წითურა მსუბუქ ინფექციად მიიჩნევა, მაგრამ თუ ორსულს შეხვდა), იწვევს თანდაყოლილ მანკებსა და სიმახინჯეებს, რის გამოც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
მიზეზები
ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი საინკუბაციო პერიოდის დასასრულიდან მოყოლებული, გამონაყარის გაჩენიდან 7 დღის განმავლობაში, ასევე - ვირუსმატარებელიც.
ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ცხვირ-ხახიდან მისი გამოყოფა იწყება გამონაყარის გაჩენამდე 7-10 დღით ადრე და გრძელდება 7 დღეს, ზოგჯერ - უფრო მეტხანსაც.
ნაყოფი ინფიცირდება ტრანსპლაცენტურად (პლაცენტის გავლით). თანდაყოლილი წითურას დროს ვირუსის გამოყოფა გრძელდება 1,5-2 თვემდე. ამ შემთხვევაში სიკვდილიანობა მაღალია. დედისგან მიღებული იმუნიტეტი ჩვილს 6 თვის განმავლობაში იცავს.
ავადდებიან უმთავრესად 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა - უმეტესად გაზაფხულზე იჩენს თავს. ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მოსახლეობის უმეტესობას გადატანილი აქვს წითურა უსიმპტომოდ ანუ წაშლილი ფორმით.
სიმპტომები და მიმდინარეობა
წითურას საინკუბაციო პერიოდი 16-18 დღეა. პროდრომული პერიოდი ამ დაავადებას არ გააჩნია. ზოგჯერ შეინიშნება სუსტი კატარი, სურდო, ხველა, კონიუნქტივის სიწითლე. აღნიშნული მოვლენები ზოგჯერ რამდენიმე საათში ქრება, ზოგჯერ კი 1-2 დღეს გასტანს. ტემპერატურა ნორმალურია ან სუბფებრილური.
წითურას პირველი ნიშანი გამონაყარია. ის ჯერ სახესა და კისერზე ჩნდება, რამდენიმე საათში კი მთელ ტანს მოედება. ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე, ზურგზე, გულმკერდზე გამონაყარი უფრო ხშირია, მუცელსა და სახეზე - შედარებით იშვიათი. იგი ლაქოვან-კვანძოვანია, ბაცი მოწითალო, ზოგჯერ ელემენტების ზედაპირი ოდნავ სცილდება კანს.
წითურას ტიპური ნიშანია ლიმფური კვანძების გადიდება, რაც გამოყრამდე 1-3 დღით ადრე იწყება და გამოყრის შემდეგ 10-14 დღე გრძელდება. გამოყრამდე რბილ სასასა და ლოყის ლორწოვან გარსებზე ჩნდება ენანთემა, მაგრამ არ ყალიბდება ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის ლაქები. მოზრდილ ბავშვებთან დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ბავშვებთან წითურა უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, მოზრდილებთან კი - უფრო მძიმედ: მაღალი სიცხით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით. გვხვდება გამონაყარის გარეშე მიმდინარე ფორმებიც.
მიუხედავად ყველაფრისა, წითურა მზაკვარი ინფექციაა. ის მეტად საშიშია ორსულთათვის, განსაკუთრებით - ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ დედა ამ დროს დაინფიცირდა, ნაყოფს უვითარდება მძიმე სიმახინჯეები (გულის მანკი, მიკროცეფალია, ჰიდროცეფალია, სიყრუე, სიბრმავე, გონებრივი ჩამორჩენილობა, არც ნაყოფის სიკვდილი და თვითნებური აბორტია გამორიცხული). ორსულობის ბოლოს ინფიცირებული დედის ახალშობილი წითურათი დაავადებული იბადება. დაავადება დიდხანს და მძიმედ მიმდინარეობს, პროგნოზიც არაკეთილსაიმედოა.
გართულება
წითურა, ბავშვთა სხვა ინფექციებისგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს გართულებებს. ეს გართულებებია ნევრიტი, ართრიტი, ენცეფალიტი. 3000-დან ერთი შემთხვევა შესაძლოა გართულდეს თრომბოციტოპენიური პურპურათი - ვირუსი იწვევს სისხლის ფირფიტების, თრომბოციტების, დაშლას, მათი რაოდენობის შემცირების გამო სხეულზე ჩნდება ჩალურჯებული ადგილები, ხშირდება სისხლდენები.
დღეს გართულებებთან ბრძოლა ადვილია, მაგრამ ჯობს, დროულად მიმართოთ ექიმს, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი, დაინიშნოს სათანადო, დამზოგველი რეჟიმი, იზოლაცია.
მკურნალობა
წითურას მედიკამენტური თერაპია საჭირო არ არის. იშვიათად ტარდება სიმპტომური მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა თანდაყოლილი წითურას დროს დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.
წითურას დროს საჭიროა წოლითი რეჟიმი, გამონაყარს სპეციალური დამუშავება არ სჭირდება, თავისით გაივლის. ავადმყოფი ბავშვის ყოველდღე დაბანა შეიძლება და აუცილებელიც კია, რადგან ვირუსთან მებრძოლ ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება წიდა - ცვლის საბოლოო პროდუქტები - და კანის საშუალებით გამოიყოფა. კვებაც შესაბამისი უნდა იყოს - ბავშვი გადაყვანილ უნდა იქნეს უპირატესად რძის ნაწარმსა და მცენარეულ საკვებზე; აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხე - ლიმონიანი და მურაბიანი ჩაი, ახალი ხილისა თუ ჩირის კომპოტი, ახალგამოწურული ხილისა თუ ბოსტნეულის წვენი. ბავშვი, წესისამებრ, მალე იწყებს გამოჯანმრთელებას.
პროფილაქტიკა
წითურას დროს კარანტინი არ ცხადდება. ავადმყოფი იზოლირებულ უნდა იქნეს 5 დღის განმავლობაში. ორსულები უნდა ერიდონ დაავადებულთან კონტაქტს.
წითურას ვაქცინაცია ერთი წლის ასაკში ტარდება. სკოლაში წასვლის წინ გოგონები იმუნიტეტის გასამყარებლად კიდევ ერთხელ უნდა აიცრან.