ნონბლონ H
(NONBLON Н)


ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ნებივოლოლი, ჰიდროქლოროთიაზიდი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, შემოუგარსავი ტაბლეტები ჭდით;

შემადგენლობა:

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდს, 5 მგ ნებივოლოლის ეკვივალენტურს;
ჰიდროქლოროთიაზიდს – 12.5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული საშუალება. ათქ-კოდი:  C07BB.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნონბლონ H წარმოადგენს კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორის – ნებივოლოლის და დიურეზული საშუალების, ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას. 
ნებივოლოლი ორი ენანთიომერისგან შემდგარი რაცემატია: D-ნებივოლოლისა (SRRR-ნებივოლოლი) და L-ნებივოლოლისგან (RSSS-ნებივოლოლი), რომელთაგან თითოეულს გააჩნია განსაკუთრებული თვისებები.    
D-ნებივოლოლი არის ბეტა1-ადრენორეცეპტორების კონკურენტული და მაღალსელექტიური ბლოკატორი.
L-ნებივოლოლი ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას რელაქსაციური ფაქტორის (NO) სისხლძარღვთა ენდოთელიუმისგან გამოთავისუფლების მოდულაციის ხარჯზე (L- არგინინის მონაწილეობით). 
ნებივოლოლს გააჩნია ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედება. აქვეითებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას მოსვენებისა და დატვირთვის მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია გულის დარტყმითი მოცულობის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის, საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებით, რენინის წარმოქმნის დაქვეითებით. ამცირებს მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევას, აუმჯობესებს გულის დიასტოლურ ფუნქციას, ზრდის განდევნის ფრაქციას, აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი თიაზიდური დიურეტიკია. არღვევს ნატრიუმისა და ქლორის იონების და წყლის რეაბსორბციას ნეფრონის დისტალურ მილაკებში. ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატების გამოყოფას, ორგანიზმში აკავებს კალციუმის იონებს. ხელს უწყობს მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას.

ფარმაკოკინეტიკა:
ნებივოლოლი: პერორალურად მიღების შემდეგ ორივე ენანთიომერი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის აბსორბციაზე. მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით.
ორივე ენანთიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება D-ნებივოლოლისთვის შეადგენს 98.1%-ს, ხოლო L-ნებივოლოლისთვის – 97.9%-ს.
მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ დოზის 38% გამოიყოფა თირკმლების (უცვლელად დარჩენილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა 0.5%-ზე ნაკლებია) და 48% – ნაწლავების მიერ.
ჰიდროქლოროთიაზიდი: პერორალურად მიღების შემდეგ დოზის 60-80% აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax პლაზმაში მიიღწევა 1.5-3 სთ-ში. ჰიდროქლოროთიაზიდი გროვდება ერითროციტებში. გამოყოფის ფაზაში მისი კონცენტრაცია ერითროციტებში 3-9-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე პლაზმაში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 40-70%-ია.
ჰიდროქლოროთიაზიდი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებში გამოყოფა ხორციელდება მხოლოდ თირკმლების საშუალებით. მთლიანობაში მიღებული დოზის 50-75% გამოიყოფა შარდით, უცვლელი სახით.

ჩვენება:
• არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:
საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 1/2-1 ტაბლეტს დღეში ერთხელ. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, ჭამისგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ოპტიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ, რიგ შემთხვევებში – მე-4 კვირისთვის.
65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს, საჭიროების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 1 ტაბლეტამდე დღეში.
75 წელზე უფროსი ასაკის პირები მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების  გამოცდილება არასაკმარისია.                                        

გვერდითი მოვლენები:
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები, დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, უმადობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პანკრეატიტი, სიყვითლე, ქოლესტაზი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც);
ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსია, ნეკროზული ვასკულიტი, ურტიკარია, პურპურა, ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ფსორიაზის გამწვავება, რესპირატორული დისტრესი (პნევმონიტი და ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება);
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოკალემია, ჰოპომაგნემია, ჰიპონატრემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალცემია;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: თირკმლის უკმარისობა, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ინტერსტიციული ნეფრიტი, პოტენციის დაქვეითება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზი, ჰიპოპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;
კანის მხრივ: პოლიმორფული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ექსფოლიატიური დერმატიტი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ალოპეცია, ფოტოდერმატოზი;
სხვა: ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ქსანტოფსია, კუნთების სპაზმი, ცხელება.

უკუჩვენება:
გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში; კარდიოგენური შოკი;  არტერიული ჰიპოტენზია; სინოატრიალური ბლოკადა; ანგიოსპასტიკური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია); ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში); სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; II და III ხარისხის AV ბლოკადა; პერიფერიული სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებები (გარდამავალი კოჭლობის სინდრომი); არანამკურნალები ფეოქრომოციტომა; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ღვიძლის უკმარისობა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ბრონქული ასთმა; დეპრესია; მიასთენია, კუნთების სისუსტე; მეტაბოლური აციდოზი; თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევა; პოდაგრის და შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები; მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ; ბავშვობის და მოზარდობის პერიოდი 18 წლამდე; მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის  ან ჰიდროქლოროთიაზიდის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ნებივოლოლი: ბეტა-ადრენობლოკატორების კალციუმის არხების ბლოკატორებთან (ვერაპამილი ან დილთიაზემი) ერთად გამოყენებისას ძლიერდება უარყოფითი მოქმედება მიოკარდიუმის კუმშვადობაზე და AV  გამტარებლობაზე. ვენაში ვერაპამილის შეყვანა უკუნაჩვენებია.
ბეტა-ადრენობლოკატორების I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან და ამიოდარონთან კომბინაციისას შესაძლოა უარყოფითი ინოტროპული ეფექტის და აგზნების გატარების დროზე ზემოქმედების გაძლიერება.
ბეტა-ადრენობლოკატორების და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული გამოყენება ზრდის კარდიოდეპრესიულ მოქმედებას. შეიძლება დაითრგუნოს რეფლექტორული ტაქიკარდია და გაიზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. ვაგუსური რეაქციების აღმოცენების პროფილაქტიკისთვის შესაძლებელია პრემედიკაციისას ატროპინის გამოყენება. საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი იღებს ნონბლონ H-ს. სათითურას პრეპარატებმა ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაახანგრძლივონ AV გამტარებლობა.
პრეპარატის აქტიურობა შეიძლება დააქვეითონ სიმპათომიმეტურმა საშუალებებმა ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში.
ჰიპოტენზიურ ეფექტს ასუსტებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები და ესტროგენები.
სხვა ჰიპოტენზიურმა სამკურნალო საშუალებებმა ნებივოლოლთან გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება.
ნებივოლოლი არ ახდენს ინსულინის და სხვა პერორალური შაქრის დამწევი საშუალებების მოქმედების პოტენცირებას,  თუმცა შეიძლება შენიღბოს განვითარებული ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომი (მაგალითად, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება).             
პრეპარატი აქვეითებს ლიდოკაინის და სხვა ქსანტინების (დიფილინის გარდა) კლირენსს და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.
ალერგენები იმუნოთერაპიისთვის, ალერგენების ექსტრაქტები კანის სინჯებისთვის, იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებები ი/ვ შეყვანისათვის ზრდიან მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციების ან ანაფილაქსიის განვითარების რისკს.
ნებივოლოლი ახანგრძლივებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედებას და კუმარინების ანტიკოაგულაციურ ეფექტს.
ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ეთანოლი, სედატიური და საძილე საშუალებები აძლიერებენ ცნს-ზე დამთრგუნველ მოქმედებას.
შუალედი მაო-ს ინჰიბიტორებისა და ნებივოლოლის მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 14 დღეს.
რანიტიდინის ერთდროული დანიშვნა არ მოქმედებს ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
ჭვავის რქის არაჰიდრირებული ალკალოიდები ზრდიან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის განვითარების რისკს.
ჰიდროქლოროთიაზიდი:  სათითურას გლიკოზიდების თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთად გამოყენებისას იზრდება გლიკოზიდების ტოქსიკური ეფექტების გამოვლენის ალბათობა, ჰიპოკალემიის და ჰიპომაგნემიის სავარაუდო განვითარების გამო.
ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდი აძლიერებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედებას და ზრდის მგრძნობელობას ტუბოკურარინის მიმართ.
ამიოდარონისა და თიაზიდური დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას მატულობს ჰიპოკალემიასთან დაკავშირებული არითმიების განვითარების რისკი.
გლუკოკორტიკოსტეროიდებთან,  ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან ან კალციტონინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალემიის განვითარების რისკი.
დიფლუნიზალთან ერთად გამოყენებისას მატულობს ჰიდროქლოროთიაზიდის კონცენტრაცია პლაზმაში და ქვეითდება მისი ჰიპერურიკემიული მოქმედება.
ერთად გამოყენებისას თიაზიდური დიურეტიკები ამცირებენ ნორეპინეფრინის გავლენას არტერიულ წნევაზე.
ერთდროული მიღებისას ქოლესტირამინი აქვეითებს თიაზიდური დიურეტიკების აბსორბციას 85%-ით.
ერთდროული გამოყენებისას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) აქვეითებენ თიაზიდების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.
ერთდროული გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტურობას.
ერთად გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს პლაზმაში ლითიუმის მარილების კონცენტრაცია ტოქსიკურ დონემდე (ასეთი კომბინაცია არ არის რეკომენდებული).

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს: არტერიული ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, სინუსური ბრადიკარდია, AV  ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი, გულის გაჩერება, გონების დაკარგვა, კომა, ბრონქოსპაზმი, პირის სიმშრალე, სისუსტე, ძილიანობა, ოლიგურია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის, საფაღარათო საშუალებების მიღება, შესაძლებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ატროპინის (ბრადიკარდიის და მომატებული ვაგოტონიის დროს), პლაზმის ან პლაზმის შემცვლელების, აუცილებლობისას – კატექოლამინების შეყვანა. ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების კუპირებისთვის გამოიყენება იზოპრენალინის ჰიდროქლორიდი (ნელა, ინტრავენურად, დასაწყისისთვის 5 მკგ/წთ-ში სასურველი ეფექტის მიღწევამდე), დობუტამინი (საწყისი დოზით 2.5 მკგ/წთ-ში), ეფექტის არარსებობისას – გლუკაგონი (ი/ვ 50-100 მკგ/კგ, განმეორებით 1 სთ-ის შემდეგ – 70 მკგ/კგ სთ-ში ინფუზურად). AV ბლოკადის დროს ნაჩვენებია ტრანსვენოზური სტიმულაცია. ბრონქოსპაზმის დროს ნიშნავენ ბეტა2-ადრენორეცეპტორების სტიმულატორებს ი/ვ, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისას –  ლიდოკაინს (IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები არ გამოიყენება), კრუნჩხვების დროს – დიაზეპამს ი/ვ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს ნონბლონ H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა და ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ნონბლონ H-ის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს ნარკოზით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევამდე  24 სთ-ით ადრე, ან შეირჩეს ყველაზე ნაკლები უარყოფითი ინოტროპული მოქმედების მქონე საანესთეზიო საშუალება. აუცილებლად უნდა შევატყობინოთ ანესთეზიოლოგს, რომ პაციენტი იღებს ბეტა-ადრენობლოკატორის შემცველ პრეპარატს.
ნონბლონ H სიფრთხილით ენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით (შესაძლოა მოხსნას ტაქიკარდია), ალერგიული დაავადებებით, ფსორიაზით, პოდაგრით, შაქრიანი დიაბეტით (შესაძლებელია მოახდინოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვა) დაავადებულ პაციენტებს და 65 წელზე მეტი ასაკის პირებს.
პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის ნელ-ნელა შემცირებით 10 დღის განმავლობაში (2 კვირის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში).
არტერიული წნევის და გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში უნდა იყოს ყოველდღიური.
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია. თუ გულის შეკუმშვის სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამდე წთ-ში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში (რეინოს დაავადება, გარდამავალი კოჭლობა).
გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს ნონბლონ H-ის დანიშვნამდე უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა მდგომარეობის სრულ კომპენსაციამდე.
მწეველებში ბეტა-ადრენობლოკატორების ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე არამწეველებში.
ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენობლოკატორები ენიშნებათ მხოლოდ შესაძლო რისკის და სავარაუდო დადებითი შედეგის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გააძლიერონ მგრძნობელობა ალერგენებისადმი და გაზარდონ ანაფილაქსიური რეაქციების გამოხატულება.
პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პრეპარატით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლის პროდუქციის შემცირება.
კალიუმის დეფიციტის ნიშნების გამოვლენისას, ასევე გულის გლიკოზიდებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან ერთდროული გამოყენებისას ნაჩვენებია კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის დამზოგავი დიურეტიკების გამოყენება.
პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის ანალიზის ჩატარების წინ.
ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლის ელექტროლიტების დონისა და კრეატინინის კლირენსის რეგულარული კონტროლი.
ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა კალიუმით მდიდარი დიეტის დაცვა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ნონბლონ H არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე, თუმცა პრეპარატის მიღებამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნონბლონ H-ს, საჭიროა თავი შეიკავონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებისგან.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:                                                                                          
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge  

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია