დღეებში პერისტალტიკა სუსტია ან საერთოდ არ აღინიშნება. იგი მე-2-3 დღიდან იწყებს აღდგენას, რასაც აირების გამოყოფა მოჰყვება.
მუცლის შებერილობა, აირების შეკავება, პერისტალტიკის არარსებობა ნაწლავთა პარეზის მანიშნებელია. ის შეიძლება იყოს როგორც ხანგრძლივი ქირურგიული ჩარევის შედეგი, ასევე ინფექციური გართულების ადრეული ნიშანი.
ზოგიერთი ავტორი მელოგინეს თხიერი საკვების მიღების დაწყებას ნაწლავებში ხმაურის გაჩენის შემდეგ ურჩევს, ზოგი კი მხოლოდ აირების გამოყოფის დაწყების შემდეგ. თუ თხიერი საკვების მიღება გულისრევასა და ღებინებას არ იწვევს, ქალი კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადაჰყავთ.
გ. ლოქია. ექიმი ყურადღებას აქცევს სასქესო ორგანოებიდან არსებული გამონადენის რაოდენობას, ფერსა და სუნს. მშობიარობის შემდეგ პირველი რამდენიმე დღე ლოქია სქელი სისხლისა და ნეკროზული დეციდუალური გარსის ნაფლეთებისგან შედგება. ეს გამონადენი მენსტრუალურზე ჭარბია. რამდენიმე დღის შემდეგ ის მწირი და უფრო ღია ფერისა ხდება. ლოქიის უსიამოვნო სუნი ინფექციის არსებობაზე მიუთითებს.
დ. შორისი. შორისის დათვალიერებისას უნდა გამოირიცხოს ჰემატომა, ანთება და ჩახევა. შორისის მოვლა გულისხმობს სასქესო ორგანოების სუსტი მადეზინფიცირებელი ხსნარით ჩაბანასა და მჯდომარე აბაზანებს. შორისის მიდამოს III-IV ხარისხის ჩახევის შემთხვევაში მელოგინეს ენიშნება საფაღარათო საშუალებები. მელოგინეს სახლში უშვებენ კუჭის მოქმედების ნორმალიზების შემდეგ. თუ ქალს ჰემოროე (ბუასილი) აქვს, ეს პათოლოგია მშობიარობის დროს, წესისამებრ, მწვავდება. ამ შემთხვევაში სამკურნალოდ გამოიყენება ჰიდროკორტიზონის მალამო, სანთლები და სხვა.
ე. შარდის ბუშტი. მშობიარობის დროს მიღებული ტრავმის შედეგად, ასევე - ეპიდურალური ანესთეზიის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს შარდის ბუშტის ატონიამ. ასეთ დროს შარდი კათეტერით გამოაქვთ. საჭიროების შემთხვევაში მელოგინეს კათეტერს მთელი დღით უტოვებენ.
ვ. სარძევე ჯირკვლები. ექიმი ყურადღებას აქცევს სარძევე ჯირკვლების შესივებას და ამოწმებს, ხომ არ შეიმჩნევა ანთების ნიშნები. თუ ქალი ბავშვის ძუძუთი კვებას არ აპირებს, ლაქტაციის დასათრგუნავად სარძევე ჯირკვლებს მჭიდროდ აუკრავენ ან 2 კვირით უნიშნავენ ბრომკრიპტინს. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელია რიკოშეტული ლაქტაცია. ამ შემთხვევაში ერთი კვირით კვლავ ინიშნება ბრომკრიპტინი. ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია ორთოსტატიკური ჰიპოტონია, გულისრევა, ღებინება და კრუნჩხვა, იშვიათად - ინსულტი.
ზ. ფილტვები. საკეისრო კვეთის შემდეგ მოსალოდნელია პნევმონიის განვითარება. მისი პროფილაქტიკისთვის ინიშნება სუნთქვითი ვარჯიშები.
თ. კიდურები. მშობიარობის შემდგომ პერიოდში იმატებს ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოფლებიტის განვითარების ალბათობა.
1. საშვილოსნო. საშვილოსნო მომყოლის დაბადებისთანავე იწყებს ძლიერ შეკუმშვას და უკვე რამდენიმე წუთში მომრგვალო ფორმას იღებს. მისი კედლები მკვრივდება, პლაცენტური მოედნის (სადაც პლაცენტა იყო მიმაგრებული) სისხლძარღვები იკუმშება. საშვილოსნოს ძირი (ფსკერი) ჭიპის დონეზე ან მის ოდნავ ქვემოთ მდებარეობს. მშობიარობიდან 2 კვირის შემდეგ საშვილოსნო უკვე მცირე მენჯის ღრუს ფარგლებშია. მისი ზომები კვლავ იკლებს და მშობიარობიდან 4 კვირის შემდეგ არაორსულის ზომებს აღწევს. მშობიარობიდან რამდენიმე დღეში დეციდუალური გარსის ზემოთა შრე სცილდება საშვილოსნოს და ლოქიის სახით გამოიყოფა. ეპითელიუმის რეგენერაცია მისი ჯირკვლების ხარჯზე ხდება. საშვილოსნოს ღრუს კედლი (პლაცენტური მოედნის გამოკლებით) ეპითელიზაციას 7-10 დღის შემდეგ განიცდის, ენდომეტრიუმი ნორმალურ სისქეს მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ აღწევს. პლაცენტური მოედნის ეპითელიზაცია გაცილებით ნელა (მშობიარობის შემდეგ მე-6 კვირის დასასრულს), მეზობელი უბნებიდან ენდომეტრიუმის გადმოცოცების ხარჯზე ხორციელდება. პლაცენტური მოედნის ეპითელიზაციის შეფერხება გვიან ლოგინობის ხანაში შესაძლოა საშვილოსნოდან სისხლდენის მიზეზად იქცეს.
2. საშვილოსნოს ყელი. მშობიარობიდან 2-3 დღეში საშვილოსნოს ყელის ტონუსი აღდგება, შიგნითა პირი 2-3 სმ-ზე გახსნილი რჩება. მშობიარობის შემდეგ პირველი კვირის ბოლოს საშვილოსნოს ყელი საბოლოოდ ფორმირდება.
3. საშო. მშობიარობიდან 3 კვირის განმავლობაში საშოს კედლები შეშუპებული რჩება, ხოლო საშოს სანათური - ოდნავ გაფართოებული. შეშუპება მთლიანად გაივლის ლოგინობის ხანის ბოლოს.
4. საკვერცხეები. ქალების უმრავლესობას ბავშვის ძუძუთი კვების დასრულებამდე არ აღუდგება მენსტრუაცია. ლაქტაციის არქონის შემთხვევაში ოვულაცია მშობიარობიდან დაახლოებით მე-10 კვირას ხდება, ხოლო პირველი მენსტრუაცია - მე-12 კვირას. მენსტრუაცია შესაძლოა მშობიარობიდან 7-9 კვირის შემდეგაც აღდგეს. ამ შემთხვევაში პირველი ციკლი, წესისამებრ, ანოვულატორულია.
5. სარძევე ჯირკვლები. ესტროგენების, პროგესტერონის, კორტიზოლის, პროლაქტინის, პლაცენტური ლაქტოგენისა და ინსულინის ზემოქმედებით ორსულებს სარძევე ჯირკვლებში სწრაფად უვითარდებათ ჯირკვლოვანი სტრუქტურები. ორსულობის პერიოდში პლაცენტის მიერ სინთეზირებული სტეროიდული ჰორმონები ლაქტაციას თრგუნავს. მშობიარობის შემდეგ მათი რაოდენობა მკვეთრად იკლებს და პროლაქტინის მაღალი დონის ფონზე იწყება ლაქტაცია. თავდაპირველად სარძევე ჯირკვლები გამოყოფენ ხსენს, რომელიც რძისგან ცილებისა და იმუნოგლობულინების უფრო მაღალი შემცველობით განსხვავდება.