სხივური
დაავადებები

ქიმიურ ელემენტებს, რომლებსაც შესწევს დაშლის უნარი და შედეგად ასხივებს მაიონიზებელ (ალფა, ბეტა და გამა) სხივებს, რადიაქტიური ელემენტები ეწოდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება ურანი, პოლონიუმი, ვანადიუმი და სხვა. ყველამ იცის, რა დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მაიონიზებელ გამოსხივებას ჯანმრთელობისთვის. ამ გამოსხივების დანახვა და შეგრძნება შეუძლებელია, რაც მას კიდევ უფრო საშიშს ხდის.
ბირთვული არსენალის აფეთქების დროს წარმოიშობა რამდენიმე დამაზიანებელი ფაქტორი – დარტყმითი ტალღა, სინათლის გამოსხივება, გამჭოლი რადიაცია, რადიაქტიური დაბინძურება და ელექტრომაგნიტური იმპულსები, მაგრამ არსებობს მაიონიზებელი გამოსხივების სხვა წყაროებიც.

რადიაციული
გამოსხივების ბუნებრივი
წყარო და მისი
ზემოქმედება ადამიანზე

დედამიწის მოსახლეობა რადიაციული დასხივების ძირითად ნაწილს ბუნებრივი წყაროებიდან იღებს. მათი უმეტესობისაგან თავის დაცვა შეუძლებელია. კოსმოსიდან დედამიწაზე განუწყვეტლივ ეცემა სხვადასხვაგვარი გამოსხივება. გარდა ამისა, დედამიწის ქერქიც გამოასხივებს რადიაციას. ამ ორი წყაროდან მიღებული სხივები გარეგან დასხივებას იწვევს.
არსებობს შინაგანი დასხივებაც – რადიაქტიური ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ჰაერი, საკვები ან წყალი, ხვდება ორგანიზმში და იწვევს დასხივებას შიგნიდან.
მართალია, ბუნებრივი წყაროებიდან დასხივებას ყველა განვიცდით, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი დიდ დოზას იღებს, ზოგი კი მცირეს. ეს ჩვენს საცხოვრებელ ადგილზეა დამოკიდებული. რადიაციის დონე დედამიწის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით იქ, სადაც რადიაქტიური წიაღისეულია, საშუალოზე მაღალია, სხვა ადგილებში კი – შესაბამისად, ნაკლები. დასხივების დოზა დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზეც. მაგალითად, მას ზრდის ნაგებობებში გამოყენებული ზოგიერთი საშენი მასალა, ბუნებრივი და თხევადი აირის მოხმარება საკვების მოსამზადებლად, შენობის ჰერმეტიზაცია, თვითმფრინავით ფრენა.
უნდა ითქვას, რომ რადიაციის მიწიერი წყაროები გამოსცემენ ადამიანის დასხივების ჯამური დოზის დიდ ნაწილს. საშუალოდ ისინი წლიური ეფექტური ეკვივალენტური დოზის 5/6-ს შეადგენენ. დანარჩენი კოსმოსური სხივების წილად მოდის.

კოსმოსური სხივები

კოსმოსური სხივებით შექმნილი რადიაციული ფონი გარეგანი დასხივების თითქმის ნახევარს შეადგენს. ეს სხივები ჩვენამდე უმთავრესად გალაქტიკის სიღრმიდან აღწევს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მზეზე წარმოიშობა. კოსმოსური სხივები, აღწევენ რა დედამიწის ზედაპირს, ურთიერთქმედებენ ატმოსფეროსთან. ამის შედეგად წარმოიშობა მეორეული გამოსხივება და სხვადასხვა რადიონუკლიდი.
დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მეტ რადიაციას იღებს, ვიდრე ეკვატორული ნაწილები. ეს განპირობებულია დედამიწის მაგნიტური ველით. დასხივების დონე სიმაღლესთან ერთადაც იმატებს. მაგალითად, ზღვის დონეზე მცხოვრები ადამიანები იღებენ საშუალოდ 300 მიკროზივერტის ტოლ დასხივებას წელიწადში, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მცხოვრებნი – რამდენადმე მეტს, ხოლო 4000 მ-ზე (მაქსიმალური სიმაღლე, რომელზეც ცხოვრობენ ადამიანები – სოფლები ევერესტზე) დასხივების დონე 25-ჯერ დიდია. უფრო ინტენსიურ, მაგრამ ხანმოკლე დასხივებას განიცდიან თვითმფრინავის ეკიპაჟი და მგზავრები: ტურბორეაქტიული თვითმფრინავით გადაფრენისას მგზავრები იღებენ 50 მკზვ რადიაციას, ხოლო ზემაღალი სიჩქარის თვითმფრინავით გადაფრენისას – 20%-ით ნაკლებს, მიუხედავად იმისა, რომ დასხივება ამ დროს უფრო ინტენსიურია. ეს ფრენის სისწრაფით და ჰაერში ნაკლებ ხანს დაყოვნებით აიხსნება.

დედამიწის რადიაცია

დედამიწის წიაღში სულ რამდენიმე რადიაქტიური იზოტოპია მიმოფანტული, ძირითადად – კალიუმ-40, რუბიდიუმ-87 და რადიაქტიური ოჯახის კიდევ 2 წევრი, რომლებიც საწყისს ურანი-238 და თორიუმი-232 ხანგრძლივმოქმედი იზოტოპებისგან იღებენ. უნდა ითქვას, რომ მიწიერი რადიაციის დონე დედამიწაზე არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია ნიადაგში რადიონუკლიდების კონცენტრაციაზე, რომელიც მოსახლეობის ძირითადი მასის განთავსების ადგილებზე მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია. მოსახლეობის 95% ცხოვრობს ისეთ ადგილებზე, სადაც დასხივების სიმძლავრე წელიწადში საშუალოდ 0,3 და 0,6 მილიზივერტს შეადგენს; მოსახლეობის დაახლოებით 3% იღებს დასხივების შედარებით დიდ დოზას – საშუალოდ 1 მილიზივერტს წელიწადში, ხოლო 1,5% – 1,4 მილიზივერტზე მეტს.
დედამიწაზე არის ისეთი ადგილებიც, სადაც მიწიერი რადიაცია გაცილებით მაღალია. მაგალითად, ბრაზილიაში, სან-პაულუდან 200 კმ-ის დაშორებით, რადიაციის დონე 800-ჯერ აღემატება საშუალოს და წელიწადში 250 მილიზივერტს შეადგენს. ქალაქ გუარაპარში (იქ 12 000 კაცი ცხოვრობს და ყოველ წელს ჩადის 30 000 ტურისტი) პლაჟის ზოგიერთ ადგილას დაფიქსირდა რადიაციის ასეთი დონე – 175 მილიზივერტი წელიწადში, ამავე ქალაქის ქუჩებში კი რადიაცია შედარებით ნაკლები აღმოჩნდა – 8-15 მილიზივერტი. და მაინც, ეს მაჩვენებელი საშუალოზე გაცილებით მეტია. მსგავსი სიტუაციაა მეთევზეთა სოფელ მეიეაპეში, რომელიც სამხრეთით, გუარაპარიდან 50 კმ-ზე მდებარეობს. ორივე დასახლებული პუნქტი დგას სილაზე, რომელიც მდიდარია თორიუმით.
კვლევებით დამტკიცდა, რომ პლანეტის მეორე მხარეს, ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც 70 000 კაცი ცხოვრობს 55 კმ-იან წვრილ ზღვისპირა ზოლზე და სილა მდიდარია თორიუმით, ადამიანი წელიწადში საშუალოდ 3,8 მილიზივერტის ტოლ გამოსხივებას იღებს. ირანის ქალაქ რამსერში აღმოჩენილია რადიუმით მდიდარი ადგილები, სადაც რადიაციის დონე შეადგენს 400 მილიზივერტს წელიწადში. ცნობილია სხვა ადგილებიც მაღალი რადიაციით – საფრანგეთი, ნიგერია, მადაგასკარი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური რადიაციის სამეცნიერო კომიტეტის (UNSCEAR) დასკვნით, გარეგანი დასხივების საშუალო ეფექტური ეკვივალენტური დოზა, რომელსაც ადამიანი იღებს წელიწადში ბუნებრივი რადიაციის მიწიერი წყაროებიდან, შეადგენს 350 მიკროზივერტს ანუ კოსმოსური სხივებით ზღვის დონეზე შექმნილი რადიაციული ფონით გამოწვეული საშუალო ინდივიდუალურ დოზაზე მცირედით მეტს.

შინაგანი დასხივება
დასხივების ეფექტური ეკვივალენტური დოზის დაახლოებით 2/3 მოდის შინაგანი დასხივების წილად და მას ადამიანი იღებს რადიაციის წყაროებიდან საკვებით, წყლით, ჰაერით, ორგანიზმში მოხვედრილი რადიაქტიური ნივთიერებებიდან. ამ დოზის სულ მცირე წილი მოდის კოსმოსური რადიაციის ზემოქმედებით წარმოქმნილ რადიაქტიურ იზოტოპ ნახშირბად-14-სა და ტრიტიუმზე, დანარჩენი კი მიწიერი წარმოშობისაა. ადამიანი წელიწადში საშუალოდ 180 მიკროზივერტს კალიუმ-40-ის ხარჯზე იღებს. შინაგანი დასხივების შედარებით მეტ დოზას იღებს ურანი-238-ის ოჯახის ნუკლიდებისაგან, ხოლო მცირედს – თორიუმი-232 ოჯახის რადიონუკლიდებისგან. მათი შვილეული პროდუქტები, ტყვია – 210 და პოლონიუმი – 210, კონცენტრირებულია თევზებსა და მოლუსკებში. ამიტომ ადამიანებმა, რომლებიც ბევრ თევზს მიირთმევენ, შეიძლება დასხივების შედარებით დიდი დოზა მიიღონ.
შორეულ ჩრდილოეთში ათასობით ადამიანი ძირითადად ჩრდილოეთის ირმის (კარიბუ) ხორცით იკვებება, რომელშიც მაღალი კონცენტრაციით არის ზემოხსენებული ორივე რადიაქტიური იზოტოპი. განსაკუთრებით მაღალია პოლონიუმ-210-ის შემცველობა.
დასავლეთ ავსტრალიაში ურანის მომატებული კონცენტრაციების ადგილას ადამიანები საშუალოზე 75-ჯერ მეტ დასხივებას იღებენ, რადგან იკვებებიან ცხვრისა და კენგურუს ხორცით, რომელშიც გროვდება პოლონიუმი – 210 და ტყვია – 210.

რადონი ფილტვების
კიბოს იწვევს

დღესდღეობით შინაგანი დასხივების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რადონს. უკანასკნელ წლებში განვითარებულ ქვეყნებში ინტენსიურად იზომება რადონის აქტივობა შენობის ჰაერში, რადგან ეს პრობლემა უშუალოდ უკავშირდება ფილტვის კიბოთი ავადობის მატებას, მეტადრე – მწეველებში, რომლებსაც კიბოს რისკი 100-ჯერ მაღალი აქვთ. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ საცხოვრებელ სახლებში, სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე რადონის დონის 2 მლნ-ზე მეტი გაზომვით დაადგინა, რომ ზოგიერთ შტატში შენობების 30%-ში რადონის მაჩვენებელი ნორმაზე მეტი იყო. საცხოვრებელი სახლების ჰაერში რადონის მაღალი აქტივობის მიზეზად შეიძლება სტეკეფექტი (საკვამლე მილის ეფექტი) ჩაითვალოს. ტემპერატურულ ცვალებადობას შენობის ჰაერსა და გარე ჰაერს შორის ზამთრის პერიოდში წნევის ცვალებადობამდე მივყავართ, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჰაერის ნაკადი, რომელიც შენობაში ნიადაგიდან ხვდება. თუმცაღა წნევა ამ დროს არც ისე დიდია (5 პასკალი), ეს საკმარისია, რომ შენობაში რადონის შეჭრის სიჩქარე რამდენიმეჯერ გაიზარდოს. ეს ეფექტი განსაკუთრებით საგულისხმოა იმ შენობებისთვის, სადაც ცუდი იზოლაციაა.
სახიფათოა ფილტვებში ისეთი წყლის ორთქლის მოხვედრა, რომელიც მაღალი კონცენტრაციით შეიცავს რადონს, განსაკუთრებით – სააბაზანოში. ფინეთში შენობების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ სააბაზანოში რადონის კონცენტრაცია საშუალოდ სამჯერ აღემატება მის შემცველობას სამზარეულოში და 40-ჯერ – საცხოვრებელ ოთახებში. კანადაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შხაპის ჩართვიდან მთელი 7 წუთის განმავლობაში რადონის კონცენტრაცია აბაზანაში სწრაფად იზრდებოდა. რადონით ადამიანი უმთავრესად  შენობებში სხივდება. რადონი ჰაერში ხვდება უმთავრესად შენობის ქვემოთ არსებული გეოლოგიური სივრციდან, საშენი მასალებიდან და სხვა.
რადონის საშუალო აქტივობა ჰაერში მიწის ზედაპირიდან 1 მ მანძილზე შეადგენს 7-12 ბკ/მ3-ს. ტერიტორიაზე, რომელიც რადონით არის გაჯერებული, ეს სიდიდე შესაძლოა 50 ბკ/მ3-ს აღწევდეს. არსებობს ტერიტორიები, სადაც რადონის შემცველობა ჰაერში აღწევს 150 ბკ/მ3-ს.
ამჟამად რადონი მიეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მთავარ პრობლემათა რიცხვს.
საქართველოს სინამდვილეში შენობებში რადონის პრობლემა არათუ შორსაა გადაწყვეტისგან, არამედ შესწავლილიც კი არ არის, ხოლო რეგიონის გეოეკოლოგიური და ეთნოსოციოლოგიური თავისებურებები გვაფიქრებინებს, რომ ეს პრობლემა საქართველოში ძალზე მწვავეა.
საქართველო ურანმატარებელი ქანების ქვეყანაა და რადონის მოსალოდნელი კონცენტრაციები სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი უნდა იყოს. საქართველოში ხშირია ტექტონიკური რღვევები, მინერალური წყლების ზედაპირული გამოსვლები, რაც ერთი რიგით ზრდის რადონის კონცენტრაციებს. უკანასკნელ საუკუნეში ქართველები ხის სახლებიდან მასობრივად გადასახლდნენ აგურ-ბლოკურ და პანელოვან სახლებში, რამაც მკვეთრად გაზარდა საცხოვრებლებში რადონის კონცენტრაცია. თერმული წყლებისა და საწვავი აირის მოჭარბებული გამოყენება (გასათბობად) კიდევ უფრო ამძიმებს რადიოჰიგიენურ სიტუაციას.
განსაკუთრებით არასასურველ შედეგს გამოიღებს თავშეყრის ადგილების მიწისქვეშა სათავსებში გადატანა, როცა ეროვნულმა სამშენებლო ინდუსტრიამ საერთოდ არ იცის რადონსაწინააღმდეგო ტექნოლოგიები (გრუნტისა და საძირკვლის ჰერმეტიზაცია, სპეციალური სავენტილაციო ტექნოლოგიები და ა.შ.). იგივე უნდა ითქვას მიწისქვეშა სამხედრო ნაგებობისა თუ თავშესაფრების შესახებ, სადაც პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი იყრის თავს. რადონის პრობლემის მოგვარება საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ ფართომასშტაბიანი სახელმწიფო-ეროვნული პროგრამის ფართოდ გაშლის შედეგად.

ბირთვული იარაღის
აფეთქებები

რამდენიმე ათეული წელია, კაცობრიობა განიცდის დასხივებას რადიაქტიური ნალექებისგან, რომლებიც გამოწვეულია ბირთვული აფეთქებით. საუბარია არა მარტო იმ ნალექებზე, რომლებიც მიმოიბნა 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ბირთვული ბომბების აფეთქებისას, არამედ საწვრთნელ ბირთვულ აფეთქებებზე, რომლებიც მიმდინარეობდა დედამიწაზე სამოცდაათიან წლებამდე (საწვრთნელ აფეთქებებს ატარებდნენ  აშშ, საბჭოთა კავშირი, ინგლისი, საფრანგეთი და ჩინეთი).
ამ ქვეყნებმა 1963 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბირთვული გამოცდების შეზღუდვის შესახებ, აიღეს ვალდებულება, რომ არ გამოცდიდნენ ბირთვულ იარაღს ჰაერში, წყალსა და კოსმოსში. ამის შემდეგ მხოლოდ საფრანგეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს ატმოსფეროში ბირთვული აფეთქებების სერია, თუმცა ამ აფეთქებათა სიმძლავრე შესამჩნევად ნაკლები იყო და თავად გამოცდებიც იშვიათად ტარდებოდა (უკანასკნელი ჩატარდა 1980 წელს).
მიწისქვეშა აფეთქებები დღესაც ტარდება, მაგრამ რადიაქტიურ ნალექებს არ იწვევს. დანარჩენი ტიპის აფეთქებათა დროს რადიაქტიური მასალის ნაწილი გამოიტყორცნება გამოცდის ადგილებიდან შორიახლოს, ნაწილი კავდება ტროპოსფეროში (ატმოსფეროს ყველაზე ქვედა შრეში), ზოგს ქარი აიტაცებს და დიდ მანძილზე გადააქვს, ძირითადად – იმავე განედზე. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რადიაქტიური ნივთიერებები თანდათანობით მიმოიბნევა მიწაზე. ატმოსფეროში ჩატარებული აფეთქებების შედეგად რადიონუკლიდების დიდი ნაწილი გამოიტყორცნება სტრატოსფეროში (ატმოსფეროს მომდევნო ფენა, სიმაღლით 10-50 კმ), სადაც ისინი თვეების განმავლობაში რჩებიან, შემდეგ კი ნელა ილექებიან და დედამიწის მთელ ზედაპირზე მიმოიფანტებიან. რადიაქტიური ნალექები შეიცავენ რამდენიმე ასეულ რადიონუკლიდს. მათი უმეტესობა სწრაფად იშლება. რადიონუკლიდების მხოლოდ მცირე ნაწილს შეაქვს თავისი წვლილი ადამიანის დასხივებაში. ბირთვული საცდელი აფეთქებისას მოსახლეობის ეფექტური კოლექტიური ეკვივალენტური დოზის ჩამოყალიბებაში ბრალი მხოლოდ ოთხ რადიონუკლიდს მიუძღვის. ესენია: ნახშირბადი-14, ცეზიუმ-137, ცირკონიუმ-95 და სტრონციუმ-90.

გარემოს
დამაბინძურებელი
სხვა წყაროები

ატომის ენერგიის სახალხო მეურნეობის ინტერესებისთვის გამოყენება ხელოვნური დასხივების დამატებით წყაროებს ქმნის. დოზები უმეტესად არ არის დიდი, მაგრამ ხანდახან ტექნოგენური წყაროები რამდენიმე ათეულჯერ ინტენსიურია, ვიდრე ბუნებრივი. ამ დოზის ფორმირებაში ძირითადი დატვირთვა მოდის სამედიცინო პროცედურებსა და მკურნალობის მეთოდებზე, რომლებიც რადიაქტივობისა და რენტგენის დანადგარების გამოყენებასთან არის დაკავშირებული. დიაგნოსტიკის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა რენტგენის აპარატი. განვითარებულ ქვეყნებში წელიწადში 1000-დან 300-900 კაცი გადის ამგვარ გამოკვლევას, თუ არ ჩავთვლით კბილების რენტგენოგრაფიას და მასობრივ ფლუოროგრაფიას. გამოკვლევის დროს პაციენტი იღებს დასხივების მინიმალურ დოზას, მაგალითად, კბილების რენტგენოგრაფიისას – 0.03 მზვ-ს, კუჭის რენტგენოგრაფიისას – ამდენივეს, ფლუოროგრაფიისას – 3,7 მზვ-ს.
ბირთვულმა აფეთქებებმა, რომლებსაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ჰქონდა, გამოიწვია გარემოს (ჰაერის, ნიადაგის, წყლის) დაბინძურება 200-მდე ხელოვნური რადიაქტიური იზოტოპით, რომლებიც ქმნიან ადამიანის გარეგანი და შინაგანი დასხივების დამატებით ხელოვნურ წყაროს.
ასევე რადიაქტიური დასხივების ხელოვნურ წყაროს წარმოადგენს სამრეწველო ხელსაწყოები, რომლებიც შეიცავს რადიაქტიურ იზოტოპებს ან რენტგენის გენერატორებს. ესენია სისქისა და დონის მზომები, ვისკოზიმეტრები და გამაგრაფიის სხვა ხელსაწყოები.
გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა რადიაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება. ეს ნივთიერებები მოიცავს მედიცინაში გამოსაყენებელ რადიაქტიურ იზოტოპებს, გააქტიურებულ ურანს, ურანის ჰექსაფთორიდს, პლუტონს, რადიაქტიურ ნარჩენებს და სხვა.
რადიაქტიური ნივთიერებების გადატანა ხორციელდება საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით. უსაფრთხოების წესების დარღვევამ შესაძლოა გარემოს დაბინძურება გამოიწვიოს.
გარკვეულწილად დაბინძურების წყაროს წარმოადგენს ბირთვული ელექტროსადგურებიც. ასეთ ელექტროსადგურებზე მყართან ერთად არის თხევადი (დაბინძურებული წყლები) და აიროვანი (არგონ-41) ნარჩენებიც. თბური ელექტროსადგურების მილებიდან ამოსული ღრუბელი ადამიანის დამატებითი დასხივების წყაროა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელექტროსადგურები მდებარეობს დასახლებული ადგილების ახლოს ან მათ შუაგულში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიაქტიური ნარჩენები, რომლებიც მიიღება ბირთვული მასალის გამოყენებისა და გადამუშავების პროცესში. განასხვავებენ დაშლის მცირე და დიდი პერიოდის მქონე ნარჩენებს. დაშლის მცირე პერიოდის მქონე ნარჩენებს განეკუთვნება რადიაქტიური ელემენტები, რომელთა დაშლის პერიოდი 30 წელზე ნაკლებია. ასეთი ნარჩენები გვხვდება ბირთვულ ელექტროსადგურებზე, კვლევით ლაბორატორიებში. რადიაქტიური ნარჩენების საერთო მოცულობის 95%-ს ისინი შეადგენენ. დაშლის დიდი პერიოდის მქონე ნარჩენები ინახება მიწის ზედაპირიდან რამდენიმე ასეულ მეტრ სიღრმეზე, მდგრად გეოლოგიურ ფორმაციებში.
ზოგიერთი სამედიცინო მოწყობილობა და პროცედურა იწვევს პაციენტის დასხივებას. მაგალითად, რადიოლოგიური თერაპია და ორგანიზმში რადიაქტიური ნივთიერებების შეყვანა, რასაც ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის დროს მიმართავენ. ისიც უნდა ითქვას, რომ პაციენტები, რომელთაც ორგანიზმში რადიაქტიური ნივთიერებები აქვთ შეყვანილი, გარშემო მყოფთათვის თვითონვე წარმოადგენენ რადიაციული დასხივების წყაროს. რენტგენის აპარატები და რადიოლოგიური თერაპიისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ასევე იწვევს პაციენტებისა და მედპერსონალის დასხივებას.

რადიაციული
გამოსხივება და
ჯანმრთელობა

ფრანგმა მეცნიერებმა, რომლებიც უჯრედებზე რადიაციის ზემოქმედებას შეისწავლიდნენ, ჯერ კიდევ 1906 წელს დაასკვნეს, რომ უჯრედის მგრძნობელობა რადიაციისადმი მისი გამრავლების უნარის პირდაპირპროპორციულია. რადიაციისადმი მაღალმგრძნობიარენი არიან სისხლმბად ორგანოთა უჯრედები: ძვლის წითელი ტვინი, ნაწლავების ლორწოვანი, ლიმფოციტები, გონადები. ეს უჯრედები შედარებით მცირე დოზით დასხივებისას (0,5-4 გრეი) იღუპებიან. ნერვულ და კუნთოვან უჯრედებს რადიორეზისტენტულობა ახასიათებთ – იღუპებიან მხოლოდ მაღალი დოზებით დასხივებისას (40-80-100 გრეი), თუმცა ნაყოფის ზრდის ადრეულ ეტაპზე ნერვული უჯრედები დასხივებისადმი მაღალმგრძნობიარენი არიან.

რადიაციის
მოქმედების
მექანიზმი

არსებობს პირდაპირი მოქმედების თეორია, რომლის თანახმადაც, გამა კვანტები ხვდება უჯრედის მგრძნობიარე არეში და მის სიკვდილს იწვევს. ამ თეორიას ავსებს არაპირდაპირი მოქმედების თეორია, რომლის თანახმადაც, წყლის დასხივებისას (წყალი უჯრედის დაახლოებით 80%-ს შეადგენს) წარმოიშობა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უჯრედის სტრუქტურებს აზიანებს.
არსებობს სულფოჰიდრატული ჰიპოთეზაც: SH ჯგუფის ფერმენტები რადიაციისადმი მაღალგრძნობიარენი არიან, რაც უჯრედის ბიოსტრუქტურის რღვევას განაპირობებს.
დღეისათვის ფართო აღიარება პოვა თეორიამ, რომლის თანახმადაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რადიაციის ზემოქმედებას უჯრედის გენეტიკურ სტრუქტურებზე. ამ დროს ხდება დნმ-ს ფუნქციისა და სტრუქტურის რღვევა, დნმ-ს დენატურაცია.
უჯრედის რადიაციული დასხივების ხარისხი დამოკიდებულია დასხივების დოზაზე, სახეობაზე, გამოსხივების სიმძლავრეზე, გარემო ფაქტორებზე, ჟანგბადის შეცველობაზე, უჯრედის სასიცოცხლო ციკლზე.

სხივური დაავადება
სხივური დაავადება შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. არსებობს მწვავე სხივური დაავადების რამდენიმე ფორმა:
-ძვალტვინოვანი;
-ნაწლავური;
-ტოქსემიური;
-ცერებრული.
სხივური დაავადების ძვალტვინოვანი ფორმა (1-6-10გრ). ამ ფორმის პათოგენეზურ საფუძველს რადიაციისადმი ძვლის ტვინის მაღალმგრძნობიარობა წარმოადგენს. ამ დროს ხდება ჰემოპოეზის (სისხლის უჯრედების წარმოქმნის) დარღვევა პერიფერიულ სისხლში. პირველ დღეებში აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, შემდეგ – გრანულოციტოპენია და ლეიკოპენია, ასევე – რეტიკულოციტოპენია, ანემია და ბოლოს – თრომბოციტოპენია.
მწვავე სხივური დაავადების ძვალტვინოვანი ფორმისთვის დამახასიათებელია:
1. ინფექციურ-სეპტიკური სინდრომი, რომელიც ხშირად სიკვდილს იწვევს;
2. ჰემორაგიული სინდრომი. თრომბოციტოპენიის (ირღვევა სისხლის შედედება) და სისხლძარღვთა განვლადობის გამო აღინიშნება სისხლჩაქცევები და სისხლდენა. ჰემოპოეზის დარღვევა, მკვდარი სისხლმბადი უჯრედებით ინტოქსიკაცია, ასევე – რადიაციის ზემოქმედება სხვა ორგანოებზე განაპირობებს ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სისტემების ფუნქციის მოშლას.
სხივური დაავადების ძვალტვინოვან ფორმას 4 პერიოდი აქვს:
-პირველადი რეაქციის პერიოდი იწყება დასხივებისთანავე და გრძელდება 2-4 დღეს. დამახასიათებელია ღებინება, გულისრევა, სისუსტე, დისკინეზია. აღინიშნება დაზიანებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, სისხლში – ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, რეტიკულოციტოპენია. მიმდინარეობის სიმძიმე დამოკიდებულია დასხივების დოზაზე.
-ფარული პერიოდი ანუ ცრუ გამოჯანმრთელების პერიოდი. ამ დროს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ პათოლოგიური პროცესი პროგრესირებს, ძლიერდება ჰემოპოეზი, ირღვევა სისხლის უჯრედული შემადგენლობა და სხვა. ეს პერიოდი გრძელდება 3-5 დღემდე და დამოკიდებულია დასხივების დოზაზე.
-გაჩაღების პერიოდი. ამ დროს თავს იჩენს დაავადების ძირითადი სიმპტომი – სისხლის შემადგენლობის ცვლილება, ორგანიზმის თავდაცვითი სისტემების მოშლა, ინფექციურ-სეპტიკური გართულებები, სეფსისი, სისხლჩაქცევები და სისხლდენები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და სხვა. ეს პერიოდი გრძელდება 15-30 დღე.
-გამოჯანმრთელების პერიოდი. ჰემოპოეზი ნორმას უბრუნდება, ინფექციური გართულებები ალაგდება, ჰემორაგია წყდება და იწყება ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა. გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა 2-5, უფრო მძიმე შემთხვევაში – 6-10 თვე.
ნაწლავური ფორმა ვითარდება 10-20 გრ დოზით დასხივებისას. ამ დროს აღინიშნება სისხლწარმომქმნელი უჯრედებისა და ნაწლავთა გამრავლებადი უჯრედების სრული კვდომა, რასაც მოჰყვება აშლილობა, ინტოქსიკაცია, მიკრობებით ინვაზია, ნაწლავთა გაუვალობა და სხვა. ყოველივე ამას 7-10 დღეში ავადმყოფის სიკვდილამდე მივყავართ.
ტოქსემიური ფორმა ვითარდება 20-80 გრ დოზით დასხივებისას. რადიომგრძნობიარე უჯრედების მასობრივი დესტრუქციისა და ტოქსემიის შედეგად აღინიშნება ორგანიზმის ყველა ფუნქციის მოშლა, სისხლჩაქცევები და ტვინის შეშუპება, გართულებები გულ-სისხლძარღვთა მხრივ. ადამიანი კვდება დასხივებიდან 4-6 დღის შემდეგ.
ცერებრული ფორმა ვითარდება 80-100 გრ და მეტი დოზით დასხივებისას. იწვევს ნერვული უჯრედების კვდომას, ტვინის შეშუპებას. ადამიანი კვდება დასხივებიდან 1-3 დღის შემდეგ.

ქრონიკული სხივური
დაავადება

ქრონიკული სხივური დაავადება შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გარეგანი დასხივებისას ან საჭმლის მომნელებელ სისტემაში რადიაქტიური ნივთიერების მოხვედრისას. მათი ნაწილი გამომყოფი სისტემის მეშვეობით გამოიდევნება ორგანიზმიდან, ნაწილი კი შეიწოვება ორგანოებსა და ქსოვილებში (იოდის იზოტოპები ფარისებრ ჯირკვალში, სტრონციუმ-90 – ძვლებში).
სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ:
-მსუბუქი ხარისხის ქრონიკულ დასხივებას. ამ დროს აღინიშნება ასთენოვეგეტეტიური სინდრომი (სისუსტე, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილის დარღვევა და სხვა), ჰიპოტონია, ბრადიკარდია.
-საშუალო ხარისხის ქრონიკულ დასხივებას. ამ დროს მკვეთრად არის გამოხატული ზოგადი ცვლილებები: სისუსტე, წონის კლება, გაჭაღარავება, თმის ცვენა და სხვა. სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ედს-ის მომატება და სხვა. ქვეითდება იმუნიტეტი, ვითარდება სისხლდენა. აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობა.
-მძიმე ხარისხის ქრონიკული დასხივების დროს ადამიანი იღუპება.

კანის სხივური
დაზიანება

რადიაციულმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება. დაზიანების ხარისხი დასხივების დოზაზეა დამოკიდებული:
-I ხარისხის (მსუბუქი) დაზიანება აღინიშნება 8-12 გრ დოზით დასხივების დროს. 2 კვირის განმავლობაში ფარულად მიმდინარეობს, შემდეგ, გაჩაღების სტადიაში, კანზე წარმოიშობა ერითემა, რომელიც 10-15 დღეში ქრება. კანის მთლიანობის აღდგენას 2-4 თვე სჭირდება. ახასიათებს პიგმენტაცია.
-II ხარისხის (მძიმე) დაზიანება აღინიშნება 12-20 გრ დოზით დასხივებისას. წარმოიშობა ერითემა, რომელიც მალე ქრება. ფარული პერიოდი გრძელდება 1-2 კვირა. გაჩაღების სტადიაში აღინიშნება კანის შეშუპება, წვა, ვეზიკულები, დაწყლულება. შეხორცება იწყება 1-1,5 თვის შემდეგ. 3-6 თვეში კანი მთლიანად აღდგება.
-III ხარისხის (მძიმე) დაზიანება აღინიშნება 20-25 გრ დოზით დასხივების დროს. პირველადი რეაქციის პერიოდი 2 დღემდე გრძელდება, ფარული – ერთი კვირა. გაჩაღების სტადიაში წარმოიშობა ციანოზური ერითემა, მოგვიანებით ჩნდება ვეზიკულები, წყლულები, რომლებიც 2-3 თვის შემდეგ გარქოვანებას განიცდის. კანის ატროფია გრძელდება დიდხანს.
-IV ხარისხის (ზემძიმე) დაზიანება აღინიშნება 25-50 დოზით დასხივების დროს. დაწყებითი სტადია მკვეთრად არის გამოხატული, ფარული სტადია არ აღინიშნება, შემდეგ სწრაფად წარმოიქმნება ღრმა წყლულები, რომლებიც 6-12 თვეში ხორცდება.

კომბინირებული სხივური
დაზიანება

კომბინირებულია სხივური დაზიანება, როცა სხივურ დაავადებასთან ერთად ვითარდება დამწვრობა და ტრავმაც. ის სხივურ დაავადებათა 85%-ს შეადგენს. ამ დროს სხივური დაზიანება ამძიმებს დამწვრობისა და ტრავმების მიმდინარეობას. ქირურგიული ჩარევა უნდა ჩატარდეს სხივური დაავადების ფარულ პერიოდში, რათა ჭრილობების შეხორცება გაჩაღებამდე მოესწროს. ასევე უნდა ჩატარდეს ანტიშოკური ღონისძიებები, კანის ქირურგიული დამუშავება და სხვა.

რადიაციულ
დაზიანებათა
მკურნალობა
და პროფილაქტიკა

რადიაციულ დაზიანებათა პროფილაქტიკა გულისხმობს:
-აფეთქების დროს თავშესაფრის გამოყენებას. ეს გარკვეულწილად ამცირებს დარტყმითი ტალღის ზემოქმედებას, სინათლის გამოსხივების ზემოქმედებას, გამჭოლი რადიაციის ზემოქმედება კი 200-ჯერ მცირდება. თავშესაფარი ადამიანს რადიაციული მტვრისგანაც იცავს.
-თავშესაფრების არარსებობისას გამოყენებულ უნდა იქნეს საბრძოლო მანქანები, ტანკები და ა.შ. დაბინძურებული ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებელია მოსახლეობის სანიტარიული დამუშავება, იარაღის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობის დეზაქტივაცია.
-რადიაციისგან დაცული უნდა იქნეს წყალი, პროდუქტები, აიკრძალოს რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვების გამოყენება.
-სიგნალ "რადიაციული საფრთხის" ჩართვის შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს რადიოპროტექტორები.
პირველადი რეაქციის დროს დაზიანებულს უნდა მიეცეს ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, შემდეგ ჩამოეცვას რესპირატორი, დამცავი ლაბადა და ევაკუირებულ იქნეს. დაბინძურებული ტეროტორიიდან გამოსვლისას უნდა ჩაუტარდეს ნაწილობრივი სანიტარიული დამუშავება: უპირველესად, რადიაქტიური მტვრისგან უნდა გაიწმინდოს (თუნდაც ჯაგრისით) ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აღჭურვილობა, შემდეგ სხეულის ღია ნაწილები ჩამოიბანოს წყლით და გამოირეცხოს პირის ღრუ.
კომბინირებული დაზიანების დროს უპირველესი დახმარებაა სისხლდენის შეჩერება, ნახვევების დადება, ძვლების მოტეხილობისას – იმობილიზაცია, ტკივილგამაყუჩებლის შეყვანა და სხვა.
კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გულისხმობს: დოზიმეტრიულ კონტროლს, სრულ სანიტარიულ დამუშავებას, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების (ეტაპერაზინი), დიმედროლის, პიპოლფენის, ფენაზეპამის, კორდიამინის, მეზატონის, დეზინტოქსიკაციური საშუალებების (ჰემოდეზი, რეოპოლიგლუკინი, გლუკოზა) მიცემას. აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების მიცემა (ბარიუმის სულფატი 20გ; ფეროცინი 3გ; მაგნიუმის სულფატი 30გ).
სამედიცინო დახმარება ითვალისწინებს დეზინტოქსიკაციური და სიმპტომური საშუალებების გამოყენებას.
ფარისებრ ჯირკვალში იოდის იზოტოპების ჩალაგების შესამცირებლად პირველი 5-10 დღის განმავლობაში რეკომენდებულია კალიუმის იოდიდის მიწოდება 0,5 გ დოზით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია