ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) მსხვილი ნაწლავის ფუნქციურ მოშლილობათა კომპლექსია. ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციური მოშლილობა სამ თვეზე მეტხანს გასტანს. ვლინდება მუცლის ტკივილითა და დისკომფორტით, რომელიც დეფეკაციის შემდეგ ქრება. დეფეკაციის სიხშირე და განავლის კონსისტენცია ცვალებადია. ტკივილს თან სდევს ტენეზმი, ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება, დეფეკაციისას ძალდატანება, ლორწოს გამოყოფა, მეტეორიზმი.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უმეტესად 25-45 წლის ქალებში გვხვდება, შედარებით იშვიათად - ბავშვებსა და მოხუცებში.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია რამდენიმე მიზეზი:
- ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა;
- ცენტრალური ნერვულ სისტემის მდგომარეობა. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უმეტესად ემოციური ფსიქიკის პატრონებს უვლინდებათ. ავადმყოფს ხშირად აქვს დამძიმებული ფსიქოსოციალური ანამნეზი, საჭიროებს ფსიქოთერაპიულ და ფსიქიატრიულ დახმარებას.
ნაწლავის გაღიზიანების სინდრომით დაავადებულებს დაქვეითებული აქვთ შრომის უნარი, ხშირად ეუფლებათ დეპრესია, თავს მძიმე ავადმყოფებად მიიჩნევენ, თუმცა მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
- ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა. ნაწლავი ადვილად ღიზიანდება, ამიტომ ჩვეულებრივი ოდენობის განავლოვანი მასებიც კი ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.
სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამ ძირითად ვარიანტს:
1. უპირატესად დიარეით მიმდინარეს;
2. უპირატესად შეკრულობით მიმდინარეს;
3. უპირატესად მუცლის ტკივილითა და მეტეორიზმით მიმდინარეს.
აღსანიშნავია, რომ ღამით დაავადების სიმპტომები ცხრება.
ნაწლავის გაღიზიანების სიმპტომებიდან აღსანიშნავია:
- ტკივილი, რომელიც ასიდან 50-96 შემთხვევაში აღმოცენდება, ლოკალიზდება ჭიპის ირგვლივ ან ქვემოთ, ქრება დეფეკაციის შემდეგ;
- დეფეკაციის მოშლა - შეკრულობა ან დიარეა, რომელიც ასიდან 55 შემთხვევაში აღინიშნება. დიარეა თავს იჩენს უეცრად, ჭამის შემდეგ, ზოგჯერ - დღის პირველ ნახევარში. განავლის რაოდენობა 200 გ-ზე ნაკლებია. ხშირად წააგავს თხის კურკლს, შეიცავს ლორწოს. დეფეკაცია უმეტესად ჭამისთანავე ვითარდება. ხშირია ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა.
გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, ავადმყოფი უჩივის: ეპიგასტრიუმის არეში სიმძიმეს, გულისრევას, ბოყინს, ასევე - ნევროზულ მოვლენებს: თავის ტკივილს, ყელში ლუკმის გადაცდენის შეგრძნებას, ჰაერის უკმარისობას და სხვა.
დიაგნოსტიკა. დიაგნოზი ეფუძნება სისხლის ანალიზის, განავლის ანალიზის, რენტგენოლოგიური გამოკვლევის, რენტგენომანოსკოპიის შედეგებს. ზოგჯერ საჭიროა კოლონოსკოპია.
მკურნალობა. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა საკმაოდ ეფექტური. შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ავადმყოფისა და ექიმის შეთანხმებულ მოქმედებაზე.
მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო დიეტის შერჩევას. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები. მედიკამენტების მიღებას მაქსიმალურად უნდა ვარიდოთ თავი (გარდა აუცილებელი შემთხვევებისა). ტკივილის შემთხვევაში ინიშნება სპაზმოლიზური პრეპარატები, საჭიროებისამებრ - ცენტრალური ნერვული სისტემის მარეგულირებელი საშუალებებიც, ძლიერი ფაღარათის შემთხვევაში - შესაბამისი მედიკამენტები. მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია.