ჰიპოკრატეს დროს სეფსისს ასე განმარტავდნენ: სისხლის მოწამვლა. ეს განმარტება შესანიშნავად ასახავს დაავადების არსს, რადგან სეფსისის გამომწვევი მიკრობები მთელ ორგანიზმში სწორედ ინფიცირებული სისხლის მეშვეობით მოითესება.
თანამედროვე განმარტებით, სეფსისი გენერალიზებული (გავრცობილი) ინფექციური პროცესია, რომელიც არასოდეს სრულდება თვითგანკურნებით და რომლისგანაც, სათანადო მკურნალობის გარეშე, ადამიანი იღუპება.
განასხვავებენ სამეანო-გინეკოლოგიურ, ოტოგენურ (ყურიდან განვითარებულ), ქირურგიული ჩარევისა და დიაგნოსტიკური მანიპულაციების შემდგომ განვითარებულ სეფსისს, აგრეთვე -ორალურ სეფსისს, რომელიც, თავის მხრივ, ტონზილურ და ოდონტოგენურ ფორმებად იყოფა. ინფიცირება ზოგჯერ ენდოგენურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის შიგნით არსებული ინფექციის კერიდან ან მათთვის ჩვეული გარემოდან, მაგალითად, ნაწლავებიდან, გამომწვევები რაიმე მიზეზით სისხლში ხვდებიან.
ჩვენს ნაწლავებში მუდმივად ბინადრობენ და ცხოველმყოფელობენ სხვადასხვა სახის ბაქტერიები. ისინი მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში, ვიტამინებისა და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა ნივთიერებების სინთეზში. როცა ორგანიზმი სუსტდება, ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები ზოგჯერ მათთვის ჩვეული გარემოდან გადიან და სისხლში ხვდებიან. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს რომელიმე ქრონიკული ან თანდაყოლილი დაავადება, რომელიც მაინცდამაინც არ აწუხებს და ამა თუ იმ ვირუსული ან სხვა ინფექციის ფონზე მძიმე სეფსისით ავადდება.
სეფსისს სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს, უმეტესად - ბაქტერიები: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი, მენინგოკოკი, ენტეროკოკი, სალმონელა, ეშერიხია და სხვა; არსებობს სოკოვანი ინფექციით გამოწვეული კანდიდოზური სეფსისი, ვირუსებით, ძირითადად ჰერპესის ჯგუფის ცალკეული წარმომადგენლებით გამოწვეული გენერალიზებული ვირუსული ინფექცია, ასევე - უმარტივესებით განპირობებული გენერალიზებული ინფექცია, კერძოდ, ტოქსოპლაზმოზის გენერალიზებული ფორმა. ბოლო დროს გრამდადებით კოკებთან შედარებით ხშირად დასტურდება გრამუარყოფითი ჩხირებით, კერძოდ, ჩირქმბადი ჩხირით, ეშერიხიათი, კლებსიელათი, ასევე - ანაერობული მიკრობებით გამოწვეული სეფსისი. სეფსისის გამომწვევი მიკროორგანიზმები არაფრით განსხვავდებიან სხვა კლინიკური ფორმის ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებისგან; ერთი და იგივე მიკრობი ზოგჯერ მსუბუქ ინფექციას იწვევს, ზოგჯერ კი სეფსისს და ამის მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად, ორგანიზმის იმუნური ძალების დაქვეითება.
ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ სეფსისი მხოლოდ იმუნიტეტდაქვეითებულთა ხვედრია. ამის კვალობაზე, სეფსისის განვითარებისთვის ორი პირობაა საჭირო: ფონური დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც იმუნოდეპრესიას (ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის უნარის დაქვეითებას) იწვევს და ინფექციის საწყისი კერა.
იმუნიტეტის დაქვეითებას მრავალი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტი, შიდსი, ნარკომანია, სიმსივნე, რადიაციული დაავადება, ქრონიკული ინფექციური სნეულება, შიმშილობა, ნერვული სტრესი, ინფექციის პირველადი კერა კი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და ლოკალიზაციის ჩირქგროვა: ფურუნკული (ძირმაგარა), პანარიციუმი -ფრჩხილბუდის ანთება, დაჩირქებული ნანემსარი, ასევე - საშვილოსნოს, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, ფილტვის, ტონზილების (ნუშურა ჯირკვლების) და სხვა ანთებითი პროცესები, ზოგჯერ - უმნიშვნელო მიკროტრავმაც კი. არის შემთხვევებიც, როცა პირველადი ანთებითი კერის დადგენა საერთოდ ვერ ხერხდება.
გარდა ამისა, სეფსისური ფორმით შეიძლება მიმდინარეობდეს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორებიც, მაგალითად, მენინგოკოკური ინფექცია, მუცლის ტიფი და სალმონელოზია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმუნოდეფიციტს ზოგიერთი მეცნიერი სეფსისის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს, თუმცა სეფსისისგან არც ჯანმრთელი და ძლიერი იმუნიტეტის მქონე პირები არიან დაზღვეულნი. მიკრობს, რომელსაც მაღალი აგრესიულობა (ვირულენტობა) ახასიათებს, უნარი შესწევს გადალახოს ორგანიზმის თავდაცვითი ბარიერი და უმძიმესი სეფსისი გამოიწვიოს. მაგალითად, ფერიმჭამელების გამორწყვაც კი შეიძლება ელვისებური სეფსისის მიზეზად იქცეს.
ადამიანის ორგანიზმში შეჭრილ მიკრობს იმუნური ძალები, ჩვეულებრივ, ცნობენ, ბოჭავენ და გავრცელების საშუალებას არ აძლევენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩირქი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბაქტერიებისა და მათთან ბრძოლაში დაღუპული იმუნურ რეაქციაში მონაწილე უჯრედების გროვა. სეფსისის დროს კი, იმის გამო, რომ ან მიკრობია მეტისმეტად ბევრი თუ აგრესიული, ან ორგანიზმში შეჭრის გზაა არაბუნებრივი, ან იმუნური ძალებია დაქვეითებული, მათი ლოკალიზაცია ვერ ხერხდება. მავნე მიკროორგანიზმები მრავლდებიან და სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდებიან, აზიანებენ მრავალ ორგანოს და არღვევენ მათ ფუნქციას, რაც საბოლოო ჯამში იქცევა კიდეც სიკვდილის მიზეზად.

სიმპტომები და მიმდინარეობა

სეფსისი მეტწილად ცხელებითა და შემცივნებით მიმდინარეობს, თუმცა იშვიათად, განსაკუთრებით -დაავადების შორსწასულ, უკანასკნელ სტადიაში, შეიძლება არც ერთი გამოვლინდეს და არც მეორე. უმძიმესი ფორმის დროს გვხვდება როგორც მაღალი ცხელება (ტემპერატურის 40 და უფრო მაღალი მაჩვენებლით), ისე უცვლელი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ხომ ორგანიზმის ერთგვარი რეაქციაა, სეფსისის მძიმე ფორმის დროს კი ორგანიზმს ზოგჯერ ამ რეაქციის გამომჟღავნების თავიც აღარ აქვს. იგივე შეიძლება ითქვას ლეიკოციტების მაჩვენებელზე: ზოგჯერ თუ მაღალი ლეიკოციტოზი - სისხლში ლეიკოციტების დონის მომატება ვლინდება, ზოგჯერ გამოხატულია ლეიკოპენია -ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში. სეფსისის სიმპტომები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისდამი კონკრეტული, დოგმატური სადიაგნოზო კრიტერიუმებით მიდგომა არ შეიძლება. სიმპტომთა ასეთი მრავალფეროვნება გამოწვეულია, ერთი მხრივ, ავადმყოფის ორგანიზმის, მეორე მხრივ კი დაავადების გამომწვევი მიკრობის თავისებურებებით. მაგალითად, სალმონელათი ან მენინგოკოკით გამოწვეულ სეფსისს თავის ძლიერი ტკივილი, უძილობა, აგზნება ან, პირიქით, მივარდნილობა ახასიათებს, სტაფილოკოკური სეფსისი კი პირველ ეტაპზე შემპარავად, საერთო მდგომარეობის, გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე მიმდინარეობს, ავადმყოფს, მიუხედავად მაღალი სიცხისა, არ აწუხებს თავის ტკივილი და ცხელებასთან შეუსაბამოდ კარგად გამოიყურება, თუმცა დაავადება პროგრესირებს და ხშირად, როცა ავადმყოფი თავს ცუდად იგრძნობს, უკვე გვიან არის.

დიაგნოსტიკა
სეფსისის დიაგნოსტიკა უწინარესად სიმპტომების საფუძველზე ხდება, რომელთა შეფასება მხოლოდ გამოცდილ ექიმს ძალუძს. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (რენტგენოლოგიური, კომპიუტერული, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსით და ექოსკოპიური) კვლევის შედეგებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებს, რადგან გამოკვლევის შედეგის უკრიტიკოდ, ანალიზის გარეშე მიღება შეიძლება გამოუსწორებელი დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცეს.
თუ ადამიანს გაურკვეველი მიზეზით აუწია სიცხემ, ამცივნებს და ეს მდგომარეობა გაგრძელდა სამ დღეზე მეტ ხანს, მით უმეტეს - თუ ინფექციის შესაძლო კერაც არსებობს (თუნდაც მცირე ზომის ჭრილობა, ჩირქგროვა კანსა თუ ღრძილებზე) ან ცოტა ხნის წინ პაციენტმა რომელიმე სისხლიანი მანიპულაცია გადაიტანა (თუნდაც კბილი ამოიღო), აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ სეფსისოლოგს სეფსისისა და გაურკვეველი ცხელებების ცენტრს. დაგვიანების შემთხვევაში სეფსისი შეიძლება პრაქტიკულად უკურნებელ სტადიაში გადავიდეს.

მკურნალობა
მკურნალობის დანიშვნისას მნიშვნელობა აქვს სეფსისის მიზეზს, ასევე გასათვალისწინებელია დაავადების სტადია, ავადმყოფის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი, თანმხლები დაავადებები, გენეტიკური ფაქტორები. ამიტომ სეფსისის მკურნალობის ინსტრუქცია არ არსებობს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მიდგომა თავისებურია. არის მცდელობა, შეიქმნას სეფსისის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მათემატიკური მოდელები, მაგრამ ბრმად, კრიტიკული მიდგომის გარეშე მათი გამოყენება არ შეიძლება.
მკურნალობის ამოსავალი წერტილი დაავადების სტადიაა. თუ ავადმყოფობის პირველ ეტაპზე ძირითადად ანტიბიოტიკებით მკურნალობა კმარა, შორსწასულ შემთხვევებში სისხლის გაწმენდა, შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ხელოვნური სუნთქვის აპარატის ჩართვაა საჭირო.
ანტიბიოტიკის სწორად შერჩევა სეფსისის საწინააღმდეგო მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან სწორედ ანტიბიოტიკია მიკრობთან ბრძოლის მთავარი იარაღი. საქმე იოლდება, როცა სისხლიდან მიკრობი ამოითესება და განისაზღვრება მისი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, თვით უმძიმესი სეფსისის დროსაც კი, სისხლიდან ბაქტერიის გამოყოფა ვერ ხერხდება. ასეთ დროს ექიმი ემპირიულად (გამოცდილებაზე დაყრდნობით) არჩევს ანტიბიოტიკს. ამისთვის ის ითვალისწინებს მიკრობის შეჭრის გზას (ვინაიდან ადამიანის სხეულის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა მიკროორგანიზმით არის დასახლებული), სეფსისის მიმდინარეობის თავისებურებებს (გამომწვევის კვალობაზე), რეგიონის მიკრობული სამყაროს თავისებურებებს, ანტიბიოტიკის შეღწევადობას ამა თუ იმ ქსოვილში, წამლის ტოქსიკურობას (შხამიანობას), ავადმყოფის ასაკს, ბაქტერიების მიერ ანტიბიოტიკის მიმართ გამძლეობის გამომუშავების უნარს. და ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სია იმ ფაქტორებისა, რომლებიც გასათვალისწინებელია ანტიბიოტიკის შერჩევისას. ამიტომ ამ პრეპარატებით თვითმკურნალობა ცეცხლთან თამაშს უდრის. ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად სეფსისის მკურნალობაში ყოველთვის ჩართულია ანტიკოაგულაციური საშუალებებიც, რადგან სეფსისის დროს სისხლის შედედების სისტემა დიდ ცვლილებებს განიცდის, ვითარდება თრომბოჰემორაგიული სინდრომი, რომელიც მაჩაბლის სინდრომის სახელწოდებით არის ცნობილი.
იმ უიშვიათეს შემთხვევებში, როცა ავადმყოფს ანტიბიოტიკების ყველა ჯგუფის აუტანლობა აქვს, სეფსისის მკურნალობა რთულდება, თუმცა არსებობს ისეთი სარეზერვო საშუალებები, როგორებიც სისხლის გაწმენდა (პლაზმაფერეზი) და იმუნიტეტის სტიმულაციაა.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია