ანალური ნაპრალი სწორი ნაწლავის კედლის 1-2-სანტიმეტრიანი დეფექტია. ეს დაავადება ქალებს უფრო ხშირად ემართებათ.
ანალური ნაპრალი სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად ჩნდება. მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • შეკრულობა;
  • კუჭის ხანგრძლივი აშლილობა;
  • ტრავმა, რომელიც შესაძლოა განავალში არსებულმა უცხო სხეულმაც გამოიწვიოს.

ანალურ ნაპრალს იწვევს ისეთი დაავადებებიც, როგორიც არის კოლიტი, ენტეროკოლიტი, ბუასილი. უმეტესად ანალური ნაპრალი თან სდევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების ქრონიკულ დაავადებებს, მაგალითად, გასტრიტს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ქოლეცისტიტს.

სიმპტომები და მიმდინარეობა.
ანალურ ნაპრალს ძალზე დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს: დაზიანებული ლორწოვანი გარსის განავლოვანი მასებით გაღიზიანება ძლიერ ტკივილსა და უკანა ტანის სფინქტერის (მომჭერი რგოლის) სპაზმს იწვევს. სპაზმი და ტკივილი ხანგრძლივია. შესაძლოა, საათობით გაგრძელდეს, თვით მომდევნო დეფეკაციამდეც კი. ამ დროს ყალიბდება მანკიერი წრე - ანალური ნაპრალი ძლიერ ტკივილს იწვევს, რომელსაც სფინქტერის სპაზმი მოჰყვება, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დეფექტის შეხორცებას უშლის ხელს.
ანალური ნაპრალისთვის დამახასიათებელია სიმპტომების ტრიადა:

  • ტკივილი დეფეკაციის დროს და მის შემდეგ;
  • სფინქტერის სპაზმი;
  • მცირე სისხლდენა დეფეკაციის დროს.

ძლიერი ტკივილი ავადმყოფს დეფეკაციის შეკავებისკენ უბიძგებს.
ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ანალურ ნაპრალს ტკივილი თან არ სდევს.

დიაგნოსტიკა.
დიაგნოზს უმეტესად უკანა ტანის მიდამოს დათვალიერების საფუძველზე სვამენ. ზოგჯერ თითით გასინჯვაც ხდება საჭირო, თუმცა სფინქტერის სპაზმი და ამით გამოწვეული ძლიერი ტკივილი ხშირად ხელს უშლის ამ პროცედურას.

მკურნალობა
. ანალური ნაპრალის მკურნალობის მეთოდი ექიმმა უნდა აირჩიოს პაციენტის გასინჯვის შემდეგ, მისი მდგომარეობისა და დაავადების სტადიის გათვალისწინებით.
ანალური ნაპრალის კონსერვატიული თერაპია უმეტესად ეფექტიანია. დაავადების ხანგრძლივობა მკურნალობის მეთოდის არჩევაში გადამწყვეტ როლს იშვიათად ასრულებს. მკურნალობა უპირველეს ყოვლისა ტკივილისა და სფინქტერის სპაზმის მოხსნისკენ უნდა იყოს მიმართული, შემდეგ კი აუცილებელია კუჭის მოქმედების ნორმალიზება და დეფექტის შეხორცებაზე ზრუნვა.
მკურნალობა ქირურგიულადაც შეიძლება წარიმართოს. ამ მეთოდს მაშინ მიმართავენ, როცა პროცესი ქრონიკულია, კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო ან უპერსპექტივოა.
სპაზმის არარსებობის დროს ზოგჯერ შედეგიანია ინფრაწითელი სხივებით დეფექტზე ზემოქმედებაც.
დიდია ანალური ნაპრალის მკურნალობაში დიეტის როლი. რძემჟავა-მცენარეული რაციონალურად შერჩეული დიეტა, მლაშე, ცხარე კერძების, ალკოჰოლური სასმელების (მათ შორის - ლუდის) გამორიცხვა კუჭის მოქმედების მოწესრიგებას უწყობს ხელს.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია