ღვიძლის (ნაღვლის) კოლიკა არის მარჯვენა ფერდქვეშა არეში აღმოცენებული შეტევისმაგვარი ძლიერი ტკივილი, რომლის მიზეზიც ნაღვლის ბუშტში ან სანაღვლე გზებში ნაღვლის წვენის გამოყოფის დარღვევით მიმდინარე სანაღვლე გზების დაავადებებია. ნაღვლის წვენის მოძრაობის დამაბრკოლებელი წინააღმდეგობის გადალახვის მიზნით ინტენსიურად იკუმშება ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გლუვი კუნთები, რაც ტკივილს იწვევს. ასეთი რამ მოსალოდნელია ნაღვლის "ქვიშის", ნაღვლის ბუშტში ჩაჭედილი კენჭის გადაადგილების, ქოლეცისტიტის დროს ლორწოს საცობების, დიდი დუოდენალური დვრილის სტენოზის, ანთების ან სიმსივნის ზრდის, სანაღვლე გზების მოძრაობითი ფუნქციის მყარი დარღვევის (დისკინეზიის) დროს.

კლინიკური სურათი
თუ კენჭი ჩადის უკან, ნაღვლის ბუშტში, ან გადაიტყორცნება საერთო სანაღვლე სადინარში, მერე კი ნაწლავში, სანაღვლე გზებში წინააღმდეგობა ქრება და ტკივილი სამედიცინო ჩარევის გარეშეც ყუჩდება.
ღვიძლის ჭვალს პროვოცირებას უწევს მსუყე, ცხიმიანი და შემწვარი საკვები, ალკოჰოლი, ცივი გაზიანი სასმელები, ფიზიკური გადატვირთვა და მგზავრობა. ტკივილი აღმოცენდება მარჯვენა ფერდქვეშ ან მკერდის ძვლის ქვემოთ. შესაძლოა მისი გადაცემა (ირადირება) ზურგში, გულმკერდის მარჯვენა ნაწილში, მარჯვენა ლავიწის ქვედა არეში, მარჯვენა ბეჭსა და ხელში. ხშირად ტკივილს თან ახლავს გულისრევა და ღებინება, რომელსაც არ მოაქვს შვება, ასევე - მეტეორიზმი და შეკრულობა. ზოგ ავადმყოფს აღენიშნება ტემპერატურის მატება და ხანმოკლე სიყვითლე.

დიაგნოსტიკა
ღვიძლის ჭვალის მიზეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს მუცლის ღრუს ორგანოთა ულტრაბგერითი გამოკვლევა, ქოლეცისტოგრაფია ან შინაგანი ქოლანგიოგრაფია. აუცილებელია გასტროდუოდენოსკოპიის ჩატარებაც.

მკურნალობა
ღვიძლისმიერი ჭვალის კუპირება ხდება სპაზმოლიტიკების (პაპავერინი, ნო-შპა, პლატიფილინი, ბარალგინი) ინექციით. გარდა ამისა, ავადმყოფს უნდა მიეცეს ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. სპაზმოლიტიკების თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად პარალელურად უნდა გაკეთდეს ანალგინი ან დროპერიდოლი. უეფექტობის შემთხვევაში კეთდება ბლოკადა ნოვოკაინით სტაციონარის პირობებში.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია