ცინარიზინი
(CINNARIZIN)
ტაბლეტები
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 25 მგ ცინარიზინს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი; პოვიდონი K 25; მაგნიუმის სტეარატი; კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი; მიკროკრისტალური ცელულოზა.
წამლის ფორმა და შეფუთვა
ტაბლეტები.
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, 7 მმ დიამეტრით; ფერი – თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე; უსუნო.
50 ტაბლეტი გამჭვირვალე პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მოქმედების მექანიზმი
ცინარიზინი კალციუმის ბლოკატორია. იგი აუმჯობესებს ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევას. თრგუნავს ნისტაგმსა და ვესტიბულური დარღვევების სხვა გამოვლინებებს, ამცირებს ლაბირინთის გაღიზიანებას. ავლენს ცნობილ ანტიჰისტამინურ მოქმედებას.
ჩვენება
ვესტიბულური აპარატის დაავადბებისა და მენიერის დაავადების სიმპტომური მკურნალობა, რომელიც გამოიხატება თავბრუსხვევით, ღებინებით, გულისრევით, ყურებში შუილით. გზის დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
უკუჩვენება
ცინარიზინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაცია.
ცინარიზინით მკურნალობის დაწყებამდე
ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, სხვა წამლების ან საკვების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან გამოყენებადი სხვა წამლების შესახებ.
სიფრთხილის ზომები და გაფრთხილება
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აწუხებს:
• პარკინსონის დაავადება ან ექსტრაპირამიდული დარღვევების სიმპტომები (კანკალი, ორიენტაციისა და წონასწორობის დარღვევები);
• ჰიპოტონია (სისხლის დაბალი წნევა);
• კუჭის დაავადება.
ორსულობა და ლაქტაცია
ექიმს უნდა ეცნობოს თუ პაციენტი ორსულად არის ან აპირებს დაორსულებას.
ორსულობა
ორსულ ქალებში გამოყენების უსაფრთხოების თაობაზე კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობის დროს ცინარიზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ლაქტაცია
დედის რძეში ექსკრეციის მონაცემების არარსებობის გამო ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არარსასურველია. გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე
ცინარიზინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული და მძღოლებსა და მანქანების ოპერატორებს უნდა დაენიშნოთ ყურადღებით სარგებლისა და რისკის ზუსტი შეფასებით.
ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
• სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 63.12 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს ერთ ტაბლეტში. გამოუსადეგარია იმ პირებისათვის, რომლებსაც აწუხებთ ლაქტოზას უკმარისობა, გალაქტოზემია ან მალაბსორბციის გლუკოზა-გალაქტოზური სინდრომი.
• პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ხორბლის სახამებელი გამოუსადეგარია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ცელიაკია (გლუტინის ენტეროპათია) აწუხებთ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა წამლის შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს ამჟამად ან იღებდა ადრე იმის მიუხედავად, დანიშნულია ექიმის მიერ თუ შეძენილია რეცეპტის გარეშე.
• ცინარიზინის ალკოჰოლთან, წამლებთან, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს-ს დეპრესანტები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ერთად გამოყენება იწვევს მათი ეფექტების ურთიერთ გაძლიერებას.
• თავისი ანტიჰისტამინური ეფექტების გამო ცინარიზინს შეუძლია გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები ჰიპერმგრძნობელობაზე კანის სინჯებისას. ეს განაპირობებს ცინარიზინით მკურნალობის შეჩერების აუცილებლობას ტესტების ჩატარებამდე სულმცირე 4 დღით ადრე.
• ცინარიზინს შეუძლია გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქცია სპორტსმენებში ანტიდოპინგური ტესტების ჩატარებისას.
დოზირება და გამოყენების წესი
დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. აუცილებელია ექიმის დანიშნულების დაცვა.
ვესტიბულური სიმპტომები
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.
5-7 წლის ბავშვები: მოზრდილთა დაოზის მეოთხედი დღეში 3-ჯერ.
8-12 წლის ბავშვები:მოზრდილთა დოზის ნახევარი დღეში 3-ჯერ.
რეკომენდებული დოზების გადაჭარბება არ შეიძლება.
კინეტოზების პროფილაქტიკა
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი მგზავრობამდე 2 საათით ადრე და 1 ტაბლეტი მგზავრობის განმავლობაში ყოველ შემდგომ 8 საათში.
5-7 წლის ბავშვები: მიიღება მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზის მეოთხედი მგზავრობამდე 2 საათით ადრე.
8-12 წლის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ნახევარი მგზავრობამდე 2 საათით ადრე.
რეკომენდებული დოზების გადაჭარბება არ შეიძლება.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში
ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება შემცირდეს სისხლის წნევა, შესაძლოა გავითარდეს ღებინება, კანკალი, ძილიანობა. ჭარბი დოზის მიღებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დალევის დრო, მაშინ მიღება ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
გვერდითი მოქმედება
ყველა სხვა წამლის მსგავსად ცინარიზინს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა. ისინი ყველა პაციენტში არ ვითარდება, ამიტომ ზოგს შეიძლება არანაირი რეაქცია არ განუვითარდეს.
გვერდითი მოქმედებების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები – ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი. სხვა იშვიათი არასასურველი რეაქციები: ჰიპოტონია, თავის ტკივილი; ხანდაზმულ ავადმყოფებში, რომლებიც ცინარიზინს იღებენ ხანგრძლივად მაღალი დოზებით, შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომატიკის გამოვლინება (ტრემორი, დეზორიენტაცია, წონასწორობის დარღვევა), პარკინსონის სინდრომის, პირში სიმშრალის, ჭარბი ოფლიანობის, იშვიათ შემთხვევებში წონის მომატების, ჰიპერმგრძნობელობაზე რეაქციის ჩათვლით, ძალიან იშვიათად ქოლესტაზური სიყვითლე.
შენახვა
ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ წამლის გამოყენება არ შეიძლება.
ვარგისიანობის ვადა
3 (სამი) წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები
რეცეპტით.
შეფუთვა
50 ტაბლეტი გამჭვირვალე პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოე შოსეს ქ. 16, სოფია 1220, ბულგარეთი