ჩასუნთქული მტვრის შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ რამდენიმე სახის პნევმოკონიოზს:
- სილიკოზს - ვითარდება თავისუფალი სილიციუმის ორჟანგის შემცველი საწარმოო მტვრის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად;
- სილიკატოზს - ვითარდება სხვა ელემენტთან (მაგალითად, ალუმინთან, მაგნიუმთან) სილიციუმის ორჟანგის შემცველი საწარმოო მტვრის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად;
- აზბესტოზი - ვითარდება აზბესტის მტვრის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად;
- ტალკოზი - ვითარდება ტალკის (მაგნიუმის სილიკატი) მტვრის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად;
- ანთრაკოზი - ვითარდება ქვანახშირის მტვრის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად;
- სიდეროზი - ვითარდება რკინის მტვრის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად;
- სილიკოანთრაკოზი - ვითარდება სილიციუმის ორჟანგისა და ქვანახშირის მტვრის ნარევის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად;
- ბისინოზი - ვითარდება ბამბის, სელის ან ჯუთის მტვრის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად;
- ბაგასოზი - ვითარდება შაქრის ლერწმის მტვრის ხანგრძლივი ჩაესუნთქვის შედეგად და სხვა.
სიმპტომები და მიმდინარეობა. პნევმოკონიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც თანდათანობით ვითარდება. დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია შრომის პირობებზე (სამუშაო შენობაში ჰაერის დამტვერიანების ხარისხი და შემადგენლობა), თანმხლები დაავადებების (განსაკუთრებით - სასუნთქი ორგანოებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების) არსებობა-არარსებობაზე, ორგანიზმის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
სხვადასხვა სახის პნევმიკონიოზი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, თუმცა საერთო ნიშნებიც აქვთ.
ფიბროზული პროცესის გამოხატულების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ დაავადების რამდენიმე სტადიას. თავდაპირველად შეინიშნება გულმკერდის მიდამოს ტკივილი და მშრალი ხველა. შემდგომ საცნაურდება ფილტვების უკმარისობის ნიშნები, რასაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გულის უკმარისობის ნიშნებიც დაერთოს. არცთუ იშვითად შეიმჩნევა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ცვლილებები (ატროფია ან ჰიპერტოფია), კუჭისა და პანკრეასის ფუნქციათა მოშლა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა.
პნევმოკონიოზი შეიძლება გართულდეს ფილტვების ანთებით, ტუბერკულოზით, ქრონიკული ბრონქიტით, ბრონქოექტაზიური დაავადებით.
დიაგნოსტიკა. დიაგნოზს სვამენ საწარმოო მტვერთან ავადმყოფის კონტაქტის, მტვრის შემადგენლობის, კონკრეტული სამუშაო პირობების, სასუნთქი ორგანოების გადატანილი დაავადებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
მკურნალობა. პნევმოკონიოზის მკურნალობის ძირითადი მეთოდები მიმართულია ფილტვებში მტვრის ნალექის შემცირებისა და მისი გამოდევნისკენ, მტვერის მოქმედებაზე ქსოვილის ალერგიული რეაქციის შეფერხების, ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლების, ფილტვების ვენტილაციის, სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისკენ. ინიშნება სუნთქვითი ვარჯიშები, სამკურნალო დიეტა, ბრონქების სპაზმის მომხსნელი საშუალებები, საგულე საშუალებები, ანტიბაქტერიული პრეპარატები, ჟანგბადით მკურნალობა, ვიტამინოთერაპია, კურორტოთერაპია, ზოგ შემთხვევაში - კორტიკოსტეროიდული ჰორმონები. სილიკოტუბერკულოზის დროს აუცილებელია ტუბდისპანსერში მკურნალობა.
პროფილაქტიკა. პნევმოკონიოზის პროფილატიკა გულისხმობს საწარმოებში ჰაერის დამტვერიანების წინააღმდეგ ბრძოლას.