რეინოს სინდრომი სისხლძარღვთა სპაზმით მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც უპირატესად წვრილი ტერმინალური არტერიებისა და არტერიოლების დაზიანება ახასიათებს. იგი ვლინდება შეტევითი ხასიათის თითების გაფითრებითა და ციანოზით.
განასხვავებენ რეინოს პირველად და მეორეულ სინდრომებს. პირველს რეინოს დაავადება ეწოდება, მეორეს - რეინოს ფენომენი.
პირველადი რეინოს სინდრომი დამოუკიდებელი დაავადებაა. მის წილად მოდის შემთხვევათა 50%. არ გამორიცხავენ მის წარმოშობაში ალფა-2 ადრენორეცეპტორებისადმი სისხლძარღვთა მომატებული მგრძნობელობის როლს. პროცესი, ჩვეულებრივ, სიმეტრიულად ლოკალიზდება ზედა კიდურებზე.
მეორეული რეინოს სინდრომი შერწყმულია სხვადასხვა დაავადებასთან და ზრდასრული მოსახლეობის 4-10%-ში გვხვდება. კერძოდ, რეინოს ფენომენი თავს იჩენს ისეთი დაავადებებისა და მდგომარეობების ფონზე, როგორებიც არის:

  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები:
  • სკლეროდერმია;
  • წითელი მგლურა;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • შეგრენის სინდრომი;
  • პოლიმიოზიტი/დერმატომიოზიტი.
  • სისხლძარღვთა დაავადებები:
  • მაობლიტირებელი თრომბანგიიტი;
  • ტაკაიასუს დაავადება;
  • ათეროსკლეროზი;
  • დაავადებები, რომლებსაც თან სდევს სისხლის სიბლანტის მატება:
  • კრიოგლობულინემია;
  • პოლიციტემია;
  • ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია;
  • წინა კიბისებრი კუნთის სინდრომი;
  • ფეოქრომოციტომა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპოთირეოზი.

რეინოს სინდრომი ვითარდება აგრეთვე, როგორც ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გვერდითი ეფექტი. ეს საშუალებებია:

  • ბეტა-ადრენობლოკატორები;
  • ბლეომიცინი;
  • კლოფელინი;
  • ერგოტამინი;
  • მეტისერგიდი;
  • პარლოდელი;
  • ციკლოსპორინი;

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს მის წარმოშობაში განმეორებადი საწარმოო ტრავმების - ვიბრაციის (პნევმატური ჩაქუჩით მომუშავე პირები, პიანისტები, მბეჭდავები), მოყინვის როლი.
დღემდე არავინ იცის, რატომ ვითარდება ეს დაავადება. ცნობილია, რომ იგი უმეტესად ახალგაზრდა ქალებს ემართებათ, მაგრამ ავადდებიან მამაკაცებიც. დაავადება თავს იჩენს ნებისმიერ ასაკში, უმეტესად - 20-იდან 40 წლამდე. პირველი შეტევა შესაძლოა განვითარდეს გადატანილი ინფექციური დაავადების ან რომელიმე მაპროვოცირებელი ფაქტორის - გადაღლის, გადაცივების, ჭარბი ინსოლაციის (გარუჯვის) გავლენით. დაავადების აღმოცენება შესაძლებელია როგორც თავის ტვინის ტრავმის, ისე ძლიერი ემოციური სტრესის ფონზეც. მის ნევროლოგიურ ბუნებაზე მეტყველებს აგრეთვე დაზიანების სიმეტრიულობა: სიმპტომები ერთდროულად ვლინდება ორივე მხარეს - როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თითების ფიზიკურ დატვირთვას - დაავადება ხშირად ემართებათ მბეჭდავებს, პიანისტებს. მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევენ გარეგან ფაქტორებზე მემკვიდრეობით განპირობებული სისხლძარღვთა რეაქციის თავისებურებებს. მაგალითად: სხვადასხვა ადამიანის სისხლძარღვები ერთსა და იმავე სიტუაციაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს - მღელვარების დროს ზოგი წითლდება, ზოგი კი ფითრდება. ასეთივე სიმპტომები შეინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, ნერვული სისტემის დაავადებებისა და იმუნური სისტემის დასუსტების დროს, აგრეთვე - ტყვიისა და ვერცხლისწყლის მარილებით ქრონიკული მოწამვლის დროს და ისეთი მავნე ფაქტორების ზემოქმედებისას, როგორიც არის ვიბრაცია.
სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებით განვითარებული შეტევების დროს მკვეთრად იმატებს განსაზღვრული ჯგუფის სისხლძარღვთა ტონუსი. ამის შედეგად ვითარდება არტერიების სპაზმი - მათი სანათური იმდენად ვიწროვდება, რომ სისხლი ქსოვილებამდე თითქმის ვეღარ აღწევს. მოგვიანებით ვაზოკონსტრიქციის ინტენსივობა იკლებს და კაპილარებსა და ვენებში ჟანგბადით გაღარიბებული სისხლი გროვდება. ამის გამო თითები იღებს მოლურჯო ფერს. სითბოს გავლენით სიფითრესა და სილურჯეს რეაქტიული ჰიპერემია და კიდურების სიწითლე ცვლის. შეტევებს შორის პერიოდში იმ პაციენტებს, რომელთაც ტროფიკული ცვლილებები არ აღენიშნებათ, კიდურების სისხლძარღვოვანი ტონუსი თითქმის ნორმალური აქვთ, ხოლო ტროფიკული ცვლილებების დროს სისხლძარღვები შეტევებს შორისაც შევიწროებული რჩება, რაც მათ სტრუქტურულ ცვლილებაზე მეტყველებს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

პირველადი რეინოს სინდრომი ანუ რეინოს დაავადება თანდათანობით ვითარდება. ავადმყოფი უჩივის სიცივეში სისხლძარღვთა სპაზმის ხანმოკლე, მსუბუქ შეტევებს. დროთა განმავლობაში ასეთი შეტევები უფრო და უფრო მეტხანს გრძელდება, ხოლო კლინიკური სიმპტომები უფრო და უფრო მეტად მძიმდება. ჩვეულებრივ, შეტევებს გადაცივება აპროვოცირებს, თუმცა არცთუ ისე იშვიათია შეტევა ემოციური სტრესის ფონზეც. შეტევა შესაძლოა შეწყდეს გათბობისას, ზოგჯერ კი თავისთავადაც გაივლის. შეტევებს შორის ავადმყოფი არაფერს უჩივის, ხოლო გასინჯვისას ექიმი პათოლოგიურ ცვლილებებს ვერ აღმოაჩენს.
რეინოს შეტევას ახასიათებს სამფაზიანი მიმდინარეობა: გაფითრება,  ციანოზი და ჰიპერემია, - მაგრამ საკმაოდ ხშირია ბიფაზური მიმდინარეობაც გაფითრებით და/ან ციანოზით და ჰიპერემიით. რეინოს დაავადების კლასიკური შეტევის დროს თითები უეცრად თეთრდება. ამას ანგიოსპაზმის სტადიას უწოდებენ. მოგვიანებით სიფითრეს ცვლის მოლურჯო შეფერილობა - ციანოზი. ამ დროს ავადმყოფი უჩივის ხელის თითების დაბუჟებას (პარესთეზია), შეცივებას; ვითარდება მწვავე ტკივილი და ტეხის ან წვის შეგრძნება. ხანმოკლე სპაზმს სწრაფად ცვლის სისხლძარღვთა გაფართოება, რასაც მოჰყვება კანის შეფერილობის მოლურჯოდან მოწითალოში გადასვლა, ხოლო სიცივის შეგრძნებას ცვლის თითების შეთბობა, ჩხვლეტა და პულსაციის შეგრძნება. შეტევა უმეტესად ზედა კიდურებს მოიცავს, თუმცა ზოგჯერ პროცესში ოთხივე კიდურია ჩართული. უპირატესად ზიანდება ხელის მეორე-მესამე თითების ბოლო ფალანგების ან ტერფის პირველი-მესამე თითების სისხლძარღვები. იშვიათად პროცესში სხეულის სხვა ნაწილებიც (ცხვირი, ყურები, ნიკაპი) ერთვება. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას რამდენიმე წელიწადში ვითარდება ტროფიკული ცვლილებები - იწყება ტროფოპარალიზური სტადია. თითებიდან ქრება თმოვანი საფარი, ფრჩხილები ნელა იზრდება, დეფორმირდება და მტვრევადი ხდება. შეინიშნება პანარიციუმებისა და წყლულების განვითარებისადმი მიდრეკილებაც. კანი თხელდება, ატროფირდება და მჭიდროდ ეკვრის ქვემოთ მდებარე ქსოვილებს (სკლეროდაქტილია). თითების დისტალურ ფალანგებზე ჩნდება ზედაპირული ნეკროზის კერები და ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები. წყლულები ძალზე მტკივნეულია, განსაკუთრებით - ღამით. შეხორცების შემდეგ მათ ადგილას რჩება მცირე ზომის ნაწიბურები.
პირველადი სინდრომის პროგნოზი, წესისამებრ, კეთილსაიმედოა - ასიდან 50-55 შემთხვევაში პროცესი უკუვითარდება. მეორეული სინდრომის დროს კი შემთხვევათა დაახლოებით 13% პროგრესირებს და საქმე ცხიმოვანი ბალიშების ატროფიზმამდე, თითის წვერების იშემიურ წყლულებამდე მიდის.

გართულებები
მოსალოდნელია:

  • ონიქოპათია (ფრჩხილის პათოლოგიები);
  • წყლულები თითის წვერებზე;
  • განგრენა;
  • თითის წვერების თვითამპუტაცია.

დიაგნოსტიკა
რეინოს ფენომენის დროს დიაგნოსტიკის ძირითადი მიზანია:

  • რეინოს სინდრომის დადასტურება;
  • სიმძიმის ხარისხისა და კლინიკური მიმდინარეობის შეფასება;
  • პირველად და მეორეულ სინდრომებს შორის განსხვავების დადგენა.

სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვთა დაზიანების განსაზღვრა ხდება ინსტრუმენტული გამოკვლევების - კანის თერმომეტრიის, პლეტიზმოგრაფიის, რეოგრაფიის, კაპილაროსკოპიის მეშვეობით. პლეტიზმოგრაფია (ბერძ. პლეტჰყსმოს - ავსება, გაზრდა; გრაპჰო - ჩაწერა) სისხლძარღვთა ტონუსისა და წვრილი კალიბრის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გამოკვლევის მეთოდია, რომელსაც საფუძვლად უდევს გრაფიკული რეგისტრაცია. რეოვაზოგრაფია და ოსცილოგრაფია საშუალებას იძლევა, განისაზღვროს თითებში სისხლის მიმოქცევა დოპლეროგრაფიული მეთოდით. ბოლო ხანს იმატა ყურადღებამ კვლევის ბიომიკროსკოპიული მეთოდების მიმართ. ასეთია, მაგალითად, ფრჩხილის გაფართოებული კაპილაროსკოპია, რომელიც ფრჩხილის სტრუქტურული ცვლილებების დეტალიზაციის საშუალებას იძლევა. უნგეალური კაპილაროსკოპია წარმოადგენს კვლევის არაინვაზიურ და ძალზე ეფექტურ მეთოდს, რომლის საშუალებითაც სისხლძარღვების დაზიანების ხარისხს ვადგენთ. კვლევის სპეციალური მეთოდები სისხლის მიმოქცევის დარღვევათა იმ სტადიაში აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რომელიც ავადმყოფისთვისაც კი ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. თუ არსებობს ეჭვი თანდართული სისტემური დაავადების თაობაზე, აუცილებელია შინაგანი ორგანოების, კერძოდ, თირკმელების, ფილტვების, გულის, საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევა.

მკურნალობა
მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი ითვალისწინებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებას. ამ მიზნით გამოიყენება პრეპარატების რამდენიმე ჯგუფი, კერძოდ, კალციუმის ანტაგონისტები (ნიფედიპინი, კორინფარი; შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა ბლოკერებიც: ვერაპამილი, დილთიაზემი, ნიკარდიპინი), ალფა-ადრენობლოკერები, პერიფერიულად მოქმედი ადრენერგული ინჰიბიტორები, ცენტრალური ალფა-აგონისტები (მეთილდოფა), ვაზოდილატატორები.
სისხლძარღვოვანი დაზიანების მკურნალობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს აგფ-ინჰიბიტორები, კერძოდ, კაპტოპრილი. გამოიყენება კეტანსერინიც - სეროტონინული რეცეპტორების სელექციური ბლოკატორი Hშ2, უფრო - მოხუცებულ ასაკში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეპარატებს, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აქვეითებენ მის სიბლანტეს: დიპირიდამოლს, პენტოქსიფილინს (აგაპურინი, ტრენტალი), დაბალმოლეკულურ დექსტრანებს (რეოპოლიგლუკინი). მკურნალობაში შეიძლება ჩაირთოს ჰიპერბარიული ოქსიგენოთერაპია, რეფლექსოთერაპია, ფსიქოთერაპია, ფიზიოთერაპია.
მედიკამენტური თერაპია რეინოს დაავადების დროს წლობით გრძელდება. კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება სიმპათექტომია, რომელიც კონსერვატიული მეთოდის ალტერნატივას წარმოადგენს. მკურნალობის მიზანია იმ ნერვული ბოჭკოების `გამორთვა~, საიდანაც მოდის პათოლოგიური იმპულსები, რომლებიც სისხლძარღვებს შეკუმშვას აიძულებს. არსებობს სიმპათექტომიის რამდენიმე სახეობა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ნაკლებტრავმულია ენდოსკოპიური სიმპათექტომია, რომელიც მგრძნობიარე თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის დახმარებით სრულდება.

რეკომენდაციები შეტევის დროს
იშემიის მწვავე შეტევის დროს გადაუდებელი მკურნალობა კიდურის გათბობას გულისხმობს, ვინაიდან სითბო ხელს უწყობს შეტევის უკუგანვითარებას. ამისთვის ხელები ჩაყავით თბილ (და არა ცხელ!) წყალში. კანის ტემპერატურა მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს სისხლძარღვების გაფართოებასა და შეთბობას. შეგიძლიათ აგრეთვე, ხელები შეუშვიროთ საშრობი აპარატის თბილი ჰაერის ნაკადს. ტკივილი თავიდან რომ აიცილოთ, საკმარისია, გაიკეთოთ მსუბუქი მასაჟი და თითები 2-3 წუთის განმავლობაში შეითბოთ. მასაჟი აუცილებლად უნდა გაკეთდეს თბილი თითებით ან შალის ქსოვილით. სასურველია, დალიოთ ცხელი ჩაი. შეტევის გახანგრძლივებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

დაავადების გამწვავების პროფილაქტიკა
გამწვავების თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური რეკომენდაციები:
ერიდეთ:

  • სიცივეს. სიცივეს უნდა მოარიდოთ არა მარტო კიდურები, არამედ სახე და სხეულის სხვა ნაწილებიც. როდესაც კისერი და მკერდი ღია გაქვთ, სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში ავტომატურად ნელდება. სხეულის ნებისმიერი ნაწილის გადაცივებამ შეიძლება თითის სისხლძარღვების შევიწროება (ვაზოკონსტრიქცია) და რეინოს შეტევა გამოიწვიოს; წყალსაცავში ბანაობა ჯანმრთელი ადამიანებისთვის სასარგებლოა, მაგრამ დაუშვებელია რეინოს დაავადების დროს; ნუ დაიბანთ ხელებს ცივი წყლით;
  • ისეთი მედიკამენტების მიღებას, რომლებიც იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს (ბეტა-ადრენობლოკერები, კოფეინი) - ისინი ხელს უწყობენ რეინოს დაავადების შეტევის განვითარებას და ახანგრძლივებენ მას;
  • მაგარი ჩაის, ყავის მიღებას;
  • სტრესულ სიტუაციებს;
  • თამბაქოს. თუ ეწევით, დაუყოვნებლივ და სამუდამოდ თქვით უარი სიგარეტზე. ჯანმრთელ ადამიანშიც კი, რომელსაც სისხლძარღვოვანი რეაქციები ნორმალური აქვს, ნიკოტინი იწვევს არტერიების ტონუსის ხანგრძლივ მატებას და კანის სისხლძარღვების სპაზმს, რეინოს სინდრომის შემთხვევაში კი შესაძლოა შეტევის პროვოცირება მოახდინოს;
  • ვიბრაციას. ნებისმიერ სახლში არსებობს თუნდაც მცირედი ვიბრაციის წყარო: ელექტროძრავიანი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები - ელექტრობურღი, ელექტროქურა, ყავის საფქვავი, მტვერსასრუტი. მაცივარი, სარეცხი მანქანა დადგით კარგად ამორტიზებულ ადგილას, რეზინის ან პარალონის ნოხზე, რომ არ იძაგძაგოს. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ელექტრობურღი და ელექტროხერხი. უკიდურეს შემთხვევაში ჩაიცვით შალის ხელთათმანი.
  • ზამთარში აუცილებლად ატარეთ თბილი ხელთათმანები. ეცადეთ, ფეხსაცმელი ყოველთვის მშრალი გქონდეთ. სასარგებლოა რაციონში პოლიუჯერი ცხიმოვანი (ლინოლის, ლინოლენის, არაქიდონის) მჟავების ჩართვა. მიირთვით თევზი. ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა. დამტკიცებულია, რომ ეს მჟავები ორგანიზმს სიცივის გადატანას უადვილებს და თავიდან გვაცილებს რეინოს დაავადების შეტევებს.
  • ავარჯიშეთ სისხლძარღვები. ეს თანდათანობით გაზრდის ტემპერატურის გრადიენტს და სისხლძარღვებს ტემპერატურული სტრესისადმი უფრო შეუვალს გახდის.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია