სიმპტომები და მიმდინარეობა
ორქიტი მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც.
მწვავე ორქიტი
დაავადება სათესლის არის ტკივილით იწყება. ტკივილი გადაეცემა შორისის, საზარდულის, წელის ან კუდუსუნის არეში. დაავადებულ მხარეს სათესლე პარკი ორჯერ მსხვილდება, ანთებითი პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წითლდება, ცხელდება, მის კანზე ნაკეცები სწორდება. ამ დროს სათესლე ჯირკვალი გადიდებულია, შეხებისას - მტკივნეული. ადგილობრივ სიმპტომებს ერთვის ზოგადი სისუსტე, ცხელება (38-39 გრადუსი), თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და სხვა.
2-4 კვირაში დაავადება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისთავად გაივლის. არის შემთხვევები, როცა ანთებითი პროცესის გაღრმავებისდა კვალად ჯირკვალი ჩირქდება. ვითარდება ე.წ. სათესლის აბსცესი. ასეთ დროს სათესლე პარკი ალისფერს იღებს, გლუვდება, შეხებისას კი ძლიერ მტკივნეულია.
მწვავე ორქიტის მთავარი გართულებაა სათესლის დაჩირქება, რასაც საბოლოოდ უნაყოფობამდე მივყავართ.
მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკოთერაპიას, მწვავე პერიოდში - ადგილობრივ ცივ პროცედურებს (ცივ, ყინულიან საფენებს), მწვავე პროცესის ჩაცხრობის შემდეგ კი - თბილ პროცედურებსა და ფიზიოთერაპიას. ორქიტის დროს სათესლე პარკს ამაღლებულ პოზიციაში აკავებენ. აბსცესის ჩამოყალიბებისას სათესლეს გაკვეთენ და ახდენენ ჩირქის დრენირებას. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში, როცა ჯირკვლის ქსოვილი განილევა და სათესლე მთლიანად ჩირქითაა სავსე, ტარდება ორქიექტომია - სათესლის ამოკვეთა.
ქრონიკული ორქიტი
ქრონიკული ორქიტი მწვავე ორქიტის არასათანადო მკურნალობის შედეგად ვითარდება. ზოგჯერ ის შარდსასქესო სისტემის ქრონიკული ინფექციის გართულებაა. ქრონიკული ორქიტის მთავარი სიმპტომია სათესლე ჯირკვლის მტკივნეულობა შეხებისას. პროცესის გამწვავებისას ტკივილი სიარულის დროსაც აღმოცენდება. ქრონიკულად მიმდინარე პროცესი მწვავეზე მეტად აქვეითებს ჯირკვლის სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას და უნაყოფობის განვითარების თვალსაზრისით გაცილებით საშიშია.
მკურნალობა ქრონიკული ორქიტის დროს ხანგრძლივი და რეგულარული უნდა იყოს. ანტიბიოტიკოთერაპიის, ადგილობრივი პროცედურების პარალელურად აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. კარგ შედეგს იძლევა ფიზიოთერაპიაც.
პროფილაქტიკა ითვალისწინებს შარდსასქესო დაავადებების დროულ და სათანადო მკურნალობას, ორგანიზმის ცალკეულ ორგანოთა მდგომარეობის კონტროლს ზოგადი ინფექციების (გრიპის, პარაგრიპის, ქუნთრუშის) დროს.
ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა) ასიდან 30 შემთხვევაში ორქიტით რთულდება. დაავადების დაწყებიდან 3-12 დღეში ან ბავშვის გამოჯანმრთელების პირველსავე კვირას სათესლე ჯირკვლებში (ორმხრივად) ზოგჯერ ანთებითი პროცესი აღინიშნება.
პაროტიტული ორქიტი არცთუ იშვიათად სათესლის ატროფიით (განლევით) სრულდება.
არასპეციფიკური ორქიტის სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება აუცილებელია. სათესლის ტუბერკულოზურ და სიმსივნურ პათოლოგიას, ორქიტისგან განსხვავებით, თან არ სდევს ტემპერატურული რეაქცია. ჯირკვალი თანდათანობით და უმტკივნეულოდ დიდდება.
დიფერენცირების მიზნით ზოგჯერ ულტრაბგერით გამოკვლევასა და სათესლე ჯირკვლის ბიოფსიას მიმართავენ.