განასხვავებენ ფსიქოზის შემდეგ ფორმებს:
- ჰალუცინაციურს;
- ბოდვითს;
- ჰალუცინაციურ-ბოდვითს;
- აფექტურს;
- დეპრესიულს;
- მანიაკურს;
- მანიაკურ-დეპრესიულს;
- ალკოჰოლურს;
- ისტერიულს;
- შიზოაფექტურს და სხვა.
უკანასკნელ ხანს ბევრი ფსიქიატრი იზიარებს მოსაზრებას, რომ ფსიქოპათია დაავადება კი არა, პათოლოგიური ხასიათია, თანდაყოლილი ან შეძენილი ბიოლოგიურად არასრულფასოვანი ნერვული სისტემის შედეგად. ყოველივე ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, მშობლების ალკოჰოლიზმით, სამშობიარო ტრავმით, ამჟამად არსებული ან ბავშვობაში გადატანილი მძიმე ორგანული დაავადებით. ფსიქოპათის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს არახელსაყრელი გარემო, ფსიქიკური ტრავმები და მძიმე საყოფაცხოვრებო-მატერიალური პირობები. დიდი მნიშვნელობა აქვს არასწორ აღზრდას.
განასხვავებენ არასწორი აღზრდის 4 ძირითად ტიპს.
1. ჰიპერმზრუნველობა
მშობლები ზომაზე მეტ ყურადღებას იჩენენ შვილისადმი, გამუდმებით თავს ახვევენ მას საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს, თრგუნავენ მის დამოუკიდებლობას. უდიდესი პოლონელი მეცნიერი, იანუშ კორჩაკი, ამის თაობაზე წერდა: "შვილის დაკარგვის შიშით ჩვენ მას სიცოცხლეს ვართმევთ".
2. ჰიპომზრუნველობა
ბავშვი მშობლების უყურადღებობას განიცდის. იგი თავად ზრდის საკუთარ თავს. მშობლები მისი აღზრდისთვის დროდადრო თუ მოიცლიან.
3. ოჯახის ნებიერა
პატარას აღმერთებენ, ყველა სურვილს უსიტყვოდ უსრულებენ, ამართლებენ მის ყოველგვარ საქციელს, არ აჩვევენ შრომასა და პასუხისმგებლობას.
4. კონკია
ბავშვს აკლია მშობლების ალერსი და ყურადღება. მას დასცინიან, სცემენ, ადარებენ სხვა ბავშვებს, არასერიოზულად ეკიდებიან მის სურვილებს, მიზნებსა და ოცნებებს.
ფსიქოპათთა გალერეა
ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ ყოველი ფსიქოპათი თავისებურადაა ფსიქოპათიური და პათოლოგიის იმდენი ფორმა არსებობს, რამდენიც ფსიქოპათიით დაავადებული ადამიანი, თუმცა მაინც შეიძლება გამოიყოს ფსიქოპათიის ტიპური გამოვლინებები, რომელთა მიხედვით ამ პათოლოგიის მქონე ადამიანები პირობითად შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დავყოთ:
აღგზნებადი ფსიქოპათები
ახასიათებთ თავშეუკავებლობა, სიფიცხე, ძლიერ მომთხოვნები არიან სხვებისადმი და ვერ იტანენ მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. მათი რეაქციები ელვისებურია, არ ცნობენ "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპს. ძლიერ ვნებიანი, ძალაუფლებისმოყვარე, ჯიუტი, აზარტული პიროვნებები არიან. აღფრთოვანება ადვილად ეცვლებათ სასოწარკვეთილებით და პირიქით. მათთვის დამახასიათებელია სიჯიუტე. მიზნის მისაღწევად არაფერზე დაიხევენ უკან. ფრანგი ფსიქიატრები მათ ტირანებს უწოდებენ, რომლებიც თანამიმდევრობით იპყრობენ ოჯახს, სკოლას, სასწავლო დაწესებულებასა და სამსახურს.
ასთენიური ფსიქოპათები
ასთენიური ფსიქოპათები თავიანთი ხასიათით ყველაზე მეტად საკუთარ თავს აზარალებენ, ისინი ზემგრძნობიარე და თავმოყვარე პიროვნებები არიან, ეშინიათ სიბნელის და გონებას კარგავენ სისხლის დანახვისას. ეშინიათ ყოველივე ახლის. ვერ იტანენ კამათს, მტკივნეულად რეაგირებენ უხეშ მიმართვაზე; როდესაც მათთან ხმას უწევენ, იბნევიან; აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი, რის გამოც უცხო საზოგადოებაში უხმოდ სხედან და არ იციან, სად წაიღონ ხელები. ოჯახს ძნელად ქმნიან, მაგრამ დაახლოების შემდეგ ადამიანებისადმი უდიდეს მიჯაჭვულობას განიცდიან. არ ეშინიათ პასუხისმგებლობის, მაგრამ არ შესწევთ საკუთარი მოსაზრების დაცვის ძალა. ძალიან სჭირდებათ ქება, მფარველობა და მზრუნველობა.
ფსიქოასთენიკები
ისინი ძლიერ ჰგვანან ასთენიურ ფსიქოპათებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ეჭვიანები არიან. ჯერ მოქმედებენ და მერე იწყებენ საკუთარ ქმედებათა ანალიზს: "სწორად მოვიქეცი თუ არა", "იქნებ სხვანაირად ჯობდა" და ასე შემდეგ. ძლიერ უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება - ვაითუ შეცდნენ, ამიტომ ხშირად მიმართავენ რჩევისთვის მეგობრებსა და ახლობლებს. ფსიქოასთენიკები აწმყოთი კი არა, წარსულითა და მომავლით ცხოვრობენ. ყველა უიღბლობას ოცნებითა და ფანტაზიებით აკომპენსირებენ. საკუთარ წარმოსახვებში ისინი ლამაზები, წარმატებულები არიან, სჩადიან საგმირო საქმეებს და უდიდეს სამეცნიერო აღმოჩენებს აკეთებენ.
პარანოიდი ფსიქოპათები
ფანატიკოსი გამომგონებლები, რეფორმატორები, მუდამ მოკამათე, ძლიერ ეჭვიანი ტიპები არიან. ეგოისტებსა და პატივმოყვარეებს, მუდამ კონფლიქტი ტანჯავთ გაზვიადებული თვითშეფასებისა და საზოგადოების მხრივ მათ დამსახურებათა არასათანადო დაფასების გამო. აქვთ დამახასიათებელი გარეგნობა: მაღლა აწეული თავი, სკეპტიკური გამოხედვა და დამოკიდებულება ყველაფრისადმი, ავტორიტეტების უღიარებლობა და დაუოკებელი კრიტიციზმი. ისინი დეკლარირებას უწევენ საკუთარ აზრებს და ყველა კითხვაზე მზა პასუხები აქვთ. ყველაფერი, რაც მათ ეწინააღმდეგება - არასწორია, შეცდომაა. უკომპრომისობის გამო ამ ტიპის ადამიანები ძნელად აღწევენ სოციალურ სიმაღლეებს. სხვისი აზრის გათვალისწინება მაღალი ინტელექტის პატრონებსაც კი უჭირთ. ისინი აფრთხობენ ახლობლებს, მათთან კარგი ურთიერთობის დიდხანს შენარჩუნება ძნელია. მათ შორის არიან სიმართლისთვის მებრძოლნი. ასეთები ხშირად იწვევენ გარშემო მყოფთა სიმპათიას.
ჰიპოთიმიკები და
ჰიპერთიმიკები
ჰიპოთიმიკები მოწყენილი, სიტყვაძუნწი, საკუთარი თავით და გარშემო მყოფებით უკმაყოფილო ტიპები არიან, თუმცა ამ ნიღბის ქვეშ უმეტესად კეთილი, სხვათა სულიერი განცდების გამგები და თანამგრძნობი პიროვნება იმალება. ჰიპერთიმიკები გამოუსწორებელი ოპტიმისტები, უდარდელი, მხიარული ადამიანები არიან. ვერ იტანენ თავისუფლების შეზღუდვას. ხშირად ხდებიან საზოგადოების სული და გული.
ეპილეპტოიდები
დესპოტური, ჭირვეული, ძალაუფლებისმოყვარე, ფიცხი, ეგოცენტრული ადამიანები არიან. ყველაფერში დამნაშავედ გარშემო მყოფებს მიიჩნევენ. უმნიშვნელო წვრილმანის გამოც კი შეუძლიათ იჩხუბონ, იყვირონ, რამდენიმე საათი ვერ დაწყნარდნენ. ახლობლებისგან ლოიალურობას ითხოვენ, თუმცა თავად საოცარი სიმკაცრით სჯიან მათ. თრთიან ძლიერთა წინაშე და ტირანებივით ექცევიან სუსტებს.
შიზოიდები
გამოირჩევიან პარადოქსული ემოციურობით. მათში გაერთიანებულია, ერთი მხრივ, ჭარბი მგრძნობელობა, მეორე მხრივ - ემოციური სიცივე. მათ ორიგინალურებს, უცნაურებს, ექსცენტრიკულებს უწოდებენ. მათ ყურადღებას მხოლოდ ის საკითხები იპყრობს, რომლებიც აინტერესებთ. ყველა დანარჩენისადმი სრულ ინდიფერენტულობას ამჟღავნებენ. არაპრაქტიკულები არიან. არ შეუძლიათ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება.
რომელიმე ერთი ტიპის ნიშან-თვისებების მატარებელი ფსიქოპათი იშვიათია. ასეთებს მოზაიკურ ფსიქოპათებს უწოდებენ.
ორგანული დაავადებები და მდგომარეობები, რომლებსაც შეიძლება თან ახლდეს ფსიქოზი:
- ტვინის სიმსივნეები, დემენცია, გაფანტული სკლეროზი, სარკოიდოზი, ათაშანგი, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონიზმი, სისტემური წითელი მგლურა, შიდსი, კეთრი, მალარია, ლეიკოენცეფალოპათიის ზოგიერთი ფორმა, ენცეფალოპათია, ეპიდემიური პაროტიტი;
- ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსისა და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი დარღვევა: ჰიპო- და ჰიპერკალციემია, ჰიპო- და ჰიპერნატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპო- და ჰიპერმაგნიემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოგლიკემია;
- ციანკობალამინის დეფიციტი.