კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის ენდოსკოპიური
გამოკვლევა
1. ენდოსკოპიური მეთოდის არსი და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია
გამოკვლევის ენდოსკოპიური მეთოდი სპეციალური ხელსაწყოს, ენდოსკოპის, მეშვეობით ღრუ შინაგანი ორგანოების დათვალიერებას გულისხმობს. ენდოსკოპი სინათლის წყაროთი და ოპტიკური გამტარი ბოჭკოებით აღჭურვილი გრძელი, წვრილი, დრეკადი მილია, რომელიც ორგანოს შიგნითა ზედაპირის (ლორწოვანის) დათვალიერების საშუალებას გვაძლევს.
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების: საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, - გამოკვლევას გულისხმობს. ამ მანიპულაციისთვის განკუთვნილ ენდოსკოპს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპს უწოდებენ. ზოგჯერ ექიმები სიმოკლისთვის უბრალოდ გასტროსკოპიას ან გასტროსკოპს ამბობენ.
2. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოსტიკისთვის ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის აუცილებლობა და რენტგენოლოგიური კვლევის ინფორმაციულობის დონე
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის კლინიკური ნიშნების არსებობისას შესაძლოა, ექიმმა გამოკვლევა კონტრასტული რენტგენოსკოპიით (ბარიუმის ფაფის გამოყენებით) დაიწყოს. არცთუ შორეულ წარსულში ის წყლულის დიაგნოსტიკის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდი გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ რენტგენოსკოპიით წყლულის დიაგნოსტიკა ასიდან 30 შემთხვევაში ვერ ხერხდება. ეს წყლულის თავისებურებებთან არის დაკავშირებული. რენტგენოლოგიური მეთოდით ძალიან ძნელია მცირე ზომის წყლულებისა და ეროზიების გამოვლენა. დიაგნოსტიკა კიდევ უფრო რთულია, როცა წყლული ლოკალიზებულია კუჭის წინა კედელზე, კარდიულ ზონაში, პილორუსის არხში ან თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის ქვემოთ (ეგრეთ წოდებული პოსტბულბური წყლულები). ძნელია რენტგენოლოგიური გამოკვლევით მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას, როცა თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვზე ადრე არსებული წყლულის შეხორცების შედეგად ჩამოყალიბებულია ნაწიბუროვანი ცვლილებები. ამასთანავე, რენტგენოლოგიური გამოკვლევით ზუსტად ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან წყლულსა და ავთვისებიან სიმსივნეს.
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის დროს კუჭის ლორწოვანის სრულფასოვანი დათვალიერება და რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის მიუწვდომელი ცვლილებების აღმოჩენაც გახლავთ შესაძლებელი, ამიტომ დღეს ენდოსკოპიური გამოკვლევა წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდად მიიჩნევა. რენტგენოსკოპია მას ვერ შეცვლის. ასე რომ, ბარიუმის ფაფით გამოკვლევის შემდეგ აუცილებლად ტარდება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია. ის დიაგნოზის დაზუსტების ან უარყოფის საშუალებას იძლევა. ამავე დროს შესაძლებელს ხდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზემოთა ნაწილის თანმხლებ დაზიანებათა გამოვლენას წყლულოვანი დაავადებისა და სიმსივნური პროცესის როგორც ვიზუალური (თვალით შესამჩნევი) მონაცემების საფუძველზე, ასევე დამიზნებითი ბიოფსიით ერთმანეთისგან განსხვავების გზით. ბიოფსიითვე შეიძლება Helycobacter pylori-თ ინფიცირების დადგენა ენდოსკოპიის ამ ღირსებათა გამო, ზოგჯერ, როცა დაავადების ნიშნები წყლულის მაღალ ალბათობაზე მიუთითებს, ექიმი კვლევას პირდაპირ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით იწყებს.
დიაგნოსტიკასთან ერთად ენდოსკოპიური მეთოდი დანაწიბურების პროცესისთვის თვალყურის დევნების და მკურნალობის ეფექტურობაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით ერთჯერადად დგინდება კუჭის მჟავიანობა. შესაძლებელია წყლულის ადგილობრივი მკურნალობაც.
3. როგორ ტარდება და რამდენად უმტკივნეულოა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას ატარებს ექიმი ენდოსკოპისტი საგანგებოდ მოწყობილ კაბინეტში. გამოკვლევამდე 8-10 საათის განმავლობაში პაციენტმა საკვები არ უნდა მიიღოს, ვინაიდან ის ხელს შეუშლის კუჭის დათვალიერებას და სწორ დიაგნოსტიკას. ყლაპვისას მგრძნობელობის დასაქვეითებლად ექიმი ყელს სპეციალურ საანესთეზიო პრეპარატს - ლიდოკაინის 10%-იან აეროზოლს - მიასხურებს. პაციენტის ყლაპვითი მოძრაობისას ექიმს მხედველობის კონტროლით გასტროსკოპი უმტკივნეულოდ შეჰყავს საყლაპავში, შემდეგ - კუჭში, თორმეტგოჯა ნაწლავში, ყურადღებით ათვალიერებს ლორწოვანს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, ატარებს ბიოფსიას.
გამოკვლევისას პაციენტს უსიამოვნო შეგრძნება აქვს, რადგან მის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჰაერი შეჰყავთ და კუჭი იბერება. შესაძლოა, კუჭის არეში უმნიშვნელო ტკივილმაც შეაწუხოს. თუმცა, საერთო ჯამში, გამოკვლევა უმტკივნეულოდ მიიჩნევა.
კლასიკური გასტროსკოპია 3-დან 5 წუთამდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა იმატებს ბიოფსიისა და ქირურგიული მანიპულაციების დროს. ექიმი ყველა გზას მიმართავს, რათა პროცედურა იოლად ასატანი იყოს. ენდოსკოპიური კაბინეტის პერსონალი ყურადღებით აკვირდება პაციენტის მდგომარეობას.
ენდოსკოპიური გამოკვლევა დღეს ფართოდ გავრცელებული და სპეციალისტთა მიერ სრულყოფილად ათვისებული პროცედურაა, ასე რომ, შიში უსაფუძვლოა.
4. გამოკვლევის ასევე ინფორმაციული ალტერნატიული მეთოდი
ენდოსკოპიის საოცარი მიღწევაა დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და რუსეთში უკვე აპრობირებული ენდოსკოპიური კაფსულა. ეს არის გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებული მინიატურული (1-3 სმ), სინათლისა და კვების წყაროთი აღჭურვილი ვიდეოსისტემა, რომელსაც პაციენტი ყლაპავს. კაფსულა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილდება. ამ დროს გამოსახულება ვიდეოკამერის მეშვეობით ეკრანზე აღიბეჭდება და ვიღებთ ინფორმაციას მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის მდგომარეობის შესახებ. არსებობს ვიდეოენდოსკოპები, რომელთა დაბოლოებაზე ექოსიგნალის გადამწოდებია დამონტაჟებული. მათი მეშვეობით ტარდება ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა ანუ ექოსკოპია.
5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ენდოსკოპიური სურათი
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს ენდოსკოპის ოპტიკური სისტემით ლორწოვანის დათვალიერებისას ექიმი აღმოაჩენს წყლულის კრატერს. ეს არის ჩაღრმავება, რომელსაც არათანაბარი შეფერილობა აქვს: ფსკერი და კიდეები კაშკაშა წითელია, ზოგჯერ - ციანოზურიც (მოლურჯო); თუ წყლულის კედელში სისხლი ჩაიღვარა, ის მუქი მურაფერისა ხდება; ლორწოვანი ნადები წყლულის ზედაპირს მოთეთრო ფერს სძენს, ხოლო ჩირქოვანი და ფიბროზული - მოყვითალოს; ნეკროზული პროცესების დროს წყლულის ზედაპირი მუქია.
ენდოსკოპიური სურათის მიხედვით ექიმი წყლულის ფაზის შესახებ მსჯელობს: ახალი წყლულის კიდეები წითელი და ანთების გამო შეშუპებულია; შეხორცების დასრულებისას წყლული თეთრ ლაქას ემსგავსება; სიმსივნის შემთხვევაში წყლულის კიდეები გასქელებული არათანაბარი, ხორკლიანი და კვანძოვანია. ასეთ შემთხვევებში ექიმი ბიოფსიას ატარებს.
6. ბიოფსია
ბიოფსია გასული საუკუნის 50-იანი წლებში დაინერგა. ის უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის დროსაც ენდოსკოპისტი ბიოფსიური დანის მეშვეობით ამოკვეთს ლორწოვანის ქსოვილის მცირე ნაწილს (საჭიროა 2-3 ნაჭერი პათოლოგიური ანუ დაავადებული უბნის სხვადასხვა ადგილიდან) და მიკროსკოპიულად იკვლევს, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა. დამიზნებითი ბიოფსიის დროს ქსოვილს ლორწოვანის განსაზღვრული, წინასწარი დათვალიერებისას შერჩეული, სიმსივნის არსებობის თვალსაზრისით საეჭვო უბნიდან ამოკვეთენ.
გარდა სიმსივნის დაზუსტებისა ან უარყოფისა, ბიოფსიით მიღებული ქსოვილის მიკროსკოპიული ან მიკრობიოლოგიური შესწავლით შესაძლებელია Helycobacter pylori-თ ინფიცირების დიაგნოსტიკა.
ენდოსკოპიური გამოკვლევის უკუჩვენება
ამჟამად გასტროსკოპიის ერთადერთი აბსოლუტური უკუჩვენებაა ავადმყოფის უარი პროცედურაზე. შედარებით უკუჩვენებებად მიჩნეულია:
-ორგანოს პერფორაციის რისკი საყლაპავისა და კუჭის ქიმიური და თერმული (სითბური) დამწვრობისა და ნაწიბუროვანი შევიწროებისას;
-გულმკერდის აორტის ანევრიზმა (პარკისებრი გამოდრეკა);
-საყლაპავის ვენების ძლიერი გაგანიერება (ვარიკოზი);
-პაციენტის მძიმე საერთო ან ფსიქიკური მდგომარეობა;
-მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის მწვავე სტადია.
აღსანიშნავია, რომ წყლულიდან სისხლდენის დროს ენდოსკოპია არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა. მისი მეშვეობით ადგენენ წყლულის მდებარეობას, სისხლდენის ხასიათს (შეჩერებულია თუ გრძელდება, წყლულის ფსკერი სისხლის კოლტით ხომ არ არის დაფარული და სხვა), ატარებენ სხვადასხვა მანიპულაციას სისხლდენის შესაჩერებლად და არჩევენ შემდგომი მკურნალობის მეთოდს (ოპერაციულსა თუ კონსერვატიულს).
წყლულის ადგილობრივი მკურნალობა ენდოსკოპიით
არსებობს წყლულის ადგილობრივი მკურნალობის მრავალი მეთოდი. მათგან განსაკუთრებით ფართო გამოყენება პოვა ლაზერულმა თერაპიამ. ეს არის ენდოსკოპის მეშვეობით წყლულის დასხივება ლაზერის აპარატში წარმოქმნილი სხივით. შემუშავებულია აგრეთვე აზოტის ოქსიდით თერაპია, მკურნალობის ინექციური მეთოდი, არგონოპლაზმური დასხივება, რადიოტალღური დასხივება. ამ მეთოდებს (საჭიროა რამდენიმე სეანსი) მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად იყენებენ. შესაძლებელია წყლულიდან სისხლდენის შეჩერებაც.
პაციენტის თვითშეგრძნება გამოკვლევის შემდეგ და მოსალოდნელი გართულებები
გამოკვლევის შემდეგ პაციენტს შესაძლოა ყელში უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდეს, რომელიც მალე გაუვლის. რაც შეეხება გართულებებს, დრომ აჩვენა, რომ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია უსაფრთხო პროცედურაა და გართულება, პრაქტიკულად, არ ახასიათებს.
მკურნალობა
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე რგოლს მოიცავს:
-სამკურნალო კვება. ავადმყოფს ენიშნება დიეტა 1ა; 1ბ; 1 (თეთრი ორცხობილა, თეთრი გამომშრალი პური, რძე, ნაღები, თოხლო კვერცხი, სუფლე, კარაქი, ლორწოვანი სუპი, კისელი, ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ახალი ხაჭო, არაჟანი, გახეხილი ფაფა, ხორცისა და თევზის ორთქლზე მომზადებული კატლეტი ან გუფთა, კომპოტი, ბოსტნეულის პიურე). საკვები უთუოდ ახალი და დამზოგველი უნდა იყოს, ამასთანავე - თბილი, უცხიმო, ნაკლებკალორიული. ავადმყოფმა პროდუქტი მოხარშული უნდა მიიღოს, ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით.
-კონსერვატიული მკურნალობა - ბოლო ხანს პეპტიკური წყლულის მკურნალობამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. წინათ პოპულარული ტრადიციული მკურნალობა მხოლოდ კუჭის სეკრეციის დამთრგუნველი და ანტაციდური პრეპარატებით შემოიფარგლებოდა, რაც არსით მხოლოდ სიმპტომურ თერაპიას წარმოადგენდა და მისი წარმატების შემთხვევაშიც კი წყლულის შეხორცება დროებითი გახლდათ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად წყლულის შეხორცება სპონტანურად ხდება და არა მკურნალობის შედეგად. მიუხედავად ამისა, მკურნალობის ამ მეთოდს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც წყლულის მიზეზი უცნობია ან ის მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის შედეგს წარმოადგენს, აგრეთვე - რეფლუქს-ეზოფაგიტის არსებობისას. პეპტიკური წყლულის მკურნალობის თანამედროვე პრინციპი, უწინარეს ყოვლისა, წყლულის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიკაციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. Helycobacter pylori პეპტიკური წყლულის მკურნალობა რამდენიმე პრეპარატის, კერძოდ, ანტიბიოტიკებისა და ტრადიციული პრეპარატების (ანტაციდების, H2-რეცეპტორების ანტაგონისტების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, შემომგარსველი საშუალებების) ერთდროულ, კომპლექსურ მიღებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ანტიბაქტერიულ თერაპიას, ამჟამად უპირატესად მკურნალობის სამკომპონენტიანი სქემა გამოიყენება. ასეთი სქემით მკურნალობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეკომენდებული პრეპარატების გვერდითი მოვლენების მაღალი სიხშირე. ათიდან 7 შემთხვევაში სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის ფონზე ორი კვირის განმავლობაში ხდება Helycobacter pylori სრული ერადიკაცია. სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის აუტანლობის შემთხვევაში მკურნალობა ორკომპონენტიანი მკურნალობის რომელიმე სქემით გრძელდება. რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა რეკომენდებული დოზების ზუსტი დაცვა. პეპტიკური წყლულის მკურნალობის ტრადიციული სქემის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც წყლული Helycobacter pylori-სთან არ არის ასოცირებული, მაგრამ გართულებები თავიდან რომ ავიცილოთ, აღნიშნული პრეპარატების გამოყენება აუცილებლად ექიმ სპეციალისტის დანიშნულების შესაბამისად უნდა მოხდეს. გამოიყენება ანტაციდური საშუალებები (ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის ნარევი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის ბიკარბონატი-სოდა და ა.შ.), H2-რეცეპტორების ანტაგონისტები (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი, ნიზატიდინი), შემომგარსველი საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლის რიგის პრეპარატები) და სხვა.
-ქირურგიული მკურნალობა - არის შემთხვევები, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, თავს იჩენს გართულებები და აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
განასხვავებენ საოპერაციო შემთხვევების აბსოლუტურ და ფარდობით ნიშნებს.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა:
1. წყლულის პერფორაცია (გახვრეტა), რომლის დროსაც გადაუდებელი ოპერაცია ტარდება; აგრეთვე - მიფარებული პერფორაცია (ზოგჯერ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის გახვრეტილ ადგილს რომელიმე ორგანო მიეფარება) 48 საათის განმავლობაში და შემდეგაც, თუ მიფარება საიმედო არ არის;
2. კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავიდან პროფუზული სისხლდენა (თუ სისხლდენა 48 საათის განმავლობაში არ შეწყდა ან სისტემატურად მეორდება);
3. ეჭვი ან უტყუარი ინფორმაცია კუჭის წყლულის კიბოდ გადაგვარების შესახებ;
4. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწიბუროვანი დეფორმაციები;
5. კალოზური (დიდი ზომის, გარქოვანებული) და მეზობელ ორგანოში პენეტრირებული (ჩაზრდილი) წყლული.
ოპერაციის შედარებითი ჩვენებაა: თერაპიულ კლინიკაში მართებული მკურნალობის უშედეგობა, წყლულოვანი დაავადება, რომელიც უკვე 2-3 წელია მიმდინარეობს და რეციდივი მდგომარეობის მოჩვენებითი გაუმჯობესების შემდეგ.
ოპერაციის უკუჩვენებაა: წყლულოვანი დაავადების ახალი შემთხვევები, როცა ავადმყოფს არ მოუწესრიგებია ცხოვრებისა და შრომის რეჟიმი და არ ჩაუტარებია კონსერვატიული (დიეტური), მედიკამენტური, სანატორიულ-კურორტული და ფიზიოთერაპიული მკურნალობა.