2-3 წლის ასაკში თავის ქალაში ფორმირდება წიაღები, რომლებიც ქალას ცხვირის ღრუსთან აკავშირებს. ეს წიაღები ჰაერით სავსე და ცხვირის ლორწოვანის მსგავსი გარსით ამოფენილი პაწია გამოქვაბულებია. განასხვავებენ სფენოიდურ, ზედა ყბის (ჰაიმორის), შუბლის (ფრონტალურ) და ცხავის ძვლის (ეთმოიდურ) წიაღებს. სფენოიდური წიაღი კენტია, დანარჩენები კი წყვილ-წყვილი. ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ჰაიმორიტის დროს ტკივილს ყვრიმალის ძვლების არეში შევიგრძნობთ. ტკივილის ლოკალიზაციისა და ირადიაციის შესახებ ქვემოთ უფრო დაწვრილებით გესაუბრებით.
ჰაიმორიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული ჰაიმორიტი, წესისამებრ, მწვავე პროცესის გაგრძელებაა. ჰაიმორის ღრუში 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ხოლო თუ ის მე-6 კვირის მიწურულსაც არ ალაგდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადასულა. ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ჰაიმორიტის ჩირქოვანი, ჩირქოვან-პოლიპოზური და პოლიპოზური ფორმები, კატარული, ჰიპერპლასტიკური, ალერგიული და სხვა ფორმები შედარებით იშვიათია.
მიზეზები
ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა - ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს.
ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს:
1. ყველა ის მდგომარეობა, რომელიც კი ცხვირით სუნთქვას არღვევს: ძგიდის გამრუდება, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი (ცხვირის ნიჟარების გადიდება), ადენოიდები, ცხვირის ალერგიული დაავადებები.
2. იმუნური სისტემის დასუსტება, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებით, ალერგიული მდგომარეობით და სხვა.
3. ბანალური გაციების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, რინიტის დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობა.
4. ბაქტერიამატარებლობა.
5. ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.
6. ჰაიმორის ღრუს ლორწოვანის ტრავმული დაზიანება.
7. ცხვირის ღრუში ვირუსის ან ბაქტერიის შეღწევა.
8. მაღალი ტემპერატურისა და მშრალჰაერიან დახურულ შენობაში დიდხანს ყოფნა.
9. სასუნთქ გზებში ქიმიური ორთქლის მოხვედრა.
10. კბილების და ღრძილების ჩირქოვანი დაავადებები (განსაკუთრებით ზედა ყბის).
11. რინიტის სამკურნალო ცხვირის წვეთების რეგულარული გამოყენება ხდება ჰაიმორის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვების მიზეზი, რის ფონზეც შეიძლება განვითარდეს ჰაიმორიტი.
სიმპტომები და მიმდინარეობა
1. უსიამოვნო შეგრძნება. ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში აღმოცენდება უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც თანდათანობით ძლიერდება. ტკივილი დილით სუსტია, საღამო ხანს კი ძლიერდება. ნელ-ნელა შეგრძნება კარგავს განსაზღვრულ ლოკალიზაციას და ადამიანს მთელი თავი სტკივდება. თუ პროცესი ცალმხრივია, ტკივილიც, შესაბამისად, ცალ მხარეს აღინიშნება.
2. სუნთქვის გაძნელება. ავადმყოფს ცხვირი გაჭედილი აქვს, ლაპარაკობს დუდღუნით. წესისამებრ, იჭედება ცხვირის ორივე ნახევარი. ცხვირით სუნთქვის გაძნელება უმეტესად მუდმივია. დროდადრო მოსალოდნელია ხანმოკლე გაუმჯობესება. ზოგჯერ ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნესტოები მონაცვლეობით იჭედება.
3. გამონადენი. ავადმყოფთა უმრავლესობას აქვს ცხვირიდან ლორწოვანი (გამჭვირვალე) ან ჩირქოვანი (ყვითელი, მწვანე) გამონადენი, მაგრამ თუ ცხვირი ძლიერ არის გაჭედილი, გამონადენი შესაძლოა არ შეინიშნებოდეს, რადგან წიაღებიდან ლორწოს დენა გაძნელებულია.
4. ტემპერატურის მატება. სხეულის ტემპერატურა იწევს 38-მდე და უფრო მაღლა. წესისამებრ, ეს სიმპტომი მწვავე ჰაიმორიტის დროს იჩენს თავს. ქრონიკული ჰაიმორიტის შემთხვევაში ტემპერატურის მატება იშვიათია.
5. საერთო სისუსტე. ავადმყოფი მოთენთილია, უარს ამბობს ჭამაზე, ერღვევა ძილი.
