ციროზი მორფოლოგიური დიაგნოზია და ღვიძლის მოფუნქციე უჯრედების ადგილას შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას გულისხმობს. შესაძლოა, განვითარდეს ნებისმიერი ორგანოს ციროზი, მათ შორის - ღვიძლისაც. სწორედ ღვიძლის ციროზია უმნიშვნელოვანესი და მეტად პრობლემური სინდრომი. თუმცა ღვიძლის ციროზი არ არის მხოლოდ მორფოლოგიური დიაგნოზი, რადგან მორფოლოგიურად და სტრუქტურულად შეცვლილი ღვიძლი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ციროზის სტადიაზე უკვე მისი ფუნქციური უკმარისობა იჩენს თავს.

მიზეზები

ღვიძლის ციროზის მიზეზები პირობითად შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დავყოთ. პირველი - ეს არის ინფექციური დაავადებების მეტად დიდი ჯგუფი, კერძოდ, ქრონიკულად მიმდინარე ღვიძლის ინფექციური დაავადებები, ე.წ. ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები, მეორე - არაინფექციური დაავადებები. არაინფექციურ დაავადებათაგან მნიშვნელოვანია ზოგიერთი ნივთიერების ცვლის დარღვევა, გენეტიკური და აუტოიმუნური დაავადებები. ერთი სიტყვით, იმ პათოლოგიური პროცესების სპექტრი, რომლებმაც შესაძლოა ღვიძლში ციროზამდე მიგვიყვანოს, ძალზე ფართოა.
წესისამებრ, ციროზს წინ უძღვის ღვიძლში ხანგრძლივად, ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე ანთებითი პროცესი. ამრიგად, ციროზი ხანგრძლივი ანთების შედეგია. თუ ადამიანი ინფიცირებულია, მაგალითად, ჰეპატოტროპული ვირუსით (B, C, D ჰეპატიტების ვირუსები), მომავალში (10 წლისა და მეტი ხნის შემდეგ) დიდია ღვიძლის ციროზის განვითარების ალბათობა. ასევე, თუ ადამიანს აქვს ისეთი გენეტიკური დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს, მაგალითად, სპილენძის (ვილსონის დაავადება) ან რკინის (ჰემოქრომატოზი) ცვლის დარღვევით, მან უნდა იცოდეს, რომ ამ პათოლოგიების მოგვიანებითი გართულება ღვიძლის ციროზია. იგივე ითქმის ნივთიერებათა ცვლით მიმდინარე ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ცხიმოვანი ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება - არაალკოჰოლური ჰეპატოსტიატოზი. საბოლოოდ შესაძლოა მანაც ციროზამდე მიგვიყვანოს.

ციროზის სიმპტომები

პირველი და ყველაზე გავრცელებული კლინიკური სინდრომია ზოგადასთენიური სინდრომი - არამოტივირებული და უმიზეზო საერთო სისუსტე, უღონობა და შრომის უნარის დაქვეითება. ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოკვლევა ღვიძლის ციროზის გამოსავლენად.
მეორე, ასევე მეტად გავრცელებული სინდრომია დისპეფსიური მოვლენები. ესენი გახლავთ საჭმლის მონელების დარღვევასთან დაკავშირებული ჩივილები. მაგალითად, მუცლის შებერვა, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ბოყინი, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმისა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ამ ჩივილებს მრავალი დაავადება იწვევს, მათ შორის - ღვიძლის ციროზიც.
დასასრულ, როცა ღვიძლის ციროზი უკვე ჩამოყალიბებულია, სუბიექტურ ჩივილებთან ერთად, ჩვეულებრივ, ვლინდება მეორეული კლინიკური ნიშნებიც:
-ხელისგულის სიწითლე - პალმარული ერითემა;
-სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები - გაგანიერებული მცირე ზომის სისხლძარღვების ქსელი, რომლის ცენტრი ჭიპივით არის ამოწეული და, წესისამებრ, ხელის დაჭერისას ქრება. ვარსკვლავები ლოკალიზებულია უმთავრესად გულმკერდზე, კისერზე, ზოგჯერ - სახეზეც, ბეჭებსა და ზედა კიდურებზეც;
-მონაცრისფრო-მოყვითალო კანი;
-კანის სიმშრალე, აქერცვლა, ტურგორის დაქვეითება;
-თმიანობის შემცირება ტანსა და კიდურებზე;
-უმადობა, წონის ინტენსიური კლება;
-ფრჩხილების გახუნება და დეფორმაცია (დოლისებური ფრჩხილები);
-გინეკომასტია - სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;
-ერექციული ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება (ახალგაზრდებთან ერექციული უკმარისობა არცთუ იშვიათად ღვიძლის დაზიანების შედეგია);
-კიდევ უფრო შორს წასულ შემთხვევაში მუცელზე შესაძლოა გაჩნდეს კარგად გამოხატული სისხლძარღვების ქსელი - ე.წ. მედუზას თავი. ეს ციროზის ერთ-ერთი კარდინალური ნიშანი და უკვე გართულებული ციროზის მაჩვენებელია. ციროზისათვის დამახასიათებელია აგრეთვე მუცლის გადიდება სითხის დაგროვების გამო.

ტკივილი და ციროზი

ღვიძლის ქსოვილში ნერვული დაბოლოებები არ არის, ამიტომ ციროზს, ისევე როგორც ღვიძლის სიმსივნეს, ტკივილი, წესისამებრ, არ ახლავს თან. ტკივილი წარმოიშობა მაშინ, როცა ღვიძლი მეტისმეტად სწრაფად დიდდება და ღვიძლის კაფსულა იჭიმება. ამ დროს ტკივილი მუდმივია და მისი მოხსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვეულებრივ, ტკივილი, რომელსაც ქრონიკული ჰეპატიტითა და ღვიძლის ციროზით დაავადებულები უჩივიან მარჯვენა ფერდქვეშა არეში, დაკავშირებულია სანაღვლე გზების დაზიანებასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებასთან, რომლებიც ღვიძლის ციროზს ყოველთვის ახლავს თან. ღვიძლის მორფოლოგიური ცვლილებები ზოგჯერ ძალზე მძიმეა, სიმსივნედ გადაგვარებაც კია მოსალოდნელი, მაგრამ ადეკვატური ჩივილები არ შეინიშნება. ღვიძლს უფრო ზოგადი ჩივილები ახასიათებს, რომელთა შესახებაც უკვე ვისაუბრეთ.

დიდდება თუ არა ღვიძლი

საწყის სტადიაზე ღვიძლი დიდდება, მერე კი პატარავდება, მაგრამ თუ ცვლილებები კიბოდ გადაგვარდა, ღვიძლი კვლავ სწრაფ ზრდას იწყებს. არის შემთხვევები, როცა იგი 10-15 სანტიმეტრითაც კია გადიდებული. ასეთ ღვიძლში, ჩვეულებრივ, სიმსივნურ გადაგვარებას ეძებენ.

ღვიძლის ციროზი და კიბო

ციროზი არის შემაერთებელი ქსოვილის განვითარება ღვიძლის ქსოვილში ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციასთან ერთად. როცა რეგენერაცია პათოლოგიურია, ვითარდება კიბო. ყველაზე ხშირად ციროზი კიბოდ გადაგვარდება ხოლმე, თუმცა B ჰეპატიტის შემთხვევაში შესაძლოა სიმსივნე ისე განვითარდეს, რომ ციროზი ჯერ კიდევ არ იყოს ჩამოყალიბებული.

ალკოჰოლური ციროზი

ალკოჰოლით გამოწვეული ჰეპატიტის თავისებურება ის არის, რომ ალკოჰოლის ჭარბი და მუდმივი მოხმარებისას ღვიძლის ციროზი ძალიან მალე ვითარდება. მაგალიათად, თუ ადამიანი B და C ჰეპატიტებით ბავშვობაში ან მუცლად ყოფნის პერიოდში არ დასნებოვნდა, ვირუსული ციროზი ადრეულ ასაკში არ განვითარდება, მაგრამ დადასტურებულია ალკოჰოლური ციროზის შემთხვევები 25-30 წლის ახალგაზრდებთან, რომლებმაც 7-10 წლით ადრე დაიწყეს სმა. ალკოჰოლური ციროზის პლუსი ის არის, რომ თუ ჯერ მხოლოდ ჰეპატიტი აქვს ადამიანს და აკლოჰოლის გამოყენება შეწყვიტა, პროცესი უკუგანვითარებას დაიწყებს. რაც შეეხება B და C ვირუსებით გამოწვეულ ქრონიკულ ანთებას, აქ მიზეზის აღმოფხვრა ძნელია, ანტივირუსული პრეპარატები მძიმე გადასატანია, თანაც მკურნალობა ასიდან მხოლოდ 50-70 შემთხვევაშია ეფექტური.
თუ ალკოჰოლის დაშლის პროდუქტი აცეტალდეჰიდი დიდხანს ცირკულირებს სისხლში და მაღალი კონცენტრაციითაა ღვიძლში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ალკოჰოლის დამშლელ სრულფასოვან ფერმენტებს. ასეთ ადამიანებს ალკოჰოლური ჰეპატიტი უფრო ადვილად ემართებათ. რასაკვირველია, მოქმედებს უამრავი სხვა ფაქტორიც, მათ შორის - გენეტიკური. შესაძლოა, ადამიანი არ სვამდეს ბევრს, მაგრამ უმძიმესი ალკოჰოლური ჰეპატიტი დაემართოს. თუმცა, თუ ძალიან "მოინდომა", ნებისმიერი ადამიანი დაავადდება ალკოჰოლური ჰეპატიტითა და ციროზით. ამის პრეცედენტები არსებობს. მაგალითად, ჩეხეთსა და საფრანგეთს (ერთგან - ლუდის, ხოლო მეორეგან ღვინის სმის კულტურაა) ერთ-ერთი პირველი ადგილები უკავიათ ალკოჰოლით გამოწვეული ჰეპატიტისა და ციროზის გავრცელების მხრივ.

გამოკვლევა

გარდა ამ სუბიექტური და ობიექტური ნიშნებისა, გამოკვლევა უამრავ დარღვევას ავლენს. ამ ცვლილებათა აღმოჩენა და შეფასება ექიმის საქმეა. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ღვიძლის ციროზის დროს გამოკვლევა კომპლექსურია. მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხდება. მას შემდეგ, რაც დადასტურდება ღვიძლის ციროზი, უნდა გაირკვეს, კომპენსაციის სტადიაშია ის თუ დეკომპენსაციისა, რასაც, თავის მხრივ, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების კომპლექსი სჭირდება. ლაბორატორიული გამოკვლევებით შეისწავლიან იმ ნივთიერებათა ცვლას, რომელთა დაშლაშიც ღვიძლი აქტიურად მონაწილეობს. მათგან უმნიშვნელოვანესია:
-ბილირუბინის ცვლა, რომელიც აუცილებლად ირღვევა ციროზის დროს;
-ცილების ცვლა - ცილების ცვლის დარღვევა, მეტადრე - ალბუმინის სინთეზის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის მოშლაზე მეტყველებს;
-კოაგულაციური ტესტები, რომლებიც სისხლის შემადედებელ სისტემაში არსებულ დარღვევებს ავლენს და ასევე მიუთითებს ღვიძლის დაზიანების ხარისხზე.
გარდა ამისა, ტრანსამინაზების აქტივობის განსაზღვრით ფასდება ღვიძლის ციტოლიზის სინდრომი და ა.შ.
ლაბორატორიული ტესტებით ციროზის მხოლოდ დიაგნოზს კი არ სვამენ, არამედ მისი პროგრესირების ხარისხსაც ადგენენ.
საკმაოდ ინფორმაციულია ექოსკოპიური კვლევა. თუმცაღა ადრეულ სტადიაზე მას ციროზის გამოვლენა არ შეუძლია. კომპენსირებული ციროზის დროს დიდი ცვლილებები ექოლოგიურად შესაძლოა არც კი გამოვლინდეს, ლაბორატორიული გამოკვლევებითა და პუნქციური ბიოფსიით კი ეს შესაძლებელია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია