რივაროქსი

RIVAROX

 

2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ორალური გამოყენებისთვის

• აქტიური ნივთიერება:

რივაროქსაბანი 2.5 მგ;

• დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი:  ყვითელი შემოსაგარსი ფხვნილი – მაკროგოლი 3350, ჰიპრომელოზა, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

• შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

• დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

• პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

• ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

1. რა არის რივაროქსი და რისთვის გამოიყენება

2. რისი ცოდნაა საჭირო რივაროქსის მიღებამდე

3. რივაროქსის მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. რივაროქსის შენახვის პირობები

6. სხვა ინფორმაცია

1. რა არის რივაროქსი და რისთვის გამოიყენება

რივაროქსი არის:

მრგვალი, ორმხრივამობურცული, ღია ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაჭდევით “III”.

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

რივაროქსი ინიშნება, თუ გაქვთ:

• გადატანილი მწვავე კორონარული სინდრომი (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გულის შეტევით, არასტაბილური სტენოკარდიით, მწვავე ტკივილით გულმკერდის არეში) და აღგენიშნებათ გულის ბიომარკერების მომატება სისხლში კარდიალური ტესტების მაჩვენებლების მიხედვით.

ზრდასრულ პაციენტებში რივაროქსი ამცირებს გულის შეტევის წარმოქმნის რისკს და ასევე უეცარი სიკვდილის რისკს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის და სისხლძარღვების დაავადებებთან. რივაროქსის მიღება არ ხდება ცალკე. ექიმი დაგინიშნავთ მას:

- აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში ან

- კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავას დამატებული კლოპიდოგრელი ან ტიკლოპიდინი.

• სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი, რომელიც გამოწვეულია გულის იშემიური დაავადების და პერიფრიული არტერიების დაავადების არსებობით.

ზრდასრულ პაციენტებში რივაროქსი ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს. რივაროქსის მიღება არ ხდება ცალკე. ექიმი დაგინიშნავთ მას აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში.

რივაროქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რივაროქსაბანს და წარმოადგენს ანტითრომბოზულ საშუალებას, რომელიც მოქმედებს სისხლის შედედების (Xa ფაქტორის) ბლოკირების გზით და ამგვარად ამცირებს სისხლის შედედების უნარს.

2.  რისი ცოდნაა საჭირო რივაროქსის მიღებამდე

ნუ მიიღებთ რივაროქსს, თუ:

• აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

• გაქვთ ძლიერი სისხლდენა.

• გაქვთ ისეთი დაავადება ან სხეულის რომელიმე ორგანოს ისეთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ზრდის მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგ., კუჭის წყლული, დაზიანება ან სისხლჩაქცევა ტვინში, ახლად გადატანილი ქირურგიული ოპერაცია ტვინზე ან თვალზე.

• ღებულობთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლა ან ჰეპარინის შეყვანა არტერიებსა და ვენებში სისხლძარღვების სანათურის დახშობის თავიდან აცილების მიზნით.

• გაქვთ მწვავე კორონარული სინდრომი და გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.

• გაქვთ გულის იშემიური დაავადება და პერიფერიული არტერიების დაავადება, გადატანილი ჰემორაგიული ან ლაკუნარული ინსულტი, აგრეთვე ნებისმიერი სახის ინსულტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

• გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს.

• ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი ჩვილს.

არ მიიღოთ რივაროქსი და შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა.

სიფრთხილის ზომები:

რივაროქსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

რივაროქსი არ გამოიყენოთ გარკვეულ სამკურნალო საშუალებებთან (მაგ., პრასუგრელი ან ტიკაგრელორი), გარდა აცეტილსალიცილის მჟავისა და კლოპიდოგრელ/ტიკლოპიდინისა.

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, თუ გაქვთ:

• სისხლდენის მომატებული რისკი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობებით, როგორიცაა:

- თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობა (თირკმლის ფუნქცია გავლენას ახდენს პრეპარატის შემცველობაზე სისხლში)

- სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიღება (მაგ.: ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლა ან ჰეპარინის შეყვანა არტერიებსა და ვენებში სისხლძარღვების სანათურის დახშობის თავიდან აცილების მიზნით

- სისხლდენით მიმდინარე დაავადებები

- ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას

- კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც შესაძლოა გართულდეს სისხლდენით, მაგ., კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, საყლაპავის ანთებითი დაავადება გამოწვეული გასტროეზოფაგური რეფლუქსით (კუჭის წვენის მოხვედრა საყლაპავ მილში)

- თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი პრობლემები (რეტინოპათია)

- ბრონქების გაფართოებით და ნახველით მიმდინარე სასუნთქი სისტემის დაავადება (ბრონქოექტაზია) ან ანამნეზში ფილტვიდან სისხლდენა

- 75 წელზე მეტი ასაკი

- სხეულის მასა 60 კგ ან ნაკლები

- გულის იშემიური დაავადება გულის მწვავე უკმარისობის ნიშნებით

  • გულის ხელოვნური სარქველი
  • ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლდენის რისკი). შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამ სინდრომის შესახებ. ექიმი გადაწვეტს საჭიროებს თუ არა ცვლილებას დანიშნული მკურნალობა.

რივაროქსის მიღებამდე შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის დანიშვნის და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობას.

ქირურგიული ჩარევის აუცილებლობისას:

  • ძალიან მნიშვნელოვანია რივაროქსის მიღება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ზუსტ დროს, რომელსაც განგისაზღვრათ ექიმი.
  • თუ ოპერაცია მოიცავს კათეტერიზაციას ან ინექციას ზურგის ტვინში (მაგ. ეპიდურული ან სპინალური ანესთეზია ან ტკივილის შემსუბუქება):

- ძალიან მნიშვნელოვანია რივაროქსის მიღება ექიმის მიერ განსაზღვრულ ზუსტ დროს როგორც ინექციამდე ან კათეტერის ამოღებამდე, ასევე ამ პროცედურების შემდეგ

- დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ფეხებში სისუსტის ან დაბუჟების შეგრძნების წარმოქმნის, ასევე ნაწლავისა ან შარდის ბუშტის მხრივ პრობლემების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს ანესთეზიის დასრულებისას, ვინაიდან ამ შემთხვევებში საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

ბავშვები და მოზარდები:

რივაროქსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ არასაკმარისია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

• სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგ.: ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი), გარდა მათი მხოლოდ გარეგანად გამოყენების შემთხვევებისა

• კეტოკონაზოლის ტაბლეტები (კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ, როდესაც ორგანიზმში გამომუშავდება კორტიზოლი ჭარბი რაოდენობით)

• ზოგიერთი ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალება (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)

• ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ-ინფექციის მკურნალობისას (მაგ., რიტონავირი)

• სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები (მაგ., ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან ვიტამინ K-ს ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი)

• ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგ., ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა)

• დრონედარონი – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულისცემის არანორმალური რითმის სამკურნალოდ

• ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინ-ნორეპრინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები)

ვინაიდან ზემოთ აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს რივაროქსის ეფექტის გაძლიერება, რივაროქსის მიღებამდე აცნობეთ ექიმს მათი მიღების შესახებ. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის დანიშვნის და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობას. კუჭის ან ნაწლავის წყლულის განვითარების მომატებული რისკის შემთხვევაში, ექიმი დაგინიშნავთ წყლულის საწინააღმდეგო მკურნალობას.

ასევე შეატყობინეთ ექიმს, თუ ღებულობთ:

• ეპილეფსიის საწინააღმდეგო ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);

• კრაზანა (Hypericum perforatum), დეპრესიის საწინააღმდეგო მცენარეული საშუალება.

ვინაიდან ზემოთ აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს რივაროქსის ეფექტის შესუსტება, რივაროქსის მიღებამდ ეაცნობეთ ექიმს მათი მიღების შესახებ. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის დანიშვნის და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს. ორსულობის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატით მკურნალობისას გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

პრეპარატის მიღების დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს თქვენი მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი:

რივაროქსის გამოყენებისას მოსალოდნელია თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი ეფექტი) ან გონების დაკარგვა (არახშირი გვერდითი ეფექტი). აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისაგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რივაროქსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

რივაროქსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

3. რივაროქსის მიღების წესი

რივაროქსი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

რა დოზით უნდა მიიღოთ რივაროქსი:

რივაროქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში 2-ჯერ. ტაბლეტი მიიღეთ დღის განმავლობაში ერთი და იგივე დროს (ერთი დილით, მეორე – საღამოს). პრეპარატის მიიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

თუ აღგენიშნებათ ყლაპვის გაძნელება, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება რივაროქსის ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან მსუბუქ საკვებთან შერევა, (მაგ., ვაშლის პიურე) და ასეთი სახით მიღება.

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რივაროქსის დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით.

რივაროქსი არ უნდა მიიღოთ თვითნებურად.

ექიმი მას დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად. მწვავე კორონარული სინდრომის დროს ექიმმა შესაძლებელია ასევე დაგინიშნოთ კლოპიდოგრელი ან ტიკლოპიდინი.

ამ პრეპარატების დოზირებას ექიმი შეგირჩევთ მითითებული დოზით, კერძოდ: აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75 მგ-დან 100 მგ-მდე ან აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75 მგ-დან 100 მგ-მდე კლოპიდოგრელთან კომბინაციაში დღიური დოზით 75 მგ ან ტიკლოპიდინთან კომბინაციაში სტანდარტული დღიური დოზით.

როდის უნდა დაიწყოთ რივაროქსის მიღება:

რივაროქსით მკურნალობა უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება მალე, მწვავე კორონარულ სინდრომთან დაკავშირებული მდგომარეობის სტაბილიზაცის შემდეგ, რევასკულარიზაციის პროცედურების ჩათვლით. მკურნალობა უნდა დაიწყოთ ჰოსპიტალიზაციიდან არანაკლებ 24 სთ-ის შემდეგ და როდესაც პარენტერული ანტიკოაგულაციური პრეპარატების შეყვანა, როგორც წესი, წყდება.

ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის კურსს თუ გაქვთ გულის იშემიური ან პერიფერიული არტერიების დაავადება. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.

რივაროქსის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჭარბი რაოდენობით რივაროქსის მიღებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ რივაროქსის მიღება:

ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში გააგრძელეთ პრეპარატის რეკომენდებული დოზის რეგულარული მიღების რეჟიმი მომდევნო დანიშნულ დროს. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. 

რივაროქსის მიღების შეწყვეტა:

რივაროქსი მიიღეთ რეგულარულად ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.

არ შეწყვიტოთ რივაროქსის მიღება ექიმის წინასწარი ინფორმირების გარეშე. პრეპარატის მიღების შეწყვეტა ზრდის გულის შეტევის რისკს და სისხლძარღვების დაავადებებით გამოწვეული უეცარი სიკვდილის რისკს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

4. შესაძლო გვერდით იეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

ისევე, როგორც სხვა მსგავსი მოქმედების პრეპარატებმა (ანტითრომბული საშუალებები), რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა და შესაბამისად, არტერიული წნევის უეცარი დაცემა (შოკი). ზოგ შემთხვევაში კი სისხლდენა შესაძლოა იყოს ფარული ხასიათის.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება და დაკავშირებულია სისხლდენასთან

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

• ხანგრძლივი და ძლიერი სისხლდენა

• ძლიერი სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უმიზეზო შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდიული შეტევა

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება კანის სერიოზული დაზიანებებით

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

• კანზე გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვრცელდება, კანის ბუშტუკოვანი დაზიანებები, მაგ., პირის ღრუს ან თვალის არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად (10000-დან 1 შემთხვევაში)

• წამლისმიერი სინდრომი, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ცხელებით, ანთებითი პროცესებით ორგანიზმში, ჰემატოლოგიური ცვლილებებით და სისტემურობით (DRESS-სინდრომი). აღნიშნული სინდრომი ვლინდება ძალიან იშვიათად (10000-დან 1 შემთხვევაში)

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება მძიმე ალერგიული რეაქციებით

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

• სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ხორხის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად (ანაფილაქსიური რეაქციები ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით; ვლინდება 10000-დან 1 შემთხვევაში) ან არახშირად (ანგიოედემა და ალერგიული შეშუპება; ვლინდება 100-დან 1 შემთხვევაში)

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ხშირი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში):

• ანემია, რაც ვლინდება კანის სიფერმკრთალით, სისუსტით, ქოშინით

• სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შარდ-სასქესო გზებიდან (ჰემატურიის და მენორაგიის ჩათვლით), ცხვირიდან, ღრძილებიდან

• სისხლჩაქცევა თვალში (კონიუქტივაში სისხლდენის ჩათვლით).

• სისხლჩაქცევა რბილ ქსოვილებში (ჰემატომა, დაბეჟილობა)

• სისხლიანი ნახველი

• კანის და კანქვეშა სისხლჩაქცევები

• პოსტოპერაციული სისხლდენა

• სისხლიანი გამონადენი ქირურგიული ჭრილობიდან

• კიდურების შეშუპება

• ტკივილი კიდურებში

• თირკმლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით)

• ცხელება

• ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა

• დაბალი არტერიული წნევა (შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან სინკოპე)

• ზოგადი სისუსტე და ენერგიის დეფიციტი (სწრაფი დაღლის და ასთენიის ჩათვლით), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

• კანზე გამონაყარი, ქავილი

• სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება

არახშირი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში):

• სისხლჩაქცევა ტვინში და ქალასშიდა სისხლჩაქცევა

• სისხლჩაქცევა სახსრებში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას

• თრომბოციტოპენია

• ალერგიული რეაქცია, ალერგიული დერმატიტი

• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით)

• ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით მომატებული ბილირუბინი, კუჭქვეშა ჯირკვლის ან ღვიძლის ფერმენტები, თრომბოციტემია;

• გონების დაკარგვა

• შეუძლოდ ყოფნა

• გახშირებული გულისცემა

• პირის სიმშრალე

• ჭინჭრის ციება

იშვიათ (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში):

• სისხლჩაქცევა კუნთებში

• ქოლესტაზი, ჰეპატიტი, (ჰეპატოცელულური დარღვევის ჩათვლით)

• კანისა და სკლერების სიყვითლე

• ადგილობრივი შეშუპება

• ჰემატომა შორისის მიდამოში (კარდიალური პროცედურების გართულებისას, როდესაც ხდება ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია (ფსევდოანევრიზმა))

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

• ძლიერი სისხლდენის შემდგომი თირკმლის უკმარისობა

• კიდურებში სისხლჩაქცევა, რაც იწვევს შეშუპებას, ტკივილს, მგრძნობელობის დაქვეითებას, დაბუჯებას ან პარალიზებას (კომპარტმენტ-სინდრომი, როგორც სისხლდენის გართულება)

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

5. რივაროქსის შენახვის პირობები

პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ რივაროქსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ რივაროქსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

6. სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

GM Pharmaceuticals Ltd,

საქართველო

მწარმოებელი:

Combino Pharm (Malta) Ltd,

მალტა

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია