საყლაპავის წყლულს პეპტიკურს უწოდებენ. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილში, კერძოდ, საყლაპავის ქვედა ნაწილის კედელში არსებული წყლულოვანი პროცესია, რომელიც განპირობებულია საყლაპავში გადასული პეპსინისა და მარილმჟავას შემცველი კუჭის წვენის აგრესიული მოქმედებით. ხშირად შერწყმულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქართან ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებასთან.
საყლაპავის პეპტიკური წყლული მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ხშირად ერთეულია, შედარებით იშვიათად - მრავლობითი. ზოგჯერ მოიცავს საყლაპავის დიდ ნაწილს. ამ შემთხვევაში მას დიფუზურს უწოდებენ.

მიზეზები
საყლაპავის წყლული ვითარდება რეფლუქსეზოფაგიტის ან ბერეტის საყლაპავის ფონზე. ამ მდგომარეობათა დროს საყლაპავში ამოდის კუჭის შიგთავსი და მარილმჟავა და პეპსინი აზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს, რომელსაც არ გააჩნია ისეთი დამცავი მექანიზმი, როგორიც კუჭის ლორწოვანს.
მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ საყლაპავის წყლულის განვითარების მიზეზი ბოლომდე მაინც დაუდგენელია.
გვხვდება საყლაპავის სიმპტომური წყლულიც. ის წარმოიშობა ზოგიერთი წამლის ზემოქმედების შედეგად, ასევე - საყლაპავის ტრავმის, დამწვრობის, ზოგიერთი ინფექციისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
საყლაპავის წყლულის მთავარი სიმპტომია მკერდუკანა ან ეპიგასტრიულ არეში არსებული ტკივილი, რომელიც აღმოცენდება ან ძლიერდება ჭამის დროს ან მისი დამთავრებისთანავე. წოლისას და დახრისას ტკივილის ინტენსივობა იმატებს. ზოგჯერ ეს შეგრძნება მოგვაგონებს კორონარულ ტკივილს. საყლაპავის წყლულს ხშირად ახლავს თან დისფაგია, ბოყინი, ამოქაფება კუჭის მჟავე შიგთავსით. გულძმარვას და ბოყინს ასევე აძლიერებს დახრა და წოლა.
თუ წყლულოვანი პროცესი დიდხანს გაგრძელდა, წყლულის ადგილი თანდათან ნაწიბურდება და იწყება საყლაპავის სტენოზირება (შევიწროება). ამ შემთხვევაში ავადმყოფი უკან იღებს მოუნელებელ საკვებს. თუ პირნაღები მასის შიგთავსი ნაწილობრივ მონელებულია, საუბრობენ საყლაპავის ქვედა სფინქტერის (კარდიოეზოფაგური სფინქტერის) უკმარისობაზე.
საყლაპავის წყლულს ახასიათებს გამწვავება-რემისიის მონაცვლეობა - დაავადება ცხრება, მაგრამ დიეტის დარღვევის (ცხარე, მჟავე და სხვა გამაღიზიანებელი საკვების მიღების) შემდეგ ხელახლა მწვავდება.

დიაგნოსტიკა
საყლაპავის წყლულის დიაგნოზს ენდოსკოპიური კვლევით სვამენ. ავთვისებიანი პროცესის გამორიცხვის მიზნით აუცილებელია დაზიანებული არიდან აღებული მასალის ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური კვლევა.

გართულებები
საყლაპავის წყლული შეიძლება გართულდეს პროფუზული სისხლდენით, პერფორაციით, დანაწიბურებისას - საყლაპავის სტრიქტურით და სტენოზით, საყლაპავის ნაწიბუროვანი დამოკლებით და წყლულის გაავთვისებიანებით (მალიგნიზაციით).

მკურნალობა
მთავარი კომპონენტია დიეტა. გამწვავებისას ავადმყოფმა უნდა მიიღოს თხიერი და ზომიერად ცივი საკვები. შემდეგ შეიძლება გახეხილ პროდუქტებზე გადასვლა. სასურველია, რაციონიდან რემისიის პერიოდშიც გამოირიცხოს ცხარე, მჟავე და სხვა სახის გამაღიზიანებელი საკვები.
მედიკამენტებიდან ინიშნება:

  • შემომგარსველი და ანტაციდური პრეპარატები (გასტალი, ალმაგელი, ფოსფალუგელი, ვიკალინი და სხვა);
  • სპამოლიზური პრეპარატები (სუკრალფატი, ვენტერი);
  • პროტონული ტუმბოს მაბლოკირებელი საშუალებები (ომეპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ლანზოპრაზოლი);
  • საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაწყლულებული უბნის რეგენერაციის გასაუმჯობესებლად - რეგენერაციის მასტიმულირებელი საშუალებები (ალანტოინი, სოლკოსერილი).

გამოიყენება ფიზიოთერაპიული მეთოდებიც.
თუ ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ გამოკეთდა, ტარდება ქირურგიული მკურნალობა. გართულების შემთხვევაშიც მკურნალობა, წესისამებრ, ქირურგიულია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია