ინფექციის წყაროა ყბაყურას ნებისმიერი ფორმით დაავადებული ადამიანი. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით და, წითელასა და წითურასგან განსხვავებით, ინფიცირებისთვის საჭიროა ახლო კონტაქტი. დადგენილია, რომ ვირუსის ნერწყვით გამოყოფა იწყება სანერწყვე ჯირკვლების გადიდებამდე 6 დღით ადრე და გრძელდება 9 დღე ამ სიმპტომის გამოვლენის შემდეგ. ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური ხდება სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებამდე 24 საათით ადრე და ინტენსივობას ინარჩუნებს ჯირკვლების შეშუპებიდან კიდევ 3 დღე. შარდით ვირუსი გამოიყოფა ინფიცირების პირველიდან მე-14 დღემდე. ავადმყოფი ყველაზე მეტად გადამდებია საინკუბაციო პერიოდის უკანასკნელ დღეს და დაავადების პირველი 3-5 დღის განმავლობაში. გამორიცხული არ არის ინფექციის გადაცემა ნერწყვით დაბინძურებული სათამაშოებითა და სხვა ნივთებით. ინფექცია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ ბოლო ხანს აქტიური იმუნიზაციის წყალობით ავადობა მკვეთრად შემცირდა. ეპიდემიური აფეთქება მოსალოდნელია წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ ავადობა სეზონურად იმატებს ზამთარში და გაზაფხულზე.
ავადდებიან უმთავრესად 1-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით წლამდე ასაკის პატარებში ავადობა იშვიათია. ინფექცია ტოვებს მყარ იმუნიტეტს. დაავადების მე-7-9 დღეს ორგანიზმს უკვე აქვს სრულფასოვანი იმუნიტეტი. განმეორებითი დაავადება ძალზე იშვიათია. საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 17-18 დღეა.
სიმპტომები
დაავადების მთავარი სიმპტომის გამოვლენამდე - ყბაყურა ჯირკვლების გადიდებამდე - 1-2 დღით ადრე თავს იჩენს საერთო სისუსტე, ტემპერატურა იმატებს, რასაც ერთვის თავისა და კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით - კისრის მიდამოში. დაავადება იწყება მძაფრად, ტემპერატურის 39 გრადუსამდე უეცარი მომატებით, ყბაყურა ჯირკვლის ცალმხრივი ან ორმხრივი შესივებითა და მტკივნეულობით. ყბაყურა ჯირკვალი უმეტესად ცალ მხარეს დიდდება. 1-3 დღის შემდეგ შესაძლოა გადიდდეს მეორე ჯირკვალიც. მოგრძო ან ოვალური ფორმის ჯირკვალი შეიგრძნობა ქვედა ყბის გარეთა კიდის შიგნით. ეს მიდამო შეშუპებული, ელასტიკური და დაჭიმულია, ინარჩუნებს ნორმალურ ფერს. ტკივილს აძლიერებს ღეჭვა და ყლაპვა, აგრეთვე მჟავე სითხის მიღება, რადგან ამ დროს ძლიერდება ნერწყვდენაც. შეშუპება ართულებს ყბაყურა ჯირკვლის საზღვრების დადგენას - ამ დროს იგი ავსებს ქვედა ყბის კუთხეს. შეშუპების გამო ყურის ბიბილო წინ არის წამოწეული. შეშუპება თანდათან ცხრება და 3-7 დღის შემდეგ ქრება. პაროტიტული ინფექცია ხშირად მიმდინარეობს ტალღისებურად, ტემპერატურის განმეორებითი მატებით, რასაც პროცესში ახალი ჯირკვლოვანი ორგანოს ან ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვა განაპირობებს. ჯირკვლები არ ჩირქდება.
როგორც ითქვა, პაროტიტული ინფექცია აზიანებს ჯირკვლოვან ორგანოებს - ყბაყურა და სანერწყვე ჯირკვლებს, კუჭქვეშა ჯირკვალს (პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სურათი), სასქესო ჯირკვლებს როგორც გოგონებთან, ასევე ვაჟებთანაც, რაც გამოიხატება პროსტატიტით, ოოფორიტით, მასტიტით, ბართოლინიტით, ორქიტითა და ეპიდიდიმიტით. სასქესო ჯირკვლების დაზიანება უმეტესად უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში შეინიშნება. პროცესი, ჩვეულებრივ, ამგვარად მიმდინარეობს: სანერწყვე ჯირკვლების ან ცნს-ის დაზიანებიდან 7-8 დღის შემდეგ ვითარდება ორქიტი, რომელიც ათიდან 3 შემთხვევაში ორმხრივია. მისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით, თავის ტკივილით. სათესლე ჯირკვლები შუპდება და მკვრივდება, კანი შეშუპებული და შეწითლებულია, ხოლო ჯირკვლები - მტკივნეული. ანთებითი მოვლენები 3-5 დღეში ქრება, მაგრამ ზოგჯერ ირღვევა სპერმატოგენეზი (სპერმის წარმოქმნის პროცესი). სრული სტერილურობა იშვიათია. დადგენილია, რომ სპერმატოგენეზის დარღვევა მოსალოდნელია მაშინაც, როცა ინფექცია ორქიტის გარეშე მიმდინარეობს.
მკურნალობა
საჭიროა წოლით რეჟიმი და სითხის მიღება, მაღალი სიცხის დროს - სიცხის დამწევი საშუალებებისაც; მძიმე შემთხვევაში - დეზინტოქსიკაცია (რინგერის ხსნარითა და 5%-იანი გლუკოზით).
პანკრეატიტის შემთხვევაში პირველ დღეებში ინიშნება მშიერი დიეტა (მხოლოდ მინერალური წყალი), შემდეგ რაციონში ერთვება ბრინჯის ფაფა, კარტოფილის პიურე, ხაჭო. იზღუდება ცხიმი, თეთრი პური, კომბოსტო, ცილა. მძიმე შემთხვევაში მკურნალობაში უნდა ჩაირთოს კონტრიკალი ან ტრასილონი.
მენინგიტისა და მენინგოენცეფალიტის დროს ტარდება დეზინტოქსიკაცია და დეჰიდრატაციული თერაპია. ინიშნება კორტიკოსტეროიდები.
ორქიტის დროს ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები.
პროფილაქტიკის მიზნით ტარდება აცრები 1 წლის ასაკში წითელას იმუნიზაციასთან ერთად.