ნარკომანია არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ადამიანის ფიზიკური და/ან ფსიქიკური დამოკიდებულება, რაც თანდათანობით მისი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობის მოშლას იწვევს.
ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება ორგვარია: ფსიქიკური და ფიზიკური.
ფსიქიკური დამოკიდებულება გულისხმობს ნარკოტიკის მიღების სურვილს, რაც გამოწვეულია იმ ძლიერი ფსიქიკური დისკომფორტით, რომელსაც ადამიანი ნარკოტიკის გარეშე განიცდის, თუმცა ფიზიკურად შესაძლოა არაფერი აწუხებდეს.
ფიზიკური დამოკიდებულებაა "ლომკა", მედიცინის ენაზე რომ ვთქვათ, აღკვეთის სინდრომი - როცა ადამიანი, რომელიც რეგულარულად მოიხმარს ნარკოტიკს, მის მოხმარებას წყვეტს, თავს იჩენს რიგი ძნელად ასატანი ფიზიოლოგიური სიმპტომი.
თავდაპირველად ფსიქიკური დამოკიდებულება ყალიბდება, რომელსაც შემდეგ ფიზიკურიც ერთვის - ადამიანი, რომელსაც გარკვეული ხნის შემდეგ შესაძლოა აღარც კი სურდეს ნარკოტიკის მიღება, ამას ვეღარ ახერხებს.
ნარკოტიკები ერთი მხრივ რეალობისგან, პრობლემებისგან გაქცევის საშუალებაა, მეორე მხრივ კი თავად მათი მოხმარება იწვევს უამრავ პრობლემას. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, კარგავს თავისუფლებას, რადგან ნარკოტიკზე ხდება დამოკიდებული. ნარკოტიკის მიღებისას (არა ჭარბი დოზით) ის ქმედობაუნარიანი პიროვნებაა, არ აქვს დეპრესიული ფონი, ხოლო ნარკოტიკის გარეშე ეწყება აღკვეთის სინდრომი - გაღიზიანებულია, აგრესიული, შფოთავს, არაფრის კეთება არ სურს და არც შესწევს რამის კეთების უნარი, ნარკოტიკის მიმართ დაუძლეველი ლტოლვა უჩნდება.
ნარკოტიკების მოხმარება იწვევს ცვლილებებს ადამიანის თავის ტვინში და თუ სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, ორგანიზმისთვის ნარკოტიკული ნივთიერება აუცილებელი ხდება.

ნარკოტიკების სახეები და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად განვითარებული სიმპტომები
სხვადასხვა ნარკოტიკი სხვადასხვა სიმპტომატიკას იწვევს.

ოპიოიდები
საქართველოში ნარკოტიკების ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია ოპიოიდები, რომლებსაც სედაციური, დამამუხრუჭებელი მოქმედება ახასიათებს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ბუნებრივი და სინთეტიკური წარმოშობის მორფინისმაგვარი ნაერთები (ჰეროინი, ოპიუმი, სუბოტექსი, კოდეინი და სხვა). არსებობს ნატურალური (საძილე ყაყაჩოს წვენი, მორფიუმი), ნახევრად სინთეზური (ჰეროინი, ჰიდრომორფინი), სინთეზური (მეთადონი, პრომედოლი) და აგონისტ-ანტაგონისტური (აგონისტი - ნარკოტიკის მსგავსი ეფექტის მქონე ნივთიერება; ანტაგონისტი - ნივთიერება, რომელიც წინააღმდეგობას უწევს სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას) (სუბუტექსი, პენტაზოცინი) მოქმედების ოპიოიდები. ეს ნარკოტიკები იწვევს ეიფორიულ მდგომარეობას, სიმშვიდეს, სწრაფად ერთვება ნივთიერებათა ცვლის პროცესში, შედეგად (ზოგჯერ - ერთი-ორი მიღების შემდეგაც კი) ვითარდება ძლიერი ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება. ოპიოიდები დამანგრეველად მოქმედებს ორგანიზმზე და ამ საშუალებებზე დამოკიდებულება ძალიან ძნელი სამკურნალოა.

ოპიოიდებით ნარკოტიკული თრობის ნიშნებია ხანმოკლე ეიფორიული მდგომარეობა, უჩვეულო ძილიანობა დღის სხვადასხვა პერიოდში, გაწელილი მეტყველება, საუბრის ძაფის გაწყვეტა, კეთილგანწყობა, ზოგჯერ სრული მორჩილება, სიჩუმესა და სიბნელეში განმარტოების სურვილი (განურჩევლად დროისა), სიფითრე, გუგების შევიწროება (გუგები არ რეაგირებს განათების ცვალებადობაზე), გულისცემისა და სუნთქვის შენელება, ტკივილის შეგრძნების, მადისა და წყურვილის დაქვეითება, რეფლექსებისა და სექსუალური ლტოლვის შესუსტება.

ოპიოიდები ორგანიზმზე დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენს. კერძოდ, იწვევს:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევას (ხშირია კარდიომიოპათიები);
  • ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას, ვინაიდან სწორედ აქ ხდება ნივთიერებების, მათ შორის ნარკოტიკების, დაშლა, ნარკოტიკების უმრავლესობა კი, განსაკუთრებით - კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკები, ჰეპატოტოქსიკურია - იწვევს ღვიძლის დაზიანებას, მისი უჯრედების კვდომასა და გადაგვარებას, რის გამოც ვითარდება ტოქსიკური ჰეპატიტი და ციროზი;
  • თირკმელების დაზიანებას;
  • ძვალსახსროვანი სისტემის ცვლილებებს - გარდა იმისა, რომ აღკვეთის სინდრომისთვის დამახასიათებელია სახსრების ტკივილი, სახსრების ქრონიკული დაავადებებიც ვითარდება;
  • დეპრესიულ მდგომარეობას (ხშირად საქმე თვითმკვლელობამდეც კი მიდის), შფოთვითი გამოვლინებები, ძილის დარღვევები.
  • მამაკაცების სქესობრივი და ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებას. ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ქალებს ხშირად არასრულფასოვანი ბავშვები უჩნდებათ. შესაძლოა, ახალშობილი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სინდრომითაც კი დაიბადოს, ასეთი ახალშობილი დაბადებიდანვე ნარკომანია და რამდენიმე საათში უვითარდება აღკვეთის სინდრომი, რომელიც ზრდასრულისთვისაც ურთულესი გადასატანია, არამცთუ ჩვილისთვის;
  • ინფექციური დაავადებების გავრცელებას. დღეს ნარკომანიას მთელ მსოფლიოში სისხლის გზით გადამდები ინფექციური დაავადებების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ განიხილავენ. შიდსი და ინფექციური ჰეპატიტები (B, C, E, D), ჩვეულებრივ, მაშინ გადაედება, როდესაც ნარკოტიკის მომხმარებელი იყენებს სხვის მიერ გამოყენებულ შპრიცს ან წამალი იმავე ჭურჭლიდან ამოაქვს, რომელშიც მოხვდა უკვე დაბინძურებული შპრიცი. ნარკოტიკების მომხმარებელთა დაახლოებით 80%-ს ც ჰეპატიტი აქვს.
    სამწუხაროდ, ინფექციური დაავადებები (შიდსი, ჰეპატიტი) გადადის არა მარტო სისხლით, არამედ სქესობრივი გზითაც, ამიტომ ნარკოტიკის მომხმარებელი სქესობრივ პარტნიორსაც აინფიცირებს, ქალებისგან კი ორსულობის პერიოდში ბავშვები ინფიცირდებიან.
  • იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას (ინფექციური დაავადებების შედეგად);
  • ვენების დაავადებას;
  • კბილების დაშლას კალციუმის ცვლის მოშლის გამო;
  • ინტელექტის დაქვეითებას;
  • ზედოზირების საფრთხეს, რაც ხშირად სიკვდილით სრულდება.

კანაფის პრეპარატები
კანაფის, იმავე კანაბისის (პლანი, ჰაშიში, მარიხუანა) აქტიური ნივთიერებაა კანაბინოიდი, რომელიც ცხიმში ხსნადია და გროვდება ლიპიდებით მდიდარ ქსოვილებში: ტვინში, ფილტვებში, სასქესო ორგანოებში, აგრეთვე უჯრედის მემბრანებში, რომელთა გავლითაც აღწევს უჯრედის ბირთვს, ცვლის ბიოქიმიურ პროცესებსა და უჯრედთა მეტაბოლიზმს, არღვევს დნმ-ს, რნმ-სა და უჯრედოვანი ცილების სინთეზს. ამის შედეგად უჯრედოვანი აქტივობა ქვეითდება ან წყდება, რასაც ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციის დარღვევა მოჰყვება. მეხსიერების ხანმოკლე დარღვევაზე, მიზნებისა და ინტერესების შეზღუდვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შესაძლოა დაირღვეს ოვულაცია, სპერმის წარმოქმნა, განვითარდეს ბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა, პირის, ხახის, მკერდის კიბო...
კანაფი, გარდა იმისა, რომ ორგანიზმში მრავალ დარღვევას იწვევს (როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანაფის მომხმარებლებს შორის მაღალია, მაგალითად, სასუნთქი გზებისა და ფილტვის სიმსივნეების განვითარების რისკი), არის გამშვები ნარკოტიკიც, ანუ კარიბჭე სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკებისკენ. მარიხუანას მომხმარებლები შემდგომ უფრო ხშირად იწყებენ ჰეროინის, კოკაინისა თუ სხვა სტიმულატორების მოხმარებას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც მარიხუანას საერთოდ არ მოიხმარენ.
კანაფზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ოპიოიდებთან შედარებით მეტი ხანი სჭირდება. კანაბისის შემთხვევაში აღკვეთის სინდრომი ფიზიკური სიმპტომატიკით არ გამოიხატება, ის უფრო ფსიქიკური ხასიათისაა, თუმცა მის მოხმარებას ახასიათებს გართულება, რომელიც ოპიოიდებისთვის არ არის დამახასიათებელი - ფსიქოზური მოვლენები. ოპიოიდების მოხმარებისას, თუ ადამიანს არ აქვს თანმხლები ფსიქიკური დაავადება, ფსიქოზური სიმპტომატიკა არ ვითარდება, მაშინ როცა მარიხუანას ერთჯერადმა მოხმარებამაც კი შეიძლება ფსიქოზი გამოიწვიოს. ეს ფსიქოზური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ბოდვითი აზრები, შფოთვა, პარანოიდული ტიპის ქცევა, ჰალუცინაციები, ხშირად იმდენად რთულია, რომ სპეციალისტებს უჭირთ დადგენა, ენდოგენურია ის თუ კანაფის მოხმარებით არის გამოწვეული.
კანაფით თრობის სურათი ბევრად არის დამოკიდებული ნარკოტიკის დოზაზე, განწყობაზე, გარემო პირობებზე, ინდივიდუალურ ამტანობაზე. ახასიათებს ეიფორია, უდარდელობის შეგრძნება, სიამოვნება, ბევრი ლაპარაკი, ძლიერი შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება, თვალების ჩაწითლება; საშუალო დოზის შემთხვევაში - სისუსტე, ფერისა და ხმის აღქმის უნარის გაძლიერება, გუგების ძლიერი გაფართოების გამო სინათლისადმი მგრძნობელობის მატება. დიდი დოზის შემთხვევაში ზოგს აღენიშნება შენელებული მოქმედება, მოდუნება, მეტყველების შეფერხება, ზოგს კი აგრესიულობა, არამოტივირებული ქმედებები. გარდა ამისა, დამახასიათებელია თავშეუკავებელი მხიარულება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ჰალუცინაცია, უსაფუძვლო შიში და პანიკა.
კანაფის მოხმარება უამრავ გართულებას იწვევს. აღსანიშნავია მისი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქიკური სიმპტომატიკა. კანაფის ქრონიკულ მომხმარებლებს უყალიბდებათ ისეთი ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგავს ინტერესს ცხოვრების, გარემოს, ოჯახის წევრების, თავისი პიროვნების, შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ. ამ მდგომარეობას ექიმები ამოტივაციურ სინდრომს უწოდებენ. ამ დროს კანაფის მიღების გარდა ყოველგვარი ქმედების მოტივაცია დაქვეითებულია. მრავალწლიან მომხმარებლებს მძიმე აპათია და ინდიფერენტულობა უყალიბდებათ, რაც ძალზე სახიფათოა: მოზარდსა და ახალგაზრდას მარიხუანამ შესაძლოა სწავლის, მუშაობისა და ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრების მოტივაცია დაუთრგუნოს.

კანაბისით ტიპურ მწვავე ინტოქსიკაციაში გამოყოფენ 4 ძირითად ფაზას:
I _ შიშის ფაზა: შიში, შფოთვა, ფორიაქი, თავბრუხვევა, კიდურების სიმძიმე;
II _ ფსიქოსენსორული და აფექტური დარღვევების გაძლიერების ფაზა: ცნობიერებისა და აზროვნების ცვლილება, უაზრო, არაპროდუქტიული მეტყველებითი და მოძრაობითი აქტიურობა, აღქმის დარღვევა (სპეციფიკურად ირღვევა მეხსიერება), მიდრიაზი - გუგების გაფართოება, თვალების ბრწყინვა, კონიუნქტივის ინიცირება, პირის სიმშრალე, პულსისა და არტერიული წნევის მომატება, მყეს-ძვალთა რეფლექსების გაცხოველება, კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება;
III _ ღრმა ინტოქსიკაცია. ამ ფაზაში აღქმისა და ცნობიერების დარღვევა ძლიერდება, აზროვნება დაუკავშირებელი ხდება, შესაძლოა, მასში გამოიკვეთოს ბოდვითი შინაარსი, თუმცა ბოდვითი გამოვლინება უმთავრესად მეორეულია და აფექტურ-სენსორული სფეროს დარღვევათა გავლენით წარმოიშობა;
IV _ თრობის მდგომარეობიდან გამოსვლა: ჰიპერგია, მოდუნება, სისუსტე, ჰიპოტენზია, ჰიპორეფლექსია, სიფითრე, ასთენიურ ფონზე მკვეთრად გამოხატული შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება, რომელსაც მოჰყვება ხანგრძლივი, მაგრამ ზედაპირული და მშფოთვარე ძილი.
არსებობს კანაბისით თრობის ატიპური გამოვლინებებიც, თუმცა ისინი უმთავრესად პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას იჩენს თავს. მათ შორის გამოყოფენ ჰაშიშურ ინტოქსიკაციურ დელირიუმს, ონეროიდულ სინდრომს და სხვა. მათ უმთავრესად ახასიათებთ დეზორიენტაცია ცნობიერების დაბინდვის ფონზე, დეპერსონალიზაციის ელემენტები, აზროვნების შენელება, მეხსიერების დაქვეითება. ზოგჯერ წარმოიშობა ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციებიც. არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფთან კონტაქტში შესვლა ძალიან ჭირს.

ამფეტამინები
ამფეტამინები (ამფეტამინი და მისი წარმოებულები, მათ შორის - ეფედრინი) ნივთიერებებია, რომელთაც აქვთ ფსიქომასტიმულირებელი, აღმგზნები მოქმედება. უმეტესად მათი სინთეზური ფორმებია ცნობილი, თუმცა ზოგიერთი მათგანი ბუნებაშიც გვხვდება. მაგალითად, ეფედრინი მცენარე ეფედრას ერთ-ერთი აქტიური კომპონენტია.
ამ ნივთიერებათა შემცველ ნარკოტიკულ საშუალებებსაც ამფეტამინებს უწოდებენ. მათი მიღება შესაძლებელია ეფედრინის შემცველი პრეპარატებისგან. უმეტესად კეთდება ვენაში. მოქმედება, ნივთიერების ტიპიდან გამომდინარე, 2-დან 12 საათამდე გრძელდება. იწვევს ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას. მუდმივი მოხმარების შემთხვევაში საჭირო ხდება დოზის თანდათანობითი ზრდა. ამფეტამინებზე დამოკიდებულების შედეგია აგრესიულობა, ფეთქებადობა; დროთა განმავლობაში ჩნდება უმიზეზო შფოთვა და ეჭვი; არის სუიციდის შემთხვევებიც.
ამფეტამინებით თრობისთვის დამახასიათებელია: ეიფორიის განცდა; გულისცემის გახშირება და არტერიული წნევის მატება; გუგების გაფართოება; ჭარბი მოძრაობითი აქტიურობა; ძლიერი სქესობრივი ლტოლვა; ოფლიანობა; არაპროდუქტიული, ერთფეროვანი ქმედება; შიმშილის გრძნობის უქონლობა; ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევა.
ამფეტამინების რეგულარული მოხმარება იწვევს თავბრუხვევას, თავის ტკივილებს, მხედველობის გაუარესებას, ძლიერ ოფლიანობას, ინფარქტს, ინსულტს, ნერვულ გამოფიტვას, იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას, შეუქცევად ცვლილებებს თავის ტვინში, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სხვა შინაგანი ორგანოების, მათ შორის ღვიძლის, დაზიანებას. საერთო შპრიცის გამოყენებისას მაღალია აივ-ინფექციითა და ვირუსული ჰეპატიტით დასნებოვნების რისკი. ზედოზირებას მოჰყვება მძიმე გართულებები, სიკვდილიც კი.

კოკაინი
კოკაინი მცენარეული წარმოშობის ფსიქოსტიმულატორია. მასზე დამოკიდებულება ყალიბდება შეუმჩნევლად, მაგრამ მყარად.
კოკაინით თრობისთვის დამახასიათებელია: ეიფორიის ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური განცდა; ენერგიის მატება; აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა; პულსისა და სუნთქვის გაუმჯობესება; არტერიული წნევის მატება; ოფლიანობა; გუგების გაფართოება; მადის დაკარგვა; შფოთვა; უძილობა.
კოკაინის რეგულარული მოხმარება იწვევს: არიტმიას; ცხვირიდან სისხლდენას; ცხვირის ლორწოვანის დაზიანებასა და ყნოსვის დაკარგვას; გემოვნების დაკარგვას; სიყრუეს; პარანოიდულ ფსიქოზს, ჰალუცინაციას; აგრესიულობას; სიკვდილს გულის ფუნქციის დარღვევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან სუნთქვის გაჩერების გამო.

ჰალუცინოგენები
ჰალუცინოგენები (ელ-ეს-დე, ფსილოცინი, ფსილოციბინი და სხვა) არაერთგვაროვანი წარმოშობისა და ქიმიური შემადგენლობის ფსიქოდელიური ჯგუფის პრეპარატებია, რომლებიც ცვლის ცნობიერებას _ შეგრძნებებს, აზრებს, ემოციებსა და აღქმას.
ჰალუცინოგენებით თრობისთვის დამახასიათებელია: პულსის გახშირება; არტერიული წნევის მატება; გუგების გაფართოება; ხელების ცახცახი; კანის სიმშრალე. ნარკოტიკულ თრობას თან ახლავს გარესამყაროს შეცვლილი აღქმა (ის, ვინც ჰალუცინოგენებს მოიხმარს, ამბობს, რომ "ხედავს ხმებს" და "ესმის ფერები"); ჰალუცინაციები; ბედნიერების განცდა; აღგზნება; შეგრძნებათა ცვლილებები; მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა; თვითკონტროლის დაკარგვა.
ჰალუცინოგენების მოხმარება იწვევს თავის ტვინის შეუქცევად ცვლილებებს და სხვადასხვა სიმძიმის ფსიქიკურ დარღვევებს. ელ-ეს-დეს ერთჯერადმა მიღებამაც კი შეიძლება გენეტიკური კოდის ცვლილება და თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს. ფსიქიკური დარღვევები ისეთივეა, როგორიც შიზოფრენიის დროს. ნარკოტიკი თავის ტვინის უჯრედებში გროვდება და იქ დიდხანს რჩება, ამიტომ მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კია მოსალოდნელი ისეთი შეგრძნებების განვითარება, როგორიც აღმოცენდება უშუალოდ მიღების შემდეგ.
ნარკოტიკის მოქმედება, ნივთიერების ტიპის კვალობაზე, 2-დან 12 საათამდე გრძელდება. ყალიბდება ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება. ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში საჭირო ხდება დოზის გაზრდა. მომხმარებელი ხდება კიდევ უფრო აგრესიული, დროთა განმავლობაში ეუფლება შფოთვა და ეჭვიანობა. მოსალოდნელია სუიციდის მცდელობაც.

ექსტაზი
ექსტაზი საერთო სახელწოდებაა ამფეტამინების ჯგუფის სინთეზური ნარკოტიკ-სტიმულატორებისა, რომელთა დიდ ნაწილს ჰალუცინოგენის ეფექტი აქვს. გამოიყენება ფერადი აბების ან კაფსულების სახით, რომლებიც 150 მგ პრეპარატს შეიცავს. ექსტაზი ძვირად ღირებული ნარკოტიკია, ამიტომ მისი მომხმარებლები, წესისამებრ, დროთა განმავლობაში ჰეროინზე ან ამფეტამინებზე გადადიან.
ექსტაზის მოქმედება 3-6 საათს გრძელდება. მისთვის დამახასიათებელია ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება, ორგანიზმის ტონუსისა და გამძლეობის, ძალ-ღონის მომატება. ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ ადამიანს შეუძლია გაუძლოს დიდ ემოციურ და ფიზიკურ დატვირთვას, არ დაიძინოს, არ დაიღალოს. ნარკოტიკული თრობიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანს ეუფლება დაღლილობა, აპათია, დათრგუნულობა, ერევა ძილი. ეს მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს, რადგან ორგანიზმს დახარჯული ძალების აღსადგენად დრო სჭირდება.
ექსტაზის რეგულარული მოხმარება იწვევს ფსიქიკურ დამოკიდებულებას, დეპრესიას (სუიციდის მცდელობაც კია მოსალოდნელი), ფიზიკურ და ნერვულ გამოფიტვას, ნერვული სისტემის დაზიანებას, შინაგანი ორგანოების დისტროფიას. იცვლება გენეტიკური კოდი. ჭარბი აღზნების გამო მოსალოდნელია ორგანიზმის გადახურება, ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარება და სიკვდილი.

სედაციური საშუალებები
ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება საძილე და სედაციურმა საშუალებებმაც შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია მათი ალკოჰოლთან ერთად მიღება.
სედაციური საშუალებებითა და ტრანკვილიზატორებით გამოწვეულ თრობას ახასიათებს მეტყველების მოშლა, კოორდინაციის დარღვევა, ალკოჰოლური თრობის მსგავსი დეზორიენტაცია, აგრესიულობა, უხეშობა, გაღიზიანებადობა, დეპრესია.
სედაციური საშუალებებისა და ტრანკვილიზატორების მოხმარება იწვევს: მყარ უძილობას; თავის ტვინის დაზიანებას, რომელიც კლინიკურად ეპილეფსიის მსგავსად გამოვლინდება; ფსიქოზს ჰალუცინაციითა და ბოდვით; გულის კუნთის დისტროფიას; ღვიძლის დაზიანებას. ზედოზირებას ან დიდი დოზის მკვეთრ შეწყვეტას შესაძლოა მოჰყვეს სიკვდილი.

ინჰალატორები
საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებში (საღებავები, წებო, ლაქი, ბენზინი, სურდოს საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა) შემავალი ნივთიერებები თავისთავად ნარკოტიკებს არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ადამიანის ორგანიზმში ჭარბად დაგროვდა, თრობას იწვევს.
თრობის ნიშნებია ჰალუცინაციები და ამით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.
რეგულარული მოხმარება იწვევს ცემინებას, ხველას, სურდოს, ცხვირიდან სისხლდენას, გულისრევის შეგრძნებას, გულის რიტმის დარღვევასა და გულმკერდის ტკივილს, კოორდინაციისა და წონასწორობის უნარის დაკარგვას. ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაცია არცთუ იშვიათად სიკვდილით სრულდება. 8-10-თვიანი მოხმარების შემთხვევაში მოსალოდნელია ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, შეუქცევადი ცვლილებები თავის ტვინში, ხშირი და მძიმე პნევმონია, ხასიათის ცვლილება, გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენა.

მკურნალობა
მკურნალობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - პიროვნებაზეც. რაც უფრო ადრე დაიწყება იგი, მით უკეთესია შედეგი.
მკურნალობა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას: დეტოქსიკაციას, სამედიცინო რეაბილიტაციას, სოციალურ რეაბილიტაციას.
არსებობს აღკვეთის სინდრომის მკურნალობის (დეტოქსიკაციის) სხვადასხვა მეთოდი - როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე, ასევე ნარკოტიკების მეშვეობითაც. საქართველოში უნარკოტიკო მეთოდს იყენებენ. ამ დროს ინიშნება პრეპარატების მთელი წყება: სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ნეიროლეპტიკები, ანტიკონვულსიური პრეპარატები, მიორელაქსანტები, ტრანკვილიზატორები. მათი მიღების სქემა იმაზეა დამოკიდებული, რომელ ნივთიერებას, როგორი ოდენობით და რამდენ ხანს იღებდა წამალდამოკიდებული ადამიანი.
მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც თავისი კრიტერიუმები და დანიშნულება აქვს.
დეტოქსიკაციის საშუალო ხანგრძლივობა ათი დღეა. პირველი სამი-ოთხი დღე კრიზისული პერიოდია, მომდევნო დღეები კი სამედიცინო რეაბილიტაციას ეთმობა. მკურნალობა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებლად სტაციონარში უნდა მიმდინარეობდეს.
როდესაც მდგომარეობა შედარებით მსუბუქია ან ადამიანს ნარკოტიკისთვის თავი უკვე დანებებული აქვს და აწუხებს უძილობა, შფოთვა, დისკომფორტი, ამბულატორიული მკურნალობა დასაშვებია, მაგრამ თუ წამალდამოკიდებულება ძლიერია და ადამიანი დიდ დოზებს იღებს, მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში უნდა ჩატარდეს.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია