ძაღლყურძენასებრთა ოჯახს ეკუთვნის. შმაგა მრავალწლიანი, დატოტვილი მსხვილფესურიანი, 1-2 (იშვიათად 3 მ) სიმაღლის მცენარეა. მის, ზედა ნაწილში, უხვად დატოტვილი, სწორმდგომი, მწვანე, ზოგჯერ მოიისფრო ელფერის ღერო უხვადაა შეფოთლილი.
ღეროს ქვედა ნაწილის მოკლეყუნწიანი, განიერი, მოგრძო კვერცხისებრი ელიფსური, კიდემთლიანი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. კენწრული უფრო მოკლე ყუნწიანი ფოთლები კი წყვილ-წყვილადაა განწყობილი, რომელთაგან ერთი ჩვეულებრივ უფრო დიდია მეორესთან შედარებით.
გრძელყუნწიანი, მღვრიე სოსანის ფერის, თავჩაქინდრული, ზარისებრი ყვავილები მთელს ვარჯშია გაბნეული ღეროს განტოტებებსა და ფოთლების იღლიებთან სათითაოდ ან რამდენიმე ცალიან ჯგუფებად.
ყვავილის ხუთ ნაწილად გამოყოფილი ჯამის თითოეული ნაკვეთი გრძლად წაწვეტილი ან კვერცხისებრია. დაყვავილებს შემდეგ ჯამი ნაყოფს ძირშივე რჩება.
ნაყოფი ქვემოდან ოდნავ შებრტყელებული, მოიისფრო-შავად მბრწყინავი მბრწყინავი კენკარაა. ყვავის ივნისიდან შემოდგომამდე. ნაყოფის სიმწიფე ივლისიდან იწყება.
გვხვდება როგორც ფოთლოვან ისე წიწვოვან ტყეებში, მაგრამ უფრო ხშირად წიფლნარ ტყეებშია, მცირე ფართობიან ყალთაღებსა და ნაკადულების პირას.
მედიცინაში გამოიყენება ფოთლები, მთლიანი ან დაჭრილი ბალახი და მიწისქვედა ნაწილები.
სამრეწველო მიზნებისათვის შმაგას მოპოვება გაძნელებულია გავრცელების ზონებში მისი სიმცირის გამო, ამიტომ რენტაბელურია კულტურაში გამოყვანა.
შმაგასგან დამზადებულ პრეპარატებს მეცნიერული მედიცინა ძალიან ფართოდ იყენებს ტკივილების გამაყუჩებლად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთებისას, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების კენჭოვანი დაავადებების დროს. იგი ცნობილი ზელენინის წვეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ხალხურ მედიცინაში შმაგა გამოიყენება უმთავრესად ასთმისა და სოკოთი მოწამვლის შემთხვევებში.
შმაგა ძლიერ შხამიანი მცენარეა, წამლავს მსხვილფეხა რქოსან საქონელსა და ცხენს. 120-180 გ გამხმარი შმაგას ბალახის შეჭმის შემთხვევაში ცხენი გარდუვალად იწამლება.
მსხვილფეხა საქონელი უფრო მეტ მგრძნობელობას იჩენს შმაგას მიმართ, 30-60 გრ ფოთოლი იწვევს ძლიერ მოწამვლას, რაც გამოიხატება მუცლის გაბერვასა და ძლიერ აღგზნებაში. თხების და ცხვრების მოწამვლა თითქმის არ შეიმჩნევა. 750 გ ფოთლის შეჭმის შემთხვევაში თხა უვნებელი რჩება.
შმაგას ნექტარისაგან დამზადებული თაფლი მომწარო გემოსია და ადამიანს წამლავს. ამიტომ საფუტკრეების ახლოს შმაგა აყვავებამდე უნდა აითიბოს ან მოისპოს ძლიერმოქმედი ჰერბიციდების შესხურებთ.
აღწერილი თვისებები მიგვითითებს, რომ შმაგას სამკურნალოდ გამოყენებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და ამ მიზნით მხოლოდ ექიმის რჩევით უნდა გამოვიყენოთ.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია