მცენარეებით რევმატიზმის მკურნალობა მედიკამენტური თერაპიის ალტერნატივა არ გახლავთ, მაგრამ ის ამცირებს ქიმიური საშუალებების ტოქსიკურ ზემოქმედებას და პრეპარატებით მიღწეული შედეგის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ფიტოთერაპია რევმატიზმის აქტიური პროცესის განმავლობაში განუწყვეტლივ უნდა მიმდინარეობდეს. ამასთან, მცენარეული ნაკრები (ან მისი ცალკეული კომპონენტები) ყოველ 1,5-2 თვეში ერთხელ უნდა ვცვალოთ. აქტიური პროცესის ჩაცხრობის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნდა ჩავიტაროთ 2-2,5-თვიანი კურსი 2-2-კვირიანი შუალედებით, ხოლო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მყარი რემისიის შემთხვევაშიც კი, ოთხ თვეში ერთხელ (ჩვეულებრივ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ასევე - ტონზილიტისა და სხვა ინფექციური კერების გამწვავების შემთხვევაში) აუცილებელია ფიტოთერაპიის 4-6-კვირიანი კურსი.
რევმატიზმის აქტიურ ფაზაში რეკომენდებულია ასეთი ფიტონაკრები:

  • კრაზანა, გვირილა, ფიჭვის კვირტი, იასამფერა, შვიტა, ორკბილა;
  • მარმუჭი, ქაფურას ყვავილი, წყლის იელის ტოტები, წითელი მოცვის ფოთოლი;
  • შავბალახა, მოცხარის ფოთოლი, ანგელოზას ფესვი, ფარსმანდუკი, ქრისტესისხლა;
  • ცხვირსატეხელა (ადონისი), კამის თესლი, მატიტელა, ჭინჭარი, ოროვანდის ფესვი, მედგარის ფესვი, გვირილა, ორკბილა;
  • შავბალახა, არყის ხის კვირტი, ნემსიწვერა, ვერხვის ქერქი, კრაზანა, თავშავა;
  • წითელი მოცვის ფოთოლი, ლობიოს პარკი, ორკბილა, იასამფერა, ქინძის თესლი;
  • კრაზანა, ჭინჭარი, ოროვანდის ფესვი, წიწმატურა, გვირილა, მუზარადას ფესვი;
  • ჭინჭარი, კოთხუჯის ფესვი, კრაზანა, ფიჭვის კვირტი, წითელი მოცვის ფოთოლი, ორკბილა, შვიტა;
  • არყის ხის ფოთოლი, გვირილა, ფარსმანდუკი, მუზარადას ფესვი, ჭინჭარი, ქრისტესისხლა, ოროვანდის ფესვი.

კომპონენტები თანაბარი რაოდენობით უნდა აიღოთ. ნაყენი ასე მზადდება: ხელის ან ელექტროწისქვილში (ყავის საფქვავში) ანდა ხორცსაკეპ მანქანაში დაქუცმაცებულ 2 სუფრის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და მთელი ღამით თერმოსში დატოვეთ. მიიღეთ დღეში 100-150 მლ, მცირე ულუფებად, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვით 8-12 თვის განმავლობაში. ნაყენს, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, შაქარი ან მურაბა.
ქრონიკული ტონზილიტის არსებობისას (როგორც გამწვავების, ასევე რემისიის პერიოდში) ეს ნაყენი ყოველდღიურად გამოივლეთ ყელში.
აი კიდევ რამდენიმე რეცეპტი:

  • 2 ს/კ დაქუცმაცებულ წყლის იელს დაასხით 700 მლ მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით გააჩერეთ და დღის განმავლობაში ჩაისავით სვით.
  • 1 ს/კ კუნელის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ, დადგით გახურებულ ღუმელზე და 1 საათით დატოვეთ, ოღონდ თვალი ადევნეთ, რომ არ აგიდუღდეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
  • 2 ს/კ კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათის განმავლობაში დადგით ცხელ ღუმელზე (არ აგიდუღდეთ), გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, 3-3 სუფრის კოვზი, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
  • კუნელის ყვავილისა და ნაყოფის 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა არაყი და 7 დღით დატოვეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა ცივ ანადუღარ წყალში განზავებული 20-25 წვეთი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ.
  • შავი მოცხარის 10-12 ფოთოლს დაასხით 500 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ და გააცივეთ. მიიღეთ გაუფილტრავი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა 4-6-ჯერ დღეში.
  • მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 6 გ (2 ს/კ) დაქუცმაცებული მოცვის ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 30 წუთით ცხელი წყლის აბაზანაში ჩადგით. შემდეგ 10 წუთით დააყენეთ, გაფილტრეთ და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე (200 მლ-მდე) შეავსეთ. შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 2 დღისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა, დღეში 2-3-ჯერ, ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ.
  • 50 გ დაფნის ფოთოლს დაასხით 1,5 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, წამოადუღეთ და 5 წუთით ნელ ცეცხლზე დატოვეთ. მიიღეთ ღამე, ერთ ჯერზე, თბილი. სვით სამი დღე ზედიზედ, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კიდევ ერთხელ ჩაიტარეთ სამდღიანი კურსი. თუ შარდის გამოყოფის დროს ტკივილმა იჩინა თავი, მკურნალობა არ შეწყვიტოთ, მხოლოდ ნაყენი შედარებით ნაკლებკონცენტრირებული მოამზადეთ (დაასხით 1/2-1 ჭიქით მეტი წყალი).

რევმატიზმი და ლიმონი

ლიმონი მასში შემავალი ლიმონმჟავასა და ვიტამინების წყალობით ორგანიზმზე ანთებასაწინააღმდეგო და ზოგადგამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს. მისი გამოყენება რევმატიზმის პროფილაქტიკისთვისაც შეიძლება, ხოლო უკვე განვითარებული დაავადების დროს, გულისა და ნერვული სისტემის დაზიანება რომ არ დავუშვათ, ის მკურნალობის სქემაში უნდა ჩავრთოთ.
სახსრების დაზიანების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ლიმონის ქერქის სპირტიანი ნაყენი. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ლიმონი (ან 4-5 ლიმონის ქერქი) და 1/2 ლ არაყი.
მომზადების წესი: ლიმონი გათალეთ, დაჭერით წვრილად, ქერქი კი დააქუცმაცეთ; ამ ყველაფერს დაასხით არაყი და რამდენიმე დღის განმავლობაში გააჩერეთ. ამ ნაყენით ყოველ ღამე დაიზილეთ მტკივანი სახსარი და შეიხვიეთ ფლანელის ან შალის ქსოვილის ნაჭრით.
გახსოვდეთ: მცენარეული ნაკრების მიღებამდე უთუოდ შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია