სიმპტომები და მიმდინარეობა
პანოფთალმიტს ახასიათებს თვალისა და თავის ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მატება, კონიუნქტივის შეშუპება (ქემოზი), თვალის კაკლის წინ წამოწევა (ეგზოფთალმი), მკვეთრი ჰიპერემია, ქუთუთოების შეშუპება. თვალის წინა კამერაში არის ჩირქი და ნეკროზული ქსოვილის ნაწილები, მინისებურ სხეულში კი ჩირქოვანი ექსუდატი. ავადმყოფს მხედველობა სწრაფად და მნიშვნელოვნად უქვეითდება.
მკურნალობა
დაავადების ადრეულ სტადიაში ამოცნობისა და დროული აქტიური მკურნალობის შემთხვევაში ხერხდება თვალისა და ნარჩენი მხედველობის შენარჩუნება. ვიდრე ჩირქი ჯერ კიდევ თვალის წინა კამერაშია, ავადმყოფს ადებენ სველ მადეზინფიცირებელ კომპრესს (დღეში რამდენჯერმე). ინიშნება ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები. თუ პროცესი შორს არის წასული, საჭირო ხდება თვალის კაკლის ამორთვა (ევისცერაცია).