ნეირობლასტომა გვხვდება მხოლოდ ბავშვებში (15 წლამდე, ათიდან 9 შემთხვევაში - 5 წლამდე). ავადობა შეადგენს 100 000-იდან 0,85-1,1 შემთხვევას.
ნეირობლასტომას აქვს მრავალი ისეთი თვისება, რომელიც არ გააჩნია სხვა ავთვისებიან წარმონაქმნებს, მაგალითად:
- სპონტანური რეგრესიის უნარი - შეუძლია დამოუკიდებლად რეგრესია მაშინაც კი, როცა სიმსივნე დიდი ზომისაა და განვითარებულია მეტასტაზები;
- მომწიფების (დიფერენცირების) უნარი; იშვიათად განიცდის ტრანსფორმაციას კეთილთვისებიან სიმსივნედ - განგლიონევრომად;
- სწრაფი აგრესიული მიმდინარეობის და მეტასტაზების განვითარების უნარი.
კლინიკური სურათი. სიმსივნეების უმეტესობას მუცლის ღრუში, მეტწილად თირკმელზედა ჯირკვლებში აღმოაჩენენ. იშვიათად გვხვდება შუასაყარში და კისერზე.
კლინიკური სურათი დამოკიდებულია სიმსივნის განვითარების ადგილზე, მეტასტაზების ლოკალიზაციაზე, სიმსივნური უჯრედების მიერ გამოყოფილი ვაზოაქტიური ნივთიერების რაოდენობაზე.
ნეირობლასტომის ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია:
- სიმსივნე მუცლის ღრუში;
- შეშუპება;
- წონის კლება;
- ძვლების ტკივილი (განპირობებულია მეტასტაზებით);
- ანემია;
- ცხელება;
- ავადმყოფი ძირითადად უჩივის ტკივილს (ასიდან 30-35 შემთხვევა), ცხელებას (25-30 შემთხვევა), წონის კლებას (20 შემთხვევა).
შუასაყარში სიმსივნის ზრდის შემთხვევაში ბავშვები უჩივიან მუდმივ ხველას, სუნთქვით მოშლილობებს, დისფაგიას (ყლაპვის გაძნელებას) და მუდმივ სლოკინს. გარდა ამისა, აღენიშნებათ გულმკერდის ძვლების დეფორმაცია.
ძვლის ტვინის დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ანემია და ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა).
რეტრობულბურ სივრცეში სიმსივნის ზრდის შემთხვევაში ვითარდება სათვალის სინდრომი (ენოტის თვალები) და ეგზოფთალმი (თვალების გადმოკარკვლა).
თუ ნეირობლასტომა მუცლის ღრუში გაჩნდა, იგი სწრაფად ჩაიზრდება თავ-ზურგტვინის არხში, ხელით გასინჯვისას აღიქმება როგორც ბორცვისებური, უმოძრაო და ქვის კონსისტენციის სიმსივნე.
გულმკერდის სივრციდან დიაფრაგმის ხვრელის გავლით მუცლის ღრუში გავრცელების შემთხვევაში სიმსივნე იღებს მკვრივი კონსისტენციის მოლურჯო-მეწამული ფერის კვანძის სახეს.
ნეირობლასტომის მეტასტაზები ყველაზე ხშირად ძვლებში, ძვლის ტვინსა და ლიმფურ კვანძებში ჩნდება. სიმპტომატიკა დამოკიდებულია იმაზე, რომელ ორგანოს დააზიანებს მეტასტაზები. კერძოდ, მოსალოდნელია:
- ღვიძლის სწრაფი ზრდა;
- კანზე მოლურჯო კვანძების გაჩენა;
- ძვლების ტკივილი;
- ლიმფური კვანძების გადიდება;
- ანემია, სისხლჩაქცევა და ლეიკოზისთვის დამახასიათებელი სხვა გამოვლინებები.