აღსანიშნავია, რომ ქალები უფრო ხშირად ავადდებიან ქოლეცისტიტით, ვიდრე მამაკაცები და ამის მიზეზი არის ორალური კონტრაცეპტივების ხშირი მოხმარება და ორსულობა.
მწვავე ქოლეცისტიტი
მწვავე ქოლეცისტიტი არის ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება, რომლის დროსაც უეცრად ირღვევა ნაღვლის წვენის გადინება ნაღვლის სადინარის ბლოკირების ან ნაღვლის ბუშტის კედელში პათოლოგიური დესტრუქციული ცვლილებების გამო. შემთხვევათა 85-95%-ში მწვავე ქოლეცისტიტი შერწყმულია ნაღველკენჭოვან დაავადებასთან, ადამიანთა ნახევარზე მეტს კი ნაღვლის წვენში აქვთ ბაქტერიები (კოკები, ნაწლავის ჩხირი, სალმონელები და ა.შ.). მწვავე ქოლეცისტიტის დროს ერთჯერადად ვითარდება ტკივილი მუცელში, მაგრამ სწორი მკურნალობის ფონზე ქრება ისე, რომ არ ტოვებს კვალს. თუ მწვავე შეტევას განმეორებითი ხასიათი მიეცა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პროცესი ქრონიკულ ფორმაში გადავიდა.
მწვავე ქოლეცისტიტი, ჩვეულებრივ, ქალებს უვითარდებათ, ამასთან, დაავადების გაჩენის რისკი ასაკთან ერთად მატულობს. ის ფაქტი, რომ ქალებში ნაღველკენჭოვანი დაავადება 6-8-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმ მიზეზითაც, რომ მამაკაცებს ახასიათებთ მუცლის ტიპის სუნთქვა, რაც დიაფრაგმისა და მუცლის კუნთების შეკუმშვით არის განპირობებული. იქმნება ნაღვლის გადადენის ხელისშემწყობი ბუნებრივი მასაჟის სასურველი პირობები. ქალებს ძირითადად არ ახასიათებთ მუცლის ტიპის სუნთქვა, ამიტომ მათთვის დღეში რამდენიმეჯერ მიზანშეწონილია ვარჯიში, ღრმად ჩასუნთქვისას მუცლის ძლიერი გამოდრეკა გარეთ, ხოლო ამოსუნთქვისას მუცლის ძლიერი შეზნექა შიგნით.
არსებობს მწვავე ქოლეცისტიტის ორი ფორმა - კატარული და დესტრუქციული (ჩირქოვანი). ანთებითი პროცესის სტადიის მიხდვით დაავადების დესტრუქციული ფორმა იყოფა ფლეგმონურ-წყლულოვან, ფლეგმონურ, პერფორაციულ და განგრენოზულ ფორმებად.
მწვავე ქოლეცისტიტის მთავარი სიმპტომია ნაღვლის კოლიკა ანუ მწვავე და გამოხატული ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, მუცლის ზედა ნაწილში ან ტკივილის გადაცემა ზურგში. ნაღვლის კოლიკის პროვოცირებას იწვევს ალკოჰოლური სასმელები, ცხიმიანი და ცხარე საკვები ან ძლიერი სტრესი. ზოგ პაციენტს აქვს გულისრევის შეგრძნება და წამოღებინება (ნაღვლის მინარევებით) საკვების მიღების შემდეგ. ზოგჯერ მატულობს ტემპერატურა (სუბფებრილიტეტი ან მაღალი სიცხე), ვითარდება პირში სიმხურვალის და წყურვილის შეგრძნება. თუ დაემატა პანკრეატიტის სიმპტომები, მაშინ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეშიც გადადის. ხანშიშესულებს, რომლებსაც გული აწუხებთ, შეიძლება აღმოუცენდეთ მწვავე ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან გულის არეში ანუ ვითარდება ფეტექტორული სტენოკარდია.
მუცლის პალპაციით (ხელით გასინჯვით) ვლინდება ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში და მუცლის კუნთების დაჭიმულობა. 2-4 დღის შემდეგ დიდდება ღვიძლი და მტკივნეულია. ავადმყოფების უმრავლესობას აქვს არტერიული წნევის დაქვეითებისკენ მიდრეკილება. 2-3 დღის შემდეგ სკლერები, კანი და ლორწოვანი გარსი ყვითლდება. ზოგჯერ ქოლეცისტიტის სიმპტომები ვლინდება სხეულის გადაცივების, დიდი ხნით მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის და სტრესის შემდეგ. ამ დროს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ძალიან ძლიერია და გადაეცემა მარჯვენა ბეჭში, ზურგსა და ლავიწის ძვალში.
მსუბუქი ფორმის მწვავე ქოლეცისტიტი 5-10 დღე გრძელდება და გამოჯანმრთელებით სრულდება. თუ ქოლეცისტიტს თან ერთვის ინფექცია, მაშინ ვითარდება დაავადების ჩირქოვანი ფორმა. დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ქოლეცისტიტის ეს ფორმა შეიძლება განგრენოზულში გადაუვიდეთ და ასეთი შემთხვევა, თუ არ მოხდა დროული სამედიცინო ჩარევა, შეიძლება ლეტალურადაც კი დასრულდეს.
პირველადი ხასიათის მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოსტირების და კენჭების არარსებობის შემთხვევაში დაავადებას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. თუ პაციენტს არ აქვს ჩირქოვანი გართულება, მაშინ მას ექიმი კონსერვატიულ მკურნალობას უნიშნავს. ინიშნება ანტიბიოტიკები (ბაქტერიული ფლორის დათრგუნვის და ნაღვლის ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით), სპაზმოლიტიკები (ტკივილის მოსახსნელად და ნაღვლის სადინარის გასაფართოებლად). თუ ავადმყოფს გამოხატული აქვს ინტოქსიკაცია, მაშინ ექიმი ნიშნავს დეზინტოქსიკაციურ თერაპიას. დესტრუქციული ქოლეცისტიტის მძიმე ფორმის შემთხვევაში კი ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.
ნაღვლის ბუშტში კენჭების აღმოჩენის შემთხვევაში დგება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის საკითხი.
მკურნალობის პარალელურად მწვავე ქოლეცისტიტით დაავადებულ ყველა პაციენტს ენიშნება დიეტა, რომლის დროსაც პირველი 1-2 დღე ნებადართულია მხოლოდ წყლის და ტკბილი ჩაის დალევა. ამის შემდეგ კი რეკომენდებულია ორთქლზე დამზადებული ან მოხარშული საკვები (აუცილებლად თბილი სახით). იკრძალება ცხიმიანი და შემწვარ-მოხრაკული კერძები, ლორი, ძეხვეული, სუნელები, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები. მუცლის შებერილობის პროფილაქტიკისთვის იკრძალება ხილი, ახალი ბოსტნეული და კაკალი.
ქრონიკული ქოლეცისტიტი
ქრონიკული ქოლეცისტიტი, ჩვეულებრივ, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის ფონზე ვითარდება - კენჭების დიდხანს არსებობისას ნაღვლის ბუშტში ქრონიკული ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში დაავადებას ქრონიკულ კალკულოზურ ქოლეცისტიტს უწოდებენ. თუმცა არის შემთხვევები, როცა ქრონიკული ანთება კენჭების არსებობის გარეშეც წარმოიშობა. ამ დროს საუბრობენ არაკალკულოზურ (უკენჭო) ქრონიკულ ქოლეცისტიტზე.
ქრონიკული ქოლეცისტიტი შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც. პირველადი ქრონიკული ქოლეცისტიტის შემთხვევაში დაავადება თანდათანობით, თვეების, წლების განმავლობაში ვითარდება, ხოლო მეორეულის დროს – მწვავე ქოლეცისტიტის შეტევის შემდეგ. პირველადი და მეორეული ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც დასაწყისით, ისე ნაღვლის ბუშტის კედელში მომხდარი ცვლილებებით: პირველადი ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის ბუშტის კედელი ძალიან თხელია, მაგრამ მისი სტრუქტურა უცვლელია, ხოლო მეორეულის შემთხვევაში ნაღვლის ბუშტის კედელი ძლიერაა გასქელებული შეტევის გავლის შემდეგ. ნორმაში ნაღვლის ბუშტის კედელი 2 მმ-ზე მეტი სისქისა არ არის; გასქელებისას მისი სისქე 5-10 მმ-ს აღწევს, ხოლო მძიმე შემთხვევებში 10 მმ-საც კი აღემატება.
შემთხვევათა უმრავლესობაში ქრონიკული ქოლეცისტიტის სიმპტომები მკვეთრად არ არის გამოხატული. თავდაპირველად შეინიშნება მსუბუქი დისკომფორტი მუცელში (მარჯვენა ფერდქვეშა არეში და ეპიგასტრიუმთან) საკვების მიღების შემდეგ. მოგვიანებით ცხიმიანი, შემწვარ-მოხრაკული კერძების, გაზიანი ან ალკოჰოლიანი სასმელების მიღების შემდეგ ტკივილი წარმოიშობა. მოსალოდნელია გულისრევა და ღებინებაც. გამწვავების პერიოდში ტკივილის შეტევები შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათი, ზოგჯერ - რამდენიმე დღეც კი. შეტევებს შორის ინტერვალი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. ხშირად შეტევის დროს ავადმყოფი უჩივის მუცლის ტკივილს, შებერილობას და მარჯვენა ფერდქვეშა არეში ჭრის შეგრძნებას. არ არის გამორიცხული დისკომფორტი მუცელში, ზოგიერთი (ცხიმიანი და ცხარე) საკვების აუტანლობა.
ქრონიკული ქოლეცისტიტის მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა). კონსერვატიული მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ, როცა ოპერაციული ჩარევა უკუნაჩვენებია.
ქრონიკული არაკალკულოზური (უკენჭო) ქოლეცისტიტი
ქრონიკული არაკალკულოზური ქოლეცისტიტის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრების წესი:
-კვების რაციონში ცხოველური ცხიმის, ნახშირწყლების სიჭარბე;
-ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაძაბვა;
-ჰიპოკინეზია, რაც ხელს უშლის ნაღვლის ბუშტიდან და სანაღვლე გზებიდან ნაღვლის ევაკუაციას;
-თამბაქოს წევა, სპირტიანი სასმელების სმა. ნიკოტინი და ალკოჰოლი ნაღვლის ბუშტის მოტორულ ფუნქციას არღვევს, რასაც ნაღვლის შეგუბება მოჰყვება.
არსებობს განსაზღვრული გენეტიკური წანამძღვრებიც, კერძოდ, ჰეპატობილიარული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიით დატვირთული მემკვიდრეობა.
ქოლეცისტიტის განვითარების მექანიზმში განსაზღვრული როლი ენიჭება თანდართულ გასტროდუოდენიტს, ენტეროკოლიტს.
დადგენილია კავშირი ორგანიზმის სხვა სისტემებში არსებულ ქრონიკული ანთების კერებთან (პაროდონტოზი, პიელიტი, ადნექსიტი და სხვა).
ქრონიკული ქოლეცისტიტი უმეტესად თანდათანობით ვითარდება და სუსტად გამოხატული სიმპტომები ახასიათებს. იგი მიმდინარეობს დიდხანს (ათწლეულობით), გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობით. ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი, ჩვეულებრივ, ლორწოვანი შრის კატარული ანთებით იწყება. ამ პერიოდის სუბიექტური და ობიექტური სიმპტომები დაკავშირებულია მხოლოდ თანმხლებ ფუნქციურ დარღვევებთან (დისკინეზიასთან) და არა საკუთრივ ბუშტის ანთებასთან. ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება, უცვლელი რჩება სხეულის ტემპერატურაც. პერიფერიული სისხლის გამოკვლევა პათოლოგიურ ცვლილებებს არ ავლენს.
დისკინეზია
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებათა შორის დიდი ადგილი უკავია დისკინეზიას - ნაღვლის ბუშტის მოტორიკის მოშლას. სანაღვლე გზების ორგანული დაავადებების დროს (ანთებითი პროცესი, კენჭოვანი დიათეზი, პარაზიტებით ინვაზია, სიმსივნე, აგებულების ანომალია) დისკინეზია ხშირად გვხვდება როგორც თანდართული მეორეული დაავადება. მეორე მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი დაავადების სახით არსებულ დისკინეზიას ადრე თუ გვიან ანთებითი პროცესი დაერთვის და ყალიბდება შერეული ხასიათის კლინიკური სურათი, რომელშიც შესაძლოა რომელიმე ერთი პროცესის ნიშნები ჭარბობდეს.
ქრონიკულ ქოლეცისტიტზე ჰიპოტონიური ტიპის დისკინეზიის (ნაღვლის ბუშტის მოტორიკის შესუსტების) დართვისას (რაც უკვე ფუნქციური დარღვევაა) გამოიხატება შეგუბებითი ნაღვლის ბუშტის სიმპტომები:
-მწარე გემო პირში;
-ბოყინი;
-გულისრევა, პირღებინება ნაღვლის მინარევით;
-მუდმივი ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც რამდენადმე მცირდება პირღებინების ან საკვების მიღების შემდეგ (ნაღვლის ბუშტის დაცლის გამო).
ავადმყოფის ხელით გასინჯვის დროს ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი პერკუტორული და პალპატორული ნიშნები სუსტად არის გამოხატული ან სრულიად არ შეინიშნება.
ჰიპერტონიული ფუნქციური დარღვევის (ნაღვლის ბუშტის მოტორიკის გაძლიერება) შემთხვევაში კლინიკური სურათი განსხვავებულია. მარჯვენა ფერდქვეშ ვითარდება ტკივილის ხანმოკლე შეტევა, რომელიც მედიკამენტური თერაპიის გარეშეც სწრაფად გაივლის. ავადმყოფი ხშირად ამ შეტევას უკავშირებს დიეტის დარღვევას ან ემოციურ გადატვირთვას. ამ დროს ნაღვლის ბუშტის საპროექციო არე პალპაციით მკვეთრად მტკივნეულია. გარდა ამისა, შეინიშნება მტკივნეულობა მარჯვენა ნეკნთა რკალის მსუბუქი დარტყმით შერხევისას (ორტნერის სიპტომი) ან მახვილისებურ მორჩზე ზეწოლისას და სხვა სიმპტომები, რომელთა აღმოჩენა ექიმის პრეროგატივაა. ტკივილის ლიკვიდაციის შემდეგ ეს სიმპტომები გაივლის, რაც ნაღვლის ბუშტისა და სფინქტერული აპარატის სპაზმის მოხსნითარის განპირობებული.
კავშირი არაკალკულოზურ (უკენჭო) ქოლეცისტიტსა და ნაღველკენჭოვან დაავადებას შორის
არაკალკულოზური ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის ინგრედიენტების ურთიერთკავშირის შესწავლით ირკვევა, რომ მათი თანაფარდობის დარღვევა იწვევს კრისტალების ფორმირებას. ნაღველკენჭოვანი დაავადება, ფაქტობრივად, ქოლეცისტიტის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს და ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში ქვების არსებობით ხასიათდება.
ქრონიკული ქოლეცისტიტის დიაგნოსტიკა
რენტგენოლოგიური, რადიოლოგიური, ულტრაბგერითი გამოკვლევებით ნაღვლის ბუშტის ანთების საწყის ნიშნებთან ერთად ვლინდება თანდართული დისკინეზია. საწყის სტადიაზე ანთებითი პროცესის გამოვლენა შესაძლებელია კლინიკაში ხელმისაწვდომი სხვა მეთოდებითაც. მათგან აღსანიშნავია ნაღვლის ლაბორატორიული გამოკვლევა. ამ გამოკვლევის ეფექტურობა განსაზღვრული წესების დაცვაზეა დამოკიდებული. კერძოდ, მიღებული ულუფები უნდა გაისინჯოს ზონდირებიდან უახლოესი 20-30 წუთის განმავლობაში, რადგან ნაღვლის მჟავების გავლენით ფორმიანი ელემენტები ძალიან სწრაფად იშლება. ნაღვლის დროული და დეტალური მიკროსკოპირება იძლევა ზოგიერთი ისეთი პათოლოგიური მინარევის აღმოჩენის საშუალებას, როგორებიცაა ლორწო, ბუშტის სფეციფიკური მინარევის გროვები, ლეიკოციტები, კალციუმის ბილირუბინატის კრისტალები, ქოლესტერინი. მიკროფლორის განსაზღვრა - ნაღვლის ცილოვანი ფრაქციის გამოკვლევა სასურველია ცალ-ცალკე ნაღვლის თითოეული ულუფისთვის. ანთებითი პროცესის ადრეული დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია ნაღვლის ბიოქიმიური კვლევა.
გამწვავების პროფილაქტიკა
ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავების თავიდან აცილება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პაციენტზე. სანაღვლე გზების ნაღვლის შეგუბების პროფილაქტიკის მიზნით მიზანშეწონილია ცხოვრების აქტიური წესის დაცვა. მოძრაობის შეზღუდული რეჟიმის მქონე პირთათვის აუცილებელია დღის განმავლობაში თუნდაც ხანმოკლე ვარჯიში, ხოლო ბუშტის სპასტიკური შეკუმშვებისკენ განწყობის ან ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს მკვეთრ მოძრაობებს უნდა ვერიდოთ. ამ შემთხვევაში საჭიროა მოსვენება, რათა თავიდან ავიცილოთ ღვიძლის კოლიკა.
დიეტა რემისიის დროს
მიზანშეწონილია საკვების მიღება ხშირად, დღეში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებით მკაცრად განსაზღვრულ დროს. მშრალი საკვები, ასევე - ნაჩქარევი წახემსება არღვევს საჭმლის მონელების პროცესს. კერძოდ, თორმეტგოჯა ნაწლავში კუჭიდან ჩასული საკვების ულუფები არასათანადოდ არის გაჟღენთილი კუჭის წვენით, რომელიც ნაღვლის წვენის გამოყოფის ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორია, ამიტომ ნაღველი არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა, რასაც საკვების არასრულ ათვისებამდე მივყავართ. ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია, საკვებში ოპტიმალური რაოდენობით იყოს ცხოველური და მცენარეული ცილა. რაციონში უნდა ჩაირთოს კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი, ტკბილი ხილი, კენკრა. მათი უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას, ბოსტნეულის ნაღველმდენ ეფექტს აძლიერებს მცენარეული ზეთი, რომელიც უმჯობესია მზა საჭმელს დაემატოს და არ შეცხელდეს, რომ სამკურნალო თვისებები არ დაკარგოს. დღიური რაციონი მიზანშეწონილია შეიცავდეს 30-50 გ მცენარეულ ცხიმს. კალკულოზური ქოლესტიტის შემთხვევაში მისი რაოდენობა 20-30 გრამამდე უნდა შემცირდეს. ცხიმიანი და მწარე საკვებით ორგანიზმის გადატვირთვისას ნაღვლის მოხმარება იზრდება, რის გამოც ღვიძლის სეკრეტორული აპარატი მუდმივად დაძაბულია. იქმნება ნაღვლის წარმოქმნისა და გამოყოფის მექანიზმის დარღვევის საფრთხე. ცხოველური ცხიმებიდან ნებადართულია მხოლოდ კარაქი - დღეში 15-20 გრამი. რეკომენდებულია დღეში 50-70 გრამი შაქრის, 10 გრამი მარილის მიღება. კვერცხი სასურველია მივირთვათ კვირაში 3-4-ჯერ, მაგრად მოხარშული ან უცხიმო ტაფამწვარის სახით, ხოლო გამწვავების პერიოდში და ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ნებადართულია მხოლოდ ორთქლზე მომზადებული ცილის ომლეტი. პური უმჯობესია იყოს თეთრი, გამომშრალი. რემისიის პერიოდში შეიძლება გამომშრალი შავი პურის ჭამაც. შეიძლება აგრეთვე ჯერ მოხარშული და შემდეგ ოდნავ შემწვარი ხორცი.
დიეტა გამწვავების პერიოდში
დაავადების გამწვავების პერიოდში დიეტა ითვალისწინებს ცხიმისა და ცილის შეზღუდვას. ამ დროს რეკომენდებულია ჩაი, წყალში მოხარშული ბრინჯისა და მანანის ფაფა, თეთრი ორცხობილა. 3-4 დღის შემდეგ დიეტა ფართოვდება: შეიძლება დაემატოს მოხარშული ხილი (კომპოტი, ვაშლის პიურე), გახეხილი ბოსტნეული, მაწონი, ბოსტნეულის წვნიანი, ცოტაოდენი რძიანი ჩაი. ამ დროს მიზანშეწონილია ცივი საჭმელი, ნაყინი, ცივი სასმელები.
იკრძალება: შებოლილი ხორცი და თევზი, ცხიმიანი საქონლის ხორცი, ტვინი, თირკმელები, ღვიძლი, ღორისა და ცხვრის, იხვის, ბატის ხორცი, ცხოველური ცხიმი (კარაქი), კონსერვები (ხორცისა, თევზისა, ქათმისა, სოკოსი), ლობიო და სხვა პარკოსნები, სანელებლები, მჟაუნა, მწნილეული, მხალეული, ხახვი, ნიორი, ტორტი, კრემიანი ღვეზელი, ნაზუქი, ბლინი, შოკოლადი, კაკაო.
ნაღველმდენი მცენარეული საშუალებები
ქრონიკული არაკალკულოზური ქოლეცისტიტის გამწვავების პერიოდში ნაღველმდენი თვისების გამო სასარგებლოა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი - 1-2 სუფრის კოვზისა დღეში 2-3-ჯერ, ასევე - უკვდავას, ცირცველის, ასკილის, სიმინდის ულვაშის ნაყენი. ნაყენის მოსამზადებლად ნედლეულს ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა ქაფქაფა, მდუღარე წყალს, ვადუღებთ 5-7 წუთს, შემდეგ 10-12 საათს ვაჩერებთ თავდახურულ ჭურჭელში და ვწურავთ. უნდა მივიღოთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვა
ნაღვლის ბუშტის დაცლა შეიძლება უზონდო გამორეცხვითაც (უკუჩვენებაა ნაღველკენჭოვანი დაავადება). სწორედ ამას უწოდებენ ხალხში ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვას. ამისთვის გამოიყენება მინერალური წყალი, რომლის ზემოქმედებითაც ნაღველი თხელდება, ხდება ნაკლებად წებოვანი, რაც ხელს უწყობს ბუშტის მოტორული ფუნქციის გაუმჯობესებას.
ნაღვლის ბუშტის გამორეცხვის პროცედურა შემდეგნაირად უნდა ჩატარდეს: უგაზო, 45-55 გრადუსამდე შემთბარი 0,5 ლიტრი მინერალური წყალი 10-15 წუთის განმავლობაში ყლუპებად უნდა დავლიოთ, შემდეგ 30-40 წუთით დავწვეთ მარჯვენა გვერდზე და ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში სათბური დავიდოთ.
პროცედურა ტარდება 7-10 დღეში ერთხელ. ნაღვლის დენის გასაძლიერებლად მინერალურ წყალს შეიძლება დაემატოს გოგირდმჟავა მაგნეზია ან რომელიმე მარილი - 0,5 ჩაის კოვზი 1 ჩაის ჭიქაზე, უმჯობესია ექიმის რეკომენდაციით.
მედიკამენტური მკურნალობა
მედიკამენტური მკურნალობა მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ქრონიკული ქოლეცისტიტით დაავადებულები უნდა იყვნენ ექიმი თერაპევტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტთან მჭიდრო კონტაქტი ექიმს საშუალებას მისცემს, დროულად შეამჩნიოს დაავადების მიმდინარეობაში მომხდარი ცვლილებები, შეცვალოს დანიშნულება, თავიდან ააცილოს პაციენტს ქოლეცისტიტის გამწვავება და გართულება.