ორსულობა სამ ტრიმესტრად იყოფა. თითოეული 3 თვეს მოიცავს. მომავალმა დედამ უნდა იცოდეს, რა რომელ ტრიმესტრში უვითარდება ნაყოფს და რით შეიძლება დაეხმაროს მუცლადყოფნის ამა თუ იმ პერიოდში შვილს.
I თვე
იმ მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებლები, რომელსაც დედა და მამა მომავალ შვილს გადასცემენ, არიან კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი. ეს ინფორმაცია კონცენტრირებულია ქრომოსომებში და წარმოადგენს 2 000-ამდე გენის შემცველ მიკროსკოპულ სტრუქტურას. გენები განსაზღვრავენ ბავშვის მიერ მშობლებისგან დამემკვიდრევებულ შტრიხებს, მაგალითად, თმისა და თვალების ფერს, სისხლის ჯგუფს, სიმაღლეს, წონას. განაყოფიერებისას ხდება სქესის განსაზღვრაც, თუმცა ეს მხოლოდ სპერმატოზოიდზეა დამოკიდებული: თუ ის ქალის სასქესო ქრომოსომას შეიცავს - გოგონა დაიბადება, თუ მამაკაცისას - ბიჭი.
პატარა, რომელიც ჯერ სულ რამდენიმე უჯრედს წარმოადგენს, იწყებს ორსულობის ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - გამომუშავებას, რომელიც დედის შარდში ხვდება. სწორედ ამ ჰორმონზე რეაგირებს ორსულობის ტესტი.
განაყოფიერებიდან პირველი კვირის განმავლობაში კვერცხუჯრედი განუწყვეტლივ იყოფა და თან დედის საშვილოსნოსკენ მიემართება. მეორე კვირის დასაწყისში იგი ხვდება საშვილოსნოში და მის კედელს ემაგრება. მესამე კვირას განვითარებას იწყებენ ქსოვილები, იწყება ნაყოფის ორგანოების ფორმირების პროცესი, ყალიბდება გული, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ ერთი კამერისგან შედგება, მაგრამ მეორე თვის დასასრულს უკვე თითქმის ზრდასრული ადამიანის გულის მსგავსია. მე-2 კვირის ნახევრიდან იწყება ნერვული სისტემის (თავისა და ზურგის ტვინის) განვითარება. მე-4 კვირიდან ფორმირდება თვალის ჩაღრმავებები, განვითარებას იწყებს ხელ-ფეხი, ყალიბდება ზემოთა შინაგანი ორგანოების ჩანასახი. პირველი თვის მიწურულს ბავშვი დაახლოებით 4 მმ სიგრძისაა.
ზოგიერთი ქალი ორსულობის ნიშნებს ამჩნევს განაყოფიერებიდან ძალიან მალე, უმეტესად - ორსულობის პირველ-მეორე კვირას, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ორსულად არის. სახელდობრ, ორსულობის პირველ თვეს მოსალოდნელია:
- მენსტრუაციის შეწყვეტა (თუმცა ზოგჯერ მოსალოდნელი მენსტრუაციისა და ნაყოფის იმპლანტაციის პერიოდში შეინიშნება მენსტრუალურის მსგავსი გამონადენი);
- სისუსტე და ძილიანობა. პლაცენტა საბოლოოდ მხოლოდ მე-3 თვის ბოლოს ყალიბდება, ამიტომ ორსულობის პირველ თვეს ქალის ორგანიზმი გაძლიერებულად მუშაობს, რათა განვითარების პროცესში მყოფი ნაყოფის ტარება შეძლოს. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი დასვენება, მაგრამ არა გადამეტებული, რადგან, რა პარადოქსულიც უნდა მოგვეჩვენოს, ის ქალს უფრო მეტად დაასუსტებს. ორსულის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, ავიტამინოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროებისამებრ უნდა შეიცვალოს შრომისა და კვების რეჟიმი. ასევე მნიშვნელოვანია ქალის საცხოვრებელი სახლის მიკროკლიმატის კონტროლი. კერძოდ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ცუდი განათება, ჩახუთული ჰაერი, ძლიერი ხმაური ორსულის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ორსულობის პირველ თვეს აუცილებელია ფიზიკური შრომის შეზღუდვა.
- გახშირებული შარდვა. ამ შემთხვევაში ინფექციის გამოსარიცხად ქალმა ექიმს უნდა მიმართოს. ინფექციის გამორიცხვის შემთხვევაში შარდვის გახშირების მიზეზად შეიძლება ვივარაუდოთ ორგანიზმის ახალ მდგომარეობაზე გადაწყობა (გაზრდილი საშვილოსნო აწვება შარდის ბუშტს). მოშარდვის დროს ორსული წინ უნდა დაიხაროს, რათა შარდის ბუშტი ბოლომდე დაიცალოს.
- გულისრევა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ღებინება და/ან ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება. ეს ადრეული ტოქსიკოზის ნიშნებია. იგი ორსულთა ნახევარს აღენიშნება და იშვიათია ორსულობის მე-15 კვირის შემდეგ. ტოქსიკოზი უფრო მეტად გამოხატულია პირველი ან მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს.
- გულძმარვა და მუცლის შებერვა;
- ზოგიერთი საკვების აუტანლობა და ზოგიერთი საკვებისადმი ლტოლვა;
- სარძევე ჯირკვლების სიმძიმისა და სისავსის შეგრძნება, დვრილების ირგვლივ ქსოვილის გამუქება; შესაძლოა, სარძევე ჯირკვლების კანზე გაჩნდეს გაფართოებული ლურჯი ვენების ქსელი; თუ სარძევე ჯირკვლები მეტისმეტად მგრძნობიარეა, ბიუსტჰალტერის გახდა ღამითაც კი არ არის რეკომენდებული.
რამდენიმე რჩევა, რომლებიც ორსულს მუდმივი გულისრევისგან თავის დაღწევაში დაეხმარება:
- დიეტა მდიდარი უნდა იყოს ცილებითა და ნახშირწყლებით;
- აუცილებელია საკმაო რაოდენობით სითხის მიღება (რძის კოქტეილები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, სუპები, ბულიონი);
- რაციონში უხვად უნდა იყოს ახალი ხილი (წვნიანი) და ბოსტნეული;
- სასურველია საწოლიდან აუდგომლად საუზმობა. დღის განმავლობაში აუცილებელია ხშირად და მცირე ულუფებით კვება;
- ყოველი კვების შემდეგ ორსულმა პირში უნდა გამოივლოს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი (აუცილებლად სტომატოლოგის რეკომენდაციით შერჩეული);
- დაუშვებელია, ორსული ეწეოდეს. მეტიც - იმ ოთახშიც კი არ შეიძლება გაჩერება, სადაც ეწევიან;
- ორსულმა თავი უნდა არიდოს სტრესულ სიტუაციებს. გარშემო მყოფებმა მას მშვიდი, სასიამოვნო ატმოსფერო უნდა შეუქმნან.
პირველი თვე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის შემდგომი განვითარებისთვის. თუ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედზე გავლენა მოახდინა განსაკუთრებით არასასურველმა ფაქტორებმა ან მოხდა უხეში გენეტიკური შეცდომა, ორსულობა წყდება.
ქალები ხშირად ნერვიულობენ, როდესაც ორსულობის ამბავს შეიტყობენ - ვაითუ ორსულობის გამომჟღავნებამდე მიღებულმა ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებმა ან ალკოჰოლმა ჩანასახს ავნოო, მაგრამ პრაქტიკამ ცხადყო, რომ თუ ასეთ დროს ორსულობა ადრეულ ვადაზე (პირველ ორ კვირას) არ შეწყდა, მაშინ იგი ნორმალურად განვითარდება, - იმ პირობით, რომ არასასურველი ფაქტორების ხელახალ ზემოქმედებას გამოვრიცხავთ.
ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ ორსულს აწუხებს:
- ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა არეში (ცალ ან ორივე მხარეს); მუცლის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი გამონადენი გენიტალიებიდან, გულისრევა და ღებინება;
- გამონადენი (სუნიანი ან უსუნო) საშოდან;
- სისხლიანი გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან;
- ტკივილი შარდვის დროს;
- ძლიერი სისუსტე, თავბრუხვევა, გულის წასვლისადმი მიდრეკილება;
- შემცივნება, ტემპერატურის მატება;
- გულისრევა და ღებინება (დღეში 2-3 ჯერზე მეტად).
II თვე
ორსულობის მეორე თვეს ნაყოფის ყველა ორგანო, განსაკუთრებით კი თავის ტვინი, აქტიურად ვითარდება. თავი სხეულის მესამედს შეადგენს. ბავშვს გული უკვე უცემს. სახე არ უჩანს, მაგრამ გასქელებული აქვს ის ადგილები, სადაც მომავალში თვალები და ყურები უნდა ჩამოყალიბდეს. მე-2 თვის ბოლოს ექოსკოპიაზე ჩანს ხელები და ფეხები, რომლებზეც ზრდას იწყებს თითები. იწყება სასქესო ორგანოებისა და ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაც. 8 კვირის ასაკში ბავშვი 2,5 სმ სიგრძისაა.
ორსულს უჩნდება ახალი შეგრძნებები, რომლებიც უფრო აშკარად მიუთითებს ორსულობაზე: ზოგიერთი საკვებისადმი ლტოლვა; თავის პერიოდული ტკივილი; თავბრუხვევის პერიოდული შეგრძნება; კუჭის მოქმედების პრობლემები. შესაძლოა, თეძოებთან ტანსაცმელიც დაუვიწროვდეს. მოსალოდნელია ემოციური ცვლილებებიც: გაღიზიანებადობა, არასტაბილური განწყობა, ტირილისადმი მიდრეკილება, გულჩვილობა, შფოთვა.
ორსული გარეგნულადაც იცვლება. მკერდსა და მუცელზე შესამჩნევი ხდება ვენები - სისხლძარღვები მზარდი ნაყოფის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ფართოვდება. თეძოებზე შესაძლოა გაჩნდეს წვრილი მოწითალო კლაკნილი ხაზები. ეს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებია, რომლებიც მშობიარობის შემდეგ გაქრება.
ორსულებში საკმაოდ ხშირია ვენების ვარიკოზი. ვენური სისტემის სისუსტე ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ქალებში პირველად სწორედ ორსულობის მეორე თვეს გამოვლინდება. ყველაზე მეტად ზიანდება ქვედა კიდურებისა და გარეთა გენიტალიების ვენები. ამის მიზეზია: ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობის მატება; ვენათა კედლის კუნთოვანი შრის დასუსტება, რასაც ჰორმონები განაპირობებს. ასეთ დროს ორსულს აწუხებს ტკივილი გაფართოებული ვენის არეში, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში. კარგად ჩანს გაფართოებული და გასქელებული ვენები.
ვარიკოზული ცვლილებების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ორსული გაითვალისწინებს შემდეგ რჩევებს:
არ შეიძლება წონის ზედმეტად მომატება. არ შეიძლება ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა. ჯდომისას დაძაბულობის მოსახსნელად ფეხები მენჯ-ბარძაყის დონეზე უნდა იყოს აწეული. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დასვენებისას რეკომენდებულია გვერდზე წოლა, ტერფების ან მუხლების ქვეშ ბალიშის ამოდება. არ შეიძლება დიდხანს ფეხიფეხგადადებული ჯდომა. არ შეიძლება სიმძიმეების აწევა. რეკომენდებულია სპეციალური კოლჰოტების ტარება, რომლებიც ამაგრებს ფეხის კუნთოვან ტონუსს, ამცირებს შეშუპებას, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას და ამის კვალობაზე - გულის დატვირთვასაც. კოლჰოტები ორსულმა უნდა ჩაიცვას დილით, საწოლიდან წამოდგომამდე. არ შეიძლება ვიწრო, მეტისმეტად მოჭერილი ტანსაცმლის ტარება (განსაკუთრებით - ისეთი წინდებისა, რომელთა ზედა ნაწილი ელასტიკურია). ფეხსაცმელი უნდა იყოს კომფორტული. არ შეიძლება მოწევა. რეკომენდებულია მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში, მაგალითად, ყოველდღე 20-30-წუთიანი სწრაფი სიარული. აუცილებელია სათანადო რაოდენობის C ვიტამინის მიღება - მისი წყალობით ვენები ელასტიკურობას ინარჩუნებენ.
ორსულობის დროს ვენების ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებული არ არის. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ოპერაცია მშობიარობის შემდეგ უნდა გაკეთდეს. მაგრამ მშობიარობის შემდეგ, როცა ქალი იბრუნებს ადრინდელ წონას, ვარიკოზული მოვლენები, როგორც წესი, ქრება.
როგორ უნდა მოიქცეს ორსული
0-8 კვირა:
- ჩაიტაროს ორსულობის ტესტი (სასურველია, დილის შარდით).
- მიმართოს გინეკოლოგს გასასინჯად და ექოსკოპიური გამოკვლევისთვის. აუცილებელია იმის დადგენა, რომ ორსულობა ნორმალურად ვითარდება. ორსულობის ადრეულ ვადაზე ვაგინალური ექოსკოპია საშიში არ არის.
- მიიღოს ექიმის კონსულტაცია სწორი კვებისა და ვიტამინების თაობაზე. ორსულობის ადრეულ ვადაზე მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავას მიღება (მინიმუმ 400 მკგ/დღ).
8-12 კვირა
- ჩაიტაროს ყველა აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევა. მნიშვნელოვანია ტოქსოპლაზმის, ციტომეგალოვირუსის, ჰერპესის ვირუსის მიმართ იმუნიტეტის განსაზღვრა - ამ ინფექციებმა შესაძლოა ნაყოფის განვითარებაზე იმოქმედოს.
- 15-16 კვირა
- აუცილებელია ნაყოფის მდგომარეობის, კერძოდ, მისი ძირითადი ორგანოების შენებისა და განვითარების შემოწმება, რადგან ამ დროისთვის ისინი უკვე პრაქტიკულად ფორმირებულია.
- ნაყოფის განვითარების მანკებისა და გენეტიკური დეფექტების გამოსავლენად მოწოდებულია გამოკვლევის შემდეგი მეთოდები:
- სისხლის ანალიზი ალფა-ფეტოპროტეინზე. ეს არის ცილა, რომელსაც გამოიმუშავებს ნაყოფი და გამოიყოფა სანაყოფე წყლებსა და დედის სისხლში. ნაყოფის განვითარების ზოგიერთი მანკის დროს მოსალოდნელია ამ ნივთიერების ოდენობის ცვლილება;
- ექოსკოპიური გამოკვლევა;
- გინეკოლოგის კონსულტაცია. ეს ყველა ორსულისთვის არის აუცილებელი, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც გადატანილი აქვს თვითნებური აბორტი, მკურნალობდა უშვილობაზე ან 30 წელს არის გადაცილებული.
III თვე
იკვეთება პატარას სახე. ჩნდება ტერფები და მტევნები. მესამე თვის ბოლოს უკვე ფორმირებულია სისხლძარღვოვანი და შარდის გამომყოფი სისტემები. სხვა სისტემები და ორგანოები განვითარებას განაგრძობენ. კუჭი და ნაწლავები უკვე ჩამოყალიბებულია, ღვიძლი იწყებს ნაღვლის გამომუშავებას, ფორმირდება სასუნთქი აპარატი. გულს უკვე 4 კამერა აქვს, ტვინს - ღარები და ხვეულები. ხრტილოვანი ქსოვილი ნაწილობრივ ძვლოვანით იცვლება. ბავშვი უკვე ამოძრავებს კიდურებს, თუმცა დედა ამას ვერ გრძნობს. გენიტალიები უკვე განვითარებულია, მაგრამ ბავშვის სქესის განსაზღვრა ექოსკოპიური კვლევით ჯერ კიდევ ძნელია. ნაყოფი 10 სმ სიგრძისაა.
ამ პერიოდში მომავალი დედის შეგრძნებები ძალიან ჰგავს წინა თვისას, თუმცა ხშირდება თავის ტკივილი, რომლის მიზეზიც უმეტესად ჰორმონული ცვლილებებია. ორსულობის პერიოდში წამლების მიღება არ არის რეკომენდებული, ამიტომ ტკივილს მაპროვოცირებელი ფაქტორის მოხსნის გზით, დაღლილობის, დაძაბულობის, შიმშილის, ფიზიკური და ემოციური სტრესის მინიმუმამდე შემცირებით უნდა ვებრძოლოთ. კარგია მოდუნება: წყნარი მუსიკის მოსმენა, საინტერესო წიგნის კითხვა, სეირნობა. ორსული უნდა ერიდოს ჩაფუთვნას, ჩახუთულ ოთახში ყოფნას, ხმაურსა და ხალხმრავლობას. კარგია კონტრასტული კომპრესებიც: ცხელისა და ცივის მონაცვლეობა 10 წუთის განმავლობაში 30-წამიანი შუალედებით. თუ თავის ტკივილის მიზეზი ნერვული დაძაბულობაა, შეიძლება კეფაზე 20 წუთით ყინულის დადება, თვალების დახუჭვა და მოდუნება.
თუ თავის ტკივილი რამდენიმე საათია გრძელდება და თან ახლავს ტემპერატურის მატება, მხედველობის მოშლა, ხელ-ფეხის შეშუპება, არტერიული წნევის მატება, - ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
ამავე პერიოდში საკმაოდ გავრცელებული ჩივილია ნაწლავების პერისტალტიკის (კუჭის მოქმედების) მოშლა. ორსულობის დროს განსაზღვრული ჰორმონების მატების გამო ნაწლავების კუნთოვანი შრე დუნდება, ნელდება მასში საკვების გადაადგილება და შეწოვა. ამავე დროს გადიდებული საშვილოსნო აწვება მსხვილ ნაწლავს, ცვლის მის მოძრაობით აქტიურობას, რის შედეგადაც ვითარდება ყაბზობა (შეკრულობა).
რამდენიმე რჩევა, რომლებიც ორსულს შეკრულობისგან თავის დაღწევაში დაეხმარება:
- უნდა გაიზარდოს რაციონში უჯრედისით მდიდარი (უმი ან ორთქლზე მომზადებული, შეძლებისდაგვარად, გაუფცქვნელი) ხილისა და ბოსტნეულის წილი;
- რაციონი უნდა გამდიდრდეს შემდეგი პროდუქტებით: ცეხვილი პურით, ხმელი ხილით (ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი, გარგარის ჩირი). თუ დაორსულებამდე ქალი უჯრედისს სათანადო რაოდენობით არ მოიხმარდა, რაციონში ის თანდათანობით უნდა შეიტანოს, რათა თავიდან აიცილოს მუცლის შებერვა და დისკომფორტი. ამავე მიზეზით კვება საჭიროა დღეში 5-6-ჯერ, ზომიერი ულუფებით.
- თუ დიეტით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, რეკომენდებულია ცოტაოდენი ქატოს მიღება (მაქსიმუმ ორი სუფრის კოვზისა, რადგან ქატოს შეუძლია, მიიკრას საკვებიდან ბევრი სასარგებლო ნივთიერება). რეკომენდებულია სითხის ოდენობის გაზრდაც. წყალი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას. შეიძლება ლიმონიანი (მაგრამ უშაქრო) წყალი, შავი ქლიავის ჩირის ნახარში.
- შეკრულობასთან ბრძოლის მესამე ხერხია ფიზიკური დატვირთვა. მოძრაობას დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავის ნორმალური ფუნქციობისთვის. კარგია დღის განმავლობაში 30-წუთიანი სწრაფი სიარული ან ორსულთათვის განკუთვნილი მსუბუქი ვარჯიშების შესრულება.
- პერისტალტიკის დარღვევის დროს საკმაოდ ხშირია მუცლის შებერვა, რაც ნაწლავებში აირების ჭარბ წარმოქმნას უკავშირდება. ნაყოფს, რომელიც გარეგანი მავნე ზემოქმედებისგან გარსით არის დაცული, აირთა სიჭარბე არ აწუხებს, მაგრამ როცა აირთა დაგროვება დედას უშლის, იკვებოს სწორად და რეგულარულად, მაშინ ეს ნაყოფისთვისაც მნიშვნელოვანი ხდება.
- საჭიროა ნაწლავების ყოველდღიური დაცლა, მცირე ულუფებით ჭამა (კუჭისა და ნაწლავების გადავსება მუცლის შებერვას უწყობს ხელს), საკვების მიღება მშვიდად და აუჩქარებლად. როცა ჭამის დროს ქალი დაძაბულია, საკვებთან ერთად კუჭში ხვდება ჰაერიც, რაც ასევე აირთა ჭარბი წარმოქმნის მიზეზად იქცევა.
- აირწარმოქმნის პროცესს აძლიერებს: ხახვი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, შემწვარი პროდუქტები, ტკბილეული, ლობიო. ეს საკვები დროებით უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.
ინტიმური ცხოვრება
სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება რეკომენდებულია ორსულობის პირველ ორ და ბოლო ორ თვეს. დანარჩენ დროს, თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს (რასაც გამოკვლევებით დავადგენთ), სქესობრივი ურთიერთობა ნებადართულია.