- ჟილბერის სინდრომი (ჟილბერის დაავადება) მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ვლინდება სისხლში ბილირუბინის (არაპირდაპირის) დონის მუდმივი ან პერიოდული მატებით, სიყვითლით და ზოგიერთი სხვა სიმპტომით. ეს დარღვევა პირველად 1907 წელს აღწერა ფრანგმა ექიმმა ნ. ჟილბერმა. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება. ხშირად მას არაჰემოლიზურ ოჯახურ სიყვითლესაც უწოდებენ. ჟილბერის სინდრომი არ არის საშიში დაავადება და სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს.
ჟილბერის სინდრომის მიზეზია ღვიძლის ფერმენტ გლუკურონილტრანსფერაზის გენეტიკურად განპირობებული უკმარისობა (ამ დროს ფერმენტის აქტივობა 30%-მდეა შემცირებული). ამ დარღვევას UGT1A1 გენში დამატებითი ნუკლეოტიდების არსებობა განაპირობებს. გლუკურონილტრანსფერაზა ბილირუბინის ცვლაში მონაწილეობს. ბილირუბინი ნაღვლის ძირითადი წითელი პიგმენტია, რომელიც ჰემოგლობინის ცვლის საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს. განასხვავებენ მის ორ ფრაქციას - პირდაპირსა და არაპირდაპირს. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში, ჩვეულებრივ, მხოლოდ თავისუფალი ბილირუბინის აღმოჩენაა შესაძლებელი. ღვიძლში ის გლუკურონის მჟავას უერთდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება პირდაპირი ბილირუბინი. ეს რეაქცია სწორედ ფერმენტ გლუკურონილტრანსფერაზის მონაწილეობით მიმდინარეობს. მისი ნაკლებობის ან არასაკმარისი აქტივობის შემთხვევაში ღვიძლის მიერ ბილირუბინის ჩაჭერის უნარი მცირდება, სისხლში იმატებს არაპირდაპირი (შეუკავშირებელი) ბილირუბინის დონე და ვითარდება სიყვითლე.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ჟილბერის სინდრომის დროს სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის დონის მატება დაბადებიდანვე შეინიშნება, მაგრამ ახალშობილებს სისხლში ბილირუბინის დონე ისედაც აქვთ მომატებული (ფიზიოლოგიური სიყვითლე), ამიტომ დაავადება შედარებით გვიან ხდება თვალსაჩინო. შესაძლოა, 20 წლამდეც ვერ გამოავლინონ.
ჟილბერის სინდრომის სიმპტომები არ არის მუდმივი და ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის (სპორტით დაკავება), სტრესის, შიმშილის, ალკოჰოლის მიღების, ზოგიერთი წამლის მიღების, ასევე - ვირუსული დაავადებების (გრიპის, ვირუსული ჰეპატიტის და სხვა) გადატანის შემდეგ.

ძირითადი სიმპტომები

  • კანის, თვალის სკლერისა და ლორწოვანი გარსის სიყვითლე. ის შეიძლება იყოს მსუბუქიც, ოდნავ შესამჩნევიც და მკვეთრად გამოხატულიც (სისხლში ბილირუბინის დონის ძლიერი მატების დროს). შიმშილის, ოპერაციის, ცხელების, ინფექციის, ფიზიკური გადაძაბვისა და ალკოჰოლის მიღების ფონზე სიყვითლე უფრო ინტენსიურია. ჟილბერის სინდრომის მქონე ადამიანებს ხანგრძლივი შიმშილის ან დაბალკალორიული კვების შემდეგ მაღალი აქვთ სისხლში ბილირუბინის დონე. მაგალითად, იმ ავადმყოფების სისხლში, რომელთა დღიური კალორაჟი 2 დღის განმავლობაში 1260 კჯ-ს (300 კკალ-ს) არ აღემატება, საერთო ბილირუბინის დონე, ძირითადად - არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე, 25 მკმოლ/ლიტრს (1,5მგ%-ს) და მეტსაც კი აღწევს. ასეთი ეფექტი მხოლოდ გლუკურონილტრანსფერაზის აქტივობის დაქვეითებისას შეიმჩნევა - ჰემოლიზის დროს შრატის ბილირუბინის კონცენტრაცია საკვების კალორიულობაზე არ არის დამოკიდებული. ღვიძლის ფუნქციების ბიოქიმიური მაჩვენებლები და მისი მორფოლოგიური სურათი უცვლელია;
  • ადვილად დაღლა და სისუსტე;
  • მარჯვენა ფერდქვეშა არეში დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება.

ზოგიერთ ავადმყოფს ღვიძლის მიერ ბილირუბინის ჩაჭერის უნარის შემცირებასთან ერთად უძლიერდება ჰემოლიზი (სისხლის წითელი ბურთულების - ერითროციტების დაშლა), რის გამოც სისხლში უფრო იმატებს არაპირდაპირი ბილირუბინის ოდენობა.
გლუკურონილტრანსფერაზის აქტივობის დაქვეითება და ღვიძლის მიერ ბილირუბინის ჩაჭერის შესუსტება ორგანიზმიდან მისი გამოდევნის უნარსაც ამცირებს. ამ დროს ხშირად მცირდება ღვიძლის მიერ ნაღვლის მჟავების ჩაჭერისა და ელიმინაციის უნარიც.
წინათ ჟილბერის სინდრომს განიხილავდნენ როგორც მსუბუქ არაპირდაპირ ჰიპერბილირუბინემიას ჰემოლიზის გარეშე, მაგრამ მონიშნულ ბილირუბინსა და ერითროციტებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ არსებობს ამ სინდრომის სულ ცოტა ორი სახესხვაობა. პირველს მიაკუთვნებენ ავადმყოფებს ბილირუბინის დაქვეითებული ელიმინაციით ჰემოლიზის გარეშე, მეორეს კი ავადმყოფებს, რომლებსაც ჰემოლიზს (ხშირად - ფარულს) უდგენენ. მათ სისხლში ჭარბად არის არაპირდაპირი ბილირუბინი.
გლუკურონილტრანსფერაზის აქტივობის დაქვეითება კიდევ ორ შედეგს იწვევს:

  • ფენობარბიტალის მიღების შემდეგ ამ ფერმენტის აქტივობა იმატებს, ხოლო შრატში ბილირუბინის კონცენტრაცია ეცემა;
  • ნაღველში ოდნავ იმატებს პირდაპირი ბილირუბინის დონე.

სიყვითლეს ავადმყოფი ხშირად ვერ ამჩნევს, მას შემთხვევით, სხვა მიზნით ჩატარებული გამოკვლევისას აღმოაჩენს ხოლმე ექიმი. გავრცელების მიხედვით ამ დაავადებას არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემიით მიმდინარე სიყვითლეებს შორის მეორე ადგილი უკავია (პირველს ჰემოლიზური ანემია იკავებს).
შრატში ბილირუბინის განსაზღვრისას ჟილბერის სინდრომი შესაძლოა მოსახლეობის 3-10%-ს აღმოაჩნდეს. ამ დროს საერთო ბილირუბინი უმეტესად 21-51 მკმოლ/ლიტრის (1,2-3მგ%) ფარგლებში მერყეობს და იშვიათად აღემატება 86 მკმოლ/ლიტრს (5მგ%). ვანდერბერგის რეაქციის ჩატარებისას პირდაპირი ბილირუბინი 20%-ზე ნაკლებია, მაგრამ გაცილებით ზუსტი მეთოდებით მაღალეფექტური თხევადი - ქრომატოგრაფიით ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჟილბერის სინდრომის დროს მომატებულია პრაქტიკულად მხოლოდ არაპირდაპირი ბილირუბინი.

დიაგნოსტიკა
ჟილბერის სინდრომის მთავარი სადიაგნოზო ნიშანია სისხლში ბილირუბინის დონის მატება არაპირდაპირი ფრაქციის ხარჯზე (არაპირდაპირი ბილირუბინის მატება). დაავადების დიაგნოსტიკის მიზნით იყენებენ ფენობარბიტალებით სინჯს: ჟილბერის სინდრომის დროს ფენობარბიტალების მიღების შემდეგ სისხლში ბილირუბინის დონე იკლებს.
ჟილბერის სინდრომის არსებობა შეიძლება ვიეჭვოთ მსუბუქი არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემიის დროს, როდესაც:

  • გამოვლენილი არ არის კლინიკური სიმპტომები;
  • გამოხატული არ არის ჰემოლიზი;
  • ღვიძლის სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლები ნორმალურია;
  • სინათლის მიკროსკოპით გამოკვლევისას ღვიძლის უჯრედები შეცვლილი არ არის.

მკურნალობა
ჟილბერის სინდრომის დროს სპეციფიკური მკურნალობა არ არის საჭირო. სათანადო რეჟიმის დაცვის შემთხვევაში ბილირუბინი ნორმაში რჩება ან ოდნავ იმატებს და პათოლოგიურ სიმპტომებს არ იწვევს.
ჟილბერის სინდრომის დროს რეჟიმი გულისხმობს მძიმე ფიზიკური დატვირთვის გამორიცხვას, ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებზე უარის თქმას, ინსოლაციისგან თავის შეკავებას. არ არის რეკომენდებული შიმშილობა, კვებიდან კვებამდე ხანგრძლივი ინტერვალი და ზოგიერთი მედიკამენტის (მათ შორის - ანტიბიოტიკების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების) მიღება. გამწვავების (სიყვითლის გაძლიერების) პერიოდში ინიშნება დიეტა #5, ვიტამინოთერაპია, ნაღველმდენი საშუალებები. მაგრამ, როგორც წესი, ესეც კი არ ხდება საჭირო, რადგან სიყვითლე თავისთავად ალაგდება. როცა სისხლში ბილირუბინის დონე 50 მკმოლ/ლ-ს აღწევს და ამას თან ახლავს ავადმყოფის საერთო მდგომარეობის გაუარესება, შეიძლება დაინიშნოს ფენობარბიტალის მოკლე კურსი. ფენობარბიტალი შედის ისეთი პრეპარატების შემადგენლობაში, როგორებიცაა კორვალოლი და ვალოკორდინი, ამიტომ ზოგიერთი ამ წვეთებს ამჯობინებს, თუმცა ამგვარი მკურნალობა პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის შედეგიანი. ასევე შესაძლებელია ჰეპატოპროტექტორების (ღვიძლის ფუნქციის გამაუმჯობესებელი წამლების) კურსობრივი დანიშვნა. ღვიძლის არეში ნებისმიერი სითბური ფიზიოთერაპიული პროცედურა მავნებელია.
ჟილბერის სინდრომის პროგნოზი კეთილსაიმედოა, იმდენად, რომ იგი შეიძლება ნორმის ერთ-ერთ ვარიანტადაც კი ჩაითვალოს. ჟილბერის სინდრომით დაავადებული პრაქტიკულად ჯანმრთელია და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. ჟილბერის სინდრომის დროს შესაძლოა განვითარდეს ქოლეცისტიტი ან ფსიქოსომატური დარღვევები.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია