ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლიანი, ძირში ღეროგამერქანებული, 1-4 მ სიგრძის მცოცავი მცენარეა. სოსანი ყვავილები ქოლგისებრ საგველა ყვავილედადაა შეკრებილი. წითელი, კვერცხისებრი, კენკრა ნაყოფები ღეროზე ქოლგებადაა დაკიდული. ამოკვეთილდაკბილულკიდეებიანი, კვერცხისებრი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი.
იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, მდინარეთა სანაპიროებსა და არხის პირებში, ზღვის დონიდან უფრო ხშირად 1000 მეტრამდე სიმაღლეზე. გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, ქართლში, მთიულეთში, გარეკახეთში, გარდაბანში, თრიალეთზე, ქვემო ქართლსა და მესხეთში. შესანიშნავი მცენარეა ვერტიკალური გამწვანებისათვის.
ფარმაკოქიმიურად უფრო კარგად S. dulcamara L. არის შესწავლილი, რომელთანაც თავისი ქიმიზმით და სისტემატიკური მდგომარეობითაც ძალიან ახლოს დგას აქ განხილული სახეობა. ამიტომ სამკურნალოდ იგი წარმატებით გამოიყენება S. dulcamara L. მსგავსად.
უმეტეს ავტორთა აღიარებით შხამიანი მცენარეა, მაგრამ ზოგი მკვლევარი დასაშვებად მიიჩნევს ნაყოფების ჭამას.
ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება კატარისა და რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე ოფლმომდენ და შარდმდენ საშუალებად. ხალხურ მედიცინაში ხებალახას ხმარობენ სასუნთქი გზების კატარის, ხველის, რევმატიზმის და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ნედლ ტოტებს ბეღლებში ყრიდნენ თაგვებისა და ვირთხების დასაფრთხობლად (ტოტების სუნს ვერ იტანენ და გარბიან ბეღლიდან).
ატროფინის მსგავსად ხებალახა გლიკოზიდი თვალის გუგის გაფართოებას იწვევს.
ციმბირისა და რუსეთის ხალხური მედიცინა სამკურნალოდ უპირატესობას ყლორტების გამოყენებას აძლევს, რომელთაც ძლიერმომქმედად სცნობენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის ("პოდაგრა"), იშიასის, წყალმანკის, სიყვითლის, ეგზემის, ესკუდატური დიათეზის, ბრონქების, კატარის, ბრონქიალური ასთმის საწინააღმდეგოდ. მასვე ჭიისდამდენ და შარდმომგვრელ კარგ საშუალებად მიიჩნევენ. ნაყოფების ნახარშს სვამენ ეპილეპსიისა და თავის შეტევითი ტკივილების დასაწყნარებლად. ყვავილების ნახარშს ურჩევენ ფილტვების დაავადებისა და ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს .
გერმანული ხალხური მედიცინა ხებალახას იყენებს ბღერის (მუნის), ნევრალგიის, რევმატიზმის, შარდის ბუშტის სამკურნალოდ, აგრეთვე ანთებითი პროცესების ჩასაქრობად ყურებსა და ყელში. გამოიყენება სპირტზე ნაყენი და ფხვნილი დღეში 1-2გ დოზით რამოდენიმე დღის განმავლობაში.
უკრაინაში ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით შეგროვილი ყლორტის ნახარშს იყენებენ 1-1/2 კოვზი დაქუცმაცებული ყლორტი (15-22 გ) ერთი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე იხარშება 2 ჩაის ჭიქა წყალში. მიიღება სუფრის კოვზით დღეში 2-3-ჯერ როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი, ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი და თავის ტკივილის საშუალება.
იყენებენ აგრეთვე ყლორტების ნახარშს: 1 ჩაის კოვზი (1,5-3 გ) ნედლეული 1 ჩაის ჭიქა წყალზე (ერთი დღის დოზა) სახსრების ტკივილების, ბრონქების ქრონიკული დაავადების აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად გამოწვეული კანის დაავადებების (ექსუდატური დიათეზის, საყმაწვილო სურავანდის სხვადასხვა გამონაყრების ეგზემის, პსორეაზის, დერმატიზების), ასთმის, ყივანახველის, ნიკრისის ქარის, წყალმანკის, სიყვითლის, კუჭაშლილობის და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.
ბულგარეთის მედიცინა სამკურნალოდ ყლორტებს იყენებს ფოთლებითურთ, რომელთა ქიმიზმი შემდეგნაირი შემადგენლობით ხასიათდება, გლიკოალკალოიდები: სოლაცეინი (1%-მდე) და სოლანეინი (0,7%მ-დე), ნაყოფები 0,5%-მდე ალკალოიდ სოლანინს შეიცავენ. გარდა აღნიშნულისა ფოთლებში 8,5-11,5% ტანინები და სხვა ნივთიერებები მოიპოვება.
ყლორტები ფოთლებიანად ბულგარეთის ხალხურ მედიცინაში ნაცადი საშუალებაა კანის დაავადების, კანის მქავანა ეგზემისა და კანის ანთების, ბრონქიალური ასთმის, გაციებისდროინდელი და მისი მიზეზით გამოწვეული შედეგების: ნევრალგიის, რევმატიული ტკივილების, საშარდე ბუშტის ანთების, კუჭაშლილობის, არარეგულარული მენსტრუაციის, ყურების ტკივილის დროს. ბულგარელები მას ნახარშის სახით იყენებენ: 1 ჩაის კოვზ (3 გ) ფხვნილადქცეულ ნედლეულს 150 გ წყალში 10 წუთს ხარშავენ (10 დღის დოზა. მიიღება 2 ჩაის კოვზი ერთი დღის განმავლობაში. კანის დაავადების სამკურნალოდ ხებალახას ყლორტებისა და ფოთლების ფხვნილს იყენებენ, იმდენს რასაც დანის წვერი აიღებს (0,10 გ) დღეში სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
უფრო დიდხანს და მეტი დოზებით მიიღება სახიფათოა. ხებალახა, როგორც უკვე აღინიშნა, შხამიანია და ექიმის დანიშნულების გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია.