კენის სინდრომი

კენის სინდრომი (სინონიმი: კენი-ლინარელის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: ჯუჯობა, ყიფლიბანდის გაძვალების დაგვიანება, ლულისებრი ძვლების კორტიკული სუბსტანციის გასქელება, ახლომხედველობა, გარდამავალი ჰიპოკალციემია და ჰიპერფოსფატემია, კრუნჩხვითი შეტევები.
მკურნალობა სიმპტომურია.

კერშნერ-ადამსის სინდრომი

კერშნერ-ადამსის სინდრომი ქრონიკული არასპეციფიკური ჩირქოვანი პნევმონიტია, ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონიის ნაირსახეობა. პათოლოგია ვითარდება ნელა, წლების განმავლობაში. მისთვის დამახასიათებელია: ხველა მცირეოდენი ნახველით, ჰემოპტიზი (ნახველში სისხლის შერევა), ტკივილი გულმკერდის არეში, პერკუსიის მოყრუების მცირე ზონა, უპირატესად ცალმხრივი მშრალი ხიხინი. საერთო მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ტემპერატურა - ნორმალური. შეინიშნება რენტგენოლოგიურად შემოფარგლული, სეგმენტური დაჩრდილვა, რომელიც მოგვაგონებს ატელექტაზს. ეს სინდრომი ერევათ ბრონქოკარცინომაში. ჩვეულებრივ, ვლინდება 30-50 წლის ასაკში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კერერის სინდრომი

კერერის სინდრომი წარმოადგენს სიმპტომოკომპლექსს, რომელიც უვითარდებათ ქალებს დისპარეუნიის (სქესობრივი აქტის დროს ტკივილის) შედეგად. მისთვის დამახასიათებელია გენიტალიის მყარი ჰიპერემია და ჰიპერლიმფია (გამოწვეული სქესობრივი აქტით); თანდათანობით ვითარდება მენჯის ვენების გაფართოება, მცირე მენჯის შიგნითა კედლების ჰიპერესთეზია, თეთრად შლა, საშვილოსნო გადიდებული, გასქელებული და მკვრივია.
მკურნალობა სიმპტომურია.

კვაშიორკორის სინდრომი

კვაშიორკორის სინდრომი ნიშნავს "ოქროსფერ ბიჭს" ან "წითელ ბიჭს". ის პირველად აფრიკის კონტინენტზე, ოქროს ნაპირზეა (ამჟამად განა) აღწერილი. კვაშიორკორის სინდრომი გამოწვეულია აბსოლუტურად უცილო დიეტით, რასაც მივყავართ ეგზოგენური ხასიათის მკვეთრ ჰიპოპროტეინემიამდე (ჰიპოალბუმინემია, ჰიპოგლობულინემია). ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია კანისა და თმის პიგმენტაციის შეცვლა, ზრდასა და წონაში ჩამორჩენა, ანორექსია, ფაღარათი, მეტეორიზმი, შეშუპება, ფებრილიტეტი, დამტვრეულობა, თავის ტკივილი, მიკროციტული ჰიპოქრომული ანემია. სისხლში დაქვეითებულია შრატის რკინა, სპილენძი. აღინიშნება ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება). პროგნოზი კარგია.
მკურნალობა სიმპტომურია. ინიშნება სრულფასოვანი კვება (ცილოვანი პროდუქტები).

იარის სინდრომი

იარის სინდრომი (სინონიმები: ბად-კიარის სინდრომი, კიარი-აბრიკოსოვის დაავადება) წარმოადგენს ღვიძლის ვენის მაობლიტერირებელ ანთებას. მისთვის დამახასიათებელია პორტული ჰიპერტენზიისა და ღვიძლის ციროზის ნიშნები (დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლის გადიდება, ასციტი). დარღვეულია ღვიძლის ვენებიდან სისხლის უკუდენა (ფლებიტის, თრომბოფლებიტის გამო). განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიარი-ფრომელის სინდრომი

კიარი-ფრომელის სინდრომი (სინონიმები: ჩიარი-ფრომელის, ხიარი-ფრომელის სინდრომი) წარმოადგენს პერსისტირებადი ლაქტაციის სინდრომს, საშვილოსნოს ლაქტაციურ ატროფიას. გვხვდება უმეტესად ახალგაზრდა ქალებში ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ, კერძოდ, ძუძუს წოვების დასასრულს ლაქტორეისა და ამენორეის სახით, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ფეხმძიმობისგან დამოუკიდებლადაც. ხშირად თავს იჩენს დიენცეფალონის დაზიანების ნიშნები - სიმსუქნე ან წონის კლება, თავის ტკივილი, თავბრუ, სისუსტე, ძილიანობა ან უძილობა, აღგზნებადობა, ოფლიანობა, ლიბიდოს დაქვეითება. შეინიშნება გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების ზომიერად გამოხატული ატროფიული ცვლილებები. პაციენტთა უმრავლესობას ადრე თუ გვიან უდგენენ ჰიპოფიზურ ჰორმონულად არააქტიურ სიმსივნეს, რომლისთვისაც ნელი ზრდაა დამახასიათებელი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიბისებრი კუნთის სინდრომი

კიბისებრი კუნთის სინდრომი (სინონიმი: იტონის სიმპტომი) გამოიხატება არტერიული წნევის დაქვეითებითა და სხივის არტერიაზე მაჯისცემის შესუსტებით დაავადებული კიდურისკენ თავის მიბრუნებისა და ღრმა ჩასუნთქვისას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიბნერის სინდრომი

კიბნერის სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ ბულოზურ ეპიდერმოლიზს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. ის ქრონიკული და მორეციდივე პათოლოგიაა. განასხვავებენ მის უბრალო და დისტროფიულ ფორმებს. დამახასიათებელია ბუშტუკების წარმოშობა მექანიკური ტრავმის შემდეგ. ბუშტუკები ზედაპირულია და გამჭვირვალე ან ჰემორაგიული შემადგენლობა აქვს. ლოკალიზებულია წვივების, მუხლისა და იდაყვის სახსრების ირგვლივ. დისტროფიული ფორმის დროს უპირატესად განლაგებულია ეპიდერმისსა და დერმას შორის, უბრალო ფორმის დროს - ეპიდერმისში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კილაიდიტის სინდრომი

კილაიდიტის სინდრომისთვის დამახასიათებელია განივი კოლინჯის ღვიძლის ნაკეცის მდებარეობა ღვიძლსა და დიაფრაგმას შორის. ავადმყოფს აწუხებს მუცელში სიმძიმის შეგრძნება. პერკუსიით შეიძლება მხოლოდ ეჭვის მიტანა ამ სინდრომზე, ვერიფიცირება მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევით არის შესაძლებელი. ამასთან, აუცილებელია კუჭ-ნაწლავის პერფორაციის შედეგად მუცლის ღრუში მოხვედრილი თავისუფალი ჰაერისგან დიფერენცირება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კილინის დაავადება ანუ სინდრომი

კილინის დაავადება ანუ სინდრომი გულისხმობს დაუძლურებას გვიანპუბერტატულ პერიოდში. ეს არის გაურკვეველი ეტიოლოგიის პათოლოგია, ემართებათ 15-16 წლის გოგონებს და ვლინდება გახდომით, კანის ატროფიით, შეშუპებით, თმის ცვენით, მეორეული სასქესო ნიშნების განუვითარებლობით, ამენორეით.
მკურნალობა სიმპტომურია.

კილჰ-ნევენის სინდრომი

კილჰ-ნევენის სინდრომი წარმოადგენს კუნთთა პროგრესული ატროფიის ნაირსახეობას (ე.წ. თვალის ფორმა), ხასიათდება თვალის გარეთა კუნთების ადრეული დაზიანებით.

კიმელშტილ-უილსონის სინდრომი

კიმელშტილ-უილსონის სინდრომი დიაბეტური გლომერულოსკლეროზია. იგი წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, ვითარდება დიფუზური ან კეროვანი სკლეროზული ცვლილებები თირკმლის გორგლებში, რაც ვლინდება არტერიული ჰიპერტენზიით, შეშუპებით და თირკმელების მზარდი უკმარისობით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კინდბერგ-ლერის სინდრომი

კინდბერგ-ლერის სინდრომი გამოიხატება ფილტვში ინფილტრატის განვითარებით, მკვეთრი ლეიკოციტოზითა და ეოზინოფილიით. ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი სეპტიკური ციებ-ცხელება, ოფლდენა, ზომიერი გამონაჟონი პლევრის ღრუში. პროგნოზი კარგია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კინკ-კინკ სინდრომი
კინკ-კინკ სინდრომი (ინგლ. "კინკ" - მარყუჟი) წარმოადგენს ჰიპერტენზიის პროგრესირებად ფორმას, რომლის მიზეზია აორტის ბრაქიოცეფალური ტოტების თანდაყოლილი ცვლილებები, კერძოდ, მათი დაგრძელება და დაკლაკვნა. არტერიული წნევა იწევს სიმწიფის პერიოდის დასრულების შემდეგ. პათოგენეზი უცნობია.
მკურნალობა სიმპტომურია.


კირნს-სეირის სინდრომი

კირნს-სეირის სინდრომი გამოიხატება თვალისა და გულის სიმპტომების შეუღლებით. იგი მიტოქონდრიული ენცეფალომიოპათიის ვარიანტია და ვლინდება 20 წლის შემდეგ. დამახასიათებელია ოფთალმოპლეგია, ბადურას პიგმენტური დეგენერაცია, ჰემერალოპია, ატაქსია, კუნთების პარეზი, დებილობა, დაბალი ან ჯუჯისებრი ტანი, ჰიპოგონადიზმი, პარკუჭშიდა გამტარობის დარღვევა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
მკურნალობა სიმპტომურია.

კისელის სინდრომი

კისელის სინდრომი წარმოადგენს ეპილეფსიის ფორმას, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულყრის განვითარება სტენოკარდიული შეტევის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიტაჰარას სინდრომი

კიტაჰარას სინდრომი (სინონიმი: მასუდ-კიტაჰარას სინდრომი) - პრერეტინული შეშუპება, ბადურას იდიოპათიური ბრტყელი ატკეცა, ცენტრალური ექსუდაციური რეტინიტი, ანგიოსპასტიკური ცენტრალური რეტინოპათია, ანგიონევრიტული ცენტრალური ქორეორეტინოპათია, ცენტრალური სეროზული ქორეორეტინიტი - თვალების ტოქსიკურ-ინფექციური ბუნების დაავადებაა. ახასიათებს ქორიოკაპილარული ფირფიტის სისხლძარღვოვანი გარსის სისხლძარღვთა სპაზმი. გამოვლინდება მხედველობის უცაბედი გაუარესებით, ცენტრალური სკოტომის (მხედველობის ველის კუნძულოვანი დეფექტი) განვითარებით, ოფთალმოსკოპიურად - ბადურას შემღვრევითა და შეშუპებით ყვითელი ლაქის მიდამოში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიუსტერის სინდრომი

კიუსტერის სინდრომი (სინონიმი: მაიერ-როკიტანსკი-კიუსტერის სინდრომი), იგივე ანუ ორწილიანი საშვილოსნო, საშვილოსნოს განვითარების თანდაყოლილი ანომალიაა გადაცემის სავარაუდოდ აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია პირველადი ამენორეა, სტერილურობა. მეორეული სასქესო ნიშნები და მენსტრუალური ციკლი ნორმალურია. აღინიშნება ვიკალური სისხლდენა შარდის ბუშტიდან, სწორი ნაწლავიდან, პირის ღრუდან ან ცხვირიდან. საშო თითქმის არ არის, გაყოფილია ორად, არ არსებობს მისი ღრუ და ენდომეტრიოზი, ფალოპის ლულა ჰიპოპლაზიურია. სარძევე ჯირკვლები ნორმალურად არის განვითარებული, სქესობრივი სურვილიც ნორმალურია. არცთუ იშვიათია თირკმელებისა და შარდგამომყვანი გზების ანომალიები, აორტის თანდაყოლილი ანევრიზმა, მეზენტერიუმის ანომალიები, წელის მეხუთე მალის საკრალიზაცია, მეთორმეტე ნეკნის ჰიპოპლაზია.
მკურნალობა სიმპტომურია.

კლაინფელტერის სინდრომი

კლაინფელტერის სინდრომი წარმოადგენს ცვლილებათა კომპლექსს (თირკმელების ატროფია, ამენორეა, სარძევე ჯირკვლებისა და გარეთა სასქესო ორგანოების ატროფია), რომელიც ვითარდება გენომში ზედმეტი სასქესო ქრომოსომების (XXY ან XXX) არსებობის გამო. იგი თანდაყოლილი პათოლოგიაა და ვლინდება მამაკაცებში პირველადი ჰიპოგონადიზმით. დამახსიათებელია ჰიპოგენიტალიზმი, მაღალი ტანი არაპროპორციული კიდურებით, ზოგჯერ - ქალური ტიპის თმიანობა, გინეკომასტია. ხშირად შეინიშნება ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება, გონებრივი ჩამორჩენის მსუბუქი ფორმა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლარკ-ჰანდფილდის სინდრომი

კლარკ-ჰანდფილდის სინდრომი (სინონიმი: ანდერსენის სინდრომი) იგივეა, რაც მეოთხე ტიპის გლიკოგენოზი, დიფუზური გლიკოგენოზი ღვიძლის ციროზით, ამილოპექტინოზი, გლიკოგენოზი, განპირობებული 1,4 გლუკან 6-ალფა გლუკოზილტრანსფერაზის არარსებობით. დამახასიათებელია ჰეპატოსპლენომეგალია, სიყვითლე, ჰიპოგლიკემია, ღვიძლის ციროზი. მემკვიდრეობითი გადაცემა ხდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლდის სინდრომი

კლდის სინდრომი გვხვდება უმეტესად ვერტებრობაზილარული არტერიების სისტემაში იშემიის ტიპით სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს. მისთვის დამახასიათებელია თვალის მამოძრავებელი ნერვის დამბლა პროცესის მხარეს, მოპირდაპირე მხარეს კი ნათხემის დაზიანების მოვლენები, რომლებსაც ზოგჯერ ერთვის დიზართრია და ყლაპვის გაძნელება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლეინე-ლევეის სინდრომი

კლეინე-ლევეის სინდრომი იშვიათი ავადმყოფური მდგომარეობაა. გამოიხატება ძილისკენ მომატებული მიდრეკილების შერწყმით შიმშილისა და მოძრაობითი მოუსვენრობის პაროქსიზმებთან. მიმდინარეობს სხვადასხვა ნერვულ-ფსიქიკური და სომატური გადახრით. შეტევები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. დაავადებას უკავშირებენ ჰიპოთალამუსისა და ლიმბური სისტემის დაზიანებას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლეინშმიდტის სინდრომი

კლეინშმიდტის სინდრომი წარმოადგენს ბაცილურ ინფლუენცსინდრომს - ინფლუენცის თავისებურ ფორმას. ახასიათებს დაავადების მწვავე დასაწყისი, ცხელება, ყელის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, სასულის სტენოზი ინსპირაციული სტრიდორით, პერიკარდიუმის ხახუნი, გულის საზღვრების გადიდება, ექსუდაციური (სეროზულ-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი) პერიკარდიტი, პლევროპნევმონია, ჩირქოვანი პლევრიტი, მოგვიანებით - ჩირქოვანი მენინგიტი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლეოპატრას სინდრომი

კლეოპატრას სინდრომი ვითარდება სხვადასხვა კოლაგენის კანქვეშა იმპლანტაციის შედეგად (ზოგ შემთხვევაში - კოსმეტიკური ხასიათის ჩარევის შემდეგ). გამოიხატება კოლაგენოზის ტიპის ანთებადი სინდრომით. ახასიათებს შემდეგი ნიშნები: ტემპერატურის მომატება, პოლიართრიტი, წონის სწრაფი დაკლება და ანორექსია. მსგავსი ანთებადი სინდრომი ვითარდება სილიკონისა და პარაფინის იმპლანტაციის შემთხვევაში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლერკ-ლევი-კრისტესკოს სინდრომი

კლერკ-ლევი-კრისტესკოს სინდრომი (სინონიმი: ლოუნ-ჯენონ-ლევენის სინდრომი) წარმოადგენს პარკუჭების ნაადრევი აღგზნების სინდრომს. ამ დროს პარკუჭშიდა გამტარობის დაურღვევლად ვითარდება პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდიების განვითარებისკენ მიდრეკილება. ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნება PR ინტერვალის ხანგრძლივობის შემცირება (მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიბლერ-ნაიარის სინდრომი

კლიბლერ-ნაიარის სინდრომი არის არაჰემოლიზური თანდაყოლილი პირველი ტიპის სიყვითლე, არაჰემოლიზური ჰიპერბილირუბინემია ბირთვული სიყვითლით. ის მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით, განპირობებული ფერმენტ გლუკოკორნილტრანსფერაზის უკმარისობით. გამოვლინდება სიცოცხლის პირველსავე დღეებში და ახასიათებს: სისხლში არაპირდაპირი ჰემოგლობინის მკვეთრი მომატება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები, კბილის მინანქრის განუვითარებლობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიკ-სინდრომი

კლიკ-სინდრომი (სინონიმები: ბარლოუს სინდრომი, რიდ-ბარლოუს სინდრომი) წარმოადგენს მიტრალური სარქვლის პროლაფსს. შესაძლოა იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც და განვითარდეს რევმატიზმის, გულის იშემიური დაავადების, კარდიომიოპათიის, გულმკერდის ტრავმული დაზიანების ფონზე, ანდა იყოს იდიოპათიური ბუნებისა. დამახასიათებელია ტკივილი ან დისკომფორტი გულის მიდამოში, გულის ფრიალი, თავბრუ, გულის წასვლა, ქოშინი და სწრაფად დაღლა, თუმცა არც უსიმპტომო მიმდინარეობაა გამორიცხული. ასაკთან ერთად სიმპტომების გამოვლენა ხშირდება. ობიექტურად აღინიშნება მეზოსისტოლური ექსტრატონის ფენომენი ("სისტოლური წკიპურტი") და ტელესისტოლური შუილი. გადამწყვეტი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ექოკარდიოგრაფიულ გამოკვლევებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიმაქტერიული სინდრომი

კლიმაქტერიული სინდრომი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ქალებში კლიმაქტერიულ პერიოდში იჩენს თავს. დამახასიათებელია ნერვულ-ფსიქიკური, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი, ნივთიერებათა ცვლისა და ტროფიკული დარღვევები. ხშირად აღენიშნებათ ემოციურად გაუწონასწორებელ ქალებს, რომელთაც გადატანილი აქვთ სტრესი, ანდა აქვთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ორგანიზმის განლევას იწვევს. დამახასიათებელია თავსა და გულმკერდში უეცარი წამოხურება, რასაც უხვი ოფლიანობა ახლავს თან. ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი, თავბრუხვევა, არტერიული წნევის მომატება, გაღიზიანებადობა, ტირილისადმი მიდრეკილება, უძილობა, სწრაფი დაღლილობა. სიმპტომების გამოხატულება და თანაფარდობა სხვადასხვანაირია.
მკურნალობა სიმპტომურია.

კლიპელის სინდრომი

კლიპელის სინდრომი წარმოადგენს პოლინევრიტის შერწყმას ღვიძლის დაზიანებასა და კორსაკოვის სინდრომთან (პოლინევრიტთა კომბინირებული ფსიქოზი, მეხსიერების მკვეთრი მოშლა, განსაკუთრებით - ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების დავიწყება; მეხსიერების დეფექტის კომპენსაცია კონფაბულაციებით; გვხვდება თავის ტვინის ტოქსიკური დაზიანებისას (ალკოჰოლიზმი, დარიშხანით მოწამვლა), აგრეთვე - თავის ქალას ტრავმის, ენცეფალიტის, თავის ტვინის სიმსივნის, პროგრესირებადი დამბლის დროს). აღინიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-თეილის სინდრომი

კლიპელ-თეილის სინდრომი განვითარების თანდაყოლილი ანომალიაა. გამოიხატება ხერხემლის კისრის ქვედა და გულმკერდის პირველი მალების შეხორცებით, რაც იწვევს კისრის დამოკლებას და მოძრაობის შეფერხებას ("უკისრო ადამიანი"). ხშირად თან ახლავს განვითარების სხვა მანკები - სპინა ბიფიდა, ფილტვის დამატებითი წილები, გონებრივი განუვითარებლობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-ტრენონეს სინდრომი

კლიპელ-ტრენონეს სინდრომი არის ოსტეოჰიპერტროფიული ვარიკოზული ნევუსი. ქვედა კიდურების ღრმა მაგისტრალური ვენების განვითარების ანომალია მათი გამოვლინების დარღვევით, რაც ვლინდება კიდურების ჰიპერტროფიით, კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაფართოებით და კანზე პიგმენტური ლაქებისა და ჰემანგიომების გაჩენით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-ტრენონე-ვებერის სინდრომი

კლიპელ-ტრენონე-ვებერის სინდრომი წარმოადგენს სისხლძარღვებისა და ძვლების დიზემბრიოპლაზიას. ეს არის ოსტეოჰიპერტროფიული ვარიკოზული ნერვუსი, ჰიპერტროფიული ჰემანგიოექტაზია. ამ პათოლოგიის დროს დაზიანებული კიდურის მაგისტრალურ ვენაში სისხლდენა ირღვევა. ახასიათებს: კანის ბრტყელი ცალმხრივი ანგიომები, იქვე რბილი ქსოვილისა და ძვლების ჰიპერპლაზია, ტროფიკული წყლულები, კანქვეშა ქსოვილის შეშუპება, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, კანზედა და კანქვეშა კალციფიკატები, ძვლების ქერქოვანი შრის გათხელება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-ტრენონე-პარკ-ვებერის სინდრომი

კლიპელ-ტრენონე-პარკ-ვებერის სინდრომი წრმოადგენს თავის ქალას მიდამოში არტერიულ-ვენური სისტემის ცალმხრივი თანდაყოლილი მანკის შერწყმას კიდურთა განვითარების მანკებთან. სისხლძარღვთა მხრივ უპირატესად აღინიშნება არტერიული, ვენური ან არტერიულ-ვენური ანევრიზმები თავის ქალას მიდამოში. ხშირად ერწყმის კანისა და შინაგან ორგანოთა სისხლძარღვების ანომალიებს და თანდაყოლილ სიმახინჯეებს. არტერიული ანევრიზმები, როგორც წესი, მრავლობითია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-ფელდსტეინის სინდრომი
კლიპელ-ფელდსტეინის სინდრომი წარმოადგენს თავის ქალას მემკვიდრეობით თანდაყოლილ დისპლაზიას. ახასიათებს: ძვლების ძლიერი გასქელება (განსაკუთრებით - ლავიწზე და თავის ქალაში), თავის ქალას იქსისებრი ფორმა ან აკროცეფალია. შენელებულია ხელისა და ფეხის თითების სიგრძეში ზრდა, ხელის თითების მოძრაობები შეზღუდულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიუვერ-ბიუსის სინდრომი

კლიუვერ-ბიუსის სინდრომი წარმოადგენს სიმპტომოკომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ემოციური გულგრილობა, პასიურობა და ყოველივე ამის შერწყმა ჰიპერსექსუალობასთან, აკვიატებულ მისწრაფებასთან, შეეხონ ნებისმიერ საგანს, გაუმაძღრობასთან, გარშემო მყოფი საგნების შეცნობის უნარის დარღვევასთან. ვითარდება საფეთქლის წილების მედიალური სტრუქტურების ორმხრივი დაზიანების დროს, მაგალითად, ჰერპესული ენცეფალიტის ან თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებების ფონზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიფორდის სინდრომი
კლიფორდის სინდრომი ახალშობილთა დაავადებაა, რომელიც განპირობებულია პლაცენტის დისფუნქციით, სანაყოფე წყლების მკვეთრი შემცირებით ორსულობის გახანგრძლივების დროს. გამოიხატება კანის სიმშრალითა და აქერცვლით, წონაში ჩამორჩენით, ხშირად ფილტვებში ატელექტაზითა და ჰიალინური მემბრანების განვითარებით სანაყოფე წყლების ასპირაციის გამო.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია