ფურამაგი
(FURAMAG-AVERSI)
ზოგადი დახასიათება:
ზოგადად მიღებული დასახელება: ფურაგინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მყარი ჟელატინის კაფსულები ყვითელი ფერის თავსახურითა და კორპუსით, შევსებული მონარინჯისფრო-მოყავისფროდან მოწითალო-მოყავისფრომდე ფხვნილით. დასაშვებია თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მონარინჯისფრო-მოყავისფრო ნაწილაკების არსებობა.
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: ხსნად ფურაგინს _ 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ფუძე კარბონატი, გასუფთავებული ტალკი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Quinoline Yellow (E 104).
გამოშვების ფორმა:
კაფსულები, 50 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება, ნიტროფურანის წარმოებული. ათქ-კოდი: J01XE.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფურამაგი-ავერსი წარმოადგენს ნიტროფურანების ჯგუფის სინთეზურ ანტიბაქტერიულ საშუალებას პერორალური გამოყენებისთვის. მისი მოქმედი ნივთიერებაა ხსნადი ფურაგინი, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ნიტროფურანების გავლენით ხდება მიკროორგანიზმის უჯრედის სუნთქვითი ჯაჭვის, კრებსის ციკლის და სხვა ბიოქიმიური პროცესების დათრგუნვა, რის შედეგადაც იშლება უჯრედული გარსი ან ციტოპლაზმური მემბრანა. მას გააჩნია ბაქტერიოსტატული და ბაქტერიციდული მოქმედება, რაც დამოკიდებულია პრეპარტის კონცენტრაციაზე. მისი ბაქტერიოსტატული კონცენტრაცია შეადგენს 1:100000-დან 1:200000-მდე, ხოლო ბაქტერიციდული - დაახლოებით 2-ჯერ მეტს. ხსნადი ფურაგინის მიმართ მგრძნობიარე არიან გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიები: Staphylococcus spp., Streptococcus spp., Shigella spp., Klebsiella spp., E.coli, Salmonella spp., Aerobacter aerogenes, Bact. citrovorum, Proteus mirabilis, Providencia morganii და ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი სხვა შტამები.
მძიმე ინფექციების დროს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების არაეფექტურობის შემთხვევაში ფურამაგი-ავერსის გამოყენება კარგ შედეგს იძლევა. მიკროფლორის რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ ვითარდება ნელა და არ აღწევს მაღალ ხარისხს. ფურამაგი-ავერსის გავლენით მცირდება მიკროორგანიზმების მიერ ტოქსინების გამოყოფა, ამიტომ ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება ბაქტერიული მიკროფლორის ზრდის გამოხატულ დათრგუნვამდე. სხვა ანტიმიკრობული საშუალებებისგან განსხვავებით ფურამაგი-ავერსი არა მარტო არ თრგუნავს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, არამედ ააქტივირებს მას (ზრდის კომპლემენტის ტიტრს და ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტივობას). ხსნადი ფურაგინის თერაპიული დოზა ასტიმულირებს ლეიკოპოეზს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ფურამაგი-ავერსი მიიღება პერორალურად. კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ საგრძნობლად აუმჯობესებს მის შეწოვას. ფურამაგი-ავერსი წარმოადგენს ხსნადი ფურაგინისა და მაგნიუმის კარბონატის კომპლექსურ შენაერთს, შეფარდებით 1:1, რომელსაც ხსნადი ფურაგინისაგან პრინციპულად განსხვავებული ფარმაკოკინეტიკური თვისებები გააჩნია. კუჭის მჟავე გარემოში (pH 1-2) ფურამაგი-ავერსი არ გარდაიქმნება ფურაგინად, ამიტომ მისი ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია. 50 მგ პრეპარატის ერთჯერადი დოზით მიღების შემდეგ აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 3 სთ-ის შემდეგ და შენარჩუნებულია 6-8 სთ-ის განმავლობაში, შარდში კი აღმოჩნდება 3-4 სთ-ის შემდეგ.
განაწილება:
ხსნადი ფურაგინი ორგანიზმში თანაბრად ნაწილდება. კლინიკურად მნიშვნელოვანია პრეპარატის მაღალი შემცველობა ლიმფაში, რაც აფერხებს ინფექციის გავრცელებას ლიმფური გზით. ფურამაგი-ავერსის კონცენტრაცია ნაღველში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში, ხოლო ლიქვორში _ რამდენჯერმე ნაკლები, ნერწყვში კი შეადგენს შრატში მისი კონცენტრაციის 30%-ს. ფურამაგი-ავერსის შეწოვის შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემიდან კარის ვენაში იქმნება მისი ბაქტერიოსტატული კონცენტრაცია, მცირდება ბაქტერიემიის ხარისხი და უმჯობესდება ორგანიზმის იმუნოლოგიური მდგომარეობა. ფურამაგი-ავერსის შემცველობა სისხლსა და ქსოვილებში შედარებით დაბალია, რაც განპირობებულია მისი სწრაფი გამოყოფით, ამასთან პრეპარატის კონცენტრაცია შარდში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში. პრეპარატის მიღებიდან 4 სთ-ის შემდეგ ფურამაგი-ავერსის კონცენტრაცია შარდში მნიშვნელოვნად აღემატება იმ კონცენტრაციას, რომელიც წარმოიქმნება ხსნადი ფურაგინის იგივე დოზით მიღებისას. ფურამაგი-ავერსი არ ცვლის შარდის pH-ს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ფურამაგი-ავერსი უმნიშვნელოდ ბიოტრანსფორმირდება (
ჩვენება:
მწვავე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ფურამაგი-ავერსისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
• სეფსისი;
• უროგენიტალური ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი), პროსტატიტი;
• სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია);
• კანისა და რბილი ქსოვილების ჭრილობები, ინფექციები, მძიმე ინფიცირებული დამწვრობა;
• გინეკოლოგიური ინფექციები;
• ქოლეცისტიტი;
• უროლოგიური ოპერაციების პროფილაქტიკა (მათ შორის ცისტოსკოპია, კათეტერიზაცია და სხვ.).
მიღების წესი და დოზირება:
ფურამაგი-ავერსი მიიღება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
მოზრდილებში ინიშნება 50-100 მგ (1-2 კაფსულა) 3-ჯერ დღეში. ბავშვებში, 30 კგ-ზე მეტი სხეულის მასით - 50 მგ (1 კაფსულა) 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 10-15 დღიანი ინტერვალით.
პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებსა და 30 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ინიშნება 50 მგ ძილის წინ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება დანიშნულების შესაბამისად და მისი კომპენსირებისათვის ორმაგი დოზის მიღება საჭირო არ არის.
აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები:
ფურამაგი-ავერსი ხასიათდება კარგი ამტანობით, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს სხვა ნიტროფურანებისთვის დამახასიათებელი გართულებები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, იშვიათად – პოლინევრიტი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, იშვიათად - ღებინება, ფაღარათი;
ალერგიული რეაქციები: ქავილი, პაპულოზური გამონაყარი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანების ჯგუფის პრეპარატებისადმი; თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმა; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
3 წლამდე ასაკი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნლო საშუალებებთან:
ფურამაგი-ავერსის ერთდროული მიღება რისტომიცინთან, ლევომიცეტინთან, სულფანილამიდებთან არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მატულობს სისხლმბადი სისტემის დათრგუნვის რისკი. ფურამაგი-ავერსის სხვა უროსეპტიკებთან კომბინირების შემთხვევაში, ამ უკანასკნელთა მოქმედება სუსტდება. არ არის რეკომენდებული ნიტროფურანების ერთდროული დანიშვნა პრეპარატებთან, რომლებიც ამჟავებენ შარდს (მათ შორის, ასკორბინის მჟავა, კალციუმის ქლორიდი). ეფექტურია კომბინაცია ტეტრაციკლინთან, ერითრომიცინთან ან ოლეანდომიცინთან.
ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ტოქსიკური მოვლენები შეიძლება განუვითარდეთ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
სიმპტომები: ნეიროტოქსიკური ხასიათის მოვლენები, ატაქსია, ტრემორი.
მკურნალობა: დიდი რაოდენობით სითხის მიღება და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება მწვავე სიმპტომების კუპირებისათვის. ნევრიტების პროფილაქტიკისთვის მიიღება B ჯგუფის ვიტამინები (თიამინის ბრომიდი).
ორსულობა და ლაქტაცია:
ადეკვატური კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფურამაგი-ავერსის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ფურამაგი-ავერსი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გამოყენების თავისებურებები:
ფურამაგი-ავერსის გამოყენება შეზღუდულია ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის, ნერვული სისტემის დაავადებების დროს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ვინაიდან არის ჰემოლიზის განვითარების რისკი. ხანგრძლივი მიღებისას ნევრიტების პროფილაქტიკისთვის პრეპარატი ინიშნება B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად. სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების მიღება, გვერდითი მოვლენების გამწვავების თავიდან ასაცილებლად.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არის აღნიშნული პრეპარატის მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა:
10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge