ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებათა მიზეზები
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება არის ფილტვის ქსოვილის ანომალიური პასუხი დამაზიანებელ ფაქტორებზე. ამ დროს ვითარდება ალვეოლის კედლების ანთება და ინტერსტიციუმი - ალვეოლების შემომსაზღვრელი ქსოვილი - სქელდება, ფიბროზულად იცვლება. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისგან განსხვავებით, აღდგენითი პროცესი იღებს პათოლოგიურ ხასიათს და ჭარბი შემაერთებელი ქსოვილი ფილტვის ფუნქციის დარღვევას იწვევს.
ფილტვის ინტერსტიციული დაავადებების გამომწვევ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია:
-გარემო და პროფესიული ფაქტორები - საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი და ზოგიერთი საწარმოო ფაქტორი ფილტვის ქსოვილს აზიანებს. ამის მაგალითია ფილტვების დაზიანება სილიციუმის (სილიკოზი), აზბესტის (აზბესტოზი), მძიმე მეტალების, ამონიუმისა და ქლორის ორთქლის, მარცვლეულის, შაქრის მტვრის, კომპოსტის, ნაკელის ზემოქმედებით. ფილტვებზე ზემოქმედებს და შესაძლოა ფიბროზის მიზეზად იქცეს მარცვლეულში ან თივაში არსებული ბაქტერიები და სოკოები;
-ინფექციები - ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული;
-მედიკამენტები, მათ შორის - არითმიისა და გულის სხვა პრობლემების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, ფსიქიატრიაში გამოყენებული პრეპარატები;
-ზოგიერთი დაავადება - არსებობს პათოლოგიები, რომლებიც პირდაპირ არ აზიანებს ფილტვს, მაგრამ იწვევს სისტემურ დაზიანებას, რომელიც ფილტვის ქსოვილსაც მოიცავს. ასეთი რამ ხდება ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადებებისა და შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგიების, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიის, რევმატოიდული ართრიტის, დერმატომიოზიტის, პოლიმიოზიტის, სარკოიდოზის დროს.
-არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ფიბროზული პროცესისა და მასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ამგვარ შემთხვევებს ექიმები ფილტვის იდიოპათიურ ფიბროზს უწოდებენ. ფილტვში განვითარებულ პროცესს კი მედიკოსები ინტერსტიციული პნევმონიტის სახელით იხსენიებენ. ფილტვების იდიოპათიური ინტერსტიციული დაავადების რისკფაქტორებია თამბაქოს წევა, გენეტიკა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი.
ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების კლინიკური სიმპტომები
ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები ერთნაირად ვლინდება: ქოშინით, რომელიც განსაკუთრებით ძლიერია ფიზიკური დატვირთვისას, მშრალი ხველით. სიმპტომები განსაკუთრებულ სიმკვეთრეს იძენს ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მეტად არის გამოხატული ჭარბი წონისა და სასუნთქი სისტემის ინფექციების შემთხვევაში. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ქოშინი უფრო და უფრო მკვეთრი ხდება და ელემენტარული ფიზიკური დატვირთვის - ჩაცმის, საუბრის და ჭამის დროსაც კი იჩენს თავს. გარდა ქოშინისა, ტიპურია ხიხინი, გულმკერდის ტკივილი, თითებისა და ფრჩხილების დეფორმაცია - თითების ბოლო ფალანგების კომბლისებური გამსხვილება და ფრჩხილების საათის მინის მსგავსი სახეცვლილება.
ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების დიაგნოსტიკა
სამწუხაროდ, იმ დროისთვის, როდესაც თავს იჩენს ქოშინი და ხველა, ფილტვების დაზიანება უკვე შეუქცევადია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ექიმთან ვიზიტი სუნთქვის პრობლემების აღმოცენებისთანავე. ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების მიზეზის დადგენა საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან, როგორც ითქვა, ეს სახელწოდება სხვადასხვა მიზეზით განპირობებულ მრავალ მდგომარეობას აერთიანებს. გარდა ამისა, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების სიმპტომები შესაძლოა ძალიან ჰგავდეს ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, გულის მწვავე უკმარისობის ნიშნებს. ექიმის ამოცანაა, აღნიშნული დაავადებები გამორიცხოს. ამისთვის ის დეტალურად ეცნობა პაციენტის ჩივილებს, შრომის პირობებს, მის მიერ მიღებული მედიკამენტების ჩამონათვალს, თუმცა, რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის - საჭიროა დამატებითი კვლევები:
-ფილტვების რენტგენოგრაფია, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოირიცხოს ფილტვის ზოგიერთი დაავადება;
-კომპიუტერული ტომოგრაფია - ის უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე რენტგენოლოგიური კვლევა;
-სპირომეტრია - სპეციალურ ხელსაწყოში ჩაბერვით იღებენ ინფორმაციას ფილტვის ფუნქციის შესახებ;
-ბრონქოსკოპია - ზოგ შემთხვევაში ფილტვების ინტერსტიციული დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ფილტვის ქსოვილის უმცირესი ნაწილის აღება მიკროსკოპული გამოკვლევისთვის, რაც სპეციალური ხელსაწყოს - ბრონქოსკოპის საშუალებით ხდება.
ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების გართულებები
როგორც ითქვა, ინტერსტიციული დაავადების დროს ფილტვში ვითარდება ჭარბი შემაერთებელი ქსოვილი, ეს კი, ბუნებრივია, არასასურველ შედეგებს იწვევს. მათ შორის აღსანიშნავია:
-ჰიპოქსიემია ანუ სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება;
-ფილტვის არტერიაში წნევის მომატება, რასაც შემდგომში გულის მარჯვენა პარკუჭის გადაძაბვა მოჰყვება;
-სუნთქვის უკმარისობა, რაც შესაძლოა პაციენტისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს.