სქელფოთლიანთა ოჯახის წარმომადგენლია, ფუნთუშას კახეთში, რაჭაში და იმერეთში კატაძუძუს ეძახიან, აჭარაში კაკნისაკვნეტელა, კაკნისაკნატურას. მრავალწლოვანი, 4-15 სმ სიმაღლის მცენარეა. თასმისებრი დატოტვილი ფესურით. საყვავილე ყლორტები ზეაღმართულია, უნაყოფო ტოტები კი მიწაზეა გართხმული. კრამიტისებურად განწყობილი სუკულენტური ფოთლებით.
ზურგის მხარეს ამობურცული, ძირში გასქელებული, 2-5 მმ სიგრძის, შიშველი, კვერცხისებრი, ხორცოვანი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. თითოეულ ყვავილედში სულ 3-5 ყვავილია, რომელიც ყლორტების კენწეროებზეა თავმოყრილი. ყვავილის ჯამის ფოთოლაკები ხუთია, ნაცრისფერმწვანე, ან მოყვითალო. ყვავილის გვირგვინი ჯამზე 2-3-ჯერ უფრო გრძელია, 5 ოქროსფერი-ყვითელი, ლანცეტა ან ხაზურ-ლანცეტა წვეტიანი გვირგვინის ფურცლებით. ყვავის მაისიდან ივლისის ჩათვლით, ზოგჯერ აგვისტოშიც.
იზრდება მთელი ტყიანი ზონის ქვედა სარტყელიდან დაწყებული სუბალპების ჩათვლით, ზოგან ალპურ სარტყელშიც კი აღწევს. მისი უმთავრესი ადგილსამყოფელია კლდეები და ქვაინი ადგილები, მშრალი ხირხატნიადაგიანი ფერდობები. გვხვდება აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, მთიულეთსა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში. კარგი თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა.
ხალხურ მედიცინაში გარეგან სახმარად გამოიყენება დამწვრობისა და წყლულების სამკურნალოდ. მის ნაყენს სვამენ ეპილეფსიის, მალარიის დროს, აგრეთვე როგორც გამხსნელ და პირსასაქმებელ საშუალებას. ექსპერიმენტებში იწვევს სისხლის წნევის მომატებას .
ნედლ, დანაყილ ფუნთუშას კიბოს წყლულოვან კერებზე იდებენ, რომელიც ასეთ კერებს ასუფთავებს, საქონლის ქონში არეული მისი წვენი კარგი საშუალებაა თავის კანზე არსებული გამონაყრების, ჩირქოვანი მუწუკების მოსარჩენად. ეპილეფსიის სამკურნალოდ, ფხვნილად ქცეული გამხმარ ფოთლებს ხმარობენ შაქართან შერევით დღეში ორჯერ (დილით და საღამოთი) თითო მიღებაზე 15 გ რაოდენობით. მკურნალობა გრძელდება არანაკლები სამი თვისა.
ცნობილ ბერძენ ბუნების მკვლევარსა და მკურნალს ჰიპოკრატეს ეს მცენარე სიმსივნების გასაკურნ საშუალებად მიაჩნდა. ზოგი ექიმი ფუნთუშას ნაყენს (2-3 სუფრის კოვზი ბალახი ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე) ურჩევს ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ, მიღების წესია სუფრის კოვზით დღეში სამჯერ, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
ნედლი, დანაყილი ფუნთუშა ბალახი ხალხში კანის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ბულგარეთის მედიცინის მონაცემების მიხედვით დამტკიცებულია ფუნთუშას ტკივილიგამაყუჩებელი მოქმედება ბუასილის და ანალური ხვრელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების დროს. იგი დიურეტულ გავლენას ახდენს, რაც ამართლებს მის გამოყენებას სისხლის მაღალი წნევის დროს.
ბულგარეთის ხალხური მედიცინა მის დალევას ურჩევს ეპილეფსიის, სურავანდის, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. გარეგან სახმარად რეკომენდებულია ნედლი, დანაყილი, ფაფისებრი მასის ახალწარმონაქმნზე (კანის სიმსივნეებზე) დაფენა.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია