IV თვე
ორსულობის მე-4 თვეს ნაყოფს უყალიბდება კუნთები და სახსრები, ის უფრო და უფრო აქტიურად მოძრაობს და ბოლოს და ბოლოს დედაც შეიგრძნობს ბავშვის განძრევას. თუმცა, ჩვეულებრივ, ეს შედარებით გვიან - მე-18-22-ე კვირას ხდება. ამ დროისთვის პლაცენტა უკვე მზად არის ნაყოფის ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ბავშვიც იზრდება და იზრდება. ახლა ტანი თავზე უფრო სწრაფად ვითარდება, ხელის თითები და ფეხები ბოლომდე ჩამოყალიბებულია, მეტიც - თითებს უკვე შეძენილი აქვს თავისი უნიკალური, დამახასიათებელი ანაბეჭდი. თუმცა კანი ჯერ მეტისმეტად თხელია, კანქვეშა ცხიმი არ არსებობს. პატარას უკვე აქვს წოვისა და ყლაპვის რეფლექსი, მას თითის წოვა შეუძლია. მე-16 კვირის ბოლოს ნაყოფი დაახლოებით 15 სმ სიგრძისაა.
ამ პერიოდში ორსული უჩივის:

  • სისუსტეს;
  • მოშარდვის ხშირ სურვილს;
  • შეკრულობას;
  • ბოყინსა და მუცლის შებერვას;
  • პერიოდულ თავის ტკივილს;
  • პერიოდულ თავბრუხვევასა და სისუსტეს, განსაკუთრებით - პოზის მკვეთრი შეცვლისას;
  • ცხვირიდან მცირე გამონადენს;
  • კბილების ხეხვის დროს ღრძილებიდან უმნიშვნელო სისხლდენას;
  • მადის გაძლიერებას;
  • ტერფების, წვივ-ტერფის სახსრისა და სახის პერიოდულ ოფლიანობას;
  • ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას და/ან ჰემოროეს;
  • წვივის კუნთების კრუნჩხვას;
  • მუცელსა და სახეზე პიგმენტაციის გაძლიერებას;
  • თეთრი ფერის მცირე გამონადენს საშოდან.

თანდათან სუსტდება და ქრება გულისრევა. ღებინება ამ პერიოდში ძალიან ცოტა ორსულს აწუხებს.
სარძევე ჯირკვლები კვლავ იზრდება, მაგრამ ამ დროისთვის ნაკლებად მგრძნობიარეა.
მე-4 თვის დასასრულს განმეორებით მშობიარემ ან გამხდარმა ორსულმა შესაძლოა ნაყოფის მოძრაობა იგრძნოს. მე-20 კვირიდან მოძრაობას გრძნობს თითქმის ყველა ორსული.
ორსულობის მეორე ტრიმესტრში საშვილოსნო სცდება მცირე მენჯის საზღვრებს და მუცლის ღრუში გადის. მე-20 კვირისთვის საშვილოსნოს ფსკერი ჭიპის დონეზეა. საშვილოსნოს ასეთი გაზრდა იწვევს მისი იოგოვანი აპარატის გაწელვას, რასაც ორსულები მუცლის ქვედა ნაწილში დაჭიმვის, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნებად აღიქვამენ.
კვლავ შეინიშნება ემოციური ცვლილებები: არასტაბილური განწყობა, გაფანტულობა და გულმავიწყობა, სიხარული ნაყოფის მოძრაობის გამო. მეორე ტრიმესტრის ბოლოს, როცა ორსული გააანალიზებს, რომ მშობიარობა კარსაა მომდგარი, შესაძლოა ერთგვარი შიში დაეუფლოს. ამ პერიოდში შესაძლოა განვითარდეს უფრო სერიოზული და სპეციფიკური ფსიქოლოგიური პრობლემებიც.
ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით აუცილებელია გინეკოლოგთან ხშირი ვიზიტი.
აუცილებელია არტერიული წნევის მკაცრი კონტროლი, განსაკუთრებით მაშინ, თუ გეგმური გასინჯვების დროს ორსულს არასტაბილური წნევა ჰქონდა. აუცილებელია წონის მკაცრი კონტროლი. წონის სწრაფი მატება (კვირაში 1,5 კგ-ზე მეტი მეორე ტრიმესტრში ან კვირაში 1 კგ-ზე მეტი მესამე ტრიმესტრში) და გამოხატული შეშუპება ორგანიზმში სითხის შეკავებაზე მიუთითებს.

გარეგანი ცვლილებები
ორსულობას თან სდევს კანისა და თმის სპეციფიკური ცვლილებები. კანზე შესაძლოა გაჩნდეს ჰიპერპიგმენტური ან ჰიპოპიგმენტური ლაქები, თმა გახდეს მტვრევადი, ღრძილები გასქელდეს. მოსალოდნელია სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან. ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში სახლში დაანოტივეთ ჰაერი.
ყველა ჩამოთვლილი მოვლენა დაკავშირებულია ორსულის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ქალის ჰორმონის არსებობასთან, ასევე - ლორწოვან გარსში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებასთან. სასარგებლოა C ვიტამინის მიღება, რადგან იგი ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

ნაყოფის მოძრაობა

ემბრიონი სპონტანურ მოძრაობას მუცლადყოფნის მე-7 კვირას იწყებს, მაგრამ მომავალი დედა ამას გაცილებით გვიან შეიგრძნობს. ვადა ინდივიდუალურია - მე-14-დან 26-ე კვირამდე, უმეტესად - მე-18-22-ე კვირა. ამასთანავე, პირველმშობიარენი ბავშვის მოძრაობას უმეტესად მე-20 კვირიდან გრძნობენ, ხოლო განმეორებით მშობიარენი - მე-18-დან.

სქესობრივი ცხოვრება

ორსული და მისი მეუღლე ამ საკითხს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. ორსულობის ამ პერიოდში სქესობრივი კავშირი უმეტესად უსაფრთხოა (მთავარია, კონტაქტი არ იყოს მეტისმეტად ხშირი, თანაც გასათვალისწინებელია პოზა - ყველაზე მოხერხებულია გვერდზე წოლა), მაგრამ ზოგიერთს ამ პერიოდში სქესობრივი ურთიერთობა საფრთხეს უქმნის, ამიტომ ორსულმა აუცილებლად უნდა ჰკითხოს თავის გინეკოლოგს, უსაფრთხოა თუ არა მისთვის სქესობრივი ცხოვრება.
სქესობრივი კონტაქტი საშიშია, როცა:

  • ქალს აქვს სასქესო ორგანოებიდან სისხლიანი გამონადენი;
  • ქალი დაორსულებამდე უშვილობის გამო მკურნალობდა;
  • არსებობს მუცლის მოშლის საშიშროება;
  • ქალს ერთხელ მაინც მოეშალა მუცელი;
  • შეიმჩნევა ნაადრევი მშობიარობის მომასწავებელი ნიშნები ან წინა ორსულობა ნაადრევი მშობიარობით დასრულდა;
  • პლაცენტა მდებარეობს დაბლა ან წინ;
  • არსებობს ეჭვი, რომ ქმარს აქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (ჰერპესი, ქლამიდია და სხვა);
  • ორსულობა მრავალნაყოფიანია.

ძილის პოზა
ორსულებს აინტერესებთ, როგორ პოზაშია მიზანშეწონილი ძილი.
მუცელზე წოლა მოუხერხებელიც არის და საზიანოც. ზურგზე წოლა მოხერხებულია, მაგრამ მოსალოდნელია, საშვილოსნო დააწვეს ქვედა ღრუ ვენას, რაც გამოიწვევს წელის ტკივილს, გააუარესებს საჭმლის მონელებას, სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას, დააქვეითებს წნევას.
ყველაზე მოხერხებული და უსაფრთხოა გვერდზე (სასურველია, მარცხენა გვერდზე) წოლა ერთი მოხრილი ფეხით და ფეხებს შორის ამოდებული ბალიშით. ასეთი მდებარეობა ხელს უწყობს პლაცენტაში სისხლის მაქსიმალურ მიდენას და აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას.

ნაყოფის მოძრაობითი აქტიურობა
ნაყოფი ცოცხალი ადამიანია, - ისეთივე, როგორიც თითოეული ჩვენგანი, თავისი ხასიათითა და ტემპერამენტით. მისი მოძრაობა ხშირად დედის მოძრაობაზეა დამოკიდებული. თუ ორსული მთელი დღე დადის ან ასრულებს ერთგვაროვან მოძრაობებს, ბავშვს ჩასთვლემს და ნაკლებად იაქტიურებს. როცა ქალი ისვენებს, ნაყოფი უფრო აქტიურად მოძრაობს. საყურადღებოა ისიც, რომ დასვენების დროს ორსული ნაკლებად არის დაკავებული საქმით და უფრო მეტად ამჩნევს ბავშვის აქტიურობას.
თავდაპირველად ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება სუსტი და იშვიათია, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო შესამჩნევი და ინტენსიური ხდება. ნაყოფი ყველაზე მეტად აქტიურობს მუცლადყოფნის 24-28-ე კვირას, მაგრამ ამ პერიოდში მისი მოძრაობა თავისებურია და ხანმოკლე. მოძრაობითი აქტიურობა უფრო ორგანიზებული და მუდმივი ხდება ორსულობის 28-32-ე კვირას. 32-ე კვირიდან, განსაკუთრებით კი მშობიარობის მომენტისთვის, მოძრაობის შეგრძნება თანდათან სუსტდება.
ექიმი ორსულს 28-ე კვირიდან ურჩევს, დაითვალოს ნაყოფის მოძრაობა დღეში ორჯერ: დილით, როცა ნაყოფი ნაკლებად აქტიურია და საღამოს - უფრო აქტიური მოძრაობის დროს. ნორმად მიღებულია საშუალოდ 10 დარტყმა საათში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნაყოფს შეიძლება ეძინოს, მაგალითად, 3 საათი და ამ დროს თითქმის არ მოძრაობდეს. თუ დედამ 12 საათის განმავლობაში ვერ იგრძნო ნაყოფის მოძრაობა, აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს. მეტისმეტად აქტიური და მტკივნეული მოძრაობაც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც არ არის რიგზე. გინეკოლოგთან ვიზიტი ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.

წვივის კუნთების კრუნჩხვა
ბევრი ორსული წვივის კუნთების კრუნჩხვას უჩივის. მედიცინაში ამას კრამპი ეწოდება. იგი გამოწვეულია ქვედა კიდურებზე ჭარბი წონის ზეწოლით, სისხლის შედედების უნარის მომატებით, დედის ორგანიზმში ფოსფორის სიჭარბითა და კალციუმის კლებით. კრუნჩხვის შესამსუბუქებლად მიზანშეწონილია კალციუმის ტაბლეტების მიღება, ელასტიკური კოლჰოტის ტარება, ხშირი დასვენება, წოლისას და ჯდომისას ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობა, სიარული, მსუბუქი მასაჟი. თუ კუნთების ტკივილმა და კრუნჩხვამ მუდმივი ხასიათი მიიღო, აუცილებელია ექიმთან მისვლა - გამორიცხული არ არის ვენების ანთება, რომელიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს.
სიმპტომები, რომელთა შემჩნევისას ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

  • გამოხატული ტკივილი (მეტადრე - მოჭერითი ხასიათისა) მუცლის ქვედა არეში;
  • გამოხატული ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
  • სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
  • წყლისებური გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
  • წყურვილის გაძლიერება, რასაც თან ახლავს შარდვის გახშირება;
  • ზედა და ქვედა კიდურების ან სახის შეშუპება;
  • ძლიერი ან 2-3 საათზე ხანგრძლივი თავის ტკივილი;
  • მხედველობის დარღვევა (ნისლი ან შავი წერტილები თვალწინ, საგნების გაორება);
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • გამოხატული გულისრევა, ღებინება, ღებინების შერწყმა მუცლის ტკივილთან ან ცხელებასთან;
  • წონის უცაბედი მომატება 1 კილოგრამით და მეტით;
  • ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ ნაყოფის მოძრაობის შეწყვეტა 12 საათით და მეტი ხნით;
  • კანის ქავილი სიყვითლით ან მის გარეშე, შარდის გამუქებით, განავლის გაუფერულებით.


უსაფრთხოების ღვედის სწორად გაკეთება

მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მინიმალური დისკომფორტის მიზნით ორსულმა ღვედი უნდა გადმოიტაროს მხარზე, გულმკერდის ყაფაზის დიაგონალურად, ისე, რომ მან სარძევე ჯირკვლებს შორის გაიაროს. ღვედის მეორე ნაწილი მუცლის ქვეშ უნდა დამაგრდეს.

V თვე
ორსულობის V თვეს ბავშვი აქტიურია და დედა კარგად გრძნობს მის მოძრაობას. პატარას უკვე უმუშავებს თირკმელები და შარდი სანაყოფე სითხეში გამოიყოფა. მუშაობას იწყებენ ცხიმოვანი ჯირკვლებიც. ბავშვს სხეულს უფარავს ფაფუკი ღინღლი, რომელიც დაცულია სქელი საცხით. თავზე ამოსვლას იწყებს თმა. ჩნდება მოთეთრო ფერის წარბები და წამწამები. პატარა ამ დროისთვის 20-25 სმ სიგრძისაა.
ამ თვეში ექიმთან საკონტროლო ვიზიტის დროს, ორსულობის მიმდინარეობის შესაბამისად, ტარდება შემდეგი გამოკვლევები:

  • არტერიული წნევის განსაზღვრა;
  • შარდის ანალიზი შაქრისა და ცილის შემცველობაზე;
  • ნაყოფის გულისცემის შემოწმება;
  • საშვილოსნოს ფორმის განსაზღვრა გარეგანი დაკვირვებით;
  • საშვილოსნოს სიგრძის დადგენა;
  • კიდურების შემოწმება შეშუპებისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამოსავლენად;
  • ორსულის ნებისმიერი სიმპტომის გაანალიზება.


რას გრძნობს ორსული

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ერთდროულად, ასევე მონაცვლეობით გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუმცა არც სხვა სიმპტომების არსებობაა გამორიცხული.

ფიზიკური სიმპტომები:

  • ნაყოფის მოძრაობა;
  • საშოდან გამონადენის მომატება;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • შეკრულობა;
  • გულძმარვა, ნაწლავების ფუნქციის დარღვევა, მეტეორიზმი;
  • პერიოდული თავის ტკივილი, გულის წასვლა, თავბრუხვევა;
  • სურდო და ცხვირიდან სისხლდენა, ყურების დაგუბება;
  • კოჭებისა და ტერფების, ზოგჯერ ხელებისა და სახის მსუბუქი შეშუპება;
  • წვივის ან ანალური ხვრელის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ზურგის ტკივილი;
  • მუცელზე ან/და სახეზე კანის პიგმენტაციის შეცვლა;
  • მადის მომატება;
  • წვივის კუნთების კრუნჩხვა.

ემოციური მდგომარეობა:

  • ქალი ბოლომდე აცნობიერებს, რომ ორსულადაა;
  • გუნება-განწყობის ცვალებადობა წინა თვეებთან შედარებით გაცილებით იშვიათია, მაგრამ გაღიზიანებადობისა და გაფანტულობის შეტევები კვლავ მოსალოდნელია.


VI თვე

პატარა ჯერ კიდევ მეტისმეტად გამხდარია, მაგრამ ძალზე ენერგიულად მოძრაობს. ცხადია, არა გამუდმებით - ზოგჯერ სძინავს. ადვილი შესაძლებელია, პატარას ეძინოს, დედა კი ფხიზლად იყოს.
ამ პერიოდში ბავშვს უკვე შეუძლია სლოკინი და დახველება, ესმის ხმები, მკვეთრ ბგერებზე კრთება. მიმიკაც უჩნდება: პაწია თვალებს ჭუტავს და კოპებს კრავს. მას უკვე ყველა შინაგანი ორგანო აქვს, მაგრამ დედის სხეულის გარეთ სიცოცხლისთვის მზად არ არის, რადგან ორგანოები ბოლომდე ჯერ არ მომწიფებულა. ბავშვი ამ დროისთვის 30-32 სმ სიგრძისაა და დაახლოებით 900-1000 გ-ს იწონის.
ორსულობის მეორე ტრიმესტრში დედამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ვიტამინები და მინერალური მარილები. ეს საჭიროა თავად დედისთვის, უფრო მეტად კი ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. ქალს, რომელსაც აქვს რეზუსკონფლიქტის პრობლემა, ამ პერიოდში (კერძოდ, 28-ე კვირას) შესაძლოა დასჭირდეს სპეციალური პრეპარატების შეყვანა ნაყოფისა და დედის ორგანიზმებს შორის კონფლიქტის შესამცირებლად.
ამ თვეში ორსულის მდგომარეობის გათვალისწინებით ტარდება შემდეგი გამოკვლევები:

  • წონისა და არტერიული წნევის განსაზღვრა;
  • შარდის ანალიზი შაქრის და ცილის შემცველობაზე;
  • ნაყოფის გულის მუშაობის განსაზღვრა;
  • გარეგანი გასინჯვით საშვილოსნოს ზომისა და ნაყოფის მდებარეობის განსაზღვრა;
  • საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის განსაზღვრა;
  • კიდურების დათვალიერება შეშუპების ან ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამოსარიცხად;
  • ორსულის ჩივილების (გასაკუთრებით - არატიპურის) გაანალიზება.

რას გრძნობს ორსული
ორსული შესაძლოა შეაწუხოს ყველა ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილმა სიმპტომმა. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მთელი ორსულობის განმავლობაში გაგრძელდეს, ზოგიერთი პერიოდულად გამოვლინდეს. ზოგიერთი ორსული ამ სიმპტომებს თითქმის ვერ ამჩნევს, რადგან ეჩვევა.

ქვემოთ ჩამოთვლილთა გარდა შესაძლოა განვითარდეს სხვა, უფრო იშვიათი სიმპტომებიც.

ფიზიკური სიმპტომები

  • ნაყოფის აქტიურობის უკეთ შეგრძნება;
  • საშოდან გამონადენი;
  • მუცლის ქვედა არის ტკივილი, რომელსაც იწვევს საშვილონოს დამჭერი იოგის დაჭიმვა;
  • შეკრულობა;
  • გულძმარვა, ნაწლავთა ფუნქციის დარღვევა, მეტეორიზმი;
  • პერიოდული თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუხვევა;
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია (სიწითლე) ან ცხვირიდან პერიოდული სისხლდენა;
  • ყურების დაგუბება;
  • ქვედა კიდურების ან/და ანალური ხვრელის არეში ვენების გაგანიერება, მუცლის კანის ქავილი;
  • ღრძილებიდან სისხლდენა;
  • მადის მომატება;
  • ზურგის ტკივილი;
  • მუცლის და/ან სახის კანის პიგმენტაცია;
  • სარძევე ჯირკვლების ზრდა;
  • ფეხის კუნთების კრუნჩხვა.

ემოციური მდგომარეობა:

  • იშვიათია განწყობის ცვალებადობა;
  • შეინიშნება გონებაგაფანტულობა;
  • ქალი მომავალი მშობიარობის გამო შფოთავს.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია