ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ცნებები "ეროზია" და "წყლული". რქოვანა გარსის წყლული გულისხმობს არა მარტო რქოვანა გარსის ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევას, რაც ხდება ეროზიის დროს, არამედ რქოვანა გარსის სტრომის დაზიანებასაც, ამიტომ წყლული შეხორცების შემდეგ ყოველთვის ტოვებს ნაწიბურს.
წყლული შეიძლება იყოს ცენტრალური ან კიდითი.
მიზეზები. რქოვანა გარსის წყლულის განვითარებისთვის აუცილებელია ორი პირობის არსებობა: ადგილობრივი რეზისტენტობის დაქვეითება (მათ შორის - რქოვანა გარსის ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევა) და რქოვანა გარსზე ინფექციური აგენტების დასახლება.
რქოვანა გარსზე წყლულის განვითარების რისკფაქტორებია:
- რქოვანა გარსის სიმშრალე (მაგალითად, ლაგოფთალმის დროს);
- თვალის დამწვრობა;
- მექანიკური დაზიანება (მათ შორის - კონტაქტური ლინზების ხმარების დროს);
- ადგილობრივი ანესთეტიკებისა და ანტიბიოტიკების ან ანტივირუსული პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, გლუკოკორტიკოსტეროიდების არარაციონალური გამოყენება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- იმუნოდეფიციტი;
- ჰიპოვიტამინოზი და ავიტამინოზი;
- მიკროორგანიზმები: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, დიპლოკოკები, ლურჯ-მწვანე ჩხირები; ვირუსები; ტუბერკულოზის მიკობაქტერიები; სოკოები.
არსებობს რქოვანა გარსის რამდენიმე სახის წყლული:
- რქოვანა გარსის კიდის წყლული;
- რქოვანა გარსის მცოცავი წყლული;
- რქოვანი გარსის ჩირქოვანი წყლული.
რქოვანა გარსის კიდის წყლული
ეს დაავადება უმეტესად ხანდაზმულ ასაკში გვხვდება რქოვანა გარსის კვების, ლორწოვანიდან სითხის გამოყოფის დარღვევის და სხვა უცნობი მიზეზების გამო.
რქოვანა გარსის კიდითი წყლული აღმოცენდება რქოვანას კიდესთან, სკლერაში მისი გადასვლის ადგილას. ჩვეულებრივ, თავდაპირველად ჩნდება რამდენიმე პატარა ინფილტრატი, რომელთაგან შემდგომ ყალიბდება მომცრო (1 მმ დიამეტრის) წყლული. წყლული არ იზრდება, მაგრამ შეუძლია ხანგრძლივად არსებობა და თანდათანობით რქოვანა გარსის შემღვრევად ან მცირე ზომის ნაწიბურად გარდაიქმნება.
მკურნალობა. რქოვანა გარსის კიდითი წყლულის მკურნალობა გულისხმობს თვალის კვების გაუმჯობესებას და კონიუნქტივაში ინფექციის არსებობის შემთხვევაში მის იქიდან გამოდევნას.
რქოვანა გარსის მცოცავი წყლული
რქოვანა გარსის მცოცავი წყლული ვითარდება რქოვანას ქსოვილში პნევმოკოკის ან, უფრო იშვიათად, სტაფილოკოკისა და სხვა მიკროორგანიზმების მოხვედრისას. ამ ბაქტერიების შეღწევა შესაძლებელი ხდება რქოვანა გარსის უცხო სხეულით (მტვერი, მარცვლეული მცენარეების ბუსუსი, ჩენჩო, წიწვი და სხვა) დაზიანებისას. დაზიანებულ ადგილას ჩნდება მოყვითალო-მორუხო ფერის ინფილტრატი (შესქელება), რომელიც მალე იშლება და ამ ადგილას ჩნდება წყლული.
მცოცავი წყლულის მიმდინარეობის თავისებურება ის არის, რომ მას აქვს ორი კიდე:
ერთ-ერთ მათგანს რეგრესირებადს უწოდებენ. ის სუფთაა და თანდათანობით ხორცდება.
მეორეს პროგრესირებადი ეწოდება - მისი კედელი შემაღლებულია, რქოვანა გარსის ზედაპირულ შრეზე არის ჩირქის შემცველი თხელი ზოლი. წყლულის ეს კიდე თანდათანობით ვრცელდება რქოვანა გარსის ცენტრისკენ. წყლული გადაადგილდება, ცოცავს. ამგვარ წყლულს შეუძლია რქოვანა გარსის საწინააღმდეგო კიდემდე გავრცელდეს.
ჩვეულებრივ, პროცესში ერთვება ფერადი გარსიც - იცვლება მისი ფერი და სურათი.
მძიმე შემთხვევებში წყლულის ფსკერზე რქოვანა გარსი განილევა და მისი შიდა კედელი, რომელიც ძალზე მტკიცე და ელასტიკურია, თვალშიგა წნევის გამო გამოიდრიკება გარეთ ბუშტუკის სახით. მას დესცემეტოცელეს უწოდებენ.
თუ რქოვანა გარსის შიგნითა კედელმა ვერ გაუძლო ამ დატვირთვას და გაიხა, მცოცავი წყლულიდან ინფექცია შეიძლება თვალის შიგნითაც გავრცელდეს და ყველა გარსისა და თვალის შიგნითა შემადგენელი ნაწილების ანთება გამოიწვიოს. ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს თვალის კაკლის ატროფია და მხედველობის დაკარგვა. მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობაში წყლული ხორცდება და ამის შემდეგ რქოვანა გარსზე ჩნდება უხეში სიმღვრიე.
რქოვანი გარსის მცოცავი წყლულის მკურნალობა
რქოვანი გარსის მცოცავი წყლულის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში. ტარდება აქტიური მკურნალობა. წყლულიდან იღებენ მასალას, იკვლევენ მას და თესავენ ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის დასადგენად. ანტიბიოტიკები ინიშნება თვალის წვეთების, თვალის კრემის ან სუბკონიუნქტივური ინექციის სახით.
გარდა ამისა, ტარდება წყლულის ქირურგიული დასუფთავება, კრიოფერმენტოაპლიკაცია, კერატექტომია, თვალში ინფექციის კერის სანაცია.
რქოვანა გარსის ჩირქოვანი წყლული
ასეთი წყლული რქოვანა გარსის მიკროტრავმის შედეგად წარმოიშობა. ტრავმის ადგილას ჩნდება თეთრი (ზოგჯერ - მწვანე ელფერის მქონე) გამკვრივება. პროცესში ერთვება ფერადი გარსი და წამწამოვანი (ცილიარული) სხეული, რის შედეგადაც თვალის წინა ნაწილში გროვდება სითხე, რომელიც ფერადი გარსიდან ჩანს.
ინფილტრატი თანდათან იმატებს, არასასურველი პირობების შემთხვევაში რქოვანა გარსი შეიძლება დაირღვეს და ინფექციამ თვალში შეაღწიოს, მაგრამ უფრო ხშირად პროცესი თანდათანობით ცხრება და წყლულის ადგილას ჩნდება შემღვრევა (ლიბრი).
მკურნალობა
რქოვანა გარსის ჩირქოვან წყლულს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, მაგრამ უნდა დაინიშნოს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები ან გათვალისწინებულ იქნეს ანთების გამომწვევი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ (გაკეთდეს ანტიბიოტიკოგრამა - წყლულიდან აღებული მასალა დაითესოს ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის გამოსავლენად). ზოგჯერ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს მიმართავენ.
ცალკე განვიხილავთ ტუბერკულოზურ, ჰერპესულ და ვიტამინების დეფიციტით განპირობებულ რქოვანა გარსის წყლულს.
რქოვანა გარსის ტუბერკულოზურ წყლულს ახასიათებს:
- ორგანიზმში ტუბერკულოზური კერის არსებობა;
- სწორი მომრგვალო ფორმის წყლულების გვერდით მორუხო-მოყვითალო ინფილტრატების არსებობა, რომლებიც შემოფარგლულია დატოტვილი სისხლძარღვებით (შეიძლება ითქვას, რომ ინფილტრატი მდებარეობს სისხლძარღვების კალათაში - ფლიქტენა). ინფილტრატები თანდათანობით გადაიზრდება წყლულში;
- ხანგრძლივი მიმდინარეობა, ხანგრძლივი რემისიები, წყლულის ადგილას უხეში ნაწიბურის ჩამოყალიბება.
რქოვანა გარსის ჰერპესული წყლული ახასიათებს წყლულოვან კერატიტებს.
ჰიპოვიტამინოზითა და ავიტამინოზით განპირობებული რქოვანა გარსის წყლული ახასიათებს:
- A ვიტამინის უკმარისობას. ამ დროს ვითარდება კერატომალაცია - რქოვანა გარსის ორმხრივი ამღვრევის ფონზე (რძისებრი რქოვანა გარსი) ჩნდება წყლული, რომელსაც ტკივილი არ ახლავს თან. კონიუნქტივაზე ჩნდება მშრალი ბალთები;
- B2 ვიტამინის დეფიციტს. ამ დროს ხდება რქოვანა გარსის ვასკულარიზაცია, ყალიბდება ეპითელიუმის დისტროფიული ცვლილებები და წყლულოვანი დეფექტები. ჩვეულებრივ, დიდხანს მიმდინარეობს და შედარებით კეთილთვისებიანია.
თანმხლები პათოლოგიები
რქოვანა გარსის ქრონიკული წყლული შესაძლოა განპირობებული იყოს ნეიროტროფიკული წყლულოვანი კერატიტით, რომელიც, თავის მხრივ, რქოვანა გარსის მაინერვირებელი სამწვერა ნერვის პათოლოგიური დაზიანებით არის გამოწვეული. ნეიროტროფიკული კერატიტი უმეტესად ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე.
გართულება
რქოვანა გარსის წყლული შეიძლება გართულდეს:
- რქოვანა გარსის დანაწიბურებითა და მხედველობის დაკარგვით;
- ირიტით, ირიდოციკლიტით;
- ენდოფთალმით;
- რქოვანა გარსის გახევით და ფერადი გარსის გამოვარდნით;
- თვალის დაკარგვით.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა გულისხმობს:
- წყლულიდან მიკროორგანიზმიების კულტურის გამოყოფას და საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დადგენას;
- ძირითადი დაავადების ნიშნების განსაზღვრას (ლეიკოციტური ფორმულის ისეთი ცვლილებები, რომლებიც დამახასიათებელია ტუბერკულოზისთვის, სისხლში ვიტამინების დონის დაქვეითება და სხვა).
მკურნალობა
ზემოთ შევეხეთ მკურნალობის ცალკეულ პრინციპებს რქოვანა გარსის სხვადასხვა ტიპის წყლულის დროს, ახლა კი ზოგად პრინციპებზე ვისაუბრებთ.
რეჟიმი. ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა მდგომარეობა მძიმეა ან შეუძლებელია ამბულატორიული მკურნალობის ჩატარება. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობას ნიშნავს ოფთალმოლოგი.
მკურნალობის ტაქტიკა
- დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ადგილობრივი მკურნალობა ანტიბიოტიკებით, არ უნდა ველოდოთ ანტიბიოტიკოგრამის შედეგს. ასევე ნაჩვენებია ანტიბიოტიკების დანიშვნა შინაგანად და კონიუნქტივაში ინექციის სახით.
- ინიშნება ციკლოპლეგიური საშუალებები (ციკლოპლეგია - აკომოდაციის დამბლა, ობიექტების გარკვევით ხედვის უნარის დაკარგვა, რომელიც განპირობებულია წამწამოვანი კუნთის დამბლით, მაგალითად, ატროპინის ხსნარის ჩაწვეთების დროს).
გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა უკუნაჩვენებია.
უხეში ნაწიბურის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად პროცესის ჩაცხრობის პერიოდში ტარდება გამწოვი თერაპია.
ქირურგიული მკურნალობა
თუ წყლული დიდხანს არ შეხორცდა და თავი იჩინა რქოვანა გარსის გახევის საფრთხემ, ნაჩვენებია სრული ან შრეობრივი კერატოპლასტიკა.
წყლულის შეხორცების შემდეგ რქოვანა ხშირად შემღვრეული რჩება. ასეთ დროს ტარდება კერატოპლასტიკა მხედველობის სიმახვილის ასამაღლებლად.
ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში რქოვანა გარსის წყლულის პროგნოზი კეთილსაიმედოა.
თუ წყლული დიდხანს არ შეხორცდა, უნდა გადამოწმდეს დიაგნოზი (შესაძლოა, მიზეზი არასწორად იყოს განსაზღვრული) და მკურნალობის ტაქტიკა. რქოვანა გარსის სოკოვანი ინფექციით განპირობებულ წყლულს ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა და ძნელად შესამჩნევი სიმპტომები, რქოვანა გარსის ჰერპესული წყლული კი იშვიათად ემორჩილება მკურნალობას.
პროფილაქტიკა
რქოვანი გარსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს, ასევე - იმ დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია წყლული.