მიზეზები
დაავადების გამომწვევი ვირუსი არამდგრადია გარემო პირობების მიმართ. ოთახის ტემპერატურაზე იგი 34 საათის განმავლობაში ინარჩუნებს აქტივობას. ხშირად კვდება მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ლორწოს გამშრალ წვეთებში, თუ ტემპერატურა 12-15 გრადუსია, ძლებს რამდენიმე დღე (ამიტომაც არის აუცილებელი, მოვერიდოთ დაავადებულს - იგი ხველის, ცემინების, ლაპარაკის დროს ლორწოსთან ერთად გამოყოფს ვირუსს). ვირუსს შეიცავს აგრეთვე სისხლი, შრატი, ცხვირ-ხახის ლორწოვანი.
ინფექციას ავრცელებს დაავადებული, თუნდაც კლინიკური სიმპტომები სუსტად ჰქონდეს გამოხატული. ავადმყოფი გადამდებია საინკუბაციო პერიოდის ბოლო 1-2 დღეს, კატარულ პერიოდში და 3-4 დღე გამონაყარის გაჩენის შემდეგ. მე-5 დღიდან ორგანიზმიდან ვირუსის გამოყოფა წყდება.
ინფექცია გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით. ლაპარაკის, ხველისა და ცემინების დროს წვეთებში არსებული ვირუსები ჰაერის ნაკადთან ერთად დიდ მანძილზე ვრცელდებიან დახურულ შენობებში. დერეფნისა და სავენტილაციო სისტემის საშუალებით შესაძლოა მოხვდნენ მეზობელ სადარბაზოებში და სხვა სართულებზე. მესამე პირის მიერ ინფექციის გადატანა იშვიათია, რადგან ადამიანის ორგანიზმის გარეთ ვირუსი სწრაფად კვდება.
თუ დედას წითელა გადატანილი აქვს, მისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით ბავშვი 4-6 თვემდე არ ავადდება. 9 თვიდან პასიური იმუნიტეტი ქრება. ავადობა ყველაზე მაღალია 1-დან 5 წლამდე. კონტაგიოზურობა თითქმის 100%-ს აღწევს.
ინფექციას სეზონურობა ახასიათებს: უმთავრესად ზამთარსა და ზაფხულში (დეკემბერსა და მაისში) ვრცელდება. მაღალი მაჩვენებელი აღირიცხება 3-4 წელიწადში ერთხელ, თუმცა აქტიური იმუნიზაციის შედეგად ეს ეპიდემიური კანონზომიერება ირღვევა.
სიმპტომები და მიმდინარეობა
წითელას საინკუბაციო პერიოდი 21 დღე გრძელდება, პროდრომული - 3-5 დღე. დაავადება შეიძლება დაიყოს 3 ეტაპად.
I ეტაპი (გრძელდება 3-4 დღე) - გამოხატულია კატარული მოვლენები: ცხელება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი. პირის ღრუს ლორწოვანი ჰიპერემიულია (შეწითლებულია) და გაფხვიერებული. ლოყის ლორწოვანზე ჩნდება მოთეთრო გამონაყარი, ხახის უკანა კედელზე - წითელი ლაქები.
II ეტაპზე (გრძელდება 4 დღე) იმატებს ინტოქსიკაცია, აგზნება, თავის ტკივილი, უძილობა, კონიუნქტივიტი. ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იწევს, ავადმყოფს ეწყება ხველა. ყურის უკან ჩნდება პირველი გამონაყარი, რომელიც მომდევნო 4 დღის განმავლობაში სახიდან ზედა და ქვედა კიდურებზე გადაინაცვლებს. ამ პერიოდში ავადმყოფს უდიდდება ლიმფური კვანძები, აღენიშნება ტაქიკარდია. შესაძლოა ჰქონდეს გულისრევა-ღებინება და ფაღარათი.
III ეტაპზე ანუ დაავადების უკუგანვითერების პერიოდში ცხელება გაივლის, მცირდება ინტოქსიკაცია, ფერმკრთალდება გამონაყარი და რჩება ლაქები, რომლებიც თანდათანობით ქრება.
დაავადება იწყება ტემპერატურის 38,5-39 გრადუსამდე მომატებით, ზედა სასუნთქი გზების კატარით, კონიუნქტივიტით, მშრალი შემაწუხებელი ხველით, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით, ცხვირცემინებით, სურდოთი.
კატარული მოვლენები თანდათან მძაფრდება და გამონაყარის დაწყებისას პიკს აღწევს. გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე რბილ და მაგარ სასაზე წითელი, უსწორმასწორო ლაქები შეინიშნება. ამ ლაქებს ენანთემას, ასევე - ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის ლაქებს უწოდებენ და წითელას სადიაგნოზო მნიშვნელოვანი ნიშანია.
გამონაყარის პერიოდი იწყება დაავადების მე-4-5 დღეს. პირველი ელემენტები ჩნდება ყურს უკან, ნიჟარის ახლოს, ცხვირის ზურგზე, ლოყებზე. 24 საათში გამონაყარი მოედება მთელ სახეს (ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ჩათვლით), კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილს, ხელებს. თანდათანობით იგი ლაქოვან/ლაქოვან-პაპულურ ხასიათს იღებს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და კიდურებზე, მესამე დღეს - ტერფებზე. ამავე დროს სახეზე მისი გაფერმკრთალება (ალაგება) იწყება. გამონაყარი ფერმკრთალდება და ქრება იმავე თანამიმდევრობით, როგორითაც გაჩნდა.
ალაგების (პიგმენტაციის) პერიოდი 1-2 კვირას გასტანს. ელემენტები კარგავს სიმკვეთრეს, ბრტყელდება, ბაცი მოლურჯო ფერის ლაქებად იქცევა და ქატოსებურად იქერცლება.
გართულებები
წითელა ხშირად რთულდება ბრონქოპნევმონიით, ენცეფალიტით, მენინგოენცეფალიტით, ოტიტით, სტომატიტით.
მკურნალობა
მძიმე და გართულებული წითელა მოითხოვს სტაციონარულ მკურნალობას. რეკომენდებულია თბილი, თხიერი, ვიტამინიზებული, ადვილად მოსანელებელი საკვების მიღება.
მკურნალობა ტარდება დეზინტოქსიკაციური საშუალებებით (კოლოიდური ხსნარები, ვიტამინები, ანტიჰისტამინური საშუალებები და სხვა). პნევმონიით გართულების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით. კარგია თბილი სავლების (გვირილას, სალბის და სხვა ნაყენების) ხშირ-ხშირად გამოვლება პირის ღრუში.
წითელას გართულებით გამოწვეულ კრუპსა და ენცეფალიტს მკურნალობენ საზოგადოდ მიღებული მეთოდებითა და საშუალებებით.
გამონაყარს სპეციალური დამუშავება არ სჭირდება.
პროფილაქტიკა
აუცილებელია დაავადებულის იზოლირება 4-8 დღით. პროფილაქტიკური აცრა ტარდება 1 წლის ასაკში, რევაქცინაცია - 5-6 წლის ასაკში. 6 თვემდე წითელა პრაქტიკულად არ გვხვდება.
წითელა ტოვებს სამუდამო მყარ იმუნიტეტს. აცრის შემდეგ იმუნიტეტი უვითარდება 90%-ს და 20 წელს ძლებს.