პოლინევროპათიები ნერვული სისტემის დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომლისთვისაც დამახასიათებელია პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დიფუზური დაზიანება (ტერმინები "პოლინევრიტი" და "პოლინევროპათია" სინონიმებია. "პოლინევრიტი" მოძველებული ტერმინია, ამჟამად იგი აღარ იხმარება და სამედიცინო ლიტერატურაში მხოლოდ ტერმინი "პოლინევროპათია" ფიგურირებს).
პერიფერიულ ნერვებს ქმნიან მამოძრავებელი და მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოები. მათი საშუალებით ცენტრალური ნერვული სისტემიდან კუნთებისკენ მიემართება მოტორული იმპულსები (ისინი განაპირობებენ კუნთის შეკუმშვასა და მოდუნებას ანუ მოძრაობას), ხოლო კუნთებიდან და კანიდან ცენტრალური ნერვული სისტემისკენ - მგრძნობიარე იმპულსები (აღვიქვამთ შეხებას, სითბო-სიცივეს, კიდურებისა და სხეულის მდებარეობას სივრცეში და სხვა).
პოლინევროპათიის დროს ხდება ნერვების დიფუზური დაზიანება. პირველად პროცესში უმეტესად ქვედა კიდურების ნერვები ერთვება, თუმცა შესაძლოა, დაავადება დაიწყოს ზედა კიდურების ან თავის ტვინის ნერვების დაზიანებით (ეს ის ნერვებია, რომლებიც მიმიკური და საყლაპავი კუნთების, ენის მოძრაობას და თავის მიდამოს მგრძნობელობას უზრუნველყოფენ).

მიზეზები.
პოლინევროპათიები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა – მადემიელინიზებელ პოლინევროპათიებად და აქსონოპათიებად. თითოეულ ნერვულ ბოჭკოს გარს აკრავს თავისებური ნივთიერების - მიელინის გარსი, რომელიც ნერვული იმპულსის სწრაფ და იზოლირებულ გატარებას განაპირობებს. განსაზღვრულ ვითარებაში ეს გარსი ირღვევა და ნერვული ბოჭკოები შიშვლდება, რასაც იმპულსის გატარების დარღვევა და კლინიკური სიმპტომოკომპლექსის განვითარება მოსდევს. ეს არის მადემიელინიზებელი პოლინევროპათია. აქსონოპათიების დროს კი თავად ნერვული ბოჭკოები ზიანდება, ხოლო მათი მიელინის გარსი შენარჩუნებულია. აქსონოპათიების კლინიკური გამოვლინებები განსხვავდება მადემიელინიზებელი პოლინევროპათიების კლინიკური სურათისაგან.
პოლინევროპათია შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მწვავე პოლინევროპათიაა გიენ-ბარეს სინდრომი. ეს ძალიან საშიში დაავადებაა, რომელიც გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობას მოითხოვს. მას მწვავე მადემიელინიზებელ პოლირადიკულონევროპათიასაც უწოდებენ (პოლირადიკულონევროპათია ნიშნავს, რომ პერიფერიულ ნერვებთან ერთად დაზიანებულია ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვული ფესვებიც). გიენ-ბარეს სინდრომი ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის არაადეკვატური ფუნქციობის შედეგად. ნორმაში იმუნური სისტემა ებრძვის ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ნივთიერებებს, ბაქტერიებსა თუ ვირუსებს და მათ განადგურებას ცდილობს. ზოგ შემთხვევაში იმუნური სისტემა შეცდომას უშვებს და საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებს უტევს (ამას აუტოიმუნურ რეაქციას უწოდებენ), რაც იწვევს კიდეც დაავადების განვითარებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია გიენ-ბარეს სინდრომი _ იმუნური სისტემა საკუთარი ორგანიზმის ნერვული ბოჭკოების მიელინის გარსის განადგურებას ცდილობს. გიენ-ბარეს სინდრომი შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციამ. დაავადებულთა 60%-ს სინდრომის განვითარებამდე 1-3 კვირით ადრე სასუნთქი გზების ან კუჭ-ნაწლავის ინფექციის სიმპტომები აღენიშნება. გადატანილი ინფექცია წარმოადგენს მაპროვოცირებელ ფაქტორს ზემოთ აღწერილი აუტოიმუნური რეაქციის განვითარებისთვის. ზოგჯერ ამგვარ მაპროვოცირებელ გავლენას ახდენს ვაქცინაცია (აცრა), ქირურგიული ჩარევა, პერიფერიული ნერვების ტრავმა.
პოლინევროპათიების დიდი ჯგუფია პოლინევროპათიები, რომლებიც ვითარდება შინაგანი ორგანოების სხვადასხვა დაავადების დროს. მათ შორის ერთი ყველაზე გავრცელებულთაგანია დიაბეტური პოლინევროპათია. არსით ეს დაავადება აქსონოპათიაა. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ძირითადი გართულებაა. დაავადებულთა 8%-ს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმის დროისთვის უკვე აღენიშნება დიაბეტური ნევროპათიის ესა თუ ის გამოვლინება. დაავადების ხანგრძლივობისა და პაციენტის ასაკის პარალელურად პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ალბათობაც იმატებს. როდესაც შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივობა 20 წელზე მეტია, ნევროპათიის ნიშნები აქვს პაციენტთა ნახევარზე მეტს. შაქრიანი დიაბეტის დროს ნერვული ბოჭკოები ზიანდება როგორც მათი მკვებავი წვრილი სისხლძარღვების დაზიანების (რის გამოც აღნიშნული ბოჭკოების სისხლით მომარაგება ირღვევა (მიკროანგიოპათია)), აგრეთვე ნერვულ ბოჭკოებში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად.
პოლინევროპათიის მეორე გავრცელებული მიზეზია თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. პოლინევროპათია ამ დაავადების მქონეთა ნახევარს აღენიშნება. მედიცინაში მას ურემიულ პოლინევროპათიას უწოდებენ. ურემიული პოლინევროპათიის მიზეზია ნერვულ ბოჭკოებში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა შარდის მავნე ნაერთების (კრეატინინი, შარდოვანა) დაგროვების გამო.
პოლინევროპათიები ხშირია შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებების დროს, _ ისეთებისა, როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიიტი, სისტემური სკლეროდერმია. ხშირია პოლინევროპათიები ავთვისებიანი სიმსივნეების, ინფექციური დაავადებების (დიფტერიის, შიდსის, ბორელიოზის) დროსაც.
პოლინევროპათია ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სამკურნალო პრეპარატების ან ტოქსინის ზემოქმედებით. ტოქსიკური პოლინევროპათიებიდან აღსანიშნავია ალკოჰოლური პოლინევროპათია.
ალკოჰოლური პოლინევროპათია ალკოჰოლის რეგულარული ჭარბი მოხმარებისას ვითარდება და გამოწვეულია როგორც ალკოჰოლის ტოქსიკური მეტაბოლიტების უშუალო ზემოქმედებით, ასევე B1 ვიტამინის (და შესაძლოა, სხვა ვიტამინებისაც) დეფიციტით, რაც ალკოჰოლიზმით დაავადებულთა არასათანადო და ერთგვაროვანი (უპირატესად - ნახშირწყლოვანი) კვებით არის განპირობებული.
არსებობს აგრეთვე მემკვიდრეობით პოლინევროპათიათა საკმაოდ დიდი ჯგუფი.

სიმპტომები.
ავადმყოფი, წესისამებრ, უჩივის ტერფებისა და მტევნების დაბუჟების შეგრძნებას და სისუსტეს. როგორც აღვნიშნეთ, პოლინევროპათიების დროს უმეტესად ქვედა კიდურები ზიანდება. ტერფების მგრძნობელობის მოშლის გამო ავადმყოფს შესაძლოა გაუჭირდეს სიარული ან ჰქონდეს შეგრძნება, რომ მყარ ზედაპირზე კი არა, ბამბაზე დადის. სიბნელეში სიარული შეუძლებელი ხდება. გარდა დაბუჟებისა, კიდურებში შესაძლოა თავი იჩინოს პარესთეზიებმა - უჩვეულო შეგრძნებებმა, რომლებიც გარეშე გამღიზიანებლით არ არის გამოწვეული. მაგალითად, კიდურების გაყინვის ან სიმხურვალის, ღიტინის, ჩხვლეტის ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებამ. თუ დაზიანებულია თავის ტვინის ნერვებიც, შესაძლოა განვითარდეს მიმიკური კუნთების სისუსტე, ღეჭვის, ყლაპვის გაძნელება და სხვა.
მიმდინარეობა პოლინევროპათიის ტიპზეა დამოკიდებული.
გიენ-ბარეს სინდრომი ყველაზე გავრცელებული მწვავე პოლინევროპათიაა. ქალებსა და მამაკაცებში იგი ერთნაირი სიხშირით გვხვდება და ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უფრო ხშირია ხანდაზმულებში. ამ სინდრომის განვითარების მიზეზები ზემოთ ვახსენეთ.
გიენ-ბარეს სინდრომი სწრაფად პროგრესირებს. მისი ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა კიდურების პროგრესირებადი სისუსტე, რომელიც შესაძლოა ავადმყოფის სრული უმოძრაობის მიზეზად იქცეს. თავდაპირველად სისუსტე ვითარდება ტერფებში და თანდათან მიიწევს ზევით - ჩაითრევს ხელებს, ტორსისა და კისრის, მიმიკურ, სასუნთქ კუნთებს. სისუსტე საშუალოდ 7-15 დღის განმავლობაში პროგრესირებს, თუმცა მძიმე შემთხვევებში შესაძლოა, რამდენიმე საათში განვითარდეს ოთხივე კიდურის დამბლა. ამ სინდრომის დროს მგრძნობელობის დარღვევა და პარესთეზიები სისუსტესთან შედარებით ნაკლებად არის გამოხატული. დამახასიათებელია აგრეთვე კიდურების, ზურგის, მხრისა და მენჯის სარტყლის მიდამოების ტკივილი. პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნება გულის რიტმის დარღვევა და არტერიული წნევის მერყეობა.
გიენ-ბარეს სინდრომი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და გადაუდებელ ჰოსპიტლიზაციას საჭიროებს. სათანადო მკურნალობისას სრული აღდგენა ასიდან 70 შემთხვევაში ხდება, თუმცა საკმაო ხანს - 1-2 წელიწადს - მოითხოვს. ასიდან 15-20 შემთხვევაში ზოგიერთ კუნთში რჩება გამოხატული სისუსტე.
დიაბეტური პოლინევროპათია, წესისამებრ, იწყება ტერფებიდან და ძალიან ნელა პროგრესირებს. ძალის დაქვეითება არ აღინიშნება, წამყვანია მგრძნობელობის დარღვევები: დაბუჟება, წვის ან გაყინვის, ჩხვლეტის შეგრძნება და ტკივილი. კანი ხდება ძალიან მგრძნობიარე - ხშირად ავადმყოფი თეთრეულის შეხებასაც კი ვერ იტანს.
შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს პოლინევროპათიის პროგნოზი დამოკიდებულია ამ დაავადებათა მიმდინარეობასა და სხვა ფაქტორებზე, პირველ შემთხვევაში - სისხლში გლუკოზის დონის ადეკვატურ კონტროლზე, მეორეში კი ურემიის კონტროლზე.
ურემიული პოლინევროპათია ქვემწვავედ ვითარდება. მას დიაბეტური პოლინევროპათიის მსგავსი მგრძნობელობის დარღვევები ახასიათებს, რასაც ემატება ოთხივე კიდურის კუნთთა სისუსტე და ატროფია.
ალკოჰოლურ პოლინევროპათიას ახასიათებს ძლიერი მწველი ტკივილი, დაბუჟება და პარესთეზიები ტერფებსა და წვივებში. თანდათანობით (ზოგჯერ _ მწვავედ) ვითარდება წვივის კუნთების მტკივნეული სპაზმები და ტერფის გამშლელების სისუსტე, რაც ტერფების ჩამოკიდებას იწვევს.
ალკოჰოლური პოლინევროპათიის დროს ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა, სრულფასოვანი კვება და სათანადო მკურნალობა ხელს უწყობს სიმპტომების ალაგებას, თუმცა ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და ხშირად არასრულია.

დიაგნოსტიკა.
პოლინევროპათიის დიაგნოზის დასმა შედარებით ადვილია. გაცილებით რთულია მისი მიზეზის დადგენა. მიზეზის დადგენა კი აუცილებელია მკურნალობის ეფექტური წარმართვისათვის. უპირველეს ყოვლისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ხომ არ გადაიტანა პაციენტმა ცოტა ხნის წინ რომელიმე ინფექციური დაავადება, ხომ არ ჰქონია ტოქსინებთან ურთიერთობა, იღებს თუ არა რომელიმე სამკურნალო პრეპარატს და ა.შ. ნევროლოგიური გასინჯვის პროცესში ექიმს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეუძლია.
აუცილებელია სისხლისა და შარდის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები, გულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მუცლის ღრუს ორგანოთა ულტრაბგერითი გამოკვლევა და ა.შ. მნიშვნელოვანია თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევაც.
აუცილებელია ელექტრონეირომიოგრაფიული გამოკვლევა, რომლის მეშვეობითაც დასტურდება პოლინევროპათიის არსებობა, ხდება მისი დიფერენცირება ზურგის ტვინის წინა რქების დაზიანებისა და მიოპათიისგან (ეს კუნთების დაავადებაა). ამ მეთოდით ადგენენ აგრეთვე ნერვების დაზიანების ხარისხს და იმას, თუ რა ტიპის პოლინევროპათიასთან აქვთ საქმე – მადემიელინიზებელთან თუ აქსონოპათიასთან.
პოლინევროპათიების პროფილაქტიკა გულისხმობს ორგანიზმის ზოგად გაკაჟებას, რაც ინფექციური დაავადებების მიმართ გამძლეობას გაზრდის, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ტოქსიკურ ნივთიერებებთან ურთიერთობის თავიდან აცილებას, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში - სათანადო მკურნალობასა და მონიტორინგს.
Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია