ბაღის პიტნა ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლიანი, ძირიდანვე დატოტვილღეროიანი და ფესვურიანი მცენარეა. ფესვურიდან მიწისპირიდანვე დატოტვილი ოთხწახნაგოვანი რამდენიმე ღერო იზრდება. ღეროები მოიისფრო შეფერვისაა, ტოტებიც და ფოთლებიც ერთიმეორის პირისპირაა განლაგებული. ღეროს ქვედა ნაწილის ფოთლები ზედასთან შედარებით უფრო გრძელყუნწიანია. ფოთლის ფირფიტა წაგრძელებულკვერცხისებრია, ბოლოწვეტიანი, გულისებრი ფუძითა და კიდეებში ხერხისებრი კბილებით, ზემოდან მუქი, ქვემოდან კი უფრო მკრთალ მწვანე ფერის, ფოთლის საშუალო სიგრძე 3-6 (8), ხოლო სიგანე კი 1,5-2 (3) სმ ფარგლებში მერყეობს. მოწითალო ყვავილები ცრუ რგოლებადაა შეკრებილი კენწეროსა და ტოტების დაბოლოებებზე არსებულ თავთავისებრ ყვავილედებში. თანაყვავილედები ჯაგრისებურია, ყვავის ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე; ნაყოფები ვითარდება ძალიან იშვიათად. საქართველოში ფართოდ კულტივირებული მცენარეა, ზოგან გაველურებულიც გვხვდება.
მთელი მცენარე ეთერზეთებს შეიცავს. ფოთლებში იგი 2,7 პროცენტამდეა, ყვავილედებში კი - 6 პროცენტამდე, ეთერზეთი გამოიყენება კვების მრეწველობის მრავალ დარგში სასმელების, ლიქიორის და საკონდიტრო ნაწარმის არომატიზირებისათვის.
მედიცინაში პიტნისაგან მიღებული მენთოლი ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენება გარეგანი ხმარებით, აგრეთვე შაკიკის, კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად გამოიყენება სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტის და ბრონქოექტაზიის დროს.
მენთოლის მიღება რეკომენდებულია სტენოკარდიის, კუჭის ტკივილის დროს, მას ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი სპაზმოლიტური და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. იწვევს კორონალური ძარღვების რეფლექსურ გაგანიერებას.
პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულისრევის და პირღებინების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
ხალხი სამკურნალოდ გამოყენებისას პიტნის სახეობების გარჩევას არ აწარმოებს. ბაღის პიტნის გარდა სამკურნალოდ ხმარობენ და ზოგჯერ უპირატესობასაც აძლევენ ველურად მოზარდ პიტნის სხვა სახეობებსაც: ტენცო, ტყის პიტნა, ომბალო.
ბაღის პიტნა უპირატესად კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის (მწავე გულძმარვისა და ბოყინის) დროს გამოიყენება, იმ შემთხვევაში, თუ მას კუჭის შეკრულობა არ ერთვის თან. ასეთ დროს შემდეგ ნარევს იყენებენ: ბაღის პიტნის ფოთოლი 15 გ. წყლის სამყურა 2 გ. ფარსმანდუკის ყვავილები 15 გ. კამის თესლი 15 გ. კრაზანა 30 გ. ამ ნარევის 2 სუფრის კოვზს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და 2 საათის განმავლობაში თბილ ღუმელში დგამენ, ფილტრავენ და ერთი დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპობით სვამენ. ამავე ნარევს იყენებენ სხვა სახის გასტრიტების დროსაც.
კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას, კუჭშეკრულობის თანდართვით, შემდეგ ნარევს იყენებენ: ბერულა - 15 გ. ფასმანდუკის ყვავილები 20 გ. კრაზანა 30 გ. ბაღის პიტნა 20 გ. გვირილის ყვავილები 10 გ. მატიტელა 15 გ. კამის თესლი 10 გ. კვლიავის თესლი 10 გ. სვიის გირჩაკები 5 გ. ხეჭრელის ქერქი 20 გ. კატაბალახას ფესვები 10 გ. ამ ნარევის 4 სუფრის კოვზს (თითოეული კოვზი თავდადგმით სავსე) ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს და მთელი ღამე თბილ ღუმელში დებენ. დილით უზმოზე სვამენ 1 ჭიქას, დანარჩენს კი 4 ჯერზე მთელი დღის განმავლობაში, ყოველი ჭამიდან თითო საათის გასვლის შემდეგ.
მარტო პიტნას გულისა და ფილტვების დაავადებების, განსაკუთრებით ფილტვებიდან სისხლღებინების შემდეგ სამკურნალოდ იყენებენ. პიტნის ფოთოლს უხვსისხლიანი მენსტრუაციისას იყენებენ შემდეგნაირად: 20 გ ფოთოლს 500 გ მდუღარე წყალს ასხამენ, 2 საათს დგამენ და შემდეგ აძლევენ ავადმყოფს დასალევად.
პიტნის წვეთებს აძლევენ კუჭაშლილობის, კუჭნაწლავების სპაზმების, კუჭში ჭრის შეგრძნების და გულისრევის შემთხვევებში.
მენთოლი სისხლძარღვების შევიწროებას ახდენს სურდოს დროს. ამ მიზნით იგი შედის პრეპარატ ბორმენთოლის, პეკტუსინის და ინგაკამფის შემადგენლობაში.
პიტნის ზეთს კბილის პასტასა და ფხვნილს უმატებენ.
შაქრის ნატეხზე დასხმულ 2-4 წვეთს უნიშნავენ კუჭის არეში ტკივილებისას. ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ. გაწურულ და დატკბილულ ნაყენს ყლუპ-ყლუპობით სვამენ ერთი დღის განმავლობაში. ფოთოლის ფხვნილს (იმდენს რასაც დანის წვერი აიღებს) 1-2ჯერ იღებენ დღეში.