ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ 4 ტიპის წყლულს:
I. ლოკალიზებულია კუჭის სხეულში და ახასიათებს ჰიპოაციდური მდგომარეობა;
II. ჩნდება კუჭზე ან თორმეტგოჯა ნაწლავზე (კუჭში - მცირე სიმრუდეზე, თორმეტგოჯაში - ბოლქვის უკანა კედელზე) და ახასიათებს ჰიპერაციდური მდგომარეობა;
III. პილორულ არხშია ლოკალიზებული და ნორმო- ან ჰიპერაციდური მდგომარეობა ახასიათებს;
IV. ლოკალიზებულია ზემოთ, მცირე სიმრუდეზე, უმთავრესად - საყლაპავი მილის კუჭში გადასვლის ადგილას. ძალიან წააგავს I ტიპის წყლულს, მაგრამ უფრო მეტად არის მიდრეკილი მალიგნიზაციისკენ (სიმსივნედ გადაგვარებისკენ).
ყველაზე ხშირად გვხვდება თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის უკანა კედლის წყლული, მეორე ადგილზეა პილოროდუოდენური მიდამოს კედლის წყლულები, მესამეზე - მცირე სიმრუდისა.
დეფექტის ქსოვილოვანი ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ეროზიას, მწვავე და ქრონიკულ წყლულებს.
ეროზია ზერელე დეფექტია, რომელიც მკურნალობის შემდეგ უმეტესად ადვილად და უნაწიბუროდ ხორცდება.
მწვავე წყლული 2 სმ-მდე დიამეტრის ოვალური ან მრგვალი ღია დეფექტია, რომელიც ქვემოთა შრეებში ძაბრივით ვიწროვდება. მწვავე წყლულის შეხორცების შემდეგ ვარსკვლავისებრი ნაწიბური რჩება.
ქრონიკული წყლულიც მომრგვალო-ოვალური ფორმისაა, ოღონდ მწვავეზე გაცილებით დიდია - 10 სმ-მდე დიამეტრისა. მის ირგვლივ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ქრონიკული წყლულის მარცხენა კიდე დამრეცია და ლორწოვანი გარსი დეფექტისკენ არის გადმოფენილი. წყლულის მარჯვენა კიდე ციცაბოა, ლორწოვანი გარსი გადაწეულია დეფექტიდან და წყლულის კიდეში საფეხურებივით მოჩანს ლორწქვეშა შემაერთებელი ქსოვილი, კუნთოვანი და ზოგჯერ სეროზული გარსიც.
ქრონიკული წყლულის ჩამოყალიბებას წინ უძღვის ეროზია ან მწვავე წყლული, რომლებიც მხოლოდ ლორწოვანი გარსის დეფექტებს წარმოადგენს, ამიტომ მათ წარმოქმნას უჯრედთა რეგენერაცია სდევს თან, მაგრამ კუჭის წვენის მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევის, ჰიპერაციდური მდგომარეობის, კუჭის პერისტალტიკის მოშლის გამო რეგენერაციული ქსოვილი მომწიფებას ვერ ასწრებს, კვლავ ნეკროზს განიცდის და წყლული შეუხორცებელი რჩება.
ლორწოვანი გარსის დაზიანების შემდეგ ასეთივე პროცესები თანმიმდევრობით კუჭისა და თორმეტგოჯას შიგნითა გარსებს მოიცავს. ვითარდება ღრმა წყლული, რომელმაც შესაძლოა სეროზულ გარსამდეც მიაღწიოს და ორგანოს კედლის მთლიანობა დაარღვიოს. ასეთ დროს ვითარდება წყლულოვანი დაავადების მეტად საშიში გართულება - წყლულის პერფორაცია.
რა აჩენს წყლულს
წყლულოვანი დაავადების განვითარების მექანიზმს თანამედროვე თეორიები ასე ხსნიან:
-აშოფის თეორია - წყლულოვანი დაავადება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანების შედეგია, გზა-ბილიკი კუჭის მცირე სიმრუდის გასწვრივ, რომელზეც საკვები მასა მიემართება, დამცავი ნაოჭების უქონლობის გამო ხშირად ტრავმირდება და ლორწოვანი გარსიც ეროზიას განიცდის;
-ანთებითი თეორია - დაავადებისთვის დამახასიათებელი წყლული ჰიპერაციდული გასტრიტის გამწვავების შედეგია;
-ბერნარდის პეპტიკური თეორია - წყლული აქტიური კუჭის წვენის (მარილმჟავა და პეპსინი) მიერ ლორწოვანი გარსის თვითმონელების შედეგია, ამასთანავე, დამნაშავეა არა იმდენად პეპსინი, რამდენადაც მარილმჟავა - სწორედ მისი დახმარებით იჭრებიან წყალბადის აქტიური იონები კუჭის კედელში და აზიანებენ მას;
-ლორწოვანი გარსის მყარი იშემია - კუჭის სისხლძარღვის კედელში გაჩენილი ათეროსკლეროზი, სპაზმი, ემბოლია ან თრომბოზი იწვევს სისხლის მიმოქცევის ადგილობრივ მოშლას და აქვეითებს ლორწოვანი გარსის მედეგობას კუჭის წვენის მიმართ, დაზიანებულ ნაწილს შემდგომ კუჭის წვენი ინელებს და წარმოიქმნება წყლული;
-ნერვულ-ტროფიკული თეორია - წყლულოვანი დაავადება ზოგჯერ ვეგეტატიური ნერვული სისტემის უმაღლესი ცენტრების ქრონიკულ გაღიზიანებას უკავშირდება;
-ვისცერო-ვისცერული თეორია - წყლულის წარმოშობის მიზეზი შესაძლოა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (ბრმა ნაწლავის დანამატის, ნაღვლის ბუშტის) რეცეპტორთა ქრონიკული გაღიზიანებაც იყოს;
-კორტიკო-ვისცერული თეორია - წყლულოვანი დაავადება თავის ტვინის ქერქსა და ქერქქვეშა არეებში აგზნება-შეკავების პროცესთა დარღვევის გამო ვითარდება, რაც ცდომილი ნერვის გააქტიურებას და კუჭის წვენის ჰიპერსეკრეციას იწვევს. სწორედ ამ თეორიის მიხედვით შეიქმნა წყლულოვანი დაავადების ოპერაციული მკურნალობის მეთოდი - ცდომილი ნერვის ტოტების სელექციური ამოკვეთა (ვაგოტომია);
-ენდოკრინული თეორია - სტრესულ სიტუაციებში ადრენოკორტიკოტროპული და გლუკოკორტიკოსტეროიდების სეკრეცია კუჭის წვენის ჰიპერსეკრეციას იწვევს, ზრდის მარილმჟავას კონცენტრაციას, აქვეითებს დამცავი ლორწოს სინთეზს, ამუხრუჭებს ეპითელური შრის ზრდას და უჯრედების რეგენერაციას;
-ბაქტერიული თეორია - წყლულოვანი დაავადება სპირალური ფორმის, შოლტებიანი სპიროქეტას - პილორუსის ჰელიკობაქტერიის (HP) დამსახურებაა, რომელიც, თანამოძმეებისგან განსხვავებით, შოლტების წყალობით დაუბრკოლებლად აღწევს ლორწქვეშა შრეში და აზიანებს მას;
-სარქვლების თეორია - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილებს შორის არის ჩამკეტი სტრუქტურები, რომლებიც ტრაქტის წინა ნაწილებიდან მომდევნოში საკვების დროულ და საჭირო რაოდენობით გადანაცვლებას არეგულირებს. საკმარისია, ტრაქტის რომელიმე ნაწილში სარეგულაციო მექანიზმი მოიშალოს, რომ შეფერხდება მთელი სისტემის ფუნქციობა, მათ შორის - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავისაც, სადაც საკვების ნორმალური ევაკუაციის დარღვევა და მარილმჟავას არანორმალური კონცენტრაცია წყლულის გაჩენის მიზეზად იქცევა.
წყლულოვანი დაავადების მექანიზმის ასახსნელად ზოგჯერ რომელიმე ერთი თეორიაც კმარა, უფრო ხშირად კი ის რამდენიმე მათგანის ერთობლიობით აიხსნება, თუმცა ამ მოსაზრებათა გვერდით აუცილებელია იმ ფაქტორთა დასახელებაც, რომლებიც არანაკლებ როლს ასრულებს წყლულის წარმოქმნაში. ესენია: კვების არასწორი რეჟიმი; ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება, განსაკუთრებით - ტკივილგამაყუჩებლებისა; ალკოჰოლისა და თამბაქოს ბოროტად გამოყენება; ხშირი სტრესი; გენეტიკური განწყობა და სისხლის I (0) ჯგუფი - წყლულოვანი დაავადება უმთავრესად უნივერსალურ დონორთა ხვედრია.
საყლაპავის წყლული
საყლაპავის წყლულს პეპტიკურს უწოდებენ. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილში, კერძოდ, საყლაპავის ქვედა ნაწილის კედელში არსებული წყლულოვანი პროცესია, რომელიც განპირობებულია საყლაპავში გადასული პეპსინისა და მარილმჟავას შემცველი კუჭის წვენის აგრესიული ზემოქმედებით. ხშირად შერწყმულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქართან ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებასთან. საყლაპავის პეპტიკური წყლული შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ხშირად ერთეულია, მაგრამ შეიძლება იყოს მრავლობითიც. ზოგჯერ მოიცავს საყლაპავის დიდ ნაწილს და მაშინ მას დიფუზურს უწოდებენ.
ეტიოლოგია და პათოგენეზი
საყლაპავის წყლული ვითარდება რეფლუქსეზოფაგიტის ან ბერეტის საყლაპავის ფონზე. ამ მდგომარეობათა დროს საყლაპავში გადადის (უფრო სწორად, კუჭიდან უკან ბრუნდება) კუჭის შიგთავსი და მარილმჟავა და პეპსინი აზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს. ამ უკანასკნელს არ აქვს ისეთი დაცვა, როგორიც კუჭის ლორწოვანს. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ საყლაპავის წყლულის განვითარების მიზეზი ბოლომდე მაინც არ არის ცნობილი.
გვხვდება საყლაპავის სიმპტომური წყლულიც. ასეთი წყლული აღმოცენდება ინფექციისა და ზოგიერთი წამლის ზემოქმედების შედეგად, საყლაპავის ტრავმის, დამწვრობის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს.
სიმპტომები და მიმდინარეობა
საყლაპავის წყლულის მთავარი სიმპტომია ტკივილი მკერდუკანა ან ეპიგასტრიულ არეში, რომელიც წარმოიშობა ან ძლიერდება ჭამის დროს ან მისი დამთავრებისთანავე. ტკივილი ძლიერდება წოლისას, ზოგჯერ - დახრისას. ხშირად მოგვაგონებს კორონარულ ტკივილს. ხშირია დისფაგია, ბოყინი, ამოქაფება კუჭის მჟავე შიგთავსით. გულძმარვა და ბოყინი წოლისას და დახრისას ასევე ძლიერდება.
წყლულოვანი პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობისას წყლულის ადგილას თანდათანობით ჩნდება ნაწიბური და იწყება საყლაპავის სტენოზირება (შევიწროება). ამ შემთხვევაში ავადმყოფს ამოაღებინებს მოუნელებელ საკვებს. თუ პირნაღები მასის შიგთავსი ნაწილობრივ მონელებულია, საუბრობენ საყლაპავის ქვედა სფინქტერის (კარდიოეზოფაგური სფინქტერი) უკმარისობაზე.
საყლაპავის წყლულს ახასიათებს გამწვავება-რემისიის ფაზების მონაცვლეობა - დაავადების გამოვლენა ცხრება, მაგრამ დიეტის დარღვევისას (მწარე, ცხარე და სხვა ტიპის გამაღიზიანებელი საკვების ზემოქმედებით) ხელახლა მწვავდება.
დიაგნოსტიკა
საყლაპავის წყლულის დიაგნოზს ენდოსკოპიური კვლევით სვამენ. ამასთან, ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად აუცილებელია დაზიანებული არიდან აღებული მასალის ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური კვლევა.
გართულებები
საყლაპავის წყლულის გართულებებია: პროფუზული სისხლდენა, წყლულის პერფორაცია, საყლაპავის სტრიქტურები წყლულის დანაწიბურებისას და საყლაპავის სტენოზი, საყლაპავის ნაწიბუროვანი დამოკლება და წყლულის გაავთვისებიანება (მალიგნიზაცია).
მკურნალობა
უპირველესად, ინიშნება დიეტა. გამწვავების პროცესში ავადმყოფმა უნდა მიიღოს თხიერი და ცივი საკვები. მოგვიანებით შეიძლება გახეხილ საკვებზე გადასვლა. რემიისის პერიოდში არ არის რეკომენდებული ცხარე, მჟავე და სხვა ტიპის გამაღიზიანებელი საკვების მიღება.
მედიკამენტებიდან ინიშნება:
-შემომგარსველი და ანტაციდური საშუალებები (გასტალი, ალმაგელი, ფოსფალუგელი, ვიკალინი და სხვა);
-სპაზმოლიზური საშუალებები (სუკრალფატი, ვენტერი);
-პროტონული ტუმბოს მაბლოკირებელი საშუალებები (ომეპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ლანზოპრაზოლი);
-საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაწყლულებული ადგილის რეგენერაციის გასაუმჯობესებლად - რეგენერაციის მასტიმულირებელი საშუალებები (ალანტოინი, სოლკოსერილი), ფიზიოთერაპიული მკურნალობა. თუ ხანგრძლივი მკურნალობით მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. გართულების შემთხვევაშიც მკურნალობა, წესისამებრ, ქირურგიულია.
კუჭისა და
თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლულოვანი
დაავადება
წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა (თუ არ ჩავთვლით მწვავე ნაწლავურ ინფექციებს და ისეთი შხამით მოწამვლას, რომელსაც კუჭ-ნაწლავში წყლულის წარმოქმნა შეუძლია), რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს.
წყლულოვანი დაავადების არსი და გავრცელება საქართველოში
კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მათ შორის - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სიხშირე საქართველოში ყოველთვის იქცევდა სპეციალისტთა ყურადღებას, რადგან მათ განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებდა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების თავისებურებებიც. ბოლო ხანს თვალნათლივ შეინიშნება არასასურველი ტენდენცია - ამ პათოლოგიის განვითარება ახალგაზრდა და ბავშვობის ასაკშიც კი, რაც წინათ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ეს ისევ და ისევ ცხოვრების არასწორ რეჟიმსა და კვებას უნდა მივაწეროთ. ტერმინი "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება- რუსულენოვან ლიტერატურაში გამოიყენება. ინგლისურენოვან ლიტერატურაში მისი სინონიმია ცნება "პეპტიკური წყლული-, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნა ახასიათებს. წყლულის დიამეტრი ვარირებს - 5 მმ-დან ზევით. პეპტიკური წყლული უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად - საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავში. ის აქვს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული კუჭის წყლულზე ხშირია და უფრო ახალგაზრდებთან გვხვდება. 20-დან 50 წლამდე ასაკში მამაკაცებს ეს დაავადება ქალებზე ხშირად ემართებათ, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ სხვაობა მცირდება. სამწუხაროდ, წყლულოვანი დაავადება არც ბავშვებთანაა გამორიცხული. 6-დან 10 წლამდე ასაკის ბიჭებსა და გოგონებს წყლულოვანი დაავადება ერთნაირად ემართებათ, 10 წლის შემდეგ კი ვაჟებთან უფრო ხშირია. ყურადსაღებია ისიც, რომ ბოლო ხანს წყლულოვანი დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. დაავადებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა ხშირი რეციდივით, რომელიც, წესისამებრ, ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე ვლინდება.
განსხვავება ეროზიასა და წყლულს შორის
ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ლორწოვანი გარსის დაზიანებასთან, იმ განსხვავებით, რომ ეროზია ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტია, ხოლო წყლული - ღრმა, რომელიც ლორწქვეშა შრესაც მოიცავს. სხვა მხრივ ეროზიასა და წყლულს შორის არსებითი განსხვავება არ არის. ეროზია ხშირად წყლულის წინამორბედ სტადიას და პაციენტისთვის ერთგვარ გაფრთხილებასაც წარმოადგენს.
წყლულის განვითარების მიზეზები
ბოლო დრომდე პეპტიკურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების შედეგად ვითარდებოდა. მიიჩნეოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიკური წყლული პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და პერიოდულად უმწვავდებოდა. სადღეისოდ თვალთახედვა რამდენადმე შეიცვალა. თანამედროვე გასტროენტეროლოგია პეპტიკური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ (უწინარესად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. თამბაქო პანკრეასზე მოქმედებს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავას ნეიტრალიზაცია სრულფასოვნად ვეღარ ხორციელდება. ზოგ შემთხვევაში პეპტიკური წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. არსებობს ამ დაავადების აღმოცენების ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:
-მუკოტროპული (ლორწოვანის დამაზიანებელი) ვირუსებით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება;
-ფსიქოლოგიური სტრესი;
-კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი;
-გენეტიკური მიდრეკილება (ხშირია მშობლისგან შვილისთვის კუჭის მომატებული მჟავიანობისადმი მიდრეკილების გადაცემა).
აქ მცირე განმარტებაა საჭირო: ინდივიდს გენეტიკურად გადაეცემა არა დაავადება, არამედ განწყობა მის მიმართ და თუ ამ განწყობას სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი, წყლულოვანი დაავადების ჩამოყალიბების რისკი ერთიორად იზრდება.
დადგენილია, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება შემთხვევათა 90%-ში Helycobacter pylori-თ არის განპირობებული და ანტიბიოტიკებით სათანადო მკურნალობას მოითხოვს. დანარჩენ 10%-ში Helycobacter pylori-თ ინფიცირება არ დასტურდება. ამ შემთხვევაში მიზეზია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ზემოქმედება ან რომელიმე სხვა ზემოხსენებული ფაქტორი. განურჩევლად მიზეზისა, პეპტიკური წყლულის კლინიკურ გამოვლენას, მის შეხორცებასა და გამწვავებას მჭიდრო კავშირი აქვს კუჭის სეკრეციასთან, კერძოდ, კუჭის წვენის PH-მაჩვენებელთან და პეპსინის აქტიურობასთან. ფარმაკოლოგიური საშუალებებით კუჭის სეკრეციის დათრგუნვა ამცირებს ლორწოვანის დაზიანების ხარისხს, აგრეთვე სისხლდენისა და სხვა გართულებების განვითარების ალბათობას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კლინიკური სიმპტომები და განსხვავება მათ შორის
პეპტიკური წყლულის მთავარი სიმპტომია უშუალოდ ეპიგასტრიუმის არეში განვითარებული ტკივილი. მას წყლულოვანი დეფექტის გაღიზიანება, წყლულის ანთებითი მოვლენები, გლუვი მუსკულატურის ადგილობრივი სპაზმი, ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება იწვევს. ეპიგასტრიუმის მიდამოში (კუჭის საპროექციო არეში) აღმოცენებული ტკივილი შესაძლოა მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში გადაეცეს. ტკივილის ინტენსივობა წყლულოვანი დეფექტის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ, მოჭერითი, მჭრელი, მწველი... ზოგჯერ შეგრძნება ისეთი ინტენსიურია, რომ ავადმყოფი იძულებით პოზას იღებს. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია დისპეფსიური მოვლენები: გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, რომელიც ხშირად შვებას ჰგვრის ავადმყოფს. ხშირია მადის გაძლიერება. გარდა ამისა, დამახასიათებელია ნაწლავთა ჰიპომოტორული, ჰიპოტონიური ხასიათის დისკინეზია, რომელიც შეკრულობით გამოიხატება. ტკივილსა და დისპეფსიურ სიმპტომებთან ერთად ავადმყოფებს ასთენოვეგეტატიური სიმპტომატიკაც აღენიშნებათ. ისინი ემოციურები ხდებიან, იოლად ღიზიანდებიან და ფეთქდებიან, ერღვევათ ძილი.
გარდა ამისა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ახასიათებს:
-რიტმული ტკივილი მუცლის არეში, რომელიც საჭმლის ან ანტაციდების მიღების შემდეგ ქრება. ტკივილი აღმოცენდება უზმოზე (ე.წ. მშიერი ტკივილი) და ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ.
-ღამის ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღვიძებს და მეტწილად ღამის 1-დან 3 საათამდე აღმოცენდება.
-ტკივილის ირადიაცია მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში.
მუცლის ხანგრძლივი ტკივილი ჩვეული რიტმის გარეშე ხშირად წყლულის პენეტრაციაზე მიუთითებს.
დაავადების კიდევ ერთი ნიშანია პერიოდულობა: გამწვავება ვითარდება რამდენიმეკვირიანი ან რამდენიმეთვიანი ინტერვალებით; რემისია, ჩვეულებრივ, უფრო ხანგრძლივია და შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პერიოდულობა სეზონურია - წყლულის კლინიკური სიმპტომები უფრო მეტად გამოხატულია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე, რაც პათოლოგიური პროცესის გამწვავების მაუწყებელია.
კუჭის წყლულის დროს ტკივილი რამდენადმე განსხვავებულია. კერძოდ, უზმოზე ტკივილის შეგრძნება ან უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ შეინიშნება. ის მეტწილად ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ იჩენს თავს და კუჭის შეგთავსის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე ან ღებინებამდე გრძელდება. ამის გამო ხშირად ავადმყოფები ჭამას თავს არიდებენ და ხდებიან. კუჭის ტკივილი იშვიათად შესაძლოა ღამითაც აღმოცენდეს.
კავშირი საკვების მიღებასა და ტკივილის შემცირება-ჩაცხრობას შორის
საკვებისა და ანტაციდური პრეპარატების მიღების შედეგად ტკივილის შემცირება-ჩაცხრობა განპირობებულია კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავას ნეიტრალიზაციით, ამასთანავე, საკვების მიღება გასტრინის სეკრეციას ასტიმულირებს, რაც საბოლოოდ კვლავ აძლიერებს კუჭის სეკრეციას. კუჭის დაცლის შემდეგ კუჭის წვენისა და თორმეტგოჯა ნაწლავის PH საგრძნობლად იკლებს, რაც ტკივილის ხელახალი აღმოცენების მიზეზად იქცევა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას მარილმჟავათი განპირობებულ ტკივილს ქემორეცეპტორების გაღიზიანება ან პერისტალტიკური ცვლილებები იწვევს. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში აუცილებელია, კვალიფიციურ ექიმს, კერძოდ, გასტროენტეროლოგს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განაგრძობს და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგან ზოგი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.
პირველი სიმპტომები, რომელთა შემჩნევისას ექიმს უნდა მივმართოთ
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების საწყის ეტაპზე შეგაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, ტკივილი (მშიერი, ადრეული, გვიანი, ღამის...), გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა და პირღებინება. თუ ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დიაგნოზი ადრევე დაისვას და მართებული მკურნალობა დაინიშნოს.
გართულებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი გართულებები: სისხლდენა, პერფორაცია, პენეტრაცია, დეფორმაცია და პილოროდუოდენალური სტენოზი, მალიგნიზაცია. ზოგი გართულება კი ნელა ვითარდება და ქრონიკულად მიმდინარეობს, თუმცა პაციენტი არც ამ შემთხვევაშია დაზღვეული გადაუდებელი დახმარების აუცილებლობისგან. ქრონიკულ გართულებათაგან, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ პილორუსის (კუჭის გასავლის) ან თორმეტგოჯა ნაწლავის სტენოზი (სანათურის შევიწროება), წყლულის პენეტრაცია (მეზობელ ორგანოში ჩაზრდა) და მალიგნიზაცია - ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება.
პილორუსის ან
თორმეტგოჯა
ნაწლავის სტენოზი
პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სტენოზი (10-12%) მათი სანათურის შევიწროებაა. სტენოზი ორგვარია - ორგანული და ფუნქციური. ორგანული სტენოზის შემთხვევაში სანათურის შევიწროების მიზეზია წყლულის შეხორცებისას წარმოქმნილი ნაწიბურები, ხოლო ფუნქციური - კუნთების სპაზმითა და ლორწოვანის შეშუპებით არის განპირობებული. ფუნქციური სტენოზი უმეტესად წყლულის გამწვავებისას წარმოიშობა და სათანადო მკურნალობის შემდეგ ქრება.
სიმპტომები
თავდაპირველად პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სანათური ზომიერად არის შევიწროებული, შესაბამისად, სტენოზი კომპენსირებულია. პაციენტს აწუხებს ჭამის შემდეგ კუჭის გადავსების შეგრძნება, გულძმარვა, ბოყინი, ღებინება ნაწილობრივ მონელებული კუჭის შიგთავსით, რომელსაც შვება მოაქვს. განსაზღვრული (რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე) ხნის შემდეგ მდგომარეობა მძიმდება - ღებინება უხვი ხდება, კუჭის სისავსის შემაწუხებელი შეგრძნების გამო ავადმყოფები მას ხშირად თვითონვე იწვევენ. საკვების მიღებისთანავე ჩნდება დისკომფორტი და ტკივილი, რის გამოც პაციენტები თავს არიდებენ ჭამას და წონას იკლებენ. სტენოზის ხარისხის მატებასთან ერთად მდგომარეობა უარესდება, ღებინებას შვება აღარ მოაქვს, რადგან კუჭის კუნთების დასუსტების გამო შიგთავსისგან მისი დაცლა ვერ ხერხდება. განმეორებითი ხშირი ღებინება არღვევს ელექტროლიტურ ბალანსს, ეს კი კრუნჩხვების მიზეზად იქცევა.
მკურნალობა
პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ორგანული სტენოზის მკურნალობაც ოპერაციულია. ოპერაციამდე აუცილებელია მკურნალობა ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად და პაციენტის მდგომარეობის გამოსასწორებლად.
წყლულის სიმსივნედ
გადაგვარება
მედიკოსები კარგა ხანია მიუთითებენ, რომ ხანგრძლივად მიმდინარე წყლული (მეტწილად კუჭისა და არა თორმეტგოჯასი) შეიძლება სიმსივნედ გადაგვარდეს, თუმცა, ახალი მონაცემების თანახმად, ასეთ შემთხვევებში საქმე გვაქვს თავიდანვე არსებული სიმსივნის არასწორ დიაგნოსტიკასთან და არა წყლულის სიმსივნურ გადაგვარებასთან.
როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები
ჩამოთვლილი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წყლულის დროული მედიკამენტური მკურნალობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ქირურგიულიც. ნუ მოეპყრობით უდიერად საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე რგოლს მოიცავს:
-სამკურნალო კვება. ავადმყოფს ენიშნება დიეტა 1ა; 1ბ; 1 (თეთრი ორცხობილა, თეთრი გამომშრალი პური, რძე, ნაღები, თოხლო კვერცხი, სუფლე, კარაქი, ლორწოვანი სუპი, კისელი, ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ახალი ხაჭო, არაჟანი, გახეხილი ფაფა, ხორცისა და თევზის ორთქლზე მომზადებული კატლეტი ან გუფთა, კომპოტი, ბოსტნეულის პიურე). საკვები უთუოდ ახალი და დამზოგველი უნდა იყოს, ამასთანავე - თბილი, უცხიმო, ნაკლებკალორიული. ავადმყოფმა პროდუქტი მოხარშული უნდა მიიღოს, ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით.
-კონსერვატიული მკურნალობა - ბოლო ხანს პეპტიკური წყლულის მკურნალობამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. წინათ პოპულარული ტრადიციული მკურნალობა მხოლოდ კუჭის სეკრეციის დამთრგუნველი და ანტაციდური პრეპარატებით შემოიფარგლებოდა, რაც არსით მხოლოდ სიმპტომურ თერაპიას წარმოადგენდა და მისი წარმატების შემთხვევაშიც კი წყლულის შეხორცება დროებითი გახლდათ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად წყლულის შეხორცება სპონტანურად ხდება და არა მკურნალობის შედეგად. მიუხედავად ამისა, მკურნალობის ამ მეთოდს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც წყლულის მიზეზი უცნობია ან ის მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის შედეგს წარმოადგენს, აგრეთვე - რეფლუქს-ეზოფაგიტის არსებობისას. პეპტიკური წყლულის მკურნალობის თანამედროვე პრინციპი, უწინარეს ყოვლისა, წყლულის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიკაციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. Helycobacter pylori პეპტიკური წყლულის მკურნალობა რამდენიმე პრეპარატის, კერძოდ, ანტიბიოტიკებისა და ტრადიციული პრეპარატების (ანტაციდების, H2-რეცეპტორების ანტაგონისტების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, შემომგარსველი საშუალებების) ერთდროულ, კომპლექსურ მიღებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ანტიბაქტერიულ თერაპიას, ამჟამად უპირატესად მკურნალობის სამკომპონენტიანი სქემა გამოიყენება. ასეთი სქემით მკურნალობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეკომენდებული პრეპარატების გვერდითი მოვლენების მაღალი სიხშირე. ათიდან 7 შემთხვევაში სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის ფონზე ორი კვირის განმავლობაში ხდება Helycobacter pylori სრული ერადიკაცია. სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის აუტანლობის შემთხვევაში მკურნალობა ორკომპონენტიანი მკურნალობის რომელიმე სქემით გრძელდება. რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა რეკომენდებული დოზების ზუსტი დაცვა. პეპტიკური წყლულის მკურნალობის ტრადიციული სქემის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც წყლული Helycobacter pylori-სთან არ არის ასოცირებული, მაგრამ გართულებები თავიდან რომ ავიცილოთ, აღნიშნული პრეპარატების გამოყენება აუცილებლად ექიმ სპეციალისტის დანიშნულების შესაბამისად უნდა მოხდეს. გამოიყენება ანტაციდური საშუალებები (ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის ნარევი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის ბიკარბონატი-სოდა და ა.შ.), H2-რეცეპტორების ანტაგონისტები (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი, ნიზატიდინი), შემომგარსველი საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლის რიგის პრეპარატები) და სხვა.
-ქირურგიული მკურნალობა - არის შემთხვევები, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, თავს იჩენს გართულებები და აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
განასხვავებენ საოპერაციო შემთხვევების აბსოლუტურ და ფარდობით ნიშნებს.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა:
1. წყლულის პერფორაცია (გახვრეტა), რომლის დროსაც გადაუდებელი ოპერაცია ტარდება; აგრეთვე - მიფარებული პერფორაცია (ზოგჯერ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის გახვრეტილ ადგილს რომელიმე ორგანო მიეფარება) 48 საათის განმავლობაში და შემდეგაც, თუ მიფარება საიმედო არ არის;
2. კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავიდან პროფუზული სისხლდენა (თუ სისხლდენა 48 საათის განმავლობაში არ შეწყდა ან სისტემატურად მეორდება);
3. ეჭვი ან უტყუარი ინფორმაცია კუჭის წყლულის კიბოდ გადაგვარების შესახებ;
4. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწიბუროვანი დეფორმაციები;
5. კალოზური (დიდი ზომის, გარქოვანებული) და მეზობელ ორგანოში პენეტრირებული (ჩაზრდილი) წყლული.
ოპერაციის შედარებითი ჩვენებაა: თერაპიულ კლინიკაში მართებული მკურნალობის უშედეგობა, წყლულოვანი დაავადება, რომელიც უკვე 2-3 წელია მიმდინარეობს და რეციდივი მდგომარეობის მოჩვენებითი გაუმჯობესების შემდეგ.