შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის. შავწამალა 50-125 სმ სიმაღლის მრავალწლიანი, ფესვურიანი მცენარეა ოთხწახნაგოვანი ღეროთი. ფესურა შედარებით მოკლე და ბოლქვისებურად გამსხვილებულია (ცრუბოლქვი).
ნაპირებში ორმაგხერხკბილა, წაგრძელებული კვერცხისებრი ფოთლები ღეროზე ერთიმეორის მოპირდაპირედ ჯვარედინადაა განლაგებული.
მოყავისფრო მწვანე ყვავილები კენწრულ მეჩხერ საგველადაა შეკრებილი. ყვავის ივნის-ივლისის თვეებში. იზრდება ნესტიან ადგილებში ტყის კალთის ქვეშ, ტყის გზებისა და ნაკადულების პირას. გვხვდება უფრო ხშირად წიფლნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში, ტყის პირებში, არხების პირას და სხვა.
შავწამალა შხამიანი მცენარეა. განსაკუთრებული ტოქსიკურობით მისი ფესურა გამოირჩევა.
ხალხური მედიცინა სამკურნალოდ ფესურებს იყენებს უძილობის, თავის ტკივილის, ეგზემის, ჩიყვის, ბღერის (მუნის) და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. აფხაზები მკურნალობენ თირკმლებს, ხოლო ჩინეთში კი ცნობილია, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება.
ძლიერი შხამიანობის გამო საშიშია ადამიანისთვის და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ დაიშვება მისი სამკურნალოდ გამოყენება და ისიც ექიმის უშუალო მეთვალყურეობით.