მწვავე ჰაიმორიტის ნიშნები ორგვარია - ადგილობრივი და ზოგადი. ადგილობრივი სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება დაზიანებული წიაღის ან ორივე მხარეს, ტკივილი, რომელიც გადაეცემა საფეთქლებს, სახეს, თავს, ჩირქოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, ყნოსვის დარღვევა. დამახასიათებელია ტკივილის გაძლიერება ან სიმძიმის შეგრძნება თავის დახრისას. ზედა ყბის ძვლის წიაღის წინა კედელი შეხებისას მტკივნეულია. ჰაიმორის წიაღის საპროექციო არისა და თვალის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება ჩირქოვანი ჰაიმორიტის გართულებაზე (თვალბუდის ფლეგმონაზე, პერიოსტალურ აბსცესზე) მიუთითებს.
მწვავე ჩირქოვანი ჰაიმორიტის პარალელურად ცხავის წიაღში ხშირად ვითარდება ანთებითი პროცესები, რაც ჰაიმორიტის მიმდინარეობას ამძიმებს. ჰაიმორიტის ზოგადი სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის მატება (380C-მდე და უფრო მეტად), ცუდი განწყობა, უმადობა, თავის ტკივილი. იცვლება სისხლის საერთო ანალიზი (მომატებულია ედს, შემცირებულია ლეიკოციტების რაოდენობა). მწვავე ჰაიმორიტი 2 კვირამდე გრძელდება. არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში პროცესი გახანგრძლივდება და შესაძლოა, ქრონიკულ ფორმაშიც კი გადაიზარდოს.
ქრონიკული ჰაიმორიტის კლინიკური სურათი ანთების ფორმაზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებული ნიშანია ხანგრძლივი ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცალი ან ორივე ნესტოდან, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, პერიოდულად თავის ლოკალური ან დიფუზური ტკივილი. ორმხრივი პროცესის დროს (განსაკუთრებით - პოლიპოზური ფორმის შემთხვევაში) ყნოსვა შესაძლოა დაქვეითდეს (ჰიპოსმია) ან სრულიად დაიკარგოს (ანოსმია). ცხვირით სუნთქვის გაძნელება იწვევს პირის სიმშრალეს, შრომის უნარის დაქვეითებას, ყურების პერიოდულ დაგუბებას. სმენის დაქვეითებაც კია მოსალოდნელი.
რემისიის პერიოდში ავადმყოფის საერთო მდგომარეობა და განწყობა დამაკმაყოფილებელია, ორგანიზმი პათოლოგიურ მოვლენას ეგუება და ავადმყოფი იშვიათად მიმართავს ექიმს. ქრონიკული ჰაიმორიტის გამწვავების პერიოდში შესაძლოა მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, გაუარესდეს განწყობა, გაძლიერდეს თავის ტკივილი და ჩირქოვანი გამონადენის გამოყოფა. დაზიანების მხარეს თვალის ირგვლივ არსებული და სახის რბილი ქსოვილების მტკივნეული შეშუპება ჰაიმორიტის გართულებაზე მიუთითებს.
გართულებები
ყველაზე საშიში გართულება, რაც კი ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი _ ტვინის გარსის ანთება. გარდა ამისა, არსებობს მიოკარდიტის, თირკმელების დაზიანების, გენერალიზებული ინფექციის განვითარების საფრთხე.
დიაგნოსტიკა
ჰაიმორიტის დიაგნოზს სვამენ ავადმყოფის ჩივილების, კლინიკური, რენტგენოგრაფიული, რინოსკოპიული მონაცემების საფუძველზე. შესაძლოა, საჭირო გახდეს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. ზოგჯერ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით ავადმყოფს უტარდება დაზიანებული ზედა ყბის ძვლის წიაღის პუნქცია.
მკურნალობა
ზედა ყბის ძვლის წიაღის ქრონიკული ანთების მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
კატარული, სეროზული, ექსუდაციური (ალერგიული), ჩირქოვანი და ვაზომოტორული ფორმების დროს მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდებით. შერეული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. ორბიტული და ქალასშიდა გართულებების შემთხვევაში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა უნდა განხორციელდეს. ჰაიმორიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, წიაღის შესართავის გამავლობის აღდგენას, ლორწოვანის შეშუპების მოხსნას, წიაღიდან ჩირქის ევაკუაციას და მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის აღდგენას. რემისიის სტადიაში ანტიბიოტიკებს არ იყენებენ, გამწვავების პერიოდში კი არსებული მიკროფლორის მიმართ მგრძნობიარე ანტიბიოტიკის დანიშვნა აუცილებელია.