ოლიგოფრენიას - თანდაყოლილ ჭკუასუსტობას, რომელსაც თან ახლავს ზოგადი განუვითარებლობის ნიშნები, განასხვავებენ დემენციისგან - შეძენილი ჭკუასუსტობისგან, რომლის დროსაც შეინიშნება ფსიქიკური ქმედების მოშლილობა.
ოლიგოფრენია მიეკუთვნება ონტოგენეზის დარღვევასთან დაკავშირებულ დაავადებათა ჯგუფს. მას განიხილავენ ავადმყოფის ფსიქიკის, პიროვნებისა და მთელი ორგანიზმის ანომალიად.
ოლიგოფრენია წარმოადგენს კლინიკურად არაერთგვაროვანი და განსხვავებული ეტიოლოგიის დაავადებათა ჯგუფს, რომელთა საერთო ნიშნებია: 1) თანდაყოლილი ან ადრეულ ასაკში შეძენილი ზოგადი განუვითარებლობა და ინტელექტუალური უკმარისობა; 2) პროგრესირების არარსებობა.
ოლიგოფრენიის დინამიკა ასაკობრივ განვითარებას უკავშირდება. ასაკობრივი კრიზებისა და სხვადასხვა ეგზოგენური (მათ შორის - ფსიქოგენური) ფაქტორის გავლენით მოსალოდნელია მდგომარეობის კომპენსაცია ან დეკომპენსაცია და პათოლოგიური რეაქციები.
ოლიგოფრენიას არ მიეკუთვნება თანდაყოლილი ან ბავშვობაში შეძენილი პროგრესირებადი დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ჭკუასუსტობით, ტვინის ადრეული ორგანული დაზიანების ნარჩენი მოვლენებით, ასევე - სხვადასხვა ფიზიკური დეფექტის, მეტყველების, სმენისა და სხვა დარღვევების გამო მეორეულად აღმოცენებული განვითარების შეფერხებებით.
ოლიგოფრენები არ არიან ნაკლებად ნიჭიერი ბავშვები და ის ბავშვები, რომელთაც გადატანილი გამომფიტავი დაავადებების ან არასასურველ გარემოში აღზრდის გამო დროებითი გონებრივი შეფერხება აღენიშნებათ.
მრავალ ქვეყანაში ოლიგოფრენია შედის გონებრივ ჩამორჩენილობათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს ადრეული დემენციისა და ფსიქიკური განვითარების შეფერხების სხვადასხვა ფორმას.
გონებრივი ჩამორჩენილობის ძირითადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია ინტელექტის რაოდენობრივი შეფასება სტანდარტული ფსიქოლოგიური ტესტების მიხედვით (ინტელექტის კოეფიციენტი - IQ). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქოგენეზის ექსპერტთა კომიტეტის მე-15 მოხსენებაში (1967 წ.) მოყვანილია შემდეგი კრიტერიუმები: მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა - IQ=50-70; საშუალო სიმძიმის გონებრივი ჩამორჩენილობა - IQ=35-50; მკვეთრად გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა - IQ=20-35; ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა - IQ
ოლიგოფრენიის მიზეზებია:
1. მემკვიდრეობითი ფაქტორები, მათ შორის - მშობლების გენერაციული უჯრედების პათოლოგია; ჭეშმარიტი მიკროცეფალია; ცრუ მიკროცეფალია; ქსეროდერმული ფორმები (რადის სინდრეომი); ენზინოპათიური ფორმები (განპირობებულია ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და სხვა ნივთიერებათა ცვლის მოშლით - ფენილკეტონურიით, გალაქტოზემიით, მარფანის სინდრომით და სხვა); დაუნის სინდრომი და სხვა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები;
2. ჩანასახისა და ნაყოფის დაზიანება მუცლადყოფნის პერიოდში (ჰორმონული დარღვევები, წითურა და სხვა ვირუსული ინფექციები ორსულობის დროს, თანდაყოლილი სიფილისი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა);
3. მავნე ფაქტორების ზემოქმედება პერინატალურ პერიოდსა და სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში (ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია, სამშობიარო ტრავმა, დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შეუთავსებლობა (უპირატესად - რეზუსკონფლიქტი), ადრეულ ასაკში მიღებული თავის ტრავმა, ბავშვთა ინფექციები, თანდაყოლილი ჰიდროცეფალია).
შემთხვევათა უმრავლესობაში გონებრივი ჩამორჩენილობის მიზეზი გაურკვეველია. უცნობი ეტიოლოგიისა და გაურკვეველი კლინიკური სურათის ოლიგოფრენიას პირობითად არადიფერენცირებულს უწოდებენ და განასხვავებენ დიფერენცირებული ოლიგოფრენიისგან იმით, რომ ამ უკანასკნელის ეტიოლოგია და კლინიკური სურათი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი.
კლინიკური სურათი. ოლიგოფრენიის კლინიკურ ფორმებს შორის დიდი განსხვავების მიუხედავად, მათ აქვთ საერთო ნიშანი, რაც გამოიხატება ფსიქიკური განუვითარებლობის თავისებურებით: პირველი - ჭკუასუსტობა ტოტალური ხასიათისაა (დეგრადირებულია არა მარტო შემეცნებითი უნარი, არამედ მთლიანად პიროვნება (პიროვნული სტატუსის განუვითარებლობა)); მეორე - ვლინდება არა მარტო ინტელექტისა და აზროვნების (უპირატესად - აბსტრაქტული აზროვნების), არამედ სხვა ფსიქიკური ფუნქციების (აღქმა, მახსოვრობა, ყურადღება, მეტყველება, მოტორიკა, ემოცია) განუვითარებლობაც. აღსანიშნავია, რომ უმთავრესად გამოხატულია შედარებით უფრო დიფერენცირებული, ონტოგენეტიკურად ახალგაზრდა ფუნქციების - აზროვნებისა და მეტყველების - განუვითარებლობა, ხოლო ევოლუციურად უფრო ძველი ელემენტარული ფუნქციები და ინსტინქტები შედარებით უკეთ არის შენარჩუნებული.
აზროვნების განუვითარებლობა ერთბაშად არ იჩენს თავს. ის უფრო თვალსაჩინო ხდება უფროსი სკოლამდელი ასაკისთვის. ადრეულ სკოლამდელ, ასევე - სასკოლო ასაკში უპირატესად შესამჩნევია ფსიქიკური მოქმედებისა და მოტორული აქტივობის განვითარების ჩამორჩენა, მხედველობითი და სმენითი პირობითი რეფლექსების ჩამოყალიბების დარღვევა და შენელებული ტემპი, ემოციური რეაქციების უკმარისობა, სიცოცხლის პირველ წელს გარესამყაროზე ემოციური რეაქციების გამოვლენის დაგვიანება, მეტყველების განვითარების ჩამორჩენა და სხვა.
მოზარდებსა და ზრდასრულ პირებში აბსტრაქტული აზროვნების უკმარისობასთან ერთად შესამჩნევი ხდება პიროვნული სტატუსის უმწიფრობაც.
ოლიგოფრენიის დროს ინტელექტუალური უკმარისობა ამა თუ იმ ხარისხით აისახება ყველა ფსიქიკურ პროცესზე, უპირველეს ყოვლისა - შემეცნებით პროცესებზე, რაც გამოიხატება აღქმის უკმარისობით, აქტიური ყურადღების დარღვევით, დამახსოვრების შენელებით, ლოგიკური მეხსიერების დაბალი დონით. ოლიგოფრენიით დაავადებულს სიტყვიერი მარაგი მცირე აქვს, მის მეტყველებაში ჭარბობს შტამპები, დაუსრულებელი ფრაზები და გამოთქმის დეფექტები. განუვითარებლობის ნიშნები შეიმჩნევა როგორც ფსიქიკურ მოქმედებაში, ისე მოტორულ აქტივობაში.
ოლიგოფრენიის დროს ხშირია არასპეციფიკური ნევროლოგიური დარღვევები, მაგალითად, ქალა-ტვინის ინერვაციისა და პირამიდული სისტემების მოშლა (პარეზები, კუნთოვანი ტონუსის დარღვევა), დიენცეფალური მოშლილობა, კერძოდ, ენდოკრინული უკმარისობა. ოლიგოფრენიის იმ ფორმების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ჩანასახის განვითარების დარღვევებთან, წესისამებრ, აღინიშნება განვითარების ანომალიები და დისპლაზიები, რაც გამოიხატება ქალას დეფორმაციითა და ზომების ცვლილებით, ყურის ნიჟარის, თვალების, ყბების, კბილების აგებულებისა და განლაგების ანომალიებით, თითის ფალანგების დამოკლებით, კურდღლის ტუჩით, გაპობილი სასით, სპინა ბიფიდათი და სხვა. დამახასიათებელია ასევე შინაგან ორგანოთა (გულის, ფილტვების, შარდსასქესო ორგანოებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის) განვითარების მანკები. ხშირია ჩამორჩენა ფიზიკური განვითარების მხრივ, სხეულის პროპორციების დარღვევა, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა.
ოლიგოფრენიის კლასიფიკაცია. ოლიგოფრენიის მრავალი კლასიფიკაცია არსებობს. ყველაზე მეტად მიღებულია კლასიფიკაცია ჭკუასუსტობის გამოხატულების მიხედვით, რასაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სოციალური ადაპტაციის საკითხების გადასაწყვეტად.
ჩვეულებრივ, განასხვავებენ გონებრივი ჩამორჩენილობის სამ ფორმას: დებილობას, იმბეცილობასა და იდიოტიას.
იდიოტია ფსიქიკური განვითარების ყველაზე დაბალი დონეა (IQიმბეცილობა გონებრივი ჩამორჩენილობის საშუალო დონეა (IQ=25-50). ამ დროს მეტყველება და სხვა ფსიქიკური ფუნქციები იდიოტიასთან შედარებით უფრო მეტად არის განვითარებული, მაგრამ იმბეცილი ვერ სწავლობს და შეუძლია მხოლოდ ელემენტარული ხასიათის თვითმომსახურება. გარესამყაროზე იმბეცილებს აქვთ საკმაოდ დიფერენცირებული და მრავალფეროვანი რეაქცია. მეტყველება არასაკმარისად აქვთ განვითარებული - შეუძლიათ მხოლოდ უმარტივესი ფრაზების წარმოთქმა, მათი ლექსიკონი 200-300 სიტყვით შემოიფარგლება, თუმცა აქვთ ინფორმაციის განსაზღვრული მარაგი და შეუძლიათ ორიენტირება ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში. საკმაოდ კარგი მექანიკური მახსოვრობისა და პასიური ყურადღების წყალობით მათ შეუძლიათ ელემენტარული ცოდნის გამომჟღავნება, რომელსაც იყენებენ შტამპების სახით. ზოგ იმბეცილს შეუძლია თვლა, ცნობს ზოგიერთ ასოს, მაგრამ ითვისებს მხოლოდ მარტივ სამუშაო პროცესებს (დალაგება, რეცხვა, ჭურჭლის რეცხვა). იმბეცილებს აქვთ ღარიბი ემოციები, სიტუაციის ცვლილებისას ამჟღავნებენ ნეგატიურ რეაქციას, მაგრამ მათი პიროვნება იდიოტიით დაავადებულებთან შედარებით განვითარებულია; მათ სწყინთ, რცხვენიათ თავიანთი ნაკლის, ადეკვატურ რეაქციას გამოხატავენ დატუქსვასა და შექებაზე. მათ არ გააჩნიათ ინიციატივისა და დამოუკიდებლობის უნარი, ძლიერ არიან დამოკიდებულნი სხვაზე, ადვილად იბნევიან უჩვეულო სიტუაციებში და საჭიროებენ მუდმივ მეთვალყურეობასა და მეურვეობას.
დებილობა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობაა (IQ=50-70). დებილობის დროს პიროვნებისა და ხასიათის თავისებურებანი გამოირჩევა უფრო მეტი დიფერენცირებულობითა და ინდივიდუალურობით. დებილებს საყოფაცხოვრებო მეტყველება საკმაოდ აქვთ განვითარებული, შესწევთ სპეციფიკური პროგრამების (შენელებულ ტემპში კონკრეტული, თვალსაჩინო დასწავლისას) და მარტივი შრომითი და პროფესიული ჩვევების ათვისების უნარი. დებილები იმბეცილებზე მეტი ადეკვატურობითა და ჩვეულ გარემოში დამოუკიდებელი ქცევის უნარით გამოირჩევიან.
ვინაიდან დებილობის შემთხვევაში ინტელექტუალური უკმარისობის დიაპაზონი ფართოა, პრაქტიკული მიზნით ხშირად გამოყოფენ მის საშუალო და მსუბუქ ფორმებს. მსუბუქი დებილობა ძნელად განსხვავდება ნორმის ქვედა ზღვარზე მდგომი ფსიქიკისგან.
იმბეცილებისგან განსხვავებით, დებილებს ზოგჯერ აქვთ საკმაოდ მაღალგანვითარებული მეტყველება, მათი ქმედებები უფრო დამოუკიდებელი და ადეკვატურია, რაც გარკვეულწილად ნიღბავს აზროვნების სისუსტეს (ამას განაპირობებს კარგი მექანიკური მეხსიერება, მიბაძვის უნარი), მაგრამ დაკვირვება და კვლევა ავლენს აბსტრაქტული აზროვნების სისუსტეს - დებილებს არ შეუძლიათ განყენებული აზროვნება, ცნებების განზოგადება.
ოლიგოფრენიის ცალკეული ფორმები:
- ჭეშმარიტი (პირველადი), მემკვიდრეობითად განპირობებული მიკროცეფალია საკმაოდ იშვიათია. გარდა ქალას პატარა ზომებისა, გამოხატულია დისპროპორცია თავისა და სხეულის ნორმალურ ზომებს შორის, აღინიშნება თავის ქალას ტვინის ნაწილის აშკარა განუვითარებლობა ქალას სახის ნაწილთან შედარებით. ასეთ ავადმყოფებს აქვთ წაგრძელებული თავის ქალა, დაბალი შუბლი, ზედმეტად განვითარებული წარბების ზემოთა რკალი. ინტელექტუალური უკმარისობა, ჩვეულებრივ, იდიოტიის ან ღრმა იმბეცილობის მსგავსია. აშკარა ჭკუასუსტობის მიუხედავად, აღინიშნება ემოციური აქტიურობა, გამოხატულია მიმბაძველობა და დამაჯერებლობა.
- ცრუ (მეორეული), ცერებროპათიური მიკროცეფალია განპირობებულია მუცლადყოფნის პერიოდში ჩანასახის ან ნაყოფის დაზიანებით. განუვითარებლობის ნიშნებთან ერთად ხშირია კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები და კრუნჩხვითი გულყრები. ჭეშმარიტ მიკროცეფალიასთან შედარებით ქალას დეფორმაცია უფრო ღრმაა და შერწყმულია დისპლასტიკურ აღნაგობასთან. სხეულის სიმაღლესა და მასას შორის დიდი შეუსაბამობაა. ჭკუასუსტობა მეტად მძიმედ არის გამოხატული, ავადმყოფები მოთენთილები, აპათიურები და პირქუშები არიან.
ჭეშმარიტ და ცრუ მიკროცეფალიებს შორის მკვეთრი ზღვრის გავლება შეუძლებელია.
ქსეროდერმული ოლიგოფრენია ანუ რადის სინდრომი - იშვიათი ანომალიაა, ახასიათებს ოლიგოფრენიისა და იქთიოზის თანხვედრა. კანი დაფარულია თევზის ქერცლის მსგავსი ადვილად მოსაცილებელი მშრალი ქერცლით. იქთიოზის მძიმე ფორმის დროს ბავშვები მალე იხოცებიან. ფსიკიკურ განუვითარებლობას ხშირად ერთვის კრუნჩხვითი გულყრები. არსებობს იქთიოზის ჭკუასუსტობის გარეშე მიმდინარე ფორმებიც.
ფენილკეტონურია დაკავშირებულია ფენილალანინის ცვლის დარღვევასთან. ჭკუასუსტობა შერწყმულია დეპიგმენტაციასთან (ალბინიზმი ან მეტისმეტად ბაცი ფერის თმა და თვალები) და ათიდან დაახლოებით სამ შემთხვევაში ახასიათებს კრუნჩხვითი გულყრები. თავის ქალას ტვინისმიერი ნაწილი სუსტად არის განვითარებული. ზოგიერთ ავადმყოფს აქვს ეპიკანტი (ვერტიკალური და ნახევარმთვარის ფორმის კანის ნაოჭი თვალის შიგნითა კუთხესთან), ჰიპერტელორიზმი (გაზრდილია თვალის კაკლების შიგნითა ზედაპირის დაცილება), სდის თავისებური (თაგვის, მგლის) სუნი. დამახასიათებელია უხერხული სიარული, მოძრაობა ცუდად არის კოორდინირებული, შეინიშნება ჰიპერკინეზიები. კუნთოვანი ტონუსი შეცვლილია. ჭკუასუსტობა მკვეთრად არის გამოხატული. ფსიქიკური განუვითარებლობის აღმოჩენა ჩვილ ასაკშივე ხდება. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ჭკუასუსტობა შესაძლოა პროგრესირებდეს, 4-8 წლისთვის მდგომარეობა სტაბილიზდება.
ჰომოცისტეინურია უკავშირდება მეთიონინის ცვლის დარღვევას. მიმდინარეობს ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებით, კრუნჩხვებით, კუნთოვანი სისუსტით ან სპასტიკურობით. მისთვის ტიპობრივია თვალისმიერი სიმპტომები (ბროლის ექტოპია, კატარაქტა, ბადურა გარსის დეგენერაცია და სხვა), კანის სიწითლე ღაწვების არეში.
გალაქტოზემია, ფრუქტოზურია და სუკროზურია მიეკუთვნება ნახშირწყლოვანი ცვლის ენზიმოპათიებს. სიმპტომებიდან აღსანიშნავია ფაღარათი, ჰიპოტროფია და სხვა მძიმე სომატური დარღვევები, რომლებიც უმეტესად სიკვდილს იწვევს. ფსიქიკური განუვითარებლობა მკვეთრად არის გამოხატული, თან ახლავს სისუსტე, ზოგჯერ - კრუნჩხვითი გულყრები.
მარფანის სინდრომი განვითარების იშვიათი ანომალიაა. ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება, ჩონჩხის არასწორი პროპორციები, სკოლიოზი, გრძელი კიდურები და მეტისმეტად გრძელი და თხელი (ობობას) თითები. ჩონჩხის განვითარების ანომალიას ერწყმის გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თვალის ანომალიები. ჭკუასუსტობა სხვადასხვა ხარისხით ვლინდება.
ლორენსის დაავადება (მუნ-ბარდე-ბილდის სინდრომი) მემკვიდრეობითი ოლიგოფრენიის იშვიათი გამოვლინებაა და ახასიათებს 5 ძირითადი სიმპტომი: ჰიპოგენიტალიზმი, სიმსუქნე, დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ (პიგმენტური რეტინიტი, მხედველობის ნერვის ატროფია), სინდაქტილია (ხელის ან ფეხის თითების შეზრდა) ან პოლიდაქტილია (ზედმეტთითობა) და საკმაოდ მაღალი ხარისხის ფსიქიკური განუვითარებლობა.
ოლიგოფრენია მსხვრევადი X ქრომოსომით ანუ მარტინ-ბელის სინდრომი. წინათ ამ დაავადებას უწოდებდნენ ოლიგოფრენიას მარკერული X ქრომოსომით. მარტინ-ბელის სინდრომი დაუნის სინდრომის შემდეგ გონებრივი ჩამორჩენილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ვაჟებში 2-3-ჯერ ხშირია, ვიდრე გოგონებში. ამ სინდრომით დაავადებულებს აქვთ სპეციფიკური გარეგნობა: გრძელი სახე, წინ წამოწეული შუბლი, მაკროცეფალია, სახის ჰიპოპლაზია, წინ წამოწეული ნიკაპი, სქელი ტუჩები (ქვედა ტუჩი ხშირად გადმობრუნებულია), ყურის დიდი ნიჟარები, დიდი კიდურები. ერთ-ერთი სპეციფიკური სიმპტომია მაკროორქიდიზმი. ასევე ახასიათებთ მეტყველების ღრმა განუვითარებლობა (ზოგიერთი ავტორის აზრით, მეტყველების დანაწევრებაც). ხშირია აუტიზმი. ზოგიერთს აღენიშნება ფსიქოზი.
დაუნის დაავადებაც ოლიგოფრენიების ჯგუფს მიეკუთვნება. განპირობებულია ქრომოსომული ანომალიით (21-ე ქრომოსომის ტრისომია). დადგენილია, რომ რაც უფრო მეტია დედის ასაკი ორსულობისას, მით უფრო მეტია დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვის დაბადების ალბათობა. ამ დაავადების დროს ბავშვებს აქვთ დაბალი ტანი, ბრტყელი სახე, თვალების მონღოლოიდური ჭრილი, ღია პირი, ბრაქიცეფალია, ბრტყელი კეფა, თაღისებური სასა, კბილების ანომალია, დეფორმირებული ყურები, დაღარული ენა, მოკლე კიდურები, იშვიათი და მშრალი თმა. დამახასიათებელია პიგმენტური ლაქები ფერადი გარსის კიდესთან, გულის თანდაყოლილი მანკი, თორმეტგოჯა ნაწლავის შევიწროება, კატარაქტა, მწვავე ლეიკემია, ეპილეფსია, მოუქნელი მოძრაობები, ნაკლებად მეტყველი სახე. გონებრივი ჩამორჩენილობა ასიდან 75 შემთხვევაში აღწევს იმბეცილობას, 20-ში - იდიოტიას და მხოლოდ 5-ში - დებილიზმს. ემოციური სფერო შედარებით უკეთ არის შენარჩუნებული (იხ. დაუნის სინდრომი).
შერეშევსკი-ტერნერის სინდრომი დამახასიათებელია მხოლოდ ქალებისთვის და განპირობებულია ერთი X ქრომოსომის უკმარისობით. ახასიათებს კარგად გამოხატული ფენოტიპი, რომელიც ვლინდება სომატური სიმპტომებითა და ფსიქიკური დარღვევებით. Gგონებრივი ჩამორჩენილობა ათიდან 5 შემთხვევაში აღინიშნება. ძირითადი სიმპტომებია განვითარების მანკი, ტანდაბლობა, დაბალი მსხვილი კისერი, დეფორმირებული და ჩვეულებრივზე დაბლა მდებარე ყურები, გამოხატულია კანის ჰიპერპიგმენტაცია, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, სმენის დაქვეითება, სქესობრივი ინფანტილიზმი, უნაყოფობა.
კლაინფელტერის სინდრომი მხოლოდ მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი. განპირობებულია ქრომოსომების საერთო რიცხვის მატებით (47, 48 და მეტი) ზედმეტი X ქრომოსომის გამო. ამ დროს აღინიშნება სათესლე ჯირკვლების განვითარების დარღვევა. ძირითადი სიმპტომებია აზოოსპერმია, გინეკომასტია დამახასიათებელი თმიანობით, ასთენიური აგებულება, გრძელი კიდურები, ანდროგენების უკმარისობის გამო მაღალი, საჭურისისებრი ხმა. ხშირია სომატური დარღვევებიც. დებილიზმი სხვადასხვა ხარისხისაა. შესაძლოა, 46,XY/47,XXY მოზაიციზმის შემთხვევაში სათესლეების დაზიანება შესამჩნევად არ იყოს გამოხატული და სპერმატოგენეზი შენარჩუნდეს.
ზედმეტი ქრომოსომის სინდრომი (XYY) გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში. ახასიათებს სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალია, ტანმაღლობა, უნაყოფობა, ჰიპოგონადიზმი, გონებრივი ჩამორჩენილობა, რიგ შემთხვევაში - შიზოფრენია, აგრესიისკენ, აფექტისკენ მიდრეკილება. ფსიქიკური განუვითარებლობა სუსტად არის გამოხატული.
რუბეოლურ ოლიგოფრენიას განაპირობებს ინფიცირებული დედისგან წითურას ვირუსით ჩანასახის დაზიანება. წითურათი ჩანასახის ინფიცირების ალბათობას უშუალო კავშირი აქვს ორსულობის ვადასთან (ხშირია 5-9 კვირის ორსულებში). ჭკუასუსტობა შერწყმულია თვალის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სმენითი აპარატის განვითარების მანკებთან. არცთუ იშვიათია კბილების დეფექტი, ზოგადი ფიზიკური განუვითარებლობა, ჩონჩხისა და შარდსასქესო ორგანოების განვითარების მანკი. ფსიქიკური განუვითარებლობა ღრმაა, თან ახლავს აღგზნებადობა და იმპულსურობა.
თანდაყოლილი სიფილისით განპირობებული ოლიგოფრენია ხშირად აღმოცენდება ნაყოფის სპეციფიკური დაზიანების შედეგად. ამ დაავადების სიმპტომატიკა მოიცავს ნაყოფის მიერ გადატანილი სპეციფიკური პროცესის ნარჩენ მოვლენებსა და ოლიგოფრენიას. ჭკუასუსტობის ნიშნები მეტისმეტად ადრე ვლინდება და სხვადასხვა ხარისხით არის გამოხატული. ნევროლოგიური სიმპტომები რეზიდუალურია. ფსიქიკურ განუვითარებლობასთან ერთად ვითარდება ეპილეფსიური და ასთენიური სინდრომი. ხშირია გრძნობათა ორგანოების (კერატიტი, ოტიტი, რინიტი), შინაგანი ორგანოების (მეზოარტერიიტი, ღვიძლის ციროზი) და ძვლების (პერიოსტიტი) სპეციფიკური დაზიანებები. დამახასიათებელია სხვადასხვაგვარი დისპლაზია (ქალას, კბილების დეფორმაცია, მაღალი სასა, უნაგირა ცხვირი, კიდურების დეფორმირება და სხვა) და ტროფიკის დარღვევა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ მონაცემებს, უპირველეს ყოვლისა - სისხლისა და თავზურგტვინის სითხის სპეციფიკურ ცვლილებებს.
ტოქსოპლაზმოზით განპირობებული ოლიგოფრენია - გამოვლინდება როგორც განვითარების მანკი. ჭკუასუსტობა შერწყმულია მხედველობის დაზიანებასთან, ჰიდროცეფალიასა და კრუნჩხვით გულყრასთან. პარალელურად აღინიშნება ქალას დეფორმაცია, სახის ძვლების ასიმეტრია, ყურის, სასის, კბილების არასწორი შენება და განვითარების სხვა მანკები. შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაზიანებაც. ნევროლოგიური სიმპტომები რეზიდუალურია. კრუნჩხვითი გულყრები შესაძლოა სერიული ხასიათისა იყოს. ფსიქიკური განუვითარებლობა აღწევს ღრმა იმბეცილობამდე და იდიოტიამდე. ხშირია ეპილეფსიისმაგვარი, ფსიქოპათიისმაგვარი და ასთენიური სინდრომი. დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალის ფსკერის გამოკვლევას, ქალას რენტგენოგრაფიასა და ლაბორატორიულ მონაცემებს. ასევე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მონაცემები და დედის ანამნეზში თვითნებური აბორტების არსებობა.
ჰიპოთირეოიდული ოლიგოფრენია (კრეტინიზმი) გამოხატულია თანდაყოლილი ან ადრეული ასაკის ჰიპოთირეოზით, ჭკუასუსტობის ხშირი ფორმაა და ენდოკრინული დარღვევებით არის განპირობებული. განასხვავებენ ენდემურ კრეტინიზმს - თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, რომელიც ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში საკვებში იოდის უკმარისობის გამო - და სპორადულ კრეტინიზმს, რომელიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზის მემკვიდრეობითი დეფექტით. ჰიპოთირეოზის ნაირსახეობაა მიქსედემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფარისებრი ჯირკვლის ემბრიონული განვითარების მანკი ან ატროფია.
ენდემური კრეტინიზმისა და თანდაყოლილი კრეტინიზმის კლინიკური გამოვლინებები ერთმანეთის მსგავსია. კრეტინიზმის ძირითადი ნიშანია ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების შეფერხება და ლორწოვანი შეშუპება (მიქსედემა). ფსიქიკური განუვითარებლობა მით უფრო მეტად არის გამოხატული (იმბეცილობიდან იდიოტიზმამდე), რაც უფრო ადრე განვითარდება ჰიპოთირეოზი და რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება მისი ზემოქმედება. თირეოიდინის დეფიციტი საგრძნობლად ცვლის ოლიგოფრენიის კლინიკურ სურათს და იწვევს ენდოკრინული ფსიქოსინდრომის სიმპტომებს (მიზანსწრაფულობის მოშლა, მოტივაციის შესუსტება, ხასიათის ცვლილებები).
კრეტინიზმსა და თანდაყოლილ მიქსედემას ასევე ახასიათებს ფიზიკური განვითარების შეფერხება და სხეულის დისპროპორცია (გრძელი ტანი, მოკლე კიდურები ფართო მტევნებითა და ტერფებით, წვივების გამრუდება, მკვეთრი ლორდოზი), სასქესო ორგანოების განუვითარებლობა და მეორეული სასქესო ნიშნები, ლორწოვანი შეშუპება (მიქსედემა), რომელიც უპირატესად სახესა და კისერზეა გამოხატული. ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა იყოს შემცირებული ან გადიდებული მაკომპენსირებელი ჰიპოტროფიის (ჩიყვის) ხარჯზე. ავადმყოფს აქვს ბრაქიცეფალია, დაბალი შუბლი, პატარა, ფართო და ჩავარდნილი ცხვირი, კბილების დეფორმაცია, ყურების დეფორმაცია, სქელი ტუჩები, დიდი ენა, რომელიც პირში არ ეტევა, იშვიათი და მშრალი თმა, დაბალი და ყრუ ხმა. დამახასიათებელია ძილიანობა, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ნაწლავების ჰიპოტონია (მუცლის შებერილობა, შეკრულობა), ჭიპის თიაქარი. მკვეთრად არის გამოხატული ვეგეტაციური დისტონიის სიმპტომები.
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადებით განპირობებული ოლიგოფრენია ვითარდება დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შეუთავსებლობის, უპირატესად - რეზუსკონფლიქტის საფუძველზე. იმუნოლოგიური შეუთავსებლობის შედეგად ხდება ახალშობილის ერითროციტების ჰემოლიზი და ვითარდება ჰიპერბილირუბინემია, რაც იწვევს თავის ტვინის დაზიანებას. ახასიათებს მოძრაობის დარღვევები, ყრუმუნჯობა და ჭკუასუსტობის ნიშნები. ღრმა ჭკუასუსტობა იშვიათია.
ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსიით ან ტრავმით განპირობებული ოლიგოფრენია. კლინიკური სურათი არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, გამოხატულია განუვითარებლობის სიმპტომები, მეორე მხრივ - თავის ტვინის დაზიანების ნარჩენი მოვლენები (ახალშობილთა ენცეფალოპათია). ჭკუასუსტობა (მსუბუქი დებილიზმიდან მძიმე იდიოტიზმამდე) შერწყმულია ნევროლოგიურ სიმპტომებთან, ასთენიურ მოვლენებთან, ფსიქოპათიის მსგავს ქცევებთან, ზოგჯერ - კრუნჩხვით გულყრებთან.
ადრეული პოსტნატალური ინფექციით განპირობებულ ოლიგოფრენიას და ტრავმით განპირობებულ ოლიგოფრენიას რამდენიმე მსგავსი თავისებურება ახასიათებს: არ აღინიშნება ოლიგოფრენიის თანდაყოლილი ფორმისთვის ჩვეული დისპლაზიური აღნაგობა და ცალკეული ორგანოების განვითარების მანკები. ორგანული დაზიანებებიდან ხშირია ნევროლოგიური სიმპტომები, დიენცეფალური და ჰიპერტენზიული მოვლენები. ვლინდება ფსიქოპათოლოგიური და ეპილეფსიის მსგავსი სინდრომი. ავადმყოფს შრომის უნარი მკვეთრად და მყარად აქვს დაქვეითებული.
ჰიდროცეფალიით განპირობებული ოლიგოფრენია ვითარდება თავის ტვინის მძიმე წყალმანკის დროს. ჭკუასუსტობის ხარისხი სუსტი დებილიზმიდან იდიოტიამდე მერყეობს. მეტყველება უფრო განვითარებულია, ვიდრე აზროვნება; კარგად განვითარებული მექანიკური მეხსიერების წყალობით ავადმყოფებს აქვთ სიტყვათა შედარებით დიდი მარაგი, დამახსოვრებულ ფრაზებს გაუაზრებლად იყენებენ. აქვთ კარგი მუსიკალური სმენა და ზეპირი ანგარიშის უნარი. უყვართ საუბარი, არიან გულღიანი, ძალიან ცოტას ახასიათებს გულჩათხრობილობა და აფექტური აფეთქებები. არ შეინიშნება იშვიათი კრუნჩხვითი გულყრა. თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის ფიზიკური ნიშნები ტიპურია: დიდი თავი გამობურცული შუბლით, სამკუთხა და თავთან შედარებით პატარა სახე. თავზე კანი თხელია, კარგად არის გამოხატული ვენური სურათი, განსაკუთრებით - საფეთქლებსა და ცხვირის ფუძეზე. თითქმის ყველა ავადმყოფს აღენიშნება მოძრაობითი დარღვევები (კიდურების პარეზი, დამბლა), დისკოს თიაქარი და მხედველობის ნერვის ატროფია, დიენცეფალური სიმპტომები, სმენისა და ვესტიბულური აპარატის დაზიანება.
ბავშვთა ცერებრულ დამბლასთან შერწყმული ოლიგოფრენია ამ დაავადების (ცერებრული დამბლის) ათიდან დაახლოებით 6 შემთხვევაში გვხვდება და სხვადასხვა ხარისხით არის გამოხატული. ავადმყოფი მოუსვენარია, აღენიშნება ემოციური და სენსორული ჰიპერესთეზია. ზოგჯერ შეინიშნება შენელებული რეაქციები, ერთი საქმიდან მეორეზე გადართვის გაძნელება და რიგიდულობა